Facebook Twitter

საქმე # 010100218700050761

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №508აპ-18 ქ. თბილისი

ო. ა. 508აპ-18 20 თებერვალი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ო-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით:

ა. ო. , - დაბადებული …. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 20 ოქტომბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 23 მაისიდან იმავე წლის 1 ივნისის ჩათვლით და 2016 წლის 19 დეკემბრიდან 2017 წლის 17 ივლისის ჩათვლით.

გაუქმდა ა. ო-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით გადახდილი თანხა უნდა გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

ვ. ლ. , - დაბადებული …. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 20 ოქტომბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 23 მაისიდან იმავე წლის 25 მაისის ჩათვლით.

გაუქმდა ვ. ლ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით გადახდილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

განაჩენით მსჯავრდებულების - ა. ო-სა და ვ. ლ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 23 მაისს თ. , ფ., მ… კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, პატრულ-ინსპექტორებმა - გ. ც-მ და გ. ი-მ შეაჩერეს ავტომანქანა, რომელსაც მართავდა დ. თ. მძღოლს, დ. თ-ს ეტყობოდა, რომ იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედებაში. მიუხედავად იმისა, რომ დ. თ-ს განემარტა, რომ თავის არიდების შემთხვევაში შედგებოდა სამართალდარღვევის შესაბამისი ოქმი, მან უარი განაცხადა ალკოტესტით შემოწმებაზე. როცა პატრულ-ინსპექტორმა გ. ც- მ, დ. თ-ს მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა დაიწყო, მასთან, პოლიციელის საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, მივიდა ა. ო. , რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას და ზოგადად, ყველა პოლიციელს და მოსთხოვა, დ. თ-ს მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსება შეეწყვიტა. პოლიციელებმა მოუწოდეს ა. ო-ს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისაკენ და მოსთხოვეს, დამორჩილებოდა მათ კანონიერ მითითებებს, მაგრამ ა. ო-მ განაგრძო სამართალდამცველთა შეურაცხყოფა. პატრულ-ინსპექტორმა ს. მ. გადაწყვიტა ა. ო-ს ადმინისტრაციული წესით დაკავება, თუმცა შეკრებილმა საზოგადოებამ არ მისცა ამის საშუალება. როცა ს. მ. ცდილობდა ა. ო-ს სამსახურებრივ ავტომანქანაში მოთავსებას, მან ძალადობით წინააღმდეგობა გაუწია და ფეხი ჩაარტყა მარცხენა კოჭთან. ს. მ. ხელი გაუშვა ა. ო-ს და იქვე მყოფმა პირებმა სცადეს მისი შემთხვევის ადგილიდან გაყვანა, მაგრამ პატრულ-ინსპექტორმა ლ. გ. მოახერხა მისი დაკავება. როდესაც დაკავებული ა. ო. მოათავსეს საპატრულო პოლიციის სამსახურებრივ ავტომანქანაში, იქ შეკრებილმა ხალხმა მოინდომა მისი ავტომანქანიდან გადმოყვანა. მათ შორის განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა ვ. ლ. , მან ზ. ჩ-ს, რომელიც ცდილობდა ა. ო-ს მანქანიდან გადმოყვანის აღკვეთას, ჯერ ფეხი ჩაარტყა მარჯვენა ხელში, შემდეგ კი ხელი დაარტყა მარცხენა გვერდში, რის შემდეგაც სცადა გაქცევა, თუმცა იგი დააკავა გ. ი-მ.

2. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. ისინი სააპელაციო საჩივრებით ითხოვდნენ განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულების - ა. ო-ს და ვ. ლ-ს გამართლებას.

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 იანვრის განაჩენით თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ მარინე ლომიძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება, დადებული პროკურორსა და მსჯავრდებულ ვ. ლ-ს შორის.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 20 ოქტომბრის განაჩენში ვ. ლ-ს მიმართ შევიდა ცვლილება, კერძოდ:

ვ. ლ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 1 წელი და 3 თვე ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 20 ოქტომბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 23 მაისიდან იმავე წლის 25 მაისის ჩათვლით.

მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად დაეკისრა ჯარიმა - 4000 ლარი.

ცნობად იქნა მიღებული, რომ გაუქმებულია ვ. ლ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით გადახდილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი ა. ო-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

4. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ივლისის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. ო-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. გ-მ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ა. ო-ს გამართლებას იმ საფუძვლით, რომ განაჩენი არის დაუსაბუთებელი, საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც ამ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. გარდა აღნიშნულისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ისეთი კრიტერიუმით, როგორიცაა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების განსხვავება კანონმდებლობის შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისგან, ასეთი გარემოების არარსებობის გამო.

7. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივად სწორად შეაფასა. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით (დაზარალებულების - ს. მ-ს, ზ. ჩ. და მოწმეების - გ. ც-ს, გ. მ-ს, ლ. გ-ს, ჯ. ჩ. და სხვათა ჩვენებებით, ექსპერტიზების დასკვნებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია, რომ ა. ო-მ ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, პოლიციელის საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ძალადობით. შესაბამისად, მსჯავრდებულ ა. ო-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ-ს პოზიციას მსჯავრდებულის უდანაშაულობის თაობაზე საკასაციო პალატა არ იზიარებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცების სტანდარტით - გონივრულ ეჭვს მიღმა და ისე მიიღო გადაწყვეტილება.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე) წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ა. ო- ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

პ. ქათამაძე