ას-126-123-2011 14 აპრილი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – დ. დ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ ა. ლ-ძე
დავის საგანი – დაუსწრებელი გადაწყვეტილება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 დეკემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებისა და 2010 წლის 28 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. ლ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. დ-ძის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ სესხის _ 15000 აშშ დოლარის დაკისრება, სესხის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში, თანხის უზრუნველსაყოფად, ქ. ქუთაისში, ჩ-ის ქ. მე-3 შესახვევის ¹4-ში მდებარე იპოთეკით დატვირთული, დ. დ-ძის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის იძულებითი აუქციონის წესით რეალიზება და მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 745 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება იმ საფუძვლით, რომ 2008 წლის 26 დეკემბერს მას და მოპასუხეს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც დ. დ-ძემ მოსარჩელისაგან ისესხა 15000 აშშ დოლარი, რის უზრუნველსაყოფადაც, იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის უძრავი ქონება. იმის გამო, რომ დ. დ-ძეს ა. ლ-ძისათვის სესხი 2009 წლის 26 მარტამდე უნდა დაებრუნებინა, რაც მას არ შეუსრულებია, მოსარჩელემ მოითხოვა თავისი სარჩელის დაკმაყოფილება.
დ. დ-ძემ სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ ა. ლ-ძეს მისთვის თანხა არ გადაუცია, ხოლო ხელშეკრულებაზე თავისი ხელმოწერა გაყალბებულია. ამდენად, მოპასუხემ შეგებებული სარჩელის აღძვრით მოითხოვა ა. ლ-ძესა და დ. დ-ძეს შორის 2008 წლის 26 დეკემბერს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილებით ა. ლ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, დ. დ-ძეს ა. ლ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 15000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, გადახდის დროისათვის არსებული კურსით, ასევე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის -750 ლარისა და საადვოკატო მომსახურების _ 200 ლარის გადახდა; სესხის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში, სესხის თანხის უზრუნველსაყოფად დადგინდა ქ. ქუთაისში, ჩ-ის ქ. მე-3 შესახვევის ¹4-ში მდებარე იპოთეკით დატვირთული დ. დ-ძის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის იძულებითი აუქციონის წესით რეალიზება; დ. დ-ძის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა დ. დ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ა. ლ-ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და თავისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სასამართლოს სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, დ. დ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში არ მოიპოვებოდა რაიმე მტკიცებულება, რითაც დადასტურდებოდა სასამართლო სხდომაზე აპელანტისა და მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზები, რომლებიც კანონით დადგენილი წესით მოწვეულები იყვნენ და გაფრთხილებულები გამოუცხადებლობის შედეგების თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. ლ-ძის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ საფუძვლიანი იყო და დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა დ. დ-ძის წარმომადგენელმა ნ. ჩ-ელმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მოცემული საქმის არსებითად განხილვა იმ საფუძვლით, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის სასამართლოს მთავარ სხდომაზე, 2010 წლის 28 ოქტომბერს, მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, ვინაიდან აღნიშნულ დროს, იგი მონაწილეობდა სხვა საქმის განხილვაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რის გამოც ვერ შესძლებდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გამოცხადებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 დეკემბრის განჩინებით დ. დ-ძის წარმომადგენელ ნ. ჩ-ელის საჩივარი ამავე სასამართლოს 2010 წლის 28 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
ნ. ჩ-ელის მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოდგენილი განცხადება სააპელაციო სასამართლომ არ მიიჩნია სასამართლო სხდომაზე მისი და თავისი მარწმუნებლის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, რომელიც შეიძლებოდა საფუძვლად დასდებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 10 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. დ-ძემ, მოითხოვა როგორც დასახელებული განჩინების, ისე ამავე სასამართლოს 2010 წლის 28 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ სასამართლოსათვის დროულად იყო ცნობილი იყო 2010 წლის 28 ოქტომბრის სხდომაზე, მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მან მაინც გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაც კანონსაწინააღმდეგო და დაუსაბუთებელია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ დ. დ-ძის წარმომადგენელ ნ. ჩ-ელის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 დეკემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სასამართლოს სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, დ. დ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაზეც საჩივარი შეიტანა მისმა წარმომადგენელმა ნ. ჩ-ელმა და მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლოსათვის დროულად იყო ცნობილი იყო 2010 წლის 28 ოქტომბრის სხდომაზე, მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მან მაინც გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაც კანონსაწინააღმდეგო და დაუსაბუთებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამ კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. მითითებული 233-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ აპელანტის წარმომადგენელ ნ. ჩ-ელს ტელეფონით ეცნობა 2010 წლის 28 ოქტომბრის სხდომის შესახებ, მასვე განემარტა სასამართლოში გამოუცხადებლობის შედეგები, რაზეც შედგა შესაბამისი აქტი (ს.ფ. 140). ასეთ ვითარებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70.3 მუხლიდან გამომდინარე, სასამართლო უწყება ნ. ჩ-ელისათვის და, შესაბამისად, მისი მარწმუნებლისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა. კანონის დასახელებული ნორმის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები, აგრეთვე,მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით, დეპეშით, ელექტრონული ფოსტით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით. ტექნიკური საშუალებით დაბარებისას დგება აქტი, რომელიც ჩაეკერება საქმეში. აქტს ადგენს სასამართლოს შესაბამისი მოხელე. ამდენად, საქმეზე დადგენილია, რომ ნ. ჩ-ელი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით მიწვეული იყო სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 28 ოქტომბრის სხდომაზე. საქმის მასალებით, ასევე დგინდება, რომ თავად აპელანტ დ. დ-ძეს, სასამართლო სხდომის შესახებ უწყება ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით (ს.ფ. 142).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დამაბრკოლებელ გარემოებას _ სასამართლო სხდომაზე კანონით დადგენილი წესით მხარის მიუწვევლობას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც მითითებული საფუძვლით საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
გარდა ამისა, მოცემულ შემთხვევაში არც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვითარება არ არსებობს. მითითებული საპროცესო ნორმის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 28 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის არ გამოვლენილა რაიმე ისეთი გარემოება, რომელიც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის თანახმად, შეუძლებელს გახდიდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას.
საქმის მასალების თანახმად, ნ. ჩ-ელის მიერ ფაქსის საშუალებით წარმოდგენილი წერილობითი განცხადება, რომლითაც აპელანტის წარმომადგენელი სხვა სასამართლოში საქმეში მონაწილეობის მოტივით საქმის განხილვის გადადების შესახებ შუამდგომლობდა, სააპელაციო სასამართლოს წარედგინა 2010 წლის 28 ოქტომბერს (ს.ფ. 143), სხდომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე. აღნიშნულის დამადასტურებლად, განცხადებაზე თანდართული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის უწყება, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვერ მიიჩნევა იმ გარემოებად, რის გამოც მისი გამოუცხადებლობა შეიძლება ჩაითვალოს საპატიო მიზეზად. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოება, რომ თავად აპელანტი დ. დ-ძე, რომელიც, კანონის თანახმად, გაფრთხილებული იყო სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ, არ გამოცხადებულა სასამართლო სხდომაზე და არც რაიმე შუამდგომლობა გამოუცხადებლობის შესახებ სასამართლოსათვის არ უცნობებია. ამდენად, თუ მის წარმომადგენელს არ ჰქონდა შესაძლებლობა, სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულიყო, საქმის გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, აღნიშნულის ვალდებულება თავად მხარეს გააჩნდა, ვინაიდან სასამართლოში მხარის არასაპატიო გამოუცხადებლობას კანონმდებელი უკავშირებს მის მიერ საქმის განხილვისადმი ინტერესის დაკარგვის ვარაუდს, რასაც შედეგად მოჰყვება მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილება. ამდენად, საჩივარში მითითებული მოტივი სასამართლო პროცესზე დ. დ-ძისა და მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიოობის შესახებ, არ ექვემდებარება გაზიარებას.
ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით დ. დ-ძის საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2010 წლის 10 დეკემბერის დანიშნულ სასამართლო სხდომაზე, არც თავად დ. დ-ძე და არც მისი წარმომადგენელი _ ნ. ჩ-ელი არ გამოცხადებულან და არც სხდომაზე გამოუცხადებლობის რაიმე საპატიო მიზეზი სასამართლოსათვის არ უცნობებიათ, რაც კიდევ ერთხელ განუმტკიცებს სასამართლოს დ. დ-ძის მხრიდან საქმის განხილვისადმი ინტერესის დაკარგვის ვარაუდს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 387.1 მუხლიდან გამომდინარე, საქმის ზეპირ განხილვაზე აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და ასეთ შემთხვევაში იგი არ არის ვალდებული, იმსჯელოს სააპელაციო საჩივრის არსებით იურიდიულ მხარეზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი არ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით. განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დ. დ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო პალატის 2010 წლის 10 დეკემბრის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.