Facebook Twitter

ას-1261-1108-2010 24 თებერვალი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს “ს.”

მოწინააღმდეგე მხარე _ ბ. ფ-ძე

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 სექტემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს ,,ს.-მ” სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ. ფ-ძის მიმართ ზიანის _ 11915 ლარის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: ბათუმის საქალაქო სასამართლოში იხილებოდა მოსარჩელე ს/საზოგადოების ყოფილ თანამშრომელთა სარჩელი სს ,,ს.-ს” მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ, რა დროსაც საზოგადოების წარმომადგენელ ბ. ფ-ძეს არაერთხელ დაევალა სადავო საკითხთან დაკავშირებით არსებული დოკუმენტაციის წარმოდგენა. აღნიშნულის გამო რამდენიმე სასამართლო სხდომა გადაიდო, თუმცა ბ.ფ-ძეს სასამართლოს დავალება არ შეუსრულებია, რითაც დაარღვია “მეწარმეთა შესახებ” კანონის 56.3 და 56.4 მუხლები. ბათუმის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, სს ,,ს.-ს” დაეკისრა 12600 ლარის გადახდა. ბ.ფ-ძის განმარტებით, იგი საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა, რადგან გაემგზავრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში მიმდინარე სხვა საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად, რაც სასამართლომ გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად არ ჩათვალა და ზემოხსენებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. ამდენად, ბ.ფ-ძის მიერ სადავო დოკუმენტიციის წარუდგენლობამ მოსარჩელეს ზიანი მიაყენა, რომელიც მან სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად უნდა აანაზღაუროს.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ დასაბუთებით, რომ სადავო სახელფასო დავალიანებებთან დაკავშირებით მას რაიმე დოკუმენტაცია არ გააჩნდა, შესაბამისად, მას ვერც სასამართლოს ვერ წარუდგენდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბ.ფ-ძეს არანაირი ზიანი სს ,,ს.-სათვის” არ მიუყენებია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. ფ-ძე სს “ს.-ს” დირექტორად მუშაობდა 2003 წელს. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კი მითითებულ პერიოდში იყო ი. დ-ძე. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ კანონიერ ძალაში შესული, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 17 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს “ს.-ს” ყოფილი თანამშრომლების სარჩელი და სს “ს.-ს” მათ სასარგებლოდ დაეკისრა ხელფასის, სამივლინებო და საშვებულებო თანხების ანაზღაურება, სულ 12600 ლარის ოდენობით.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ბ. ფ-ძეს არ დაურღვევია “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 56.3-ე და 56.4-ე მუხლებით მისთვის მინიჭებული უფლებები და ვალდებულებები. იმის გამო, რომ ზიანის არსებობის ფაქტი ვერ დადასტურდა, სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა და ამასთან, სარჩელი ხანდაზმულად მიიჩნია.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს ,,ს.-მ”.

მითითებული საქმე არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციების სასამართლოების მიერ და ბოლოს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 სექტემბრის განჩინებით სს “ს.-ს” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და საკასაციო სასამართლოს მითითების შესაბამისად, დამატებით აღნიშნა, რომ იმდენად, რამდენადაც მხარეებს არ მიუთითებიათ რაიმე ახალ ფაქტობრივ გარემოებაზე, ზიანის ფაქტის დასადასტურებლად, მხოლოდ დაუსწრებელი გადაწყვეტილების არსებობა, რომლითაც საწარმოს გარკვეული თანხების გადახდა დაეკისრა მოსარჩელეთა სასარგებლოდ, ვერ იქნებოდა მიჩნეული ზიანის ფაქტის დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად. ამასთან, აღნიშნა, რომ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოდან გამოთხოვილ იქნა სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დამთავრებული საქმე, თუმცა მიღებული ინფორმაციით გაირკვა, რომ აღნიშნული საქმე სასამართლოს არქივში არ მოიპოვებოდა, სხვა რაიმე დამატებითი ფაქტობრივი გარემოება კი, არც სასამართლოს დაუდგენია და მასზე არც მონაწილე მხარეებს მიუთითებიათ.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება მასზე, რომ სწორედ ბ. ფ-ძის ბრალეული ქმედებით არ მოხდა სასამართლოში 2003 წელს საქმის არსებითი განხილვისას საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის დამატებითი მტკიცებულებების წარდგენა, რაც გამორიცხავდა სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ არ იყო დადასტურებული ბ. ფ-ძის არაკეთილსინდისიერი ქცევის ფაქტიც, რამეთუ საწარმოს ინეტრესებიდან გამომდინარე, დავაში საწარმოს წარმომადგენლად მონაწილეობდა როგორც თავად დირექტორი, ასევე საზოგადოების თავმჯდომარე, ი. დ-ძეც. დირექტორს არ შეეძლო ევარაუდა, რომ ს/საზოგადოების თავმჯდომარე, რომელიც იმავდროულად საწარმოს ინტერესებს იცავდა სასამართლოში, არ გამოცხადდებოდა სასამართლო პროცესზე, რასაც შედეგად შესაძლოა მოჰყოლოდა საწარმოს ინტერესების საზიანო გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 53.3 და 9.7 მუხლებზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდებოდა არც საწარმოს დირექტორის არაკეთილსინდისიერად ქცევის ფაქტი და არც მიყენებული ზიანი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სს “ს.-ს” სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “ს.-მ”, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას არ გაითვალისწინა საკასაციო სასამართლოს მითითებები, კერძოდ, სრულყოფილად არ გაარკვია საქმეში წარმოდგენილი მასალებისა და დოკუმენტების მიხედვით სააქციო საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანის ფაქტის არსებობა; არასწორად შეაფასა დირექტორის როლი და სრულყოფილად არ გაარკვია მისი ბრალეულობის საკითხი ზიანის დადგომაში. სასამართლოს არ შეუფასებია საქმეში არსებული დოკუმენტები, არ გამოუთხოვია ბათუმის საქალაქო სასამართლოს სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დამთავრებული საქმე, რომელშიც წარმოდგენილია საქმის ობიექტური გადაწყვეტისათვის აუცილებელი მტკიცებულებები, სააპელაციო პალატამ მართალია დააკმაყოფილა ბ. ფ-ძის შუამდგომლობა და ბათუმის საქალაქო სასამართლოდან გამოითხოვა სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დამთავრებული საქმე, მაგრამ იგი დაკმაყოფილდა მხოლოდ ბათუმის საქალაქო სასამართლოდან მიღებული ინფორმაციით, რომლის თანახმად, საქმე სასამართლოს არქივში არ მოიპოვებოდა და ამის შემდეგ, პალატას არც განმეორებით მოუთხოვია საქმის სააპელაციო სასამართლოში გადაგზავნა და არც ის გაურკვევია თუ სად შეიძლებოდა მისი მოძიება.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი და “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 56.3-ე და 9.7-ე მუხლები.

კასატორის აზრით, სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ არ მიიღო და არ დაურთო საქმეს ზიანის არსებობის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად საბუთდებოდა სს “ს.-სათვის” ბ. ფ-ძის მიერ მიყენებული ზიანი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 იანვრის განჩინებით სს “ს.-ს” წარმომადგენელ ლ. მ-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს “ს.-ს” წარმომადგენელ ლ. მ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს “ს.-ს” წარმომადგენელ ლ. მ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (595.75 ლარი) 70% _ 417.025 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს “ს.-ს” წარმომადგენელ ლ. მ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს დაუბრუნდეს სს “ს.-ს” მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (595.75 ლარი) 70% _ 417.025 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.