Facebook Twitter

¹ას-1253-1101-10 17 თებერვალი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ნ. ა-შვილი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ჯ.” (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ა-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “ჯ.-ს” მიმართ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო თანხის _ 12800 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით და განმარტა, რომ მოპასუხესთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ყოველ კვარტალში უხდიდა თანხას ბინის აშენებისათვის. მოგვიანებით მოსარჩელემ შეწყვიტა თანხის დაფარვა, რადგან აშკარა იყო, რომ შენობა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ვერ აშენდებოდა და მოითხოვა გადახდილი თანხის დაბრუნება. მოპასუხემ გადაუხადა მხოლოდ 4000 აშშ დოლარი, დანარჩენ ნაწილში კი ვალდებულება არ შეასრულა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 16 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ. ა-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს “ჯ.-ს” ნ. ა-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 12800 აშშ დოლარის, საადვოკატო მომსახურების ხარჯის _ 842,55 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის სახით 647,27 ლარის გადახდა. ამავე სასამართლოს 2010 წლის 19 მაისის განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით შპს “ჯ.-ს” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 16 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2010 წლის 19 მაისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით, 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, 201-ე მუხლით და მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 4 იანვრის განჩინებით ნ. ა-შვილის სარჩელი შპს “ჯ.-ს” მიმართ თანხის გადახდის დაკისრების თაობაზე მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში. ამავე განჩინებით სასამართლომ მოპასუხეს განუსაზღვრა შესაგებლის წარსადგენად 10-დღიანი ვადა, თუმცა ამავე განჩინებით მოპასუხე მხარე არ გაფრთხილებულა სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შესაძლო შედეგების შესახებ.

სასამართლოს მითითებით, მართალია, სარჩელის წარმოებაში მიღების განჩინების მხარეთათვის გაგზავნის ვალდებულება საპროცესო კანონმდებლობით სასამართლოს არ აკისრია, მაგრამ სასამართლო უწყებაში მითითებული პირობები უნდა შეესაბამებოდეს სასამართლო აქტს, მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო განცხადების წარმოებაში მიღების განჩინებას.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ შპს “ჯ.-ს” გაეგზავნა რა სასამართლო უწყება, ნ. ა-შვილის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლოს განჩინებით, არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოს სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში შესაძლო შედეგების თაობაზე, სასამართლო უწყება არ გამომდინარეობდა სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებიდან, რაც შპს “ჯ.-ს” სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს.

სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 21 ოქტომბრის განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ და ამავე სასამართლოს 2010 წლის 15 ივნისის განჩინება სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ ნ.ა-შვილმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო პალატამ შპს “ჯ.-ს” სააპელაციო საჩივარი არასწორად მიიღო წარმოებაში, რადგან აპელანტმა არასწორად განსაზღვრა სააპელაციო საჩივრის ღირებულება 12800 აშშ დოლარის ნაცვლად ამავე ოდენობის ლარით, გადაიხადა 12800 ლარის 4%, რაც, 512 აშშ დოლარის ნაცვლად, შეადგენს 512 ლარს.

სასამართლომ დაარღვია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი და გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად დაუდო ისეთი გარემოება, რაზეც აპელანტს არ მიუთითებია. გასაჩივრებული განჩინება წინააღმდეგობრივია, რადგან, ერთი მხრივ, სასამართლო უთითებს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტი, ხოლო, მეორე მხრივ, დაადგინა, რომ მოპასუხეს ჩაბარდა სარჩელი, თანდართული მასალები და სასამართლო უწყება. შესაბამისად, მხარისათვის საქმის ფაქტობრივი გარემოებები ცნობილი იყო. სასამართლოს მსჯელობის შესაბამისად, პალატა ფაქტობრივ გარემოებებში გულისხმობდა საქმის განხილვაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შედეგებს, რაც არასწორია.

სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ, დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, არც ერთი სასამართლო არ უთითებს სარჩელისა თუ სხვა საჩივრის წარმოებაში მიღების განჩინებაში სასამართლო სხდომაზე მხარის არასაპატიო გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებს. თავად სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების განჩინებაშიც ასეთის შესახებ მითითებული არ არის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ა-შვილის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ თავისი განჩინებით მიიღო წარმოებაში ნ.ა-შვილის სარჩელი და მოპასუხეს დაუდგინა 10-დღიანი ვადა შესაგებლის წარმოდგენისათვის, თუმცა ამავე განჩინებით არ გააფრთხილა მხარეები სასამართლო სხდომაზე მათი გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების შესახებ.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ზემოხსენებულ მოსაზრებას, კერძოდ:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანამხად, სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის “ზ” ქვეპუნქტით კი, სასამართლო უწყება უნდა შეიცავდეს მითითებას გამოუცხადებლობის შედეგებზე და ვალდებულებას, აცნობოს სასამართლოს გამოუცხადებლობის მიზეზები.

მოცემულ შემთხვევაში 2010 წლის 16 აპრილის სასამართლო სხდომის თარიღი შპს “ჯ.-ს” ზემოხსენებული კანონის დანაწესის შესაბამისად სასამართლოს შენობაში ეცნობა და განემარტა საქმის განხილვაზე მისი არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების შესახებ, რაც დასტურდება სასამართლო უწყებაზე შპს “ჯ.-ს” წარმომადგენელ მ.ქ-იას ხელმოწერით.

აღნიშნულის მიუხედავად, მოპასუხე სასამართლოს მიერ დადგენილ დროს საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა და არც თავისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი სასამართლოს არ აცნობა.

დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მითითება განსახილველ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დამაბრკოლებელი გარემოების არსებობის თაობაზეც. დასახელებული ნორმის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, სააპელაციო პალატამ მოცემულ საქმეზე მთავარი სხდომა თავდაპირველად დანიშნა 2010 წლის 26 მარტს, თუმცა მოსამართლის ავადმყოფობის გამო საქმის განხილვა გადაიდო 2010 წლის 16 აპრილისათვის, შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დროს მხარეთათვის საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ ცნობილი იყო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პროცესუალური ეკონომიის პრინციპის თანახმად, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, გაუქმდეს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება, უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 16 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2010 წლის 19 მაისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ა-შვილის სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი 1121,92 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს შპს “ჯ.-ს”.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორის პრეტენზიას შპს “ჯ.-ს” მიერ სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულების არასწორად განსაზღვრისა და სახელმწიფო ბაჟის არასრულად გადახდის თაობაზე, ვინაიდან სააპელაციო საჩივრით მხარე სადავოდ ხდიდა გადაწყვეტილებას მისთვის 12800 აშშ დოლარის და არა ლარის დაკისრების შესახებ, შესაბამისად, აპელანტს უნდა გადაეხადა სადავო თანხის 4% 521 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით. ფაქტობრივად, სააპელაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი _ 521 ლარი.

ამდენად, შპს “ჯ.-ს” უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის _ 521 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა მის მიერ უკვე გადახდილი 521 ლარის გათვალისწინებით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

ნ. ა-შვილის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ოქტომბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 16 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2010 წლის 19 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

შპს “ჯ.-ს” დაეკისროს: 1. სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის _ 521 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა მის მიერ უკვე გადახდილი 521 ლარის გათვალისწინებით; 2. ნ. ა-შვილის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების _ 1121,92 ლარის გადახდა.

საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.