საქმე # 030100117002071375
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№455აპ-18 თბილისი
ა. ა. 455აპ-18 17 იანვარი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
სხდომის მდივან – კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ – ფელიქს ჯალაღონიას
ადვოკატ – დ. გ-ს, ნ. ტ-ს
მსჯავრდებულ – ა. ა-ს
მონაწილეობით განიხილა ფოთის რაიონული პროკურორის მოადგილის - ფელიქს ჯალაღონიასა და მსჯავრდებულ ა. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. გ-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
· ა. ა-ს ბრალი დაედო ქურდობაში, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და მე-3 ნაწილის „ა”, „გ” ქვეპუნქტებით.
ა. ა-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 17 ივნისს, დაახლოებით 01 საათზე, ა. ა-მ გ. ჭ-სთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, უკანონოდ შეაღწია ქ. ფ., ნ-ს ქ. №... მდებარე საცხოვრებელ სახლში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ზ. გ-ს გამგებლობაში არსებულ, ჯამურად - 5816 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების ნივთს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
· ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. ჭ-ს ბრალი დაედო ქურდობაში, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და მე-3 ნაწილის „ა”, „ბ”, „გ” ქვეპუნქტებით.
გ. ჭ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
გ. ჭ-ს 2010 წლის 27 სექტემბერს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. 2017 წლის 17 ივნისს, დაახლოებით 01 საათზე, გ. ჭ-მ , ა. ა-სთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, უკანონოდ შეაღწია ქ. ფ. , ნ-ს ქ. №... მდებარე საცხოვრებელ სახლში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ზ. გ-ს გამგებლობაში არსებულ, ჯამურად - 5816 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების ნივთს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 დეკემბრის განაჩენით ა. ა., -დაბადებული 1--- წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და მე-3 ნაწილის „ა”, „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც იმავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების გამოყენებით, ჩაეთვალა პირობით - 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ ა. ა- ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2017 წლის 17 ივნისიდან იმავე წლის 28 ივნისის ჩათვლით და სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2017 წლის 6 დეკემბრიდან.
ა. ა. დააკავეს სასამართლო სხდომის დარბაზში და შეასახლეს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.
ა. ა-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდა და ყადაღა უნდა მოეხსნას გირაოს თანხის – 4000 (ოთხი ათასი) ლარის უზრუნველყოფის მიზნით, ს. ო-ს (პირადი ნომერი 4...) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ფ., ზ.გ-ს ქუჩა №...(საკადასტრო კოდი № ...., 4000 ლარის ღირებულების წილს.
მსჯავრდებულ ა. ა-ს დაევალა, თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის მოხდის შემდეგ, 15 დღის ვადაში გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში, თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
გ. ჭ., - დაბადებული 1--- წელს, ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და მე-3 ნაწილის „ა”, „ბ”, „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ გ. ჭ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2017 წლის 26 ივლისიდან.
გ. ჭ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმდა.
იმავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ:
● ა. ა-ს ავტომანქანისა და პირადი ჩხრეკისას ამოღებული: 1) მამაკაცის მაჯის ვერცხლისფერი საათი, მედალიონი პირამიდის გამოსახულებით და გულსაბნევი, 2) „VESTEL-ის“ ფირმის პლაზმური ტელევიზორი, 3) დანა-ჩანგლის ორი კომპლექტი, 4) ერთი ბოთლი შამპანური, 5) მაგიდის თეთრი ფერის ნაჭრის გადასაფარებელი, 6) 30 სახეობის სხვადასხვა ბიჟუტერია, 7) საქართველოს მოქალაქის პასპორტი, გაცემული 1--- წლის 12 ნოემბერს დაბადებულ გ. ჭ- ს (პ/ნ ...) სახელზე, 8) გ. ჭ-ს (პ/ნ ...) სახელზე გაცემული ცნობა მსჯავრდებულის გათავისუფლების შესახებ, დათარიღებული 18/11/2016 წლით, რომლებიც ინახება შს ფოთის საქალაქო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეებს.
● ა. ა-ს ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული: 1) შავ ყუთში მოთავსებული პისტოლეტი „ZORAKI MOD 917-T“ № 1014-00054, 1 (ერთი) მჭიდი, ლულის საწმენდი ჯაგრისი და ინსტრუქცია, 2) „ТОЗ-34Р“ მოდელის თოფი ШС №1639, 12 კალიბრიანი 23 (ოცდასამი) ვაზნა და სავაზნე ქამარი; 3) ხიშტ-დანა ქარქაშით გადაგზავნილია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის ჩატარების მიზნით.
● 2017 წლის 17 ივნისს, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, ქ. ფ., ნ-ს ქ. №.. მდებარე საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული: 1) ერთი ვერცხლისფერი შანდალი, 2) მოყვითალო ხელის ფანარი, 3) ცისფერი ჭიქა-თერმოსი, წარწერით „pepsi“ და ა. ა-ს ნერწყვის ნიმუში გადაგზავნილია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის ჩატარების მიზნით.
● ა. ა-სგან ამოღებული „მაზდას“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით ..., რომელიც განთავსებულია შს ფოთის საქალაქო სამმართველოს ეზოში, ა. ა-ს მიმართ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
● გ. ჭ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული: შავი ტყავის საფულე, გ. ჭ-ს პირადობის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი და ფულადი თანხა - 340 ლარი, შავი კორპუსის მქონე „ბილაინის“ ფირმის მობილური ტელეფონი მასში მოთავსებულ „მაგთიკომისა“ და „მობიტელის“ ორი სიმბარათით, შავი ნაჭრის ზურგჩანთა, „ადიდასის“ ფირმის ერთი წყვილი მამაკაცის ჩუსტი, მამაკაცის ორი წყვილი მაისური, ერთი წყვილი შავი წინდა, 10 კოლოფი სიგარეტი „ასტრა“ და მამაკაცის ორი შორტი, რომლებიც ინახება შს ფოთის საქალაქო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
● გ. ჭ-სგან აღებული ნერწყვის ნიმუში, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დადგენილებაზე თანდართულ ნივთებზე ბიოლოგიური მასალების შედარების მიზნით, გადაგზავნილია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.
● საცხოვრებელი სახლის დათვალიერებისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოსურათები, დალუქული 2 ცალ დისკზე, უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.
3. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ გ. ჭ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. კ. და ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ემელიანე ბერაიამ.
· მსჯავრდებულ გ. ჭ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. კ. სააპელაციო საჩივრით ითხოვა გ. ჭ-ს მიმართ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 დეკემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგი საფუძვლებით:
პოლიციის თანამშრომლების - გ. ლ. და გ. შ-ს ჩვენებები, რომლებითაც დგინდება, რომ ისინი მონაწილეობდნენ ბრალდებულ ა. ა-ს ჩვენების გადამოწმების მიზნით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტში, რომლის დროსაც მან ნებაყოფლობით უჩვენა ქ. ფ., ნ-ს ქუჩაზე მდებარე ზ. გ-ს საცხოვრებელი სახლი და განუმარტა გამომძიებელს, რომ ეს სახლი გაქურდა მან, ასევე დეტალურად აღწერა დანაშაულის ჩადენის გარემოებები, რის შესახებაც შედგა შესაბამისი ოქმი, წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ისინი არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.
მართალია, ბრალდებულებმა აღიარეს ბრალად შერაცხული დანაშაული, თუმცა გ. ჭ-ს აღიარება მოპოვებულია კანონის უხეში დარღვევით, ბრალდების მხარის მიერ მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების ცრუ დაპირებით, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს მიჩნეული მტკიცებულებად. რაც შეეხება პრეიუდიციად მიჩნეულ სხვა მტკიცებულებებს, ისინი ასევე ირიბ მტკიცებულებათა კატეგორიას განეკუთვნებიან და უშუალოდ გ. ჭ-ს ბრალეულობას ვერ ადასტურებენ.
· ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ემელიანე ბერაიამ სააპელაციო საჩივრით ითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და ა. ა-სთვის სასჯელის განსაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, შემდეგი საფუძვლებით:
პირველი ინსტანციის სასამართლომ ა. ა. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და მე-3 ნაწილის „ა”, „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რომელიც მიეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. სასამართლომ მას სასჯელად განუსაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ერთი მესამედი ჩაუთვალა პირობითად, თუმცა სასჯელის გაყოფისას დაუშვა შეცდომა, კერძოდ: მსჯავრდებულ ა. ა-ს, ნაცვლად შეფარდებული სასჯელის ერთი მესამედისა, პირობით მსჯავრად ჩაუთვალა მისი ნახევარი _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის ერთი მესამედის პირობით მსჯავრად ჩათვლის შემთხვევაში, სასამართლოს ბრალდებულისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად უნდა განესაზღვრა 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სასჯელის დანარჩენი ნაწილი _ 1 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა უნდა ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ გ. ჭ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. კ-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ემელიანე ბერაიას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:
გ. ჭ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
გამართლებული გ. ჭ. განაჩენის გამოცხადებისთანავე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
ა. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი _ 2 (ორი) წლითა და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დანარჩენი ნაწილი –1 (ერთი) წლითა და 4 (ოთხი) თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ ა. ა-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების დღიდან – 2017 წლის 6 დეკემბრიდან; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო – 2017 წლის 17 ივნისიდან 2017 წლის 28 ივნისის ჩათვლით.
პირობითი მსჯავრის პერიოდში მსჯავრდებულ ა. ა-ს ყოფაქცევაზე კონტროლი და მისი დახმარება დაევალა პრობაციის შესაბამის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
მსჯავრდებულ ა. ა-ს დაევალა, თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის მოხდის შემდეგ, 15 დღის ვადაში გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში, თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
ცნობად იქნა მიღებული, რომ ა. ა-სთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა მოიხსნას გირაოს თანხის – 4000 (ოთხი ათასი) ლარის უზრუნველყოფის მიზნით, ქ. ფ. , ზ. გ-ს ქ. №... მდებარე (საკადასტრო კოდი №..., ს. ო-ს (პირადი ნომერი .... ) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების 4000 ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 დეკემბრის განაჩენი ნივთმტკიცებების ნაწილში დარჩა უცვლელად.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ფოთის რაიონული პროკურორის მოადგილემ - ფელიქს ჯალაღონიამ და მსჯავრდებულ ა. ა-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. გ-მ.
სახელმწიფო ბრალმდებელმა ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა გ. ჭ-ს გამართლების ნაწილში, მისი დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ“, ,,გ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.
მსჯავრდებულ ა. ა-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. გ-მ ითხოვა მსჯავრდებულ ა. ა-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მისი გამართლება შერაცხულ ბრალდებაში.
6. საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.
7. საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ა. ა-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. გ-მ მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ა. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ფოთის რაიონული პროკურორის მოადგილის - ფელიქს ჯალაღონიას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სააპელაციო სასამართლო განაჩენში ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებული მტკიცებულებების არასაკმარისობაზე გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, კერძოდ, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება: ბრალდებულ ა. ა-ს მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული განთქმითი ჩვენება, რომლის თანახმად, მან ქურდობაში თანამონაწილედ დაასახელა გ. ჭ. . აღნიშნული კი საკმარისი არ არის წარდგენილ ბრალდებაში გ. ჭ-ს დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი სხვა მტკიცებულებით არ დასტურდება მისი მონაწილეობა მითითებულ დანაშაულში. ამასთან, სააპელაციო პალატამ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ა. ა. სასამართლოში არ დაკითხულა და მისი ჩვენება სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა ემყარებოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. რაც შეეხება პოლიციის თანამშრომლების _ რ. მ-ს, მ. გ-ს, გ. ლ. და გ. შ-ს ჩვენებებს, ისინი ირიბი ხასიათისაა და არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან ეფუძნება სხვა პირის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და მათ ჩვენებებში გადმოცემული ფაქტები არ დასტურდება სხვა პირდაპირი მტკიცებულებით.
3. სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა თავად გ. ჭ-ს აღიარებასთან დაკავშირებით და მიუთითა: გამოძიების ეტაპზე მან ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე. მას ჩვენება არ მიუცია არც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, თუმცა აღიარა დანაშაული და თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბრალდებულის აღიარება, თუ ის არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით, საკმარისი არ არის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
4. ამასთან, სააპელაციო პალატამ ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ სააპელაციო სასამართლოში გ. ჭ-მ თავი დამნაშავედ არ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და ითხოვა გამართლება. აქვე სააპელაციო ინსტანციის სასამართლო განაჩენში არაპირდაპირ მიანიშნებს და გარკვეულწილად იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში გ. ჭ-ს მიერ დანაშაულის აღიარება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ბრალდების მხარემ მოატყუა და ცრუდ დაჰპირდა საპროცესო შეთანხმების გაფორმებას. ბრალის აღიარებასთან დაკავშირებით, ანალოგიური პოზიცია გამოხატეს საკასაციო საჩივარსა და საკასაციო სხდომაზე მსჯავრდებულმა ა. ა-მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა.
5. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს ბრალდებულების - ა. ა-ს და გ. ჭ-ს აღიარებების საეჭვოდ მიჩნევისა და დაცვის მხარის მოსაზრების გასაზიარებლად, რომ მათი აღიარებები განაპირობა ბრალდების მხარის ცრუ დაპირებამ, შემდეგ გარემოებათა გამო:
6. ა. ა-მ დანაშაულებრივი შემთხვევის დღეს, დაკავებისთანავე - 2017 წლის 17 ივნისს, პირადი ჩხრეკის, ასევე მისი ავტომანქანის ჩხრეკის ოქმებსა და მისი გამოკითხვის ოქმში პირდაპირ მიუთითა, რომ მან ჩხრეკების შედეგად აღმოჩენილი ნივთები, გ. ჭ-სთან ერთად, მოიპარა ქ. ფ., ნ-ს ქ. №... მდებარე საცხოვრებელი სახლიდან. წინასწარი გამოძიების ეტაპიდან მოყოლებული, პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოთა გადაწყვეტილებების გამოტანის ჩათვლით, იგი აღიარებდა დანაშაულს და გამოძიების არცერთ ეტაპზე არ განუცხადებია, რომ მისი აღიარება განაპირობა ბრალდების მხარის ცრუ დაპირებამ. უფრო მეტიც: მას არათუ არ განუცხადებია ამის შესახებ, არამედ სააპელაციო წესითაც კი არ გაუსაჩივრებია პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი.
7. რაც შეეხება გ. ჭ-ს აღიარებას, მართალია, მან არც წინასწარ გამოძიებასა და არც სასამართლოში არ მისცა ჩვენება, მაგრამ როგორც წინასასამართლო, ისე არსებით სხდომებზე აღიარა ჩადენილი დანაშაული. საქმის არსებითი განხილვისას სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (გარდა გამონაკლისისა, რის შესახებაც საკასაციო პალატა ქვემოთ იმსჯელებს), ისევე, როგორც ა. ა-მ.
8. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ როგორც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმებიდან ირკვევა, სასამართლო განხილვა დაცვის მხარის შუამდგომლობისა და ბრალდების მხარის თანხმობის საფუძველზე არაერთხელ გადაიდო იმის გამო, რომ მხარეებს შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე (ორივე ბრალდებულთან). სხდომის ოქმებიდან ასევე ირკვევა, რომ ბრალდებულებისათვის ცნობილი იყო დაზარალებულის პოზიცია, რომ იგი საპროცესო შეთანხმების გაფორმების წინააღმდეგი იყო. ასევე დადგენილია ის ფაქტიც, რომ საქმის არსებითი განხილვისას, მათ შორის - დასკვნით სიტყვაში არცერთ ბრალდებულს არ გამოუთქვამს რაიმე პრეტენზია, თუ შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარე ცრუდ დაჰპირდათ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, რამაც მათი აღიარება განაპირობა. ა. ა-მ არ გაასაჩივრა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი და მის მიმართ სასჯელის ნაწილში, შემამსუბუქებელი გარემოების - აღიარების გათვალისწინებით, გავრცელდა საშეღავათო პირობები. სასამართლომ ასევე გაითვალისწინა გ. ჭ-ს აღიარება და განაჩენში მიუთითა, რომ აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, მას შეუფარდებდა სანქციით გათვალისწინებულ მინიმალურთან მიახლოებულ სასჯელს. ამდენად, მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, აშკარად არალოგიკური და არადამაჯერებელია დაცვის მხარის ვერსია ა. ა-ს და გ. ჭ-ს აღიარებებთან დაკავშირებით, რომ ეს განპირობებული იყო მოტყუებით - ბრალდების მხარის ცრუ დაპირებით.
9. საკასაციო პალატა ასევე არ ეთანხმება სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ ვერ გაიზიარებს ა. ა-ს აღიარებით (განთქმით) ჩვენებას, ვინაიდან იგი სასამართლოში არ დაკითხულა და მისი ჩვენება სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს:
10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან - პრეიუდიცია. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარის ინიციატივით, სასამართლომ შეიძლება უარყოს პრეიუდიციულად დადგენილი ფაქტი, თუ ეს ფაქტი ეწინააღმდეგება სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებს.
11. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით დასტურდება, პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდებულებმა აღიარეს მათთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა, დაცვის მხარე დაეთანხმა ბრალდების დადგენილებებში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება (გარდა მოწმეების - დ. ო-ს, გ. ლ. და გ. შ-ს გამოკითხვის ოქმებისა, რომლებიც შემდეგ მოწმის სახით დაიკითხნენ სასამართლო სხდომაზე). ვინაიდან მხარეებმა სადავოდ არ გახადეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, ისინი სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა და იმავე კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მათ მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა, რის გამოც გამოკვლევის გარეშე მიიღეს მტკიცებულებად.
12. დადგენილია ისიც, რომ ბრალდებულის სახით დაკავების მომენტიდან, საქმის არსებითი განხილვის ჩათვლით, ა. ა-მ თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში, რის შესაბამისადაც, იგი არსებით სხდომაზე აღარ დაკითხულა, ვინაიდან როგორც აღინიშნა, სასამართლოში მტკიცებულებები არ გამოკვლეულა (გარდა სამი მოწმის ჩვენებისა) და მის მიერ გამოძიებაში ბრალდებულის სახით მიცემული ჩვენება და, შესაბამისად, ჩვენებიდან დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები როგორც თავად ა. ა-მ, ისე გ. ჭ-მ მიიჩნიეს პრეიუდიციად.
13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მხარეები საქმის ფაქტობრივ გარემოებებს გამოკვლევის გარეშე იღებენ მტკიცებულებად, ესე იგი ისინი თავისუფლდებიან მტკიცების ტვირთისაგან, ხოლო ინფორმაცია კი ავტომატურად იძენს მტკიცებულებით ხასიათს, რაც, ბუნებრივია, არსებით სხდომაზე მათ დამატებით გამოკვლევას აღარ საჭიროებს. წინააღმდეგ შემთხვევაში პრეიუდიციის ინსტიტუტი საერთოდ აზრს დაკარგავდა, რადგან ყველა ის მტკიცებულება, რომელსაც მხარეები პრეიუდიციად მიიჩნევდნენ, ნებისმიერ დროს გახდებოდა მხარეთათვის მიუღებელი და სადავო. შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის მიხედვით, პრეიუდიცია გათანაბრებულია მტკიცებულებასთან და გათავისუფლებულია გამოკვლევის პროცესისგან.
14. ამდენად, აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს ა. ა-ს და გ. ჭ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულის როგორც აღიარების, ასევე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების, მათ შორის - ა. ა-ს ჩვენების, ლეგიტიმურობის საეჭვოდ მიჩნევის არანაირი საფუძველი.
15. ასევე უსაფუძვლოა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაცია გ. ჭ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის ბრალდების მხარის პირდაპირ მტკიცებულებათა არასაკმარისობის შესახებ, ვინაიდან საკასაციო პალატას როგორც ა. ა-ს, ისე გ. ჭ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდებები, გარდა მათი აღიარებისა, რომელთა კანონიერებასთან დაკავშირებითაც საკასაციო პალატამ ზემოთ უკვე იმსჯელა, ასევე დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:
16. ა. ა-ს ბრალდებულის სახით გამოკითხვის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ მან გ. ჭ-სთან ერთად ფარულად შეაღწია ნ-ს ქ. №... მდებარე საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ისინი ფარულად დაეუფლნენ სხვადასხვა დასახელების ნივთს.
17. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, რომელშიც მონაწილეობდა ა. ა. მან მიუთითა იმ საცხოვრებელ სახლსა და გარემოებებზე, თუ როგორ შეაღწია იქ გ. ჭ-სთან ერთად, როგორ გამოიტანეს ნივთები გარეთ და მოათავსეს მის ავტომანქანაში, რომელიც სახლის წინა მხარეს ეყენათ.
18. ა. ა-ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ჩხრეკისას მისი შარვლის მარცხენა ჯიბიდან ამოიღეს ნაქურდალი ნივთები - მაჯის საათი, მედალიონები და სხვა. ჩხრეკისას ა. ა-მ განაცხადა, რომ მან ეს ნივთები მოიპარა გ. ჭ-სთან ერთად. ჩხრეკის ოქმზე მიეთითა შესაბამისი შინაარსის შენიშვნა, რაზეც მან ხელი მოაწერა.
19. ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ,,მაზდას” მარკის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, რომელსაც ა. ა. მართავდა, ამოღებულია: პლასტმასის ყუთი და მასში მოთავსებული შავი კორპუსისა და ვერცხლისფერი ჩარჩოს მქონე პისტოლეტი ერთი მჭიდით ვაზნების გარეშე, ამავე ყუთში მოთავსებული პისტოლეტის სახელმძღვანელო და ლულის საწმენდი ჯაგრისი, ორლულიანი სანადირო თოფი მოყავისფრო მოჩუქურთმებული კონდახით, სავაზნე ქამარი მასში მოთავსებული 31 ვაზნით, მოყავისფრო ხიშტ-დანა, „VESTEL-ის“ ფირმის პლაზმური ტელევიზორი, ავტომანქანის საბარგულიდან ასევე ამოიღეს: შავი ლარნაკი მასში არსებული სხვადასხვა სამკაულით, ყვავილებით მოხატული მაგიდის თეთრი გადასაფარებელი, ერთი ბოთლი შამპანური და დანა-ჩანგლის ორი კომპლექტი, ხოლო მძღოლის სავარძლის უკანა ჯიბიდან - საქართველოს მოქალაქის პასპორტი, გაცემული გ. ჭ-ს სახელზე, რომელშიც მოთავსებული იყო გ. ჭ-ს სახელზე გაცემული ცნობა მსჯავრდებულის გათავისუფლების შესახებ. როგორც ავტომანქანის ჩხრეკის ოქმიდან ირკვევა, ა. ა-მ განაცხადა, რომ აღნიშნული ნივთები გ. ჭ-სთან ერთად მოიპარა ქ. ფ., ნ-ს ქ. №... მდებარე საცხოვრებელი სახლიდან.
20. მოწმე დ. ო-ს ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შს ფოთის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. 2017 წლის 17 ივნისს, ღამის საათებში, დაუკავშირდა პატრულ-ინსპექტორი მ. გ., რომელმაც სთხოვა მისულიყო ქ. ფ. , რ-ს რკალზე. აღნიშნული შეტყობინების საფუძველზე სამსახურებრივი ავტომანქანით მივიდა მითითებულ ადგილზე, სადაც ნახა, რომ საპატრულო ეკიპაჟის წევრებს _ მ. გ-ს და რ. მ-ს გაჩერებული ჰყავდათ ,,მაზდას“ მარკის ავტომანქანა. როგორც მ. გ-მ უთხრა, აღნიშნული ავტომანქანა შეუჩერებია მძღოლის სიმთვრალე-სიფხიზლეზე გადამოწმების მიზნით. როდესაც ავტომანქანასთან მისულს მძღოლისთვის _ ა. ა-სთვის დოკუმენტაცია მოუთხოვია, დაუნახავს, რომ მის გვერდით იჯდა მისთვის ნაცნობი გ. ჭ., რომელიც გადამოწმების პროცესში გადასულა მანქანიდან და გაქცეულა ბაზრის მიმართულებით. ამის შემდეგ მძღოლთან მ. გ-ს მეწყვილე რ. მ. დარჩენილა, ხოლო თავად მ. გაქცეულს დასდევნებია, თუმცა ვერ დასწევია. მოწმე დ. ო-ს განმარტებით, იგი რადიოსადგურით დაუკავშირდა ფოთის საქალაქო სამმართველოს სამორიგეო ნაწილს და დახმარება ითხოვა. რამდენიმე წუთში გამომძიებელიც მივიდა. მისივე ჩვენებით, ზემოთ ხსენებულ ,,მაზდას“ მარკის ავტომანქანაში აღმოჩნდა ნაქურდალი ნივთები, რომლებზეც ა. ა-მ განაცხადა, რომ ეს ნივთები მან და გ. ჭ-მ მოიპარეს ქ. ფ. ნ-ს ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლიდან. ამ ნივთებს შორის იყო სანადირო თოფი, პისტოლეტი, საყოფაცხოვრებო ნივთები, პლაზმური ტელევიზორი და სხვ. გამომძიებელმა ე. ძ. , ა. ა-ს განუმარტა მისი უფლება-მოვალეობები, რის შემდეგაც მას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა და მისი შარვლის მარცხენა ჯიბიდან ამოიღეს მაჯის საათი, მედალიონი და გულსაბნევი. პირადი ჩხრეკის დასრულების შემდეგ, ა. ა-ს თანხმობით, გაიჩხრიკა მისი ავტომანქანაც, საიდანაც ამოიღეს პლაზმური ტელევიზორი, სანადირო თოფი, პისტოლეტი ერთი მჭიდით ვაზნების გარეშე და საოჯახო ნივთები.
21. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დადასტურდა მოწმის სახით დაკითხული პატრულ-ინსპექტორების _ რ. მ-ს და მ. გ-ს ჩვენებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
22. საქმეზე დაზარალებულად ცნობილი ზ. გ-ს ჩვენებით, რომელიც მხარეებს ასევე არ გაუხდიათ სადავოდ, დადგენილია, რომ ქ. ფ., ნ-ს ქ. №... მდებარე საცხოვრებელ სახლში ცხოვრობს მისი ქალიშვილი _ მ. გ. ქმარ-შვილთან ერთად, რომლებიც ამჟამად სამუშაოდ იმყოფებიან ი. და სახლი მას აქვს ჩაბარებული. 2017 წლის 16 ივნისს, ღამის საათებში, იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც მასთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და სთხოვეს წასულიყო ქ. ფ., ნ-ს ქ. №.-ში მდებარე თავისი სიძის საცხოვრებელ სახლში, რადგან, შესაძლებელია, იგი გაქურდული ყოფილიყო. ადგილზე მისულმა ნახა, რომ ოთახებში კარადებიდან გადმოყრილი იყო და იატაკზე მიმოფანტული ეყარა საოჯახო ნივთები, რის გამოც მაშინვე დარეკა პოლიციაში და დახმარება ითხოვა. ამის შემდეგ მივიდნენ გამომძიებელი და ექსპერტი, რომლებმაც დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი. დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ სახლიდან მოპარული იყო სხვადასხვა დასახელების ნივთი, კერძოდ: მამაკაცის მაჯის საათი ტყავის სამაჯურით, შავი პლასტმასის ყუთი და მასში მოთავსებული შავი და ვერცხლისფერი კორპუსის მქონე პისტოლეტი ერთი მჭიდით, საწმენდი ჯაგრისი, ორლულიანი სანადირო თოფი მოყავისფრო მოჩუქურთმებული ხის კონდახით, ტყავის სავაზნე ქამარი მასში მოთავსებული სანადირო თოფის 31 ვაზნით, დიდი ზომის „VESTEL-ის“ ფირმის პლაზმური ტელევიზორი, მოყავისფრო ხიშტ-დანა, დანა-ჩანგლის ორი კომპლექტი, ერთი ბოთლი შამპანური, მაგიდის თეთრი გადასაფარებელი და სხვადასხვა სამკაული. ზიანის ოდენობამ ჯამურად შეადგინა 5816 ლარი.
23. ის ფაქტი, რომ პოლიციელების მიერ ა. ა-ს ავტომანქანის შემოწმებისას გ. ჭ. ნამდვილად მასთან ერთად იმყოფებოდა, ა. ა- ს ჩვენების გარდა, დადასტურებულია საპატრულო ეკიპაჟის წევრების - მ. გ-ს და რ. მ-ს ჩვენებებით, საიდანაც ირკვევა, რომ მ. გ- მ იცნო მძღოლის, ა. ა-ს გვერდით მჯდომი პირი - გ. ჭ. , რომელიც გადავიდა ავტომანქანიდან და მიიმალა. ასევე, ავტომანქანის ჩხრეკისას მძღოლის სავარძლის უკანა ჯიბიდან პოლიციელებმა ამოიღეს გ. ჭ-ს სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პასპორტი, რომელშიც მოთავსებული იყო მისსავე სახელზე გაცემული ცნობა მსჯავრდებულის გათავისუფლების შესახებ. საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ პოლიციელებმა დანაშაულის ჩადენიდან (2017 წლის 17 ივნისი, დაახლოებით 01 საათი) უმოკლეს ვადაში დააკავეს (2017 წლის 17 ივნისს, 04:55 საათზე) ა. ა. და მისი პირადი და ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად აღმოაჩინეს ნაქურდალი ნივთები. დადგენილია, რომ ამ დროს მასთან ერთად იმყოფებოდა გ. ჭ-ც, რომელმაც შეძლო მიმალვა.
24. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014). საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას არ გააჩნდა დასაბუთებული საფუძველი, რომ საეჭვოდ მიეჩნია გ. ჭ-ს აღიარება და ამასთან, არ გაეზიარებინა ა. ა-ს ჩვენება, რომელიც მხარეთა მიერ უდავო მტკიცებულებად იყო მიჩნეული. ზემომითითებული მტკიცებულებებისა და გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ აშკარა, ერთმანეთთან თანხვდენილ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ა. ა-მ და გ. ჭ-მ ჩაიდინეს, შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და მე-3 ნაწილის „ა”, „გ” ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და მე-3 ნაწილის „ა”, „ბ”, „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულები. შესაბამისად, ცვლილება უნდა შევიდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივნისის განაჩენში გ. ჭ-ს მიმართ გამართლების ნაწილში, ხოლო ა. ა-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
26. რაც შეეხება სასჯელს, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავეების წარსული ცხოვრების, პირადი და ეკონომიკური პირობების, ასევე - საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ა. ა-ს განსაზღვრული აქვს სამართლიანი სასჯელი, ხოლო გ. ჭ-ს უნდა შეეფარდოს ბრალად შერაცხული ქმედების სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი.
27. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ნივთმტკიცებათა განკარგვის საკითხზეც და აღნიშნავს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განაჩენით გადაწყვეტილი არ არის მტკიცებულებათა იმ ნაწილის განკარგვის ბედი, რომლებიც ბრალდების მხარეს გადაგზავნილი ჰქონდა ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის ჩასატარებლად, რის გამოც საკასაციო პალატა აზუსტებს შემდეგს:
- ა. ა-ს ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული: 1) შავ ყუთში მოთავსებული პისტოლეტი „ZORAKI MOD 917-T“ № 1014-00054, 1 (ერთი) მჭიდი, ლულის საწმენდი ჯაგრისი და ინსტრუქცია; 2) „ТОЗ-34Р“ მოდელის თოფი ШС №1639, 12 - კალიბრიანი 23 (ოცდასამი) ვაზნა და სავაზნე ქამარი; 3) ხიშტ-დანა ქარქაშით, რომლებიც გადაგზავნილი იყო ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, უნდა დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს.
- 2017 წლის 17 ივნისს, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ქ.ფ. , ნ-ს ქ. №---ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული: 1) ერთი ვერცხლისფერი შანდალი; 2) მოყვითალო ხელის ფანარი; 3) ცისფერი ჭიქა-თერმოსი, წარწერით „pepsi“, რომლებიც გადაგზავნილი იყო ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, უნდა დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს.
- გ. ჭ-ს და ა. ა-საგან აღებული ნერწყვის ნიმუშები, რომლებიც გადაგზავნილი იყო ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, უნდა განადგურდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ფოთის რაიონული პროკურორის მოადგილის - ფელიქს ჯალაღონიას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. მსჯავრდებულ ა. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
4. გ. ჭ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და მე-3 ნაწილის „ა”, „ბ”, „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
5. მსჯავრდებულ გ. ჭ-ს სასჯელის ათვლა დაეწყოს დაპატიმრების ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან. მსჯავრდებულ გ. ჭ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2017 წლის 26 ივლისიდან 2018 წლის 5 ივნისის ჩათვლით;
6. ნივთმტკიცებები:
- ა. ა-ს ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული: 1) შავ ყუთში მოთავსებული პისტოლეტი „ZORAKI MOD 917-T“ № 1014-00054, 1 (ერთი) მჭიდი, ლულის საწმენდი ჯაგრისი და ინსტრუქცია; 2) „ТОЗ-34Р“ მოდელის თოფი ШС №1639, 12 - კალიბრიანი 23 (ოცდასამი) ვაზნა და სავაზნე ქამარი; 3) ხიშტ-დანა ქარქაშით, რომლებიც გადაგზავნილი იყო ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, უნდა დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს.
- 2017 წლის 17 ივნისს, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ქ. ფ., ნ-ს ქ. №... მდებარე საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული: 1) ერთი ვერცხლისფერი შანდალი; 2) მოყვითალო ხელის ფანარი; 3) ცისფერი ჭიქა-თერმოსი, წარწერით „pepsi“, რომლებიც გადაგზავნილი იყო ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, უნდა დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს.
- გ. ჭ-ს და ა. ა-საგან აღებული ნერწყვის ნიმუშები, რომლებიც გადაგზავნილი იყო ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, უნდა განადგურდეს.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივნისის განაჩენი სხვა, მათ შორის - ა. ა-ს მსჯავრდებისა და დანარჩენი ნივთმტკიცებების განკარგვის ნაწილში, დარჩეს უცვლელად;
8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე