Facebook Twitter

ას-1244-1503-09 10 ივნისი, 2010 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე),

თ. თოდრია (მომხსენებელი), მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს “ტ.” (მოპასუხე)

გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 თებერვლის განჩინება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს გადახდევინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სარჩელით მიმართა სასამართლოს შპს “ტ.” მიმართ, ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილების გამო, პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2007 წლის 19 დეკემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შპს “ტ.” შორის გაფორმდა ¹878 ხელშეკრულება მანქანების, კონტეინერებისა და მისაბმელების “X-ღAY” კონტროლის მობილური მიწოდების თაობაზე. შემსყიდველმა აიღო ვალდებულება, აენაზღაურებინა შპს “ტ.” ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2 289 150 ლარი. ხელშეკრულებით განისაზღვრა მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, კერძოდ, ხელშეკრულების ¹6.1 მუხლი ითვალისწინებდა შემსყიდველის უფლებამოსილებას საქონლის მიწოდების ვადის გადაცილების შემთხვევაში მიმწოდებლისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საქონლის ღირებულების 0.1% საურავის დაკისრებას. თავის მხრივ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო თანხის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში ვალდებული იყო, გადაეხადა ვადაგადაცილებული თანხის 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოსარჩელემ მიუთითა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ თავისი ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად, ხოლო შპს “ტ.” გადააცილა საქონლის მიწოდების ვადებს, რის გამოც იგი ვალდებულია, გადაიხადოს ¹6.1 პუნქტით გათვალისწინებული საურავი 22 891. 50 ლარი. შპს “ტ.” საურავის გადახდაზე უარს აცხადებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა შპს “ტ.” დაეკისროს საქონლის მიწოდების ვადის გადაცილებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს 22 891. 50 ლარის გადახდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 თებერვლის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2007 წლის 19 დეკემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და შპს „ტ.“ შორის გაფორმდა ¹878 ხელშეკრულება მანქანების, კონტეინერებისა და მისაბმელების “X-ღAY” Yკონტროლის მობილური მიწოდების თაობაზე. ხელშეკრულების თანახმად, შპს „ტ.“ იკისრა ვალდებულება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის საავანსო თანხის გადარიცხვიდან 25 კალენდარულ დღეში მიეწოდებინა მანქანების, კონტეინერებისა და მისაბმელის “X- ღAY” რენტგენული კონტროლის მობილური სისტემა. ამავე ხელშეკრულებით ¹6.1 პუნქტით განისაზღვრა საქონლის მიმწოდებლის ვალდებულება, საქონლის მიწოდების ვადის გადაცილების შემთხვევაში, გადაეხადა საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საქონლის ღირებულების 0,1%-ის ოდენობით. 2008 წლის 21 დეკემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გადაიხადა საავანსო თანხა. შპს „ტ.“ მიერ საავანსო თანხის გადახდიდან 25 კალენდარულ დღეში, 2008 წლის 15 იანვრისთვის, უნდა მომხდარიყო საქონლის მიწოდება. 2008 წლის 26 იანვარს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და შპს „ტექნოიმპორტს“ შორის გაფორმდა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც შპს „ტექნოიმპორტმა“ 2008 წლის 26 იანვარს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გადასცა მანქანების, კონტეინერებისა და მისაბმელების “X- ღAY” რენტგენული კონტროლის მობილური სისტემა. 2008 წლის 15 თებერვალს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და შპს „ტ.“ შორის გაფორმდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც 15 თებერვალს ქ.ფოთში მიმწოდებელმა დაამთავრა მანქანების, კონტეინერებისა და მისაბმელების რენტგენული კონტროლის მობილური სისტემის ინსტალაცია, მონტაჟი და მებაჟეების ტრენინგი. შპს „ტ.“ საქონლის დაგვიანებით მიწოდებისათვის 2008 წლის 18 თებერვალს სახელმწიფო ბიუჯეტს გადაუხადა პირგასამტეხლო 25 180,65 ლარი.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ 2007 წლის 19 დეკემბრის ხელშეკრულება წარმოადგენს შერეულ ხელშეკრულებას. ხელშეკრულების ფასი მოიცავდა არა მარტო საქონლის ღირებულებას, არამედ შპს „ტ.“ ყველა ხარჯს – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ გადასახადებს, საქონლის დანიშნულების ადგილამდე მიწოდებას, ჩატვირთვას, გადმოტვირთვას, ტრანსპორტირებას, ინფლაციას, მონტაჟს სწავლებასა და შემსყიდველის საკუთრებაში გადაცემას. ხელშეკრულების ¹2.3 პუნქტით ერთმანეთისაგან გამიჯნულია, ერთი მხრივ, მიწოდება და საკუთრებაში გადაცემა და, მეორე მხრივ, ინსტალაცია, მონტაჟი და სწავლება. ამასთან, ხელშეკრულებით (ხელშეკრულების ¹4.2 პუნქტით) განისაზღვრა საქონლის მიწოდების ვადა (საავანსო თანხის გადარიცხვიდან 25 კალენდარული დღე) და ამ ვადის გადაცილებისათვის საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,1% (ხელშეკრულების 6.1 პუნქტი), ხოლო საქონლის ინსტალაციის, მონტაჟისა და სწავლებისათვის მხარეები ვადაზე, შესაბამისად, ვადის გადაცილებისათვის რაიმე პასუხისმგებლობაზე არ შეთანხმებულან. სამართლებრივ საფუძვლად სააპელაციო პალატამ მიუთიტა სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლზე.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, ვინაიდან მხარეები ¹878 ხელშეკრულებით ინსტალაციის, მონტაჟის, ტრანსპირტირებისა და სწავლების ვადაზე არ შეთანხმებულან, ზემოაღნიშნული ვალდებულებების დაგვიანებით შესრულების გამო, პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ. კასატორის მითითებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ვერ გაიზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მსჯელობას და მიაჩნია, რომ ხელშეკრულება უნდა განიმარტოს არა მისი სიტყვასიტვითი მნიშვნელობით, არამედ არსობრივად. ხელშეკრულების თანახმად მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება მიეწოდებინა შემსყიდველისათვის ხელშეკრულების ¹1 და ¹2 დანართებში აღნიშნული საქონელი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. საქონლის დასახელება, ტექნიკური პარამეტრები, ძირითადი მაჩვენებლები, აგრეთვე რაოდენობა და ერთეულის ფასი მოყვანილია ¹1 და ¹2 დანართებში. პირველი დანართის 25-ე პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების საგნის, ანუ საქონლის ტექნიკური მახასიათებელია „დაყენება და ოპერატორის სტანდარტული ტრენინგი კლიენტის ადგილზე (მაქს.6 სტუდენტი)“. აქედან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, 2007 წლის 19 დეკემბრის ¹878 ხელშეკრულებით შესყიდული ხელშეკრულების საგანი უნაკლო ვერ იქნებოდა ინსტალაციის, სტაჟისა და სწავლებისაგან დამოუკიდებლად. აღნიშნული ვალდებულებები ხელშეკრულების საგნის შემადგენელი ნაწილი იყო და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მანქანების, კონტეინერის და მისაბმელების X-ღAY კონტროლის მობილურ სისტემას ვერ გამოიყენებდა მისი მონტაჟისა და ჩასატარებელი ტრეინინგების გარეშე. აქედან გამომდინარე, უსაფუძვლოა სასამართლოს მითითება იმ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული არ ყოფილა საქონლის ინსტალაციის, მონტაჟისა და სწავლების ვადები. საქონლის მიწოდება, ინსტალაცია, მონტაჟი და სწავლება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებით დადგენილ საერთო ვადაში. ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არ ეთანხმება იმ არგუმენტს, რომ საქონლის ინსტალაციის, მონტაჟისა და სწავლებისათვის დამატებით საჭირო იყო ვადის განსაზღვრა, რადგან მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, საქონლის გადაცემაში მოიაზრებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულება, მათ შორის საქონლის ინსტალაცია, მონტაჟი და სწავლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2007 წლის 19 დეკემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და შპს ,,ტ.” შორის გაფორმდა ¹878 ხელშეკრულება მანქანების, კონტეინერებისა და მისაბმელების “X-ღAY” კონტროლის მობილური მიწოდების თაობაზე. ხელშეკრულების თანახმად, შპს “ტ.” იკისრა ვალდებულება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის საავანსო თანხის გადარიცხვიდან 25 კალენდარულ დღეში მიეწოდებინა მანქანების, კონტეინერებისა და მისაბმელის “X-ღAY” რენტგენული კონტროლის მობილური სისტემა.

სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ 2008 წლის 21 დეკემბერს ფინანსთა სამინისტრომ საავანსო თანხა გადაიხადა. 2008 წლის 26 იანვარს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და შპს “ტ.” შორის გაფორმდა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც შპს “ტ.” 2008 წლის 26 იანვარს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გადასცა მანქანების, კონტეინერებისა და მისაბმელის “X-ღAY” რენტგენული კონტროლის მობილური სისტემა.

2008 წლის 15 თებერვალს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და შპს “ტ.” შორის გაფორმდა საბოლოო შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 15 თებერვალს ქ. ფოთში მიმწოდებელმა დაამთავრა მანქანების, კონტეინერებისა და მისაბმელის “X-ღAY” რენტგენული კონტროლის მობილური სისტემის ინსტალაცია, მონტაჟი და მებაჟეების ტრენინგი.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ შპს “ტ.” საქონლის დაგვიანებით მიწოდებისათვის 2008 წლის 18 თებერვალს სახელმწიფო ბიუჯეტს გადაუხადა პირგასამტეხლო 25180,65 ლარი.

სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ განსახილველი ხელშეკრულების ფასი მოიცავს არა მარტო საქონლის ღირებულებას, არამედ შპს “ტ.” ყველა ხარჯს _ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ გადასახადებს, საქონლის დანიშნულების ადგილამდე მიწოდებას, ჩატვირთვას, გადმოტვირთვას, ტრანსპორტირებას, ინსტალაციას, მონტაჟს, სწავლებასა და შემსყიდველის საკუთრებაში გადაცემას. კასატორი არ დავობს ზემოაღნიშნულ ფაქტებზე. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია აღნიშნული ხელშეკრულება შერეული ტიპის ხელშეკრულებად. ამასთან ერთად სააპელაციო სასამართლომ განმარტა ხელშეკრულების ¹4.2 და ¹6.1 პუნქტები და მიიჩნია, რომ მხარეთა მიერ განსაზღვრული იყო საქონლის მიწოდების ვადა და ამ ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლო 0,1%, ხოლო საქონლის ინსტალაციის, მონტაჟისა და სწავლებისათვის მხარეები ვადაზე, შესაბამისად, ვადის გადაცილებისათვის რაიმე პასუხისმგებლობაზე არ შეთანხმებულან.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სადავოს წარმოადგენს საკითხი იმის შესახებ, იგულისხმება თუ არა საქონლის მიწოდებაში ასევე მისი ინსტალაცია, მონტაჟი და სწავლება. ხელშეკრულების ¹6.1. პუნქტით მხარეებმა გაითვალისწინეს პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმების განსაზღვრული თანხა მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

სააპელაციო სასამართლომ ისე განმარტა ხელშეკრულების ¹6.1. პუნქტი, როგორც საქონლის მიწოდების ვადის დარღვევისათვის პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, რომ არ შეაფასა ხელშეკრულებით კრედიტორის (საქართველოს ფინანსთა სამინისტრო) მოთხოვნის უფლება, რომლის უზრუნველსაყოფადაც იყო გამოყენებული პირგასამტეხლოს ინსტიტუტი. ისმის კითხვა, რომელი მოთხოვნის უფლების შესრულების ვალდებულება ეკისრებოდა მოვალეს, რომლის შეუსრულებლობაზე ან არაჯეროვან შესრულებაზც მას დაეკისრებოდა პირგასამტეხლო.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 340-ე მუხლის თანახმად, შერეული ხელშეკრულებების განმარტებისას მხედველობაში მიიღება ნორმები იმ ხელშეკრულებათა შესახებ, რომლებიც შესრულების არსთან ყველაზე ახლოს დგანან და მას შეესაბამებიან.

უპირველეს ყოვლისა, უნდა შეფასდეს განსახილველი ხელშეკრულების, როგორც შერეული ტიპის ხელშეკრულების მნიშვნელობა. აღნიშნული ხელშეკრულების ანალიზი გვაძლევს შესაძლებლობას, დავასკვნათ, რომ იგი მოიცავს ნასყიდობის, გადაზიდვის და ნარდობის ხელშეკრულების ელემენტებს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულების ცალკეული ელემენტების განმარტებისათვის აუცილებელია მთელი ხელშეკრულების შინაარსი იქნას გააზრებული, დადგინდეს მხარეთა ნება, თუ რა მიზნის მიღწევა სურდათ ამ ხელშეკრულებით, რა იურიდიულ და ეკონომიკურ ინტერესს გულისხმობდნენ მხარეები ვალდებულების შესრულებაში და კონკრეტულ შემთხვევაში რომელი ვალდებულების შეუსრულებლობაზე დავობენ მხარეები. განსახილველი ნორმის თანახმად, მოცემულია შერეული ხელშეკრულების განმარტების წესი, რომლის მიხედვით მხედველობაში მიიღება ნორმები იმ ხელშეკრულებათა შესახებ, რომლებიც შესრულების არსთან ყველაზე ახლოს დგანან და მას შეესაბამებიან (მაგალითად, ნივთი დაზიანდა გადაზიდვის დროს ან არასწორად იქნა დამონტაჟებული, ან მიმწოდებელმა არ განახორციელა ხარისხიანი სწავლება, ან მთლიანად არ შეასრულა ვალდებულება). ეს ნიშნავს იმას, რომ ვალდებულების შესრულების არსი ერთ შემთხვევაში შეიძლება ეხებოდეს შერეული ხელშეკრულების ერთ-ერთ ან რამოდენიმე ელემენტს, ხოლო სხვა შემთხვევაში მთლიანობაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბოლოო მიზნის მისაღწევად მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, მაგრამ ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია ისიც, რომ შერეული ხელშეკრულებით მხარეები ითვალისწინებენ ერთი საერთო მიზნის მიღწევას და ამ ხელშეკრულებაში შემავალი ხელშეკრულებები შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც შერეული ხელშეკრულების ელემენტები. ამდენად, შერეული ხელშეკრულების სტრუქტურის გათვალისწინებით ის წარმოადგენს ისეთ ხელშეკრულებას, რომელშიც მოცემულია სხვადასხვა ხელშეკრულებების სხვადასხვა პირობები, მაგრამ ეს პირობები წარმოადგენენ ერთი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილებს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია გამოვყოთ ორი გარემოება, რომელიც ყურადსაღებია შერეული ხელშეკრულებების განმარტებისას. პირველი, ცალკე საზღაური, რომელიც გათვალისწინებულია აღნიშნული სისტემის მიწოდებისათვის და ასევე მისი ინსტალაცია, მონტაჟისა და სწავლებისათვის. მეორე გარემოება გამოიხატება იმის გარკვევაში, თუ რომელი ხელშეკრულების წესები დგას ყველაზე ახლოს შესრულების არსთან. კონკრეტულ შემთხვევაში შესრულებაში უნდა ვიგულისხმოთ ვალდებულება, რომლის ძალით მოვალემ (შპს ,,ტექნოიმპორტმა”) კრედიტორს (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს) უნდა მიაწოდოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი. კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გაირკვეს “მიწოდების”, როგორც ვალდებულების შესრულების არსი, რაც წარმოადგენს იმის წინაპირობას, რომ გავერკვეთ, თუ რომელი ვალდებულების დარღვევისათვის გაითვალისწინეს მხარეებმა პირგასამტეხლო.

საკასაციო საჩივრის ანალიზის შედეგად შესაძლებელია დავასკვნათ, რომ კასატორი უთითებს იმაზე, რომ, ამ ხელშეკრულების თანახმად, საქონლის გადაცემაში იგულისხმებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულება, მათ შორის, საქონლის ინსტალაცია, მონტაჟი და სწავლება. აქედან გამომდინარე, კასატორი აღნიშნავს, რომ შპს ,,ტექნოპროექტის” მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებისათვის, მას საავანსო თანხის გადახდიდან 25 კალენდარულ დღეში _ 2008 წლის 15 იანვარს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის ქ. ფოთის პორტში უნდა მიეწოდებინა საქონელი, ამასთან უნდა დაესრულებინა საქონლის ინსტალაცია, მონტაჟი და სწავლება.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს, ხელშეკრულების მთლიანი კონტექსტიდან გამომდინარე, უნდა გაერკვია იმ ვალდებულების შინაარსი, რომლის შეუსრულებლობისათვის მხარეებმა გაითვალისწინეს პირგასამტეხლოს გადახდა. ამ შემთხვევაში მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის, თუ რა მიზანს ისახავდნენ მხარეები ამ ხელშეკრულებით და შესაძლებელი იყო თუ არა ამ მიზნის მიღწევა ამ ხელშეკრულებაში მოცემული ცალკეული ელემენტების შესრულებით. მაგალითად, საქონლის ადგილამდე მიტანით.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ხელშეკრულების ¹1.1 პუნქტზე, რომლის თანახმად მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, მიაწოდოს შემსყიდველს ხელშეკრულების ¹1 და ¹2 დანართებში აღნიშნული საქონელი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ხელშეკრულების ¹1 დანართის 25 პუნქტი მოიცავს მობილური სკანირების სისტემის დაყენებასა და ოპერატორის სტანდარტულ ტრენინგს კლიენტის ადგილზე.

აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმეში არსებული ხელშეკრულება, მასზე დართული დანართები სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და დაადგინოს, იგულისხმება თუ არა მიწოდებაში (შესრულებაში) ვალდებულება, რომელიც მოიცავდა ასევე საქონლის ინსტალაციას, მონტაჟსა და სწავლებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტო - გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. აქედან გამომდინარე, გასათვალისწინებელია ტერმინ ,,მიწოდებაში” მხარეები ხომ არ გულისხმობდნენ, ერთ შემთხვევაში, საქონლის დანიშნულების ადგილამდე მიტანას, ხოლო, მეორე შემთხვევაში - საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემას იმ მდგომარეობით, რომელიც ითვალისწინებდა როგორც მიწოდებას (მიტანას), ასევე ინსტალაციას, მონტაჟსა და სწავლებას, მაგალითად ხელშეკრულების ¹2.3. პუნქტი ითვალისწინებს, ხელშეკრულების ფასს, რომელიც მოიცავს მიმწოდებლის ყველა ხარჯებს, მათ შორის საქონლის დანიშნულების ადგილამდე მიწოდებასაც. შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ ამ შემთხვევაში საქონლის ,,მიწოდებაში” მხარეები გულისხმობენ საქონლის ადგილამდე მიტანას. მაგრამ, როგორც უკვე აღინიშნა, გასარკვევია, თუ რა იგულისხმება ამავე ხელშეკრულების ¹1.1 პუნქტში. ამდენად, მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რა ეკონომიკურ ინტერესს ითვალისწინებდნენ მხარეები ტერმინ ,,მიწოდებაში”, რომელიც ერთ შემთხვევაში შეიძლება გვევლინობედეს როგორც შერეული ხელშეკრულების ერთ-ერთი ელემენტი, ხოლო სხვა შემთხვევაში ვალდებულების შესრულების ის ხარისხი, რომელიც ითვალისწინებდა ასევე სისტემის ინსტალაციას, მონტაჟსა და სწავლებას. იმ ვალდებულების შინაარსის დადგენის შემდეგ, რაც იგულისხმება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ტერმინ ,,მიწოდებაში”, სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად უნდა შეაფასოს ამავე ხელშეკრულების ¹6.1 პუნქტით მოცემული ურთიერთობა, რომლის თანახმად შემსყიდველი უფლებამოსილია, საქონლის მიწოდების ვადის გადაცილების შემთხვევაში დააკისროს მიმწოდებელს საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საქონლის ღირებულების 0,1%-ის ოდენობით. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნის საფუძვლიანობისა და დასაკისრებელი თანხის ოდენობის განსაზღვრა, რა დროსაც უნდა იქნეს გათვალისწინებული შპს “ტექნოიმპორტის” მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი პირგასამტეხლო 25 180,65 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.