Facebook Twitter

¹ას-1260-1107-2010 17 თებერვალი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ი. შ-იას უფლებამონაცვლე მ. შ-ია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ი. ს.შვილი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. შ-იამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ს-შვილის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის მიერ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ასევე თანხის გადახდის დაყოვნებით მიყენებული ზიანის, სულ მოპასუხისათვის 1900 აშშ დოლარის დაკისრება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 30 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ი.შ-იას სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ი. ს-შვილს დაეკისრა 1900 აშშ დოლარის გადახდა მოსარჩელე ი. შ-იას სასარგებლოდ.

2010 წლის 7 ივნისს მოპასუხემ საჩივრით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოცემულ საქმეზე 2003 წლის 30 დეკემბერს გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის განჩინებით მოპასუხე ი. ს-შვილის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით ი. ს-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 30 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2010 წლის 28 ივნისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ი. ს-შვილს ი. შ-იას მიერ მის მიმართ აღძრულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოს არც ერთი გზავნილი არ ჩაბარებია და მოცემული სარჩელის 2003 წლის 30 დეკემბერს განხილვაზე ი.ს-შვილი კანონით დადგენილი წესით მიწვეული არ ყოფილა. საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით, უწყება ჩაბარდა არა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, არამედ მოპასუხის მეზობელს, ასათიანის მე-7 შესახვევში მცხოვრებ ნ. ა-ძეს. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ კი თავისი ბეჭდით დაადატურა სასამართლო უწყების ნ.ა-ძისათვის ჩაბარების ფაქტი. ამდენად, დარღვეულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილი.

სასამართლომ აღნიშნა, რომ ი.ს-შვილს არ ჩაბარებია არც სასარჩელო განცხადებისა და მასზე დართულ მტკიცებულებათა ასლები, რომლებიც ადრესატის ნაცვლად ჩაბარდა მოპასუხის მეზობელ ც.ფ-ძეს. ამდენად, პალატამ ჩათვალა, რომ მოპასუხისათვის უცნობი იყო საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებაა. ამავე კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ი. შ-იას უფლებამონაცვლე მ. შ-იამ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ი.ს-შვილის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულია 7 წლის წინ და მხოლოდ ახლახანს გასაჩივრდა.

სასამართლომ არასწორად შეაფასა ი.ს-შვილისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყების ჩაბარების საკითხი, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება, რომ უწყება ჩაბარდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის პირველ ნაწილს შეესაბამება. ასევე აღსანიშნავია, რომ ნ.ა-ძემ უწყება მიიღო როგორც მუნიციპალიტეტის უბნის წარმომადგენელმა და მანვე ჩაიბარა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლიც, საიდანაც სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა აითვალა და გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესულად ჩათვალა.

სააპელაციო პალატას არ შეუფასებია ის გარემოება, რომ მოპასუხის პრეტენზია დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიმართ წარმოადგენს არა საჩივრის, არამედ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის წინაპირობას.

სასამართლო გასცდა თავის უფლებამოსილებას, როდესაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას საფუძველად დაუდო მოსარჩელის მიერ საქმის ფაქტობრივი გარემოებების არცოდნის ფაქტი, რაზეც ი.ს-შვილს საერთოდ არ მიუთითებია.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მ. შ-იამ საკასაციო საჩივარი გაიხმო, რასაც მოწინააღმდეგე მხარე დაეთანხმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. შ-იას საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.

ზემოხსენებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ კასატორი უფლებამოსილია, მოწინააღმდეგე მხარის თანხმობით გამოიხმოს საკასაციო საჩივარი, რის შედეგადაც იგი დარჩება განუხილველად.

მოცემულ შემთხვევაში კასატორმა მ. შ-იამ თავისი საკასაციო საჩივარი გამოიხმო, რასაც მოწინააღმდეგე მხარე ი. ს-შვილი დაეთანხმა.

საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 15 თებერვლის აქტით დასტურდება, რომ მ.შ-იასათვის ცნობილი იყო საკასაციო საჩივრის გამოხმობის სამართლებრივი შედეგების შესახებ. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი მოთხოვნა საფუძვლიანია და მ. შ-იას მიერ საკასაციო საჩივრის გახმობის გამო, მისი საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 831, 275-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ი. შ-იას უფლებამონაცვლე მ. შ-იას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.