ას-1264-1111-10 23 მარტი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ შპს «ს. რ-ა» (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ სს «თ-ი» (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი _ უსაფუძვლოდ გადახდილი თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს «ს. რ-ამ» სარჩელი აღძრა სასამართლოში სს «თ-ის» მიმართ უსაფუძვლოდ გადახდილი 230 099,44 ლარისა და პროცენტის _ 179 017,36 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: შპს «ს. რ-ის” საკუთრებაში არსებულ ¹15 სატრანსფორმატორო ქვესადგურს 2000 წლის 26 ნოემბრიდან ელექტროენერგია მიეწოდება «... 220-ის” 6 კვ-ის ¹1 დახურულ გამანაწილებელი მოწყობილობის მე-8 უჯრედიდან შპს «ს. რ-ის” საკუთრებაში არსებული 6 კვ.მ გადამცემი ხაზის მეშვეობით. «..-220” და იქ არსებული 6 კვ.მ. ¹1 დახურული გამანაწილებელი მოწყობილობის მე-8 უჯრედი წარმოადგენს შპს «ს. ე-ს” საკუთრებას. აღნიშნულის თაობაზე სათანადო მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ შპს «ს. რ-ამ” 2004 წლის 26 აგვისტოს წერილით მიმართა სს «თ-ს” და მოითხოვა, რომ შპს «ს. რ-ის” ¹15 სატრანსფორმატორო ქვესადგურში, «... 22”-ის 6 კვ.მ ¹1 დახურულო გამანაწილებელი მოწყობილობის ¹8 უჯრედიდან მიღებულ ელექტროენერგიაზე ტრანზიტის საფასურის დარიცხვის შეწყვეტა და ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ვადისა და პირობების განსაზღვრა.
სს «თ-მა” 2005 წლის 1 იანვრიდან შეწყვიტა ¹8 ფიდერზე მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვა და 2006 წლის 22 მარტის წერილით შპს «ს. რ-ას” გაუგზავნა 2002, 2003, 2004 წლებში კორექტირების ანაგარიშფაქტურები, შესაბამისი საფასურის კორექტირებისათვის. ამდენად, მოპასუხე დათანხმდა ურთიერთვალდებულებათა გაქვითვაზე, მაგრამ 2002 წლის 1 იანვრამდე გადახდილი ტრანზიტის საფასურის დაბრუნების მოთხოვნაზე უარი განაცხადა ხანდაზმულობის მოტივით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობის და ხანდაზმულობის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს «ს. რ-ის» სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს «თ-ს» დაეკისრა შპს «ს. რ-ის» სასარგებლოდ 73 742.66 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში კი ამავე გადაწყვეტილებაზე შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეიტანა სს «თ-მა».
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით შპს «ს. რ-ის» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, სს «თ-ის» შეგებებული სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სს «თ-ს» დაეკისრა შპს «ს. რ-ის» სასარგებლოდ ძირითადი თანხის _ 55 612,5 ლარისა და პროცენტის _ 13 655,44 ლარის ანაზღაურება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტაცნიის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი: 2000 წლის 26 ნოემბრიდან შპს «ს. რ-ის” საკუთრებაში არსებულ ¹15 სატრანსფორმატორო ქვესადგურს ელექტროენერგია მიწოდებოდა «..-220”-ის 6 კვ-ის ¹1 დახურული გამანაწილებელი მოწყობილობის მე-8 უჯრედიდან 6 კვ. გადამცემი ხაზის მეშვეობით.
ტრანზიტის თანხას მოსარჩელე შპს «ს. რ-ა” 2005 წლის 1 აგვისტომდე უხდიდა სს «თ-ს”, ვინაიდან თვლიდა, რომ «..-220” და იქ არსებული 6 კვ. ¹1 დახურული გამანაწილებელი მოწყობილობის მე-8 უჯრედი წარმოადგენდა სს «თ-ის” საკუთრებას. სს «თ-ისათვის” ტრანზიტის თანხის გადახდის ფაქტი დადგენილია საქმეში წარმოდგენილი აბონენტის ბრუნვის ისტორიით, შედარების აქტით, კორექტირებული ანგარიშ-ფაქტურებით.
შპს «ს. რ-ისათვის” ცნობილი გახდა, რომ «..-220”-ის 6 კვ-ის ¹1 დახურულ გამანაწილებელი მოწყობილობის მე-8 უჯრედი წარმოადგენდა შპს «ს. ე-ს” საკუთრებას. სს «თ-ს” სადავოდ არ გაუხდია «..-220” და იქ არსებული 6 კვ. ¹1 დახურული გამანაწილებელი მოწყობილობის მე-8 უჯრედის შპს «ს. ე-ი” კუთვნილების ფაქტი.
შპს «ს. რ-ამ” აღნიშნული ფაქტის შესახებ შეიტყო 2004 წლის 21 ივლისს შპს «ს. ე-ს” 2004 წლის 16 ივლისის ¹07/03-1685 წერილიდან.
სს «თ-ის” გენერალურმა დირექტორმა 2004 წლის 15 დეკემბრის ¹1-05/1788 წერილით აღიარა დარიცხვის უსწორობა და შპს «ს. რ-ას” თანხების კორექტირების მიზნით შესთავაზა ერთობლივი მუშაობა.
2006 წლის მარტში 2002-2004 წლებში დარიცხული 10 251 280 კვტ. სთ. ელექტროენერგიის ტრანზიტის საფასური განისაზღვრა 318 574,07 ლარით. აღნიშნული გარემოება დადგენილია 2006 წლის 6 მარტის შედარებისა და ურთიერთვალდებულებათა გაქვითვის აქტითა და კორექტირებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით.
2006 წლის 30 იანვრის წერილის თანახმად, მოპასუხე სს «თ-ის” კომერციულმა დირექტორმა დაადასტურა თანხმობა ურთიერთომოთხოვნათა გაქვითვის შესახებ, რაც სასამართლოს მოსაზრებით, ნიშნავს მოპასუხე სს «თ-ის” მხრიდან ტრანზიტზე გადახდილი თანხის უსაფუძვლოდ მიღების აღიარებას. ამავე წერილით, სს «თ-ის” კომერციული დირექტორი აფიქსირებს თ-ის პოზიციას, რომ 2002 წლის 1 იანვრამდე უსაფუძვლოდ გადაცემული თანხის დაბრუნების მოთხოვნა ხანდაზმულია.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა 1999 წლიდან 2001 წლის ივნისამდე დასაბრუნებელი თანხების ოდენობა, კერძოდ, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაასტურებდა ამ პერიოდში «..-220”-ის 6 კვ-ის ¹1 დახურულ გამანაწილებელი მოწყობილობის მე-8 უჯრედიდან მოხმარებული ელექტროენერგიის ტრანზიტზე რა თანხა გადაიხადა შპს «ს. რ-ამ”.
2001 წლის 30 ივნისიდან 2001 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში ტრანზიტზე შპს «ს. რ-ის” მიერ სს «თ-ისათვის” გადახდილი თანხის ოდენობა შეადგენს 55 612,5 ლარს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი აბონენტის ბრუნვის ისტორიით.
პალატამ არ გაიზიარა შპს “ს. რ-ის” მითითება მის მიერ სასამართლოსათვის შეთავაზებული მეთოდით გატარებული ელექტროენერგიის (ტრანზიტის) გამოთვლის თაობაზე, რაც გულისხმობს მიწოდებული კილოვატსაათების შესაბამისად მიღებული საშუალო მაჩვენებლის თვეების რაოდენობაზე (სადავო პერიოდში) გადაანგარიშებას. საქმეში წარმოდგენილი აბონენტის ბრუნვის ისტორიით დასტურდება შპს «ს. რ-ის” მიერ ტრანზიტის თანხის გადახდა 2001 წლის ივნისიდან 2004 წლის დეკემბრამდე პერიოდში. საქმეში არ მოიპოვება 1999 წლიდან 2001 წლის ივნისამდე პერიოდში «..-220”-ის 6 კვ-ის ¹1 დახურულ გამანაწილებელი მოწყობილობის მე-8 უჯრედიდან მოხმარებული ელექტროენერგიის ტრანზიტზე გატარების ფაქტისა და ტრანზიტის მომსახურებისათვის თანხის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ასეთი მტკიცებულების არსებობაზე არც უთითებს შპს «ს. რ-ა”.
სააპელაციო პალატამ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია მოთხოვნა 2002 წლიდან 2004 წლის ჩათვლით პერიოდში სს «თ-ისათვის” თანხის დაკისრების შესახებ, რადგან სს «თ-ის” გენერალური დირექტორისა და შპს «ს. რ-ის” გენერალური დირექტორის მიერ 2006 წლის 6 მარტს შედგენილი შედარებისა და ურთიერთვალდებულებათა გაქვითვის აქტით დასტურდება, რომ მხარეების მიერ ჩატარებული მოკვლევის საფუძველზე, აღნიშნულ პერიოდში, შპს «ს. რ-ას” დაერიცხა 10251280 კვტ.სთ ელექტროენერგია. აღნიშნულს ტრანზიტის სახით დაერიცხა 318574,07 ლარი, რაც გაიქვითა სს «თ-ის” მიმართ შპს “ს. რ-ის” დავალინებაში და დარჩენილი 71071,31 ლარი, როგორც სს «თ-ის” დავალიანება, აისახა შპს “ს. რ-ასთან” ელექტროენერგიის აღრიცხვისა და ანგარიშსწორების ბარათზე. ამდენად, ელექტროენერგიის ტრანზიტის საფასური 2002-2004 წლებში, კორექტირდა.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა შეგებებული სააპელაციო საჩივრის პრეტენზია 2004 წლის პროცენტის დაანგარიშებისა და მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრების ნაწილში, გადაწყვეტილების უსწორობის შესახებ.
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, სს «თ-ის” მიერ უსაფუძვლოდ მიღებულ 55 612,5 ლარზე პროცენტის გადახდის ვალდებულების წარმოშობისა და შესაბამისად, მისი ათვლის თარიღად, სასამართლომ მიიჩნია 2004 წლის 15 დეკემბერი. მიუხედავად აღნიშნულისა, პროცენტის დარიცხვა მთელ 2004 წელზე გაავრცელა. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2004 წლის პროცენტის სახით სს «თ-ს» შპს «ს. რ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 4782,7 ლარის გადახდა.
საქმეში წარმოდგენილია ეროვნული ბანკის ბანკთაშორის საკრედიტო რესურსების აუქციონზე ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე დაფიქსირებული საპროცენტო განაკვეთების შესახებ ინფორმაცია, რომლითაც 2004 წლისათვის საპროცენტო განაკვეთი საშუალოდ 12,33%-ის შეადგენს, რაც დღეში 0,037%-ის ტოლია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დარიცხული პროცენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს უსაფუძვლოდ გადახდილი 55 612,5-ის 0,037%-ით, ანუ 20,576 ლარით, რაც 2004 წლის 15 დეკემბრიდან 2005 წლის იანვრამდე პერიოდში, (15 დღის განმავლობაში) 308,64 ლარს შეადგენს.
სააპელაციო პალატა დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 385-ე, 427-ე, 976-ე მუხლების საფუძველზე დასაბუთებას და ჩათვალა, რომ შპს «ს. რ-ის” სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია, მასში მითითებული გარემოებები არ ქმნიან გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ, თუ მატერიალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ სს «თ-ის” შეგებებული სააპელაციო საჩივრის პრეტენზია 2004 წლის პერიოდში დარიცხული პროცენტის გაანგარიშების უსწორობის თაობაზე საფუძვლიანია, რადგან გადაწყვეტილების დასაბუთება ამ ნაწილში წინააღმდეგობრივია, კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სს «თ-ის” მიერ უსაფუძვლოდ მიღებულ თანხაზე 55 612,5 ლარზე პროცენტის დარიცხვა უნდა მოხდეს 2004 წლის 15 დეკემბრიდან 2007 წლის დეკემბრამდე პერიოდში, თუმცა პროცენტის ოდენობა სულ 18 129,5 ლარით განსაზღვრა, რომელიც თავის მხრივ, მოიცავს 2004 წლის სრული წლის პროცენტს _ 4782,7 ლარს, ნაცვლად 15 დღის, 308,64 ლარისა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს «ს. რ-ამ» გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შპს «ს. რ-ის» სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:L
სასამართლოს სათანადოდ არ შეუფასებია სს „თ-ის“ 2006 წლის 30 იანვრის ¹1-02/2436 წერილი, რომლითაც სს „თ-ი“ სადავოდ არ ხდის 2002 წლის 1 იანვრამდე შპს „ს. რ-ის“ მიერ მისთვის ტრანზიტის საფასურის გადახდას, მით უფრო ელექტროენერგიის გატარების ფაქტს და თანხის დაკორექტირებაზე უარს მხოლოდ მოთხოვნის ხანდაზმულობის მოტივით აცხადებს.
აღნიშნული მტკიცებულების გარდა, საქმეში მოიპოვება შპს „ს. რ-ის“ გენერალური დირექტორისა და „ე-ის“ გენერალური მენეჯერის მიერ ხელმოწერილი შედარების აქტი, რომელიც ასახავს მხარეებს შორის 1999-2002 წლებში კასატორსა და მოწინააღმდეგე მხარეს შორის არსებულ ელექტროენერგიის ტრანზიტთან დაკავშირებულ სამართალურთიერთობებს.
მოცემული შედარების აქტით ირკვევა, რომ 2002 წლის 2 ოქტომბრისათვის შპს „ს. რ-ას“ სს „თ-ის“ წინაშე არანაირი დავალიანება არ ერიცხებოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ყოველგვარი შეფასების გარეშე დატოვა აღნიშნული მტკიცებულებები და მათი გამოკვლევის გარეშე მიუთითა, რომ შპს „ს. რ-ამ“ ვერ დაადასტურა 1999 წლიდან 2001 წლის ივნისამდე ელექტროენერგიის ტრანზიტისა და შესაბამისი მომსახურების გადახდის ფაქტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გამოიყენა სადავო პერიოდთან (1999 წლიდან 2001 წლის ივნისამდე) მიმართებაში სამოქალაქო კოდექსის 385-ე და 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით კანონიერად არ იქნა გაზიარებული სს „თ-ის“ მოსაზრება მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, რასაც ასევე დაეთანხმა მოწინააღმდეგე მხარეც. აღნიშნული იმაში გამოიხატა, რომ სს „თ-ს“ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია. ამდენად, კასატორის მოთხოვნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილების გამოტანისა და შპს „ს. რ-ის“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე დასაბუთებულია.
ამჟამად შპს „ს. რ-ა“ დავობს მხოლოდ 1999 წლის ივლისიდან 2001 წლის 30 ივნისამდე გადახდილი ტრანზიტის საფასურის დაბრუნებაზე. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ სადავოდ მიჩნეულ 2002 წლიდან 2004 წლის ჩათვლით პერიოდს, შპს „ს. რ-ა“ მასზე არ დავობს. შესაბამისად, გაურკვეველია, თუ რის საფუძველზე მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ 2002-2004 წლები სადავო პერიოდად.
სასამართლოს არ შეუფასებია, რომ სს „თ-ის“ მიმართ 121 440,11 ლარის გადახდის მოთხოვნა არ არის ხანდაზმული. ამასთან, აღნიშნული თანხიდან სს „თ-ს“ დაეკისრა 55 512, ლარის გადახდა, შესაბამისად, მოცემული პერიოდისათვის სადავოა 65 827,61 ლარი.
სასამართლომ არასწორად არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 981-ე მუხლიც. აღსანიშნავია, რომ სს „თ-ს“ პირველი ინტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია და პროცენტის დარიცხვის საფუძვლიანობა სრულად გაიზიარა. შესაბამისად, შპს „ს. რ-ა“ პროცენტის სახით ითხოვს 165 361,92 ლარის დაკისრება.
სს „თ-ის“ შეგებებული სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისას სააპელაციო პალატა დაეყრდნო 2004 წლის 15 დეკემბრის წერილს, რომლითაც მოწინააღმდეგე მხარემ აღიარა ტრანზიტის თანხის დარიცხვის უსწორობა. აღნიშნული წერილი არ უნდა განიმარტოს ისე, რომ შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორმა დარიცხვის უსწორობის შესახებ მხოლოდ ამ პერიოდში შეიტყო. აღნიშნულის თაობაზე მას ადრეც ეცოდინებოდა, ხოლო 2004 წლის 14 დეკემბრის წერილით მან მხოლოდ შპს „ს. რ-ის“ ერთ-ერთი წერილს უპასუხა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «ს. რ-ის» საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას იხილავს შპს «ს. რ-ის» საკასაციო საჩივრის ფარგლებში და აღნიშნავს, რომ კასატორი სადავოდ ხდის გადაწყვეტილებას სს «თ-ისათვის» მხოლოდ 1999 წლის ივლისიდან 2002 წლის იანვრამდე პერიოდში უსაფუძვლოდ გადახდილი თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში. რაც შეეხება 2002-2004 წლებს, ამ პერიოდში სადავო თანხების ანაზღაურების მართლზომიერებაზე კასატორი არ დავობს. შესაბამისად, ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულია საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
მითითებული კანონის დანაწესი შესაძლებლობას აძლევს საკასაციო სასამართლოს, არ გაიზიაროს სააპელაციო პალატის მიერ განსახილველ დავაზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებანი, როდესაც კასატორი სარწმუნოდ დაასაბუთებს, რომ მათი დადგენისას სასამართლომ სრულყოფილად არ შეისწავლა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო პალატამ სათანადოდ არ გამოიკვლია შპს «ს. რ-ის» მიერ სს «თ-ისათვის» 1999-2002 წლებში ელექტროენერგიის ტრანზიტის საფასურის უსაფუძვლოდ გადახდის საკითხი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა 1999 წლიდან 2001 წლის ივნისამდე «..-220”-ის 6 კვ-ის ¹1 დახურულ გამანაწილებელი მოწყობილობის მე-8 უჯრედიდან მოხმარებული ელექტროენერგიის ტრანზიტზე დასაბრუნებელი თანხის მის მიერ გადახდის ფაქტი, ოდენობა და აღნიშნულის ამსახველ მტკიცებულებაზე ვერ მიუთითა.
შპს «ს. რ-ა» იმთავითვე თავის სასარჩელო მოთხოვნას 1999 წლის ივლისიდან 2000 წლის ნოემბრამდე ელექტროენერგიის ტრანზიტის საფასურის ანაზღაურების შესახებ აფუძნებდა სასარჩელო განცხადებაზე დართულ მხარეთა შორის მიმოწერას. მითითებულ კორესპოდენციებს შორის წარმოდგენილია 2006 წლის 19 სექტემბრის შპს «ს. რ-ის» ¹დფ/6870 მიმართვა სს «თ-ისადმი», სადაც მოსარჩელე მოითხოვს 1999 წლიდან 2002 წლამდე სადავო ტრანზიტის სახით დარიცხული თანხის დაანგარიშებასა და დაბრუნებას. ამავე საკითხს ეხება შპს «ს. რ-ს» ელექტრომომარაგების დეპარტამენტის უფროს გ.ფ-შვილის სამსახურებრივი ბარათიც.
საქმეში ასევე წარმოდგენილია სს «თ-ის» კომერციულ დირექტორ ა.ი-ნის 2006 წლის 30 იანვრის ¹1-05/2436 წერილი, რომლითაც მოპასუხე მზადყოფნას გამოთქვამს, შეათანხმოს მოსარჩელესთან 2002-2004 წლებში გადახდილი თანხის დაბრუნების პირობები, ხოლო მანამდე გადახდილ თანხასთან დაკავშირებით შპს «ს. რ-ის» მოთხოვნას ხანდაზმულად მიიჩნევს.
ზემოხსენებული მტკიცებულებები სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ ნაწილში გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია.
ამდენად, მოცემული საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო პალატამ სათანადოდ უნდა გამოიკვლიოს ზემოაღნიშნული კორესპოდენციები და დაადგინოს, მათ საფუძველზე დასტურდება თუ არა შპს «ს. რ-ის» მიერ 1999 წლიდან სს «თ-ისათვის» ელექტროენერგიის ტრანზიტის საფასურის გადახდა და მხარეთა შორის ელექტროენერგიის ტრანზიტთან დაკავშირებული ურთიერთობის არსებობა, კერძოდ, სს «თ-ის» კომერციულ დირექტორ ა.ი-ნის 2006 წლის 30 იანვრის ¹1-05/2436 წერილში გამოთქმული მოსაზრება, 2002 წლამდე გადახდილი ელექტროენერგიის ტრანზიტის საფასურის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევის შესახებ წარმოადგენს თუ არა სადავო პერიოდში მხარეთა შორის სადავო ურთიერთობის არსებობის დადასტურებას და შპს «ს. რ-ის» წერილებში დაფიქსირებული თარიღი _ 1999 წელი უნდა მიიჩნეს თუ არა ამ ურთიერთობის დაწყების მომენტად.
მითითებულ საკითხზე მსჯელობისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ 2000 წლის ნოემბრიდან ელექტროენერგიის ტრანზიტის საფასურის მოპასუხისათვის გადახდის ფაქტი უდავოდ დაადასტურა. ამდენად საგულისხმოა, სადავო გარემოების (1999 წლიდან შპს «ს. რ-ის» მიერ სს «თ-ისათვის» ელექტროენერგიის ტრანზიტის ღირებულების გადახდა-არგადახდის) მტკიცები ტვირთი სს «თ-ს» ხომ არ უნდა დაეკისროს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო პერიოდში მოსარჩელის მიერ თანხის უსაფუძვლოდ გადახდის დადგენის შემთხვევაში სააპელაციო პალატამ უნდა განსაზღვროს ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა და სხვა მტკიცებულებათა არარსებობის პირობებში შეაფასოს შპს «ს. რ-ის» მიერ შეთავაზებული საშუალო თვიური ხარჯის გამოყვანის მეთოდის მართლზომიერება. მხოლოდ აღნიშნულ გარემოებათა გამორკვევის შემდეგ სასამართლო უფლებამოსილი იქნება, იმსჯელოს სასარჩელო მოთხოვნაზე გადასახდელი თანხის პროცენტის ანაზღაურების შესახებ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს «ს. რ-ის» საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება ნაწილობრივ (1999-2002 წლებში შპს «ს. რ-ის» მიერ სს «თ-ისათვის» გადახდილი ელექტროენერგიის ტრანზიტის ღირებულებისა და მასზე დარიცხული პროცენტის ანაზღაურების ნაწილში) გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.