Facebook Twitter

საქმე ¹ას-1251-1510-09 3 თებერვალი, 2010 წელი

¹ ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ სს “თ...ი” (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ჯ-ძე, ქ. შ-ია (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება (განჩინება) – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2009 წლის 19 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი _ ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ჯ-ძემ, ქ. შ-იამ, ნ. კ-ძემ და ი. ე-შვილმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში სს “თ...ის” მიმართ ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად თანხის _ გ. ჯ-ძის სასარგებლოდ _ 126876 აშშ დოლარის, ქ. შ-იას სასარგებლოდ _ 150000 აშშ დოლარის, ნ. კ-ძის სასარგებლოდ 2575 აშშ დოლარისა და ი. ე-შვილის სასარგებლოდ _ 1775 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2004 წლის 25 თებერვალს ქ.თბილისში, ...ს ქ.¹8-ში მდებარე სახლს ელექტროენერგია მიეწოდებოდა არასტაბილურად, დროდადრო აღინიშნებოდა ელექტროენერგიის ვარდნა, გამთენიისას კი აალდა “სამსუნგის” მარკის ტელევიზორი. ცეცხლი მოედო მოსარჩელეთა ბინების ნაწილს, რის შედეგად დაზიანდა და განადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთები და საცხოვრებელი ფართი.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეებმა მათი მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოებების არსებობა სათანადო მტკიცებულებით ვერ დაადასტურეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 19 თებერვლის განჩინებით საქმეში გ.ჯ-ძის უფლებამონაცვლედ ჩაება მ. ჯ-ძე. ამავე სასამართლოს 2008 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სს “თ...ს” მ. ჯ-ძისა და ქ. შ-იას სასარგებლოდ დაეკისრა 126876 აშშ დოლარის გადახდა, ნ. კ-ძის სასარგებლოდ _ 2575 აშშ დოლარის, ხოლო ი. ე-შვილის სასარგებლოდ _ 1375 აშშ დოლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სს “თ...მა” გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, მოწინააღმდეგე მხარის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ჯ-ძის, ქ. შ-იას, ნ. კ-ძისა და ი. ე-შვილის სარჩელი ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა მ. ჯ-ძის, ქ. შ-იას, ნ. კ-ძისა და ი. ე-შვილის წარმომადგენელმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 19 ივნისის განჩინებით ქ. შ-იასა და მ. ჯ-ძის საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება მ. ჯ-ძისა და ქ. შ-იას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა და ამ ნაწილში განახლდა საქმის წარმოება, ხოლო ნ. კ-ძისა და ი. ე-შვილის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ნ. კ-ძისა და ი. ე-შვილის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სს “თ...ის” სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს 7 დღის ვადაში შესაგებლის წარმოსადგენად. 2009 წლის 15 აპრილს მ.ჯ-ძისა და ქ.შ-იასათვის განკუთვნილი სასამართლო გზავნილი ჩაიბარა მ.ჯ-ძემ, რომელიც ქ.შ-იას დედამთილია. ი.ე-შვილის სახელზე გაგზავნილი უწყება ადრესატს პირადად ჩაბარდა 2009 წლის 15 აპრილს, ხოლო ნ.კ-ძის ნაცვლად გზავნილი მიიღო მისმა რძალმა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მ.ჯ-ძისა და ქ.შ-იას მიერ საპროცესო ვადაში შესაგებლის წარუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი შპს სამედიცინო ცენტრი “ი...ს” ცნობით დასტურდება, რომ მ.ჯ-ძე არის 80 წლის ხანდაზმული ქალბატონი, რომელსაც გაუუარესდა მეხსიერება და 2009 წლის 17 აპრილიდან 28 აპრილამდე ექიმის რეკომენდაციით დაენიშნა მკურნალობა წოლითი რეჟიმით. შესაგებლის წარდგენის ვადა კი იყო 2009 წლის 15 აპრილიდან 23 აპრილამდე. ქ.შ-იას შვებულებასთან დაკავშირებით საქმეში არსებული ბრძანებისა და 34-ე საჯარო სკოლის დირექტორის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე სასამართლოს შეექმნა შინაგანი რწმენა, რომ ქ.შ-ია შესაგებლის წარდგენისათვის განკუთვნილ დროს ქ.თბილისში არ იმყოფებოდა. რაც შეეხება ნ.კ-ძისა და ი.ე-შვილის მიერ შესაგებლის წარდგენის ვადის გაშვებას, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ აღნიშნულის საპატიო მიზეზის არსებობა მხარეს არ დაუსაბუთებია.

მ. ჯ-ძემ და ქ. შ-იამ განცხადებით მიმართეს სასამართლოს და შეამცირეს სასარჩელო მოთხოვნა, მხარეებმა საბოლოოდ მოითხოვეს სს “თ...ისათვის” 118000 აშშ დოლარის დაკისრება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს “თ...ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მ. ჯ-ძისა და ქ. შ-იას სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმდა, სს “თ...ს” მ. ჯ-ძისა და ქ. შ-იას სასარგებლოდ დაეკისრა 118000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა შემდეგი დასაბუთებით: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2004 წლის 25 თებერვალს 5 საათზე, ქ.თბილისში, ... ქ¹8-ში მდებარე ¹4 ბინაში გაჩნდა ხანძარი, რის შედეგადაც განადგურდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მე-2 სართულზე მდებარე გ. ჯ-ძის საცხოვრებელი ბინა და მასში არსებული საყოფაცხოვრებო ნივთები. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტიზის 2004 წლის 15 ივნისის ¹37 დასკვნით დადგენილია, რომ კეროვანი ზონა,Eე.ი არაკონტროლირებადი წვის პირველადი წარმოშობის ზონა მოქალაქე გ.ჯ-ძის ბინის სასტუმრო ოთახის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში “სამსუნგის”MAმარკის ტელევიზორის განლაგების ზონაში მდებარეობდა. “სამსუნგის” მარკის ტელევიზორის კვების ბლოკის ელექტროტრანსფორმატორის კოჭას სახვევზე, რომელიც წარდგენილ იქნა გამოკვლევაზე, აღმოჩენილ იქნა მომრგვალო ფორმის პირველადი მოკლე ჩართვის კვალი, რაც დადგინდა რენტგენოსრტუქტურული გამოკვლევით. ელექტრომრიცხველის კოჭას სახვევსა და ელექტროპატრონების ზამბარების კონტაქტებზე აღმოჩენილ იქნა გადატვირთვის კვალი ლაკ-ქსოვილოვანი იზოლაციის დაწვის სახით და მეტალი ნადნობით. აღნიშნული დასკვნის თანახმად, მოქალაქე გ. ჯ-ძის ბინაში ხანძრის წარმოშობის უშუალო ტექნიკურ მიზეზს წარმოადგენს ელექტროგამანათებელ ქსელში მაღალი ძაბვის მიწოდების შედეგად “სამსუნგის” მარკის ტელევიზორის დაწვა. ექსპერტმა მოწმეთა ჩვენებებით გამოარკვია, რომ ხანძრის დღეს ელექტროქსელში მუდმივად ხდებოდა ძაბვის მკვეთრი ცვლილება, რის შედეგადაც დაირღვა ელექტროენერგიის ნათურების კოლბები და ელექტროხესაწყოების ექსპლუატირება ხდებოდა ავარიულ რეჟიმში. ექსპერტის განმარტებით, დადგენილია, რომ აღნიშნულ მისამართზე აბონენტებს დაუზიანდათ ელექტრომოწყობილობები. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2005 წლის 20 ივნისის სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, რა დროსაც დამატებით იქნა გამოკვლეული მოკვლევის ეტაპზე ამოღებული ნივთმტკიცებები, დადგინდა, რომ ქ.თბილისში, ... ქ.¹8-ში მდებარე ¹4 ბინის სამომხმარებლო ქსელში, ძაბვის ნომინალურზე მაღლა აწევის გამო, ტელევიზორის კვების ბლოკის კასკადში (ტრანსფორმატორის კოჭას ხვეულში) მოხდა მოკლე ჩართვა, რამაც გამოიწვია ტელევიზორის აალება და გადაიზარდა ხანძარში. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ნივთმტკიცებები ქმნიან პირველადი მოკლე ჩართვისათვის დამახასიათებელ სურათს. ამავე დროს შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მოკლე ჩართვა გამოწვეული იყო ნომინალურზე მაღალი ძაბვით. ექსპერტმა ნ. ბ-იამ კითხვაზე, შეეძლო თუ არა შიდა ქსელის გაუმართაობას ხანძრის გამოწვევა, უპასუხა, რომ ამ შემთხვევაში დამცავი მექანიზმი _ თბური ავტომატური ამომრთველები აუცილებლად იმოქმედებდა, მაგრამ ტელევიზორის კვების ბლოკის ძალოვანი ტრანსფორმატორის პირველად გრაგნილზე ჩანს მოკლე შერთვის კვალი, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ძაბვის არასტაბილურობამ გამოიწვია ტელევიზორის კვების ბლოკში ნომინალურზე მაღალი ძაბვის ინდუქტირება, რომელიც იმართება ნახევარგამტარის საშუალებით. ასეთ ძაბვაზე რადიოდეტალები ძალიან მგრძნობიარეა, გაირღვა დიოდური ნახევარგამტარები, დაამოკლა მასზე დამოკიდებული კვების კასკადი, გადახურდა ტრანსფორმატორი, გაირღვა იზოლაცია, მოხდა მოკლე შერთვა ტრანსფორმატორის კოჭას ხვეულში და აალდა ტელევიზორი, რამაც გამოიწვია ხანძარი. ამდენად, წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნებით სააპელაციო სასამართლომ ცალსახად დაადგინა, რომ ქ.თბილისში, ... ქ.¹8-ში მდებარე ¹4 გ.ჯ-ძის ბინაში ხანძრის გამომწვევი მიზეზი იყო ძაბვის აწევა და ელექტროგამანათებელ ქსელში მაღალი ძაბვის მიწოდების შედეგად “სამსუნგის’’ მარკის ტელევიზორის აალება. პალატა არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის ავტორის არგუმენეტები დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში. სასამართლომ დამოუკიდებელ აუდიტორ ო. ქ-შვილის 2008 წლის 24 აპრილის ¹08/1 დასკვნით მიყენებული ზარალის ოდენობა დადასტურებულად მიიჩნია. სააპელაციო პალატამ თავისი გადაწყვეტილება დააფუძნა სამოქალაქო კოდექსის 1009-1011-ე მუხლებზე.

სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 19 ივნისის განჩინება და 30 სექტემბრის გადაწყვეტილება სს “თ...მა” გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მათი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ მ.ჯ-ძისა და ქ.შ-იას ნაწილში არასწორად გააუქმა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და უკანონოდ მიიჩნია, რომ ამ პირებმა სააპელაციო საჩივარზე შესაგებლის წარდგენის ვადა საპატიოდ გაუშვეს. პალატამ არ გაითვალისწინა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს მოდავე ოთხივე ფიზიკურ პირს ერთი და იგივე წარმომადგენელი ჰყავდათ, რომელმაც გაასაჩივრა კიდეც დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის მითითება, რომ მათ შორის არსებული შეთანხმების თანახმად, წარმომადგენელთან ურთიერთობა ჰქონდა მხოლოდ ქ.შ-იას, რაც საქმის მასალებით არ დასტურდება. ასევე საქმეში წარმოდგენილი არ არის სათანადო მტკიცებულება, რომელიც სადავო პერიოდში ქ.შ-იას ქვეყნიდან ან თუნდაც ქალაქიდან გასვლის ფაქტს დაადასტურებდა. საფუძველს მოკლებულია სასამართლოს მითითება მ.ჯ-ძის ისეთი ავადმყოფობის თაობაზე, რაც მას საპროცესო ვალდებულებების შესრულებაში ხელს შეუშლიდა. ამდენად, სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლი. სასამართლომ არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენა მხარეები, ვინაიდან სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილების ნაწილობრივ უკანონოდ გაუქმებას შედეგად კასატორისათვის არახელსაყრელი არასწორი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 იანვრის განჩინებით სს “თ...ის” საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სს “თ...ის” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.

მოცემულ საქმეზე კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო საჩივარზე შესაგებლის წარდგენის ვადის გასვლის საპატიოდ მიჩნევის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების კანონიერებას. აღნიშნულ საკითხებზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლს. აღნიშნული პრაქტიკა ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებასა და განჩინებაში.

კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ სს “თ...ს” უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2010 წლის 11 იანვარს გადახდილი 8000 ლარის 70% _ 5600 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სს “თ...ის” საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

სს “თ...ს” დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი _ 5600 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.