¹ას-1257-1516-09 25 თებერვალი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ლ. ლაზარაშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები –ლ. ბ-ძე
წარმომადგენელი – თ. ს-ძე
მოწინააღმდეგე მხარეები – მ. ს-ოვა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 21 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით მ. ს-ოვას სარჩელი დაკმაყოფილდა. მ. ს-ოვა მოპასუხე ლ. ბ-ძისათვის 250 ლარის გადახდის სანაცვლოდ, ცნობილი იქნა ქ.ბათუმი, ... ¹151-ში, მის მიერ დაკავებული 5 კვ. მ. საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ. ლ.ბ-ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის – 100 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ლ. ბ-ძემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით ლ. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მ.ს-ოვა ქ.ბათუმში ... ქ.¹151-ში 1996 წლის 31 ივლისამდე წარმოადგენდა სადაო ფართის კეთილსინდისიერ მოსარგებლეს.
სადაო უძრავი ქონება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 1996 წლის 31 ივლისს შეიძინა ლ.ბ-ძემ.
2000 წელს მ.ს-ოვამ ხელახალი რეგისტრაცია გაიარა და მის მისამართად რეგისტრირებულია ქ.ბათუმი... 151. იგი აღრიცხულია დამოუკიდებელ აბონენტად და იხდის კომუნალურ გადასახადებს.
2006 წლამდე ლ.ბ-ძეს არ მოუთხოვია მ.ს-ოვას გამოსახლება
მ.ს-ოვას დაკავებული ჰქონდა ლ.ბ-ძის საკუთრების 5 კვ.მ. ფართი.
მ.ს-ოვას დაკავებული ფართის საბაზრო ღირებულება შეადგენს 1000 ლარს, ხოლო მისი 25% კი – 250 ლარს.
მ.ს-ოვა წარმოადგენს სადაო ფართის მოსარგებლეს.
მ.ს-ოვა არ წარმოადგენს მდგმურს, რადგან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, დედანი ხელშეკრულება ფართის ქირავნობის შესახებ.
ლ.ბ-ძე უარს აცხადებს გადაუხადოს მ.ს-ოვას სადაო ფართის 75%.
გარდა ამისა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით დგინდება, ლ.ბ-ძემ სარჩელი აღძრა მ.ს-ოვას მიმართ და მოითხოვა მისი საკუთრებიდან მოპასუხის გამოსახლება. ასევე, რომ მ.ს-ოვა არის სადაო ფართის კეთილსინდისიერი მოსარგებლე. პალატამ ჩათვალა, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას უნდა მინიჭებოდა პრეიუდიციული ძალა.
მართალია, მ.ს-ოვას მიერ წარმოდგენილი ქვითრებით დგინდება, რომ იგი კომუნალურ გადასახადს იხდიდა 2007 წლის შემდეგ, მაგრამ თავად მხარეთა განმარტებით დადგენილია, რომ მ.ს-ოვა ცხოვრობდა სადაო ფართში 1970 წლიდან, ასევე ლ.ბ-ძის განმარტებით დადგენილია, რომ იგი არ იხდიდა სადაო ფართზე კომუნალურ გადასახადს. ამდენად, დგინდება ფაქტი, რომ მ.ს-ოვა გადასახადს იხდიდა 1998 წლამდე, ანუ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე და მას შემდეგ.
დადგენილია, რომ მ.ს-ოვა სადაო ფართის მოსარგებლეა 1970 წლიდან და იგი მესაკუთრის თანხმობით რეგისტრირებული პირია სადაო ფართზე. იგი არის სადაო ფართის კეთილსინდისიერი მფლობელი.
დადგენილია, რომ მ.ს-ოვასა და ლ.ბ-ძეს შორის მანამდე არსებული ურთიერთობა გაგრძელდა იმავე სახით, როგორი სახითაც არსებობდა ლ.ბ-ძის მიერ უძრავი ქონების შეძენამდე. უფრო მეტიც მ.ს-ოვამ სადაო ფართზე ხელახალი რეგისტრაცია გაიარა 2000 წელს და ფართის მესაკუთრეს პრეტენზია არ განუცხადებია, რაც აღნიშნულს ადასტურებს, რომ მ.ს-ოვა წარმოადგენს კეთილსინდისიერ მოსარგებლეს.
პალატამ განმართა, რომ მართალია საქმეში წარმოდგენილია მ.ს-ოვას მიერ პოლიციაში მიცემული ახსნა-განმარტება, რომ იგი იხდიდა ქირას, მაგრამ გარდა ახსნა-განმარტებისა საქმეში არ არის წარმოდგენილი ქირის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება. ამდენად, ვერ დგინდება ფაქტობრივი გარემოება, რომ მხარეებს შორის მართლა არსებობდა ქირავნობის ხელშეკრულება.
პალატამ განმარტა, რომ ვინაიდან ლ.ბ-ძემ უარი განაცხადა მ.ს-ოვასათვის სადაო ფართის 75%-ის გადახდაზე, მ.ს-ოვას საკუთრებაში უნდა გადასცემოდა სადავო ფართი მის მიერ მითითებული ფართის 25%-ის ღირებულების – 250 ლარის ანაზღაურების სანაცვლოდ.
პალატამ მიიჩნია, რომ მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა სააპელაციოლ საჩივარში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ლ. ბ-ძემ.
კასატორის განმარტებით, მ.სი-ოვა არ წარმოადგენდა „საცხოვრებელი სადნგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ საქართველოს კანონის 11 მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებულ კეთილსინდისიერ მოსარგებლეს, ვინაიდან საქმის მასალებიდან არ დასტურდება მესაკუთრისათვის გარკვეული ოდენობის საფასურის გადახდა.
კასატორი თვლის, რომ არამართებულია სასამართლოს მსჯელობა იმ ნაწილში, სადაც აღნიშნავს, რომ ლ.ბ-ძეს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგაც არ მოუხდენია მ.ს-ოვას სადგომიდან გამოსახლება.
კასატორის განცხადებით, ლ. ბ-ძე 1991 წლიდან წარმოადგენს ქ.ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქ. ¹151-ში განთავსებული სახლთმფლობელობის კანონიერ მესაკუთრეს. სადავო სადგომი კი მდებარეობს მესაკუთრის მიწის ნაკვეთზე, რომელსაც დამოუკიდებელი შესასვლელი არ გააჩნია და საცხოვრებლადაც უვარგისია. დღეისათვის მ.ს-ოვას მიტოვებული აქვს მფლობელობა და ის ცხოვრობს სხვა მისამართზე ბათუმის საქალაქო პოლიციის მე-2 განყოფილების 2009 წლის 14 ნოემბრის ¹26/10/5 პასუხის თანახმად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოავა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ლ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის 70% - 70 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე,401 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად;
კასატორს ლ. ბ-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 70 ლარი. თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 (სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე)
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.