¹ას-1264-1522-09 9 მარტი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე),
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ ი. დ-შვილი (წარმომადგენელი ი. ბ-ძე)
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ გ. დ-შვილი
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი _ ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 22 მაისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ი. დ-შვილმა მოპასუხე გ. დ-შვილის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის არასრულწლოვანი შვილების _ მ. და ა. დ-შვილების სასარგებლოდ 400 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრება.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 2001 წლის 21 დეკემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა გ. დ-შვილთან. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ორი შვილი _ 2000 წლის 31 აგვისტოს დაბადებული მ. დ-შვილი და 2003 წლის 28 მარტს დაბადებული ა. დ-შვილი. ოჯახური კონფლიქტის გამო ი. დ-შვილი ცხოვრობდა ნაქირავებ ბინაში, ქუთაისში, ... ქ. ¹1ა/4-ში, ორივე შვილთან ერთად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა, რომ მოპასუხეს თითოეულ ბავშვზე დაკისრებოდა 200-200 ლარის ოდენობით ალიმენტის გადახდა. მისი მითითებით, თანხის ანაზღაურების მატერიალური შესაძლებლობა გ. დ-შვილს გააჩნდა, ვინაიდან იგი დაკავებული იყო სხვადასხვა სახის, მათ შორის, საავტომობილო ბიზნესით. სამართლებრივად მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნებოდა სამოქალაქო კოდექსის 1212-1214-ე მუხლებს (ს.ფ. 1-10).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ი. დ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, გ. დ-შვილს არასრულწლოვანი შვილების _ მ. და ა. დ-შვილების სასარგებლოდ სარჩელის აღძვრის დღიდან _ 2009 წლის 22 მაისიდან ალიმენტის სახით დაეკისრა თითოეულზე 200 ლარის გადახდა, მათ სრულწლოვანებამდე.
დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას საფუძვლად დაედო მოპასუხის მიერ დადგენილ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობა.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლზე, რომლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებენ მოსარჩელის მოთხოვნას.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს სასამართლოში დადგენილ ვადაში შესაგებელი არ წარუდგენია, ხოლო ი. დ-შვილის სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 112-ე-114-ე, 134-ე მუხლების შესაბამისად, იურიდიულად ამართლებდნენ მოსარჩელის მოთხოვნას. ამდენად, წარდგენილი სარჩელი დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა (ს.ფ. 19).
დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა გ. დ-შვილმა (წარმომადგენელი ა. დ-შვილი), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე წარმოების განახლება.
საჩივრის ავტორის მოსაზრებით, გ. დ-შვილის მიერ სასამართლოში შესაგებლის წარუდგენლობა საპატიო გარემოებით იყო განპირობებული. მისთვის სარჩელის თაობაზე ცნობილი არ ყოფილა, რადგან ამ დრომდე საზღვარგარეთ იმყოფება. ოჯახის წევრები მოპასუხესთან დაკავშირებას ვერ ახერხებდნენ, იგი მათ თავად უკავშირდებოდა. შესაბამისად, მოპასუხის დამ, თ. დ-შვილმა, რომელმაც გ. დ-შვილისათვის განკუთვნილი სასამართლო გზავნილი ჩაიბარა, ასევე ვერ მოახერხა მოპასუხისთვის აღნიშნულის შესახებ ინფორმირება.
გ. დ-შვილის საზღვარგარეთ ყოფნის ფაქტის დასადასტურებლად საჩივრის ავტორმა საჩივარს თან დაურთო გ. დ-შვილის მიერ ა. დ-შვილის (მამის) სახელზე საბერძნეთის სახელმწიფოში გაცემული მინდობილობა.
გარდა ამისა, საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში ი. დ-შვილის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა მოსარჩელის მოთხოვნას. სარჩელში დასახელებული ფაქტი იმის შესახებ, რომ, თითქოს გ. დ-შვილს ჰქონდა საავტომობილო ბიზნესი, სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ეს უკანასკნელი საზღვარგარეთ იმიტომ წავიდა, რომ მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. საგულისხმოა, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება გ. დ-შვილის მიერ ბიზნეს-საქმიანობის წარმოებას არ ადასტურებდა (ს.ფ. 24).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 8 სექტემბრის განჩინებით გ. დ-შვილს (წარმომადგენელი ა. დ-შვილი) საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლზე, რომლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის წარმოება უნდა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში არსებობდა ყველა წინაპირობა იმისათვის, რომ სასამართლოს მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის ან გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქმეზე დგინდებოდა, რომ სარჩელი და თანდართული დოკუმენტები გ. დ-შვილის ოჯახის სრულწლოვან წევრს, დას _ თ. დ-შვილს ჩაჰბარდა 2009 წლის 17 ივნისს, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, ითვლებოდა მხარისათვის მათ ჩაბარებად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადრესატის არყოფნის შემთხვევაში სასამართლო უწყების მეორე ეგზემპლარზე უნდა აღინიშნოს, სად არის წასული ადრესატი და როდის ვარაუდობენ მის დაბრუნებას. მოცემულ შემთხვევაში უწყების ჩამბარებელს სასამართლო უწყებაზე არ აღუნიშნავს, რომ მოპასუხე იმყოფებოდა საზღვარგარეთ და ვერ შეძლებდა მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გადაცემას. მოპასუხისათვის დროულად იყო ცნობილი საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, მას სასამართლომ განუსაზღვრა 7 დღის ვადა, წარედგინა შესაგებელი სარჩელის წინააღმდეგ და გაფრთხილებულ იქნა, რომ დანიშნულ ვადაში არასაპატიო მიზეზით შესაგებლის წარუდგენლობის შემთხვევაში სასამართლო გამოიტანდა დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.
საქალაქო სასამართლომ აგრეთვე მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და განმარტა, რომ ამ კანონის მიზნებისათვის საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნას სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები საჩივრის ავტორს არ წარუდგენია.
იმის გამო, რომ გ. დ-შვილს სარჩელზე შესაგებელი არ წარუდგენია და არც წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის, ამასთან, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი (ს.ფ. 38-39).
დასახელებული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. დ-შვილმა (წარმომადგენელი ა. დ-შვილი), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა (ს.ფ. 42-50).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ნოემბრის განჩინებით გ. დ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ 2009 წლის 8 სექტემბრის განჩინება, მოცემული საქმე განსახილველად დაუბრუნდა საქალაქო სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების მიზნით, მოსამართლე უგზავნის მოპასუხეს სარჩელის და ამ კოდექსით გათვალისწინებული დოკუმენტების ასლებს, დაუნიშნავს მოპასუხეს ვადას იმისათვის, რომ მან წერილობით შეადგინოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელსა და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე, მოსაზრება სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ. ამავე კოდექსის 184-ე და 284-ე მუხლების პირველი ნაწილების შესაბამისად, სარჩელის, აგრეთვე მასზე თანდართული დოკუმენტების ასლების მოპასუხისათვის ამ კოდექსის 201-ე მუხლით დადგენილი წესით გადაგზავნის შესახებ სასამართლო გასცემს განკარგულებას, რომელიც მიიღება განჩინების ფორმით.
კანონის ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო ვალდებული იყო, უზრუნველეყო სარჩელისა და მასზე თანდართული დოკუმენტების ასლების მოპასუხისათვის გაგზავნა, თავისი განჩინებით დაედგინა მხარისათვის ვადა სარჩელზე შესაგებლის წარსადგენად და განემარტა მისი წარუდგენლობის სამართლებრივი შედეგების, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დგინდებოდა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ 2009 წლის 25 მაისის განჩინებით წარმოებაში მიიღო ი. დ-შვილის სარჩელი, თუმცა არც ამავე და არც ცალკე განჩინებით მოპასუხისათვის შესაგებლის წარმოსადგენად ვადა არ განუსაზღვრავს, ასევე მისი წარუდგენლობის სამართლებრივი შედეგები არ განუმარტავს.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დაარღვია საპროცესო კანონის მოთხოვნები, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად დაუსწრებელი გადაწყვეტილების, ისევე როგორც მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა (ს.ფ. 81-87).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. დ-შვილმა (წარმომადგენელი ი. ბ-ძე), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების ძალაში დატოვება.
კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის პირველი ნაწილი, 284-ე მუხლის პირველი ნაწილი, 201-ე მუხლი. მითითებული 184-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის მიღების შესახებ. ამის შემდეგ მოსამართლე ვალდებულია, გასცეს განკარგულება სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მოპასუხისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლით დადგენილი წესით გაგზავნის თაობაზე. კანონით არ არის გათვალისწინებული, რომ სარჩელისა და მასზე თანდართული დოკუმენტების ასლების მოპასუხისათვის გაგზავნის შესახებ განკარგულებას, აგრეთვე, მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების შესახებ მითითებას უნდა შეიცავდეს უშუალოდ განჩინება.
კასატორის აზრით, მოცემულ შემთხვევაში არსებითია ის გარემოება, რომ მოპასუხე დადგენილ ვადაში სარჩელზე შესაგებლის წარდგენის ვალდებულებისა და მისი წარუდგენლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე გაფრთხილებულ იქნა სასამართლო გზავნილის მეშვეობით. საქალაქო სასამართლოს საპროცესო კანონმდებლობის ზემომითითებული მოთხოვნა არ დაურღვევია, ხოლო საქმეზე არასწორი შედეგი არ დამდგარა (ს.ფ. 90-99).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. დ-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი განჩინებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, ი. დ-შვილის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება განსახილველად დაშვებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. დ-შვილის (წარმომადგენელი ი. ბ-ძე) საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ნოემბრის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.