Facebook Twitter

ბს-1126-962-კ-04 6 აპრილი, 2005 წ.,. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი (მომხსენებელი),

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: დამხმარე ფართის პრივატიზება.

აღწერილობითი ნაწილი:

1999წ. 2 ივნისს ი. ჩ-ემ მოახდინა თბილისში, ..... მდებარე საერთო 93 კვ.მ-ის ოროთახიანი ბინის უსასყიდლო პრივატიზება, 12 კვ.მ სარდაფით და საერთო საპირფარეშოთი. პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე, ი. ჩ-ემ 1999წ. 4 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, მის საკუთრებაში არსებული ბინა სასარგებლო 93 კვ.მ-ით, 12 კვ.მ სარდაფითა და საერთო სარგებლობის საპირფარეშოთი გაასხვისა ა. ს-ეზე. 2000წ. 27 ივლისს კასატორმა რ. მ-მა თავის მხრივ მოახდინა ... მდებარე 24.7 კვ.მ სათავსოს პრივატიზება, რაც აღირიცხა თბილისის მერიის ტექბიუროში.

2000წ. 9 სექტემბერს რ. მ-მა ვინდიკაციური სარჩელი აღძრა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების: მ. ზ-ისა და ე. ხ-ის მიმართ, საცხოვრებელი ფართის გამოთავისუფლების შესახებ. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ი. ჩ-ისაგან შეიძინა ..... მდებარე 24.7 კვ.მ სათავსი, რომლის პრივატიზებაც მოახდინა 2000წ. 27 ივლისს. ფართში იმჟამინდელი მფლობელის _ ი. ჩ-ის მიერ დროებით შეყვანილი იყვნენ მოპასუხე ფიზიკური პირები. ამჟამად მოსარჩელეს სჭირდება მის მიერ პრივატიზებული ფართი, მოპასუხეები არ ათავისუფლებენ ფართს, რის გამოც მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეთა გამოსახლებას და ფართის გათავისუფლებას.

მოპასუხე ფიზიკურმა პირებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს უსაფუძვლობის გამო. რაიონულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და სსკ-ის 88-ე მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმა მოითხოვა ა. ს-ემ, რომელმაც განმარტა, რომ 1999წ. 4 ივნისს ი. ჩ-ისაგან შეიძინა ..... მდებარე საცხოვრებელი ფართი და დამხმარე სათავსი. მას შემდეგ რაც მან თანხა გადაუხადა ი. ჩ-ეს, დამხმარე სათავსი ხელმეორედ მიჰყიდა რ. მ-ს, რაც უკანონოა და რ. მ-სა და ი. ჩ-ეს შორის დადებული ნასყიდობა უნდა გაუქმდეს, რადგან ი. ჩ-ემ უკანონოდ გაყიდა მის მიერ შეძენილი დამხმარე ფართი. მოსარჩელის მითითებით, რ. მ-ი არაკეთილსინდისიერი შემძენია, რადგან მან იცოდა სათავსის გაყიდვის ფაქტი, რაც მათ შორის დადებული ნასყიდობის გაუქმების საფუძველია. რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას მესამე პირმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა რ. მ-ის მიერ 2000წ. 27 ივლისს განხორციელებული დამხმარე სათავსის პრივატიზების ბათილად ცნობა.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 25 იანვრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა რ. მ-ის სარჩელი, ..... მდებარე 24.7 კვ.მ კუთვნილი სათავსიდან მ. ზ-ისა და ე. ხ-ის გამოსახლების შესახებ, ხოლო მესამე პირის

_ ა. ს-ის სარჩელი დამხმარე სათავსის პრივატიზების შესახებ 2000წ. 27 ივლისის ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ა. ს-ის მიერ. საქმე არაერთგზის იქნა განხილული სააპელაციო-საკასაციო სასამართლოთა მიერ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 27 ივლისის გადაწყვეტილებით ა. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც რ. მ-ის სარჩელი კუთვნილი სათავსოდან მ. ზ-ისა და ე. ხ-ის გამოსახლების შესახებ, უსაფუძვლობის გამო, არ დაკმაყოფილდა; ა. ს-ის სარჩელი რ. მ-ის მიერ 24.7 კვ.მ სათავსის პრივატიზების ბათილობის შესახებ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ დასაბუთებულად მიიჩნია ა. ს-ის სააპელაციო საჩივარი და გააუქმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სსკ-ის 393-394-ე მუხლების საფუძველზე, როგორც უკანონო და დაუსაბუთებელი. რ. მ-ის მიერ სადავო სათავსის პრივატიზების შესახებ სანოტარო საქმის შესწავლის შედეგად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო ის გარემოება, რომ სათავსის პრივატიზება განხორციელდა ფორმა ¹1-ის საფუძველზე. საქმეში არ მოიპოვება რაიმე დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება პრივატიზაციამდე რ. მ-ის მიერ სადავო ფართის კანონიერი სარგებლობა. საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ..... მდებარე სადავო 12 კვ.მ სარდაფი საერთო საკუთრების ტუალეტით, საცხოვრებელ ფართთან ერთად 1999წ. 2 ივნისის პრივატიზაციისა და 1999წ. 4 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, ი. ჩ-ემ საკუთრებაში გადასცა ა. ს-ეს. არც პრივატიზაციის და არც ნასყიდობის ხელშეკრულება რ. მ-ს სადავოდ არ გაუხდია. სასამართლომ გაითვალისწინა რაიონული სასამართლოს 2001წ. 14 იანვრის ადგილობრივი დათვალიერების ოქმი, რომლის მიხედვით მ-ს და ს-ეს შორის სადავო სათავსი არის 24 კვ.მ-ის, აგურის კედლით გაყოფილია ორ ნაწილად და ერთ ნაწილში ადრე იყო საპირფარეშო. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის წარმომადგენლის განმარტებით სადავო სათავსის რ. მ-ისათვის გადაცემის თაობაზე გამგეობაში რაიმე გადაწყვეტილება არ არსებობს. სკ-ის 170-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლომ ბათილად ცნო გამგეობასა და რ. მ-ს შორის 2000წ. 27 ივლისს დადებული 24 კვ.მ სათავსის პრივატიზაციის ხელშეკრულება. შესაბამისად, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია რ. მ-ის სარჩელი კუთვნილი სათავსიდან მ. ზ-ისა და ე. ხ-ის გამოსახლების შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა რ. მ-ის მიერ, რომელიც სსკ-ის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის საფუძველზე ითხოვს მის გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მითავისი სარჩელის დაკმაყოფილებას. კასატორის მითითებით, სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება რეალობას და დაფუძნებულია მხარეთა სავარაუდო დასკვნებზე. გადაწყვეტილება არ უარყოფს, რომ სადავო სათავსო არის დაახლოებით 24 კვ.მ-ის, მაგრამ გაუგებარია სათავსოს ნაწილი რატომ მიიჩნია 12 კვ.მ-ის სარდაფად. ა. ს-ის მიერ ი. ჩ-ისაგან საცხოვრებელ ფართთან ერთად 12 კვ.მ სარდაფის შეძენა სადავოდ არ გამხდარა, მაგრამ სასამართლომ ყოვლად დაუსაბუთებლად ივარაუდა, რომ რ. მ-ის მიერ პრივატიზებული სათავსის ნაწილი იყო ა. ს-ის მიერ შესყიდული სარდაფი საერთო ტუალეტთან ერთად, რაც გაუგებარია. საერთო ტუალეტები ეზოს მარცხენა კუთხეში მდებარეობს 1940 წლიდან, დღემდე არსად გაუტანიათ, მთელი ეზოს მაცხოვრებელთა საერთო საკუთრებაა და მისი პრივატიზება აკრძალულია. კასატორის განმარტებით 2000 წელში მის მიერ პრივატიზებულ 24.7 კვ.მ სათავსს ტუალეტებთან კავშირი არ აქვს. სასამართლოს აზრით, არ არის დადასტურებული რ. მ-ის მიერ სადავო სათავსოთი სარგებლობის ფაქტი, რაც უსაფუძვლოა, რადგან საქმეში წარმოდგენილი ცნობის მიხედვით, სათავსო მ-ის ბარათზეა აღრიცხული და ხანდაზმულობის გამო აღრიცხვის თარიღი უცნობია. კასატორის მთითებით, სადავო 24.7 კვ.მ სათავსი დადგენილი წესით რეგისტრირებულია მის სახელზე საჯარო რეესტრში, ხოლო ი. ჩ-ისაგან ა. ს-ის მიერ შეძენილი სათავსი არასდროს ყოფილა აღრიცხული, რადგან ჩ-ემ ა. ს-ეს მიჰყიდა 12 კვ.მ სარდაფი საერთო სარგებლობის საპირფარეშოთი და არა 24.7 კვ.მ სათავსი, სარდაფსა და სათავსს შორის კი არსებითი განსხვავებაა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ასევე დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ, რომელიც ითხოვს მის გაუქმებას, რადგან თვლის, რომ რ. მ-ის მიერ სადავო 24.7 კვ.მ სათავსის პრივატიზება კანონიერად განხორციელდა საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. ¹107 დადგენილების საფუძველზე. კასატორის აზრით, სასამართლო ვერ გაერკვა წარმოდგენილ მტკიცებულებებში და შეცდომით მიიჩნია, რომ ი. ჩ-ემ ა. ს-ეს მიჰყიდა ის სათავსი, რომელიც შემდგომ პრივატიზებული იქნა რ. მ-ის მიერ.

მოწინააღმდეგე მხარეებმა: ა. ს-ემ, მ. ზ-ემ და ე. ხ-მა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ ცნეს სარჩელი, მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

საკასაციო პალატამ სსკ-ის 218-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შესთავაზა მხარეებს მორიგება, მაგრამ მიუხედავად სასამართლოს მცდელობისა, მხარეთა შორის მორიგება არ შედგა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა განმატებების მოსმენის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობისა და რ. მ-ის საკასაციო საჩივრები საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 27 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის საოლქო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ა. ს-ის სარჩელი და ბათილად ცნო კასატორების _ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის კეთილმოწყობისა და საბინაო საკითხთა გაერთიანებასა და რ. მ-ს შორის დადებული 24,7 კვ.მ სათავსის პრივატიზების ხელშეკრულება, რადგან სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო პრივატიზებით გაიყიდა ა. ს-ის საკუთრებაში არსებული ფართი, რომელიც მას გადაეცა ი. ჩ-ესთან დადებული ნასყიდობის და თავის მხრივ ჩ-ესა და იგივე დიდუბე-ჩუღურეთის გამგეობას შორის დადებული პრივატიზების ხელშეკრულებების საფუძველზე. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად ცნო, რომ სადავო პრივატიზებით რ. მ-ის მიერ შეძენილი, თბილისში, ... მდებარე 24,7 კვ.მ სათავსი არის ა. ს-ის საკუთრებაში არსებული 12 კვ.მ სარდაფი საერთო საკუთრების საპირფარეშოთი, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს.

საქმეში წარმოდგენილია რ. მ-ის მიერ 2000წ. 27 ივლისს განხორციელებული სადავო პრივატიზების ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც კასატორმა რ. მ-მა მოახდინა ... მდებარე 24 კვ.მ სათავსის უსასყიდლო პრივატიზება. საქმეში წარმოდგენილი საინვენტარიზაციო გეგმის მიხედვით, რ. მ-ის მიერ პრივატიზებული 24.7 კვ.მ სათავსი მდებარეობს ეზოში და გენგეგმაზე იგი გამოსახულია ლიტ-”დ”-თი. საქმეში ასევეა წარმოდგენილი 1999წ. 2 ივნისის პრივატიზების ხელშეკრულება, რომლითაც ი. ჩ-ემ მოახდინა ... მდებარე 12 კვ.მ სარდაფის პრივატიზება. საერთო სარგებლობის საპირფარეშოთი და ორი დღის შემდეგ 1999წ. 4 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით ი. ჩ-ემ ა. ს-ეს საცხოვრებელ ფართთან ერთად საკუთრებაში გადასცა 12 კვ.მ სარდაფი, საერთო სარგებლობის საპირფარეშოთი. საინვენტარიზაციო გენგეგმაზე ა. ს-ის საკუთრებაში რიცხული სარდაფი ცალკეა ფიქსირებული და რ. მ-ის მიერ პრივატიზებულ 24.7 კვ.მ სათავსთან, რომელიც ამავე გენგეგმაზე ლიტ “დ-თია” აღნიშნული, რაიმე საერთო (თანხვედრა) აღნიშნული არ არის. ამიტომ სააპელაციო სასამართლოს შეფასება, რომ რ. მ-მა სადავო პრივატიზებით მოახდინა ა. ს-ის საკუთრებაში არსებული ფართის პრივატიზება, წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებიდან არ გამომდინარეობს, რისთვისაც საჭიროა დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება და ფაქტობრივი გარემოებების სწორად დადგენა.

საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას გაამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ რ. მ-მა სადავო პრივატიზებით შეიძინა ეზოში მდგარი 24.7 კვ.მ სათავსი, რისი პრივატიზებაც დასაშვებია საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. ¹107 დადგენილებით “საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ”. ა. ს-ის წინამორბედმა ი. ჩ-ემაც 1999წ. 2 ივნისის პრივატიზების ხელშეკრულებით შეიძინა 12 კვ.მ სარდაფი, რომლის პრივატიზებაც, ანუ კერძო საკუთრებაში გადასვლაც ასევე გათვალისწინებულია მინისტრთა კაბინეტის ზემოაღნიშნული ¹107 დადგენილებით, მაგრამ ი. ჩ-ის პრივატიზების ხელშეკრულებაში გამოკვეთილია, რომ ჩ-ემ კერძო საკუთრების უფლებით შეიძინა მხოლოდ 12 კვ.მ სარდაფი, ხოლო საპირფარეშო დარჩა საერთო სარგებლობაში. ი. ჩ-ის პრივატიზების ხელშეკრულების შესაბამისად, 1999წ. 4 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულებით ი. ჩ-ემ (გამყიდველმა) ა. ს-ეს (მყიდველს) საკუთრებაში გადასცა 12 კვ.მ სარდაფი, საერთო სარგებლობის საპირფარეშოთი. ამდენად, არც ი. ჩ-ის პრივატიზების და არც ა. ს-ის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით საპირფარეშოზე საკუთრების უფლება მხარეს არ მოუპოვებია და მათ კერძო საკუთრებაში გადავიდა მხოლოდ 12 კვ.მ სარდაფი, ამიტომ საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის არსებითი განხილვისა და ფაქტობრივი გარემოებების დამატებითი გამოკვლევა-დადგენის შემდეგ უნდა გადაწყვიტოს სამართლებრივი საკითხი, მოქმედი კანონმდებლობით დასაშვებია თუ არა თანასაკუთრების ეზოში მდგარი საერთო სარგებლობის საპირფარეშოს პრივატიზება და აღნიშნული შეიძლებოდა თუ არა გამხდარიყო ჯერ ი. ჩ-ის, ხოლო შემდეგ ა. ს-ის კერძო საკუთრება.

ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობისა და რ. მ-ის საკასაციო საჩივრები საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 27 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ზემოაღნიშნული მითითებებით არსებითად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, რადგან საჭიროა საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოკვლევა და ფაქტობრივი გარემოებების დადგენა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ის 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობისა და რ. მ-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 27 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩიურდება.