Facebook Twitter

ას-125-119-10 13 მაისი, 2010წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

თ. თოდრია (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს “საქართველოსსაზღვაობანკი” (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. გ-ძე (მოპასუხე)

დავის საგანი – თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

2009 წლის 16 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2008 წლის 31 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა სს ”.. ..მა” მოპასუხე თ. გ-ძის მიმართ. მან მოითხოვა 302-ე და 303-ე მუხლების თანახმად, გადახდის ბრძანების გამოტანა და თ. გ-ძისათვის სს “.. ..ს” სასარგებლოდ 13 726 (ცამეტი ათას შვიდას ოცდაექვსი) ლარის დაკისრება.

განმცხადებელმა განმარტა, რომ მას და მოპასუხეს შორის 2003 წლის 25 მარტს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც თ. გ-ძემ აიღო კრედიტი 30 000 (ოცდაათი ათასი) აშშ დოლარი 36 თვის ვადით, თვეში 2%-ით.

თ. გ-ძემ ნაწილობრივ დაფარა აღებული კრედიტი და ამჟამად მისი ვალი შეადგენს 13 726 აშშ დოლარს, 2004 წლის 16 მარტს დაიწყო სს ”.. ..ს” ლიკვიდაცია, რის გამოც ვერ მოხერხდა თ. გ-ძისაგან თანხის ამოღება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 4 ნოემბრის ბრძანების თანახმად განმცხდებლის განცხადება დაკმაყოფილდა, მოპასუხეს სს ”.. ..ის” სასარგებლოდ დაეკისრა 13 726 აშშ დოლარის გადახდა.

2009 წლის 9 ივნისს მოპასუხემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში შეიტანა შესაგებელი და მოითხოვა გადახდის ბრძანების გაუქმება და საქმის წარმოების სასარჩელო წესით დაწყება.

ბათუმის საქალაქო სასამარლოს 11 ივნისის განჩინებით მოპასუხის შესაგებელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა 2008 წლის 4 ნოემბრის გადახდის ბრძანება და საქმის წარმოება განახლდა სასარჩელო წარმოების წესით.

2009 წლის 20 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა მისი გამოუცხადებლობის გამო.

ამავე სასამართლოს სს ” .. ..-მა” მიმართა საჩივრით და მოითხოვა 2009 წლის 20 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმისწარმოების განახლება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 20 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

როგორც დგინდება მხარეები სასამართლოს შესახებ გაფრთხილებულნი იყვნენ 1 ივლისს, სხდომა კი ჩანიშნული იყო 20 ივლისს, დღის 12 საათზე. საჩივარზე დართული უწყებით კი დგინდება, რომ მოსარჩელის წარმომადგენელი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დაბარებული იყო 15 საათზე, მაშინ, როდესაც სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დანიშნული იყო 12 საათზე. დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარეს არ უცნონებია სასამართლოსავის გამოუცხადებლობის შესახებ სხდომის დაწყებამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე იურიდიული პირია, რომლის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია დირექტორი და არა მისი წარმომადგენელი, შესაბამისად, სასამართლოსათვის უცნობია მოსარჩელის წარმომადგენლის ამ შემთხვევაში ლიკვიდატორის გამოუცხადებლობა იყო თუ არა საპატიო. აღნიშნულის გარდა, საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მან მონაწილეობა მიიღო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში განსახილველ საქმეზე, ამდენად არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების საფუძვლები.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 7 ოტომბრის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “.. ..მა”.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 დეკემბრის განჩინებით სს “.. ..ს” სააპელაციო საჩივარი არ დკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 20 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2009 წლის 7 ოქტომბრის განჩინება.

სასამართლომ მიუთითა, რომ მართალია, სს”.. ..ს” წარმომადგენელის _ ა. ქ-ძის მიერ პირველ ინსტანციის სასამართლოში საჩივრის განხილვისას წარდგენილ იქნა სააპელაციო სასამართლოს უწყების ასლი, რომლითაც ირკვეოდა, რომ სს “.. ..” ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მოწვეულ იყო ე. ლომსიანიძის წინააღმდეგ წარდგენილი სააპელაციო საჩივართან დაკავშირებითYსასამართლოს მთავარ სხდომაზე 2009 წლის 20 ივლისს 15 საათზე, მაგრამ აღნიშნული მტკიცებულებით არ დასტურდებოდა, რომ სწორედ ა. ქ-ძემ მიიღო მონაწილეობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვაში და ბათუმის სასამართლოში 12 საათისათვის, ანუ უფრო ადრე დანიშნულ პროცესზე გამოუცხადებლობის მიზეზების თაობაზე ვერ შეძლო წინასწარ ეცნობებინა სასამართლოსათვის.

გარდა ამისა, საჩივრის ავტორის მიერ, სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, სათანადო მტკიცებულება, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი, რომლითაც დადასტურებული იქნებოდა ე. ლ-ძის ან მ. ბ-ძის პროცესში მისი მონაწილეობა, მხარეებს არ წარმოუდგენიათ.

ასევე დაუსაბუთებელია აპელანტის მითითება იმ გარემოებაზე, რომ სს ”.. ..ს” როგორც იურიდიული პირის წარმომადგენელს, ლიკვიდატორ ბ. პ-ძეს, სასამართლოში გამოუცხადებლობის მიზეზი გააჩნდა, ვინაიდან მხარეს არც ამ გარემოების რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარუდგენია.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “.. ..მა”. კასატორმა განმარტა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 7 ოქტომბრის განჩინების თანახმად, დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძვლად მითითებული არის ის გარემოება, რომ 2009 წლის 20 ივლისს სს “.. ..ს” და ე. ლ-ძის სასამართლო სხდომა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დანიშნული იყო 15 საათზე, ხოლო ბათუმის საქალაქო სასამართლოში 12 საათზე, თუმცა სასამართლოს მხედველობაში არ მიუღია ის გარემოება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს იმავე დღის 12 საათზე დანიშნული იყო სასამართლოს მთავარი სხდომა სს ”.. ..სა” და მ. ბ-ძის საქმეზე. იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ 2009 წლის 20 ივლისს ნამდვილად იყო სს “.. ..ს” წარმომადგენელი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, წარდგენილ იქნა სს “.. ..ს” ლიკვიდატორის ბრძანება ¹65 და სამივლინებო მოწმობა. აღნიშნული მტკიცებულება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ სრულიად უსაფუძვლოდ არ იქნა მიღებული და გაზიარებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს “.. ..ს” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას სს “.. ..ს” საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით

და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს “.. ..ს” საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.