ას-1246-1505-09 27 მაისი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილისხდომის მდივანი _ ვ.ბოკუჩავა
კასატორი _ ა. გ-ური (მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ თ.ბ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე _ შინაგან საქმეთა სამინისტროს ახმეტის რაიონული სამმართველო, დ. ქ-ძე (მოპასუხეები)
წარმომადგენელი _ დ.ბ-ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 28 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. გ-ურმა სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. ქ-ძის მიმართ მოპასუხის დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის _ 6000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრების შესახებ შემდეგი საფუძვლებით:L„ზილ-131“ მარკის სატვირთო ავტომანქანა წარმოადგენდა მოსარჩელეს საკუთრებას. აღნიშნული ავტომანქანით იგი ემსახურებოდა კლიენტებს, რაც მის ერთადერთ შემოსავალს შეადგენდა. 2004 წლის 22 აპრილს თანამშრომლებთან ერთად მასთან სახლში მივიდა ახმეტის საპატრულო პოლიციის ჯგუფის უფროსი ინსპექტორი – დ. ქ-ძე, რომელმაც მოსთხოვა კუთვნილი „ზილ-131“ მარკის სატვირთო ავტომანქანის საბუთები. ავტომანქანის ძრავის ნომრები და საბუთებში მითითებულ ნომრები არ დაემთხვა ერთმანეთს, რის გამოც დ.ქ-ძემ, სათანადო ოქმის შედგენის გარეშე, მისი კუთვნილი ავტომანქანა გადაიყვანა შს ახმეტის რაიგანყოფილების ეზოში საკითხის გარკვევამდე. შემდგომ მოსარჩელემ შეიტყო, რომ 2004 წლის 12 მაისს დ.ქ-ძემ აღნიშნული ავტომანქანა უკანონოდ გადასცა შინაგანი ჯარის სამხედრო ნაწილის წარმომადგენლებს და ა.გ-ურმა ნივთი ვეღარ დაიბრუნა. სადავო სატვირთო ავტომანქანა იყო ტექნიკურად გამართული. მოსარჩელემ იგი შეისყიდა 4000 აშშ დოლარად. ავტომანქანის უკანონოდ ჩამორთმევის შემდეგ გასულ პერიოდში იგი გამოიმუშავებდა მინიმუმ 2000 აშშ დოლარს.
ახმეტის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 14 ივლისის განჩინებით საქმეში დ. ქ-ძესთან ერთად სათანადო მოპასუხედ ასევე ჩაება შინაგან საქმეთა სამინისტროს ახმეტის რაიონული სამმართველო. ამავე სასამართლოს 2008 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილებით ა.გ-ურის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ ა.გ-ურის სასარგებლოდ 1777,50 ლარის ანაზღაურება.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ა. გ-ურმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 28 სექტემბრის განჩინებით ა.გ-ურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ: საქმეში წარმოდგენილი ახმეტის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 30 იანვრის განჩინებით მოპასუხე დ.ქ-ძე ცნობილ იქნა დამნაშვანედ სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულში, რაც იმაში გამოიხატა, რომ დ.ქ-ძემ სამსახურებრივი მოვალეობის გადამეტებით, ქონების ამოღების ოქმის გაფორმების გარეშე, ჩამოართვა ა.გ-ურს კუთვნილი “ზილ 131-ის” მარკის ავტომანქანა და უკანონოდ გადასცა შინაგანი ჯარის ¹2066 სამხედრო ნაწილის წარმომადგენლებს. სააპელაციო პალატის მითითებით, აპელანტი სადავოდ ხდის სასამართლოს მიერ დადგენილი ზიანის ოდენობას, რადგან იგი უნდა განსაზღვრულიყო განაჩენის მიხედვით. სასამართლომ მიიჩნია, რომ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისას პრეიუდიციული მნიშვნელობა ენიჭება კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილ იმ ფაქტებს, განახორციელა თუ არა მხარემ გარკვეული მოქმედება თუ უმოქმედობა, ჩაიდინა თუ არა მოქმედება კონკრეტულმა პირმა, ხოლო კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილი ყველა სხვა ფაქტი, მათ შორის, თუ რა ოდენობის ზიანი გამოიწვია მოქმედებამ, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე არ არის და მისი შემოწმება სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი პრეიუდიციულია და სადავო აღარ არის, ხოლო ზიანის კონკრეტული ოდენობის განსაზღვრის გარემოება წინასწარ არ დგინდება და მისი შემოწმებისაგან სასამართლო არ თავისუფლდება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სამოქალაქო დავის განხილვისას სასამართლო შეზღუდულია მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებითა და მტკიცებულებებით. განსახილველ შემთხვევაში 6000 აშშ დოლარის ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტის დასადასტურებლად მხარემ მიუთითა მარტოოდენ ახსნა-განმარტებაზე, ხოლო მოპასუხემ აღნიშნული ოდენობა სადავოდ მიიჩნია. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცების სტანდარტი ნაკლოვანია და კონკრეტული ფაქტის დადგენის საფუძველი ვერ გახდება. სხვა სახის მტკიცებულება კი მის მიერ მოთხოვნილი თანხის დასადასტურებლად მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ა.გ-ურმა ვერ დაადასტურა სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოება, რომ დანაშაულის შედეგად ჩამორთმეული ავტომანქანა შეიძინა 4000 აშშ დოლარად და ამის გარდა მიადგა 2000 აშშ დოლარის ზიანი. მოსარჩელის მიერ მტკიცების ტვირთის არასრულყოფილად რეალიზების მოტივით პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა განაჩენის საფუძველზე მხარისათვის 1777,50 ლარის ოდენობის ზიანის მიყენების შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ა. გ-ურმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ არასწორად შეაფასა სადავო ავტომანქანა 1777,50 ლარად. ა.გ-ური სარჩელში ითხოვდა სადავო ნივთის დაბრუნებას, რომელიც, სარჩელის საგნის ღირებულების დადგენის მიზნით, შეფასდა 6000 ლარად. შინაგან საქმეთა ახმეტის პოლიციის სამმართველო ვალდებულია, დააბრუნოს ავტომობილი ნატურით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. გ-ურის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლით გათვალისწინებული სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი, რადგან სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
განსახილველი დავა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის მიხედვით, ამ კანონმდებლობით დადგენილი წესით განსახილველ კატეგორიათა რიგს არ განეკუთვნება, კერძოდ:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით რეგულირდება სამოქალაქო საქმეების უწყებრივი დაქვემდებარება სასამართლოებისადმი, რომლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ, მითითებული ნორმის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე და 208-ე მუხლების შესაბამისად კი, მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხი ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს განხილული, თუ სადავო ურთიერთობის ერთ-ერთ მხარეს ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს, რომლის მიერ მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ეკისრება.
წარმოდგენილი სარჩელით ა.გ-ური სადავო ზიანის ანაზღაურებას ითხოვს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ახმეტის რაიონული სამმართველოს, ისე დ.ქ-ძისაგან, როგორც საჯარო მოსამსახურისაგან, სოლიდარულად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
მოცემული საქმის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვა გამოიწვევს საპროცესო ნორმების ისეთ დარღვევას, რომელიც აუცილებლად განაპირობებს საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების დადგენას, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის პრინციპები მკვეთრად განსხვავდება სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპებისაგან და მათი გამოყენება მხოლოდ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ საქმეებზეა დასაშვები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ განსახილველი დავა წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.2 მუხლის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ ადმინისტრაციულ დავას და იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. გ-ურის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 28 სექტემბრის განჩინება და საქმე განსახილველად გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.