¹ას-1262-1521-09 12 მარტი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ლ. ლაზარაშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს ,,ს. რ.”
წარმომადგენელი _ ა. ს-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე-შპს “თბილისის რელსშემდუღებელი ქარხანა”
გასაჩივრებული განჩინება –თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 04 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი –თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 05 მაისის გადაწყვეტილებით შპს „თ. რ. ქ.“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე შპს „ს. რ.“ დაეკისრა 220 935 ლარის და 54 თეთრის გადახდა შპს „თ. რ. ქ.“ სასარგებლოდ.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს “ს. რ.” და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ შპს “ს. რ.”-ს სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 05 მაისის გადაწყვეტილება.
პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
უდავოა, რომ შპს „თ. რ. ქ.“ და შპს „ს. რ.“ შორის არსებობდა ხანგრძლივი საქმიანი ურთიერთობა.
შპს „თ. რ. ქ.“ რეგისტრირებული იყო სამეწარმეო რეესტრში და მინიჭებული ჰქონდა საიდენტიფიკაციო ნომერი 208147370 (რეგისტრაციის თარიღი 20.04.1995წ).
შპს „თ. რ. ქ.“_ს მიერ შპს „ს. რ.“ მიმართ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ 2006 წლის იანვარში, თებერვალში და მარტში შეადგინა 220 935 ლარი და 54 თეთრი.
მოპასუხე შპს „ს. რ.“ მიღებული ჰქონდა 220 935 ლარი და 54 თეთრის ღირებულების შესრულება.
საქმეში წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტების თანახმად, მოპასუხე შპს „ს. რ.“ დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენდა 220 935 ლარს და 54 თეთრს და არა 270 356 ლარს და 89 თეთრს. საწინააღმდეგოს დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მოსარჩელე მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის სადავო პერიოდში (2006 წლის იანვარ, თებერვალ, მარტში) არ არსებობდა ვალდებულებითი ურთიერთობა, რადგან იგი ეწინააღმდეგება საქმეში მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარემ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მითითებული ნორმების მოთხოვნათა დაცვით, სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებები, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებდა მხარეთა შორის არსებულ ვალდებულებით-სახელშეკრულებო სამართალურთიერთობას. ასეთ პირობებში საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა შპს „ს. რ.“, თუმცა მან ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და შემოიფარგლა მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ მხარეთა შორის არსებული გარიგება არ შეესაბამებოდა 2—6 წლის 01 იანვრიდან ძალაში შესულ „შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სავალდებულო ფორმას, რის გამოც იგი უცილოდ ბათილი გარიგება იყო.
პალატამ პირველ რიგში ყურადღება გაამახვილა სააპელაციო საჩივარში აპელანტის მიერ მითითებულ ურთიერთგამომრიცხავ გარემოებებზე. კერძოდ, ერთ შემთხვევაში მან მიუთითა მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არარსებობაზე, ხოლო მეორე შემთხვევაში აღნიშნა, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება წარმოადგენდა ბათილ გარიგებას. პალატამ განმარტა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მითითებული საფუძვლით დადგებოდა მხარეთა შორის არსებული გარიგების ბათილად ცნობის საკითხი, შპს „თ. რ. ქ.“ მოთხოვნა მაინც დაკმაყოფილდებოდა სხვა სამართლებრივი საფუძვლით.
აღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს “ს. რ.”.
კასატორის მითითებით, 2006 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოს კანონი შესყიდვების შესახებ, რომელმაც ხელშეკრულების გაფორმების (ოფერტის შეთავაზების და აქცეპტის მიცემის) სპეციალური (სატენდერო) ფორმა დაადგინა. ეს კანონი გავრცელდა შპს „ს. რ.“ და ასევე შეეხო მის კონტრაჰენტებს, რაც გულისხმობდა, რომ აღნიშნული ოპერაცია წარმოადგენდა სახელმწიფო შესყიდვას და „შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მიხედვით მასზე უნდა გამოცხადებულიყო ტენდერი.
კასატორის განცხადებით, შპს „ს. რ.“ და შპს თ. რ. ქ.“ შორის ხელშეკრულება არ დადებულა.
კასატორის განმარტებით, შპს „ს. რ.“ და შპს თ. რ. ქ.“ შორის არ არსებობდა ვალდებულებითი ურთიერთობა, შესაბამისად შპს „ს. რ.“ არ გააჩნია ვალდებულება შპს „თ. რ. ქ.“ მიმართ დავის საგანთან დაკავშირებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “ს. რ.” მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 04 ნოემბრის განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,ს. რ.” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს ,,ს. რ.” საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 8000 ლარის 70% - 5600 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე,401 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს ,,ს. რ.” საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად;
კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 5600 ლარი, თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 (სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე)
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.