Facebook Twitter

¹ას-1265-1523-09 22 მარტი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ლ. ლაზარაშვილი, ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ფ. მ-ძე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – მამობის დადგენა, ალიმენტისა და დამატებითი ხარჯების დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 16 ოქტომბერს ფ. მ-ძემ საჩხერის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა მოპასუხე დ. ფ-ძის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის ცნობა მ. მ-ძის მამად, ასევე მისთვის მცირეწლოვანი შვილის სასარგებლოდ მის სრულწლოვანებამდე ალიმენტის _ ყოველთვიურად 100 ლარისა და დამატებითი ხარჯების _ 1 402 ლარის დაკისრება.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ დ. ფ-ძემ მასთან ძალადობით დაამყარა სქესობრივი კავშირი, რის შედეგადაც შეეძინა შვილი _ მ.ი. მოპასუხემ ბავშვის მამად ნებაყოფლობით თავი არ ცნო.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით ფ. მ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დ. ფ-ძე ცნობილ იქნა მ. მ-ძის მამად, დადგინდა მ. მ-ძის დაბადების სააქტო ჩანაწერში მამის და ბავშვის გვარის _ “მ-ძის” შეცვლა “ფ-ძით”. მოპასუხეს დაეკისრა 2007 წლის 18 აპრილიდან მ. მ-ძის სრულწლოვანებამდე ალიმენტის _ 50 ლარის გადახდა და დამატებითი ხარჯების ანაზღაურება 868 ლარის ოდენობით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დ. ფ-ძემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 20 იანვრის განჩინებით დ. ფ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები და დავის სამართლებრივი შეფასება. კერძოდ, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ფ. მ-ძეს შეეძინა შვილი მ.ი, რომლის გვარად დაბადების სააქტო ჩანაწერში მის გვარზე _ მ-ძეზე მიეთითა, რადგან მოპასუხე დ. ფ-ძემ მამობა არ აღიარა. ასევე დადგენილია, რომ ბავშვის მამობის დადგენის საკითხის გადასაწყვეტად ფ. მ-ძემ 2008 წლის 21 მარტს განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომლის დასკვნის საფუძველზეც მოხდა მოპასუხის ბავშვის მამად აღიარება.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება დ. ფ-ძემ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, აგრეთვე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების შეწყვეტა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 8 ივნისის განჩინებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 20 იანვრის განჩინება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ნოემბრის განჩინებით დ. ფ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, საჩხერის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება გაუქმდა, სამოქალაქო საქმეზე ფ. მ-ძის სარჩელისა გამო, დ. ფ-ძის მიმართ მამობის დადგენისა და ალიმენტის დაკისრების თაობაზე, საქმის წარმოება შეწყდა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ არსებობდა იმავე მხარეებს შორის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით აღძრულ სარჩელზე კანონიერ ძალაში შესული საჩხერის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილება, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, მოცემულ საქმეზე წარმოება უნდა შეწყვეტილიყო.

2009 წლის 17 დეკემბერს ფ. მ-ძემ საქართველოს უზენაეს სასამართლოს კერძო საჩივრით მიმართა და სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმება მოითხოვა. მისი მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება უკანონოა, რადგანაც სასამართლო გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნა უნდა შეეფასებინა, როგორც მამობის დადგენის საკითხზე ერთ-ერთი ძირითადი მტკიცებულება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ ფ. მ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმიდან ირკვევა, რომ არსებობს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 6 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც ფ. მ-ძის სარჩელი მ. მ-ძის მამად დ. ფ-ძის ცნობისა და ამ უკანასკნელისათვის ალიმენტის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო (ს.ფ. 14-15);

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, ამდენად, იმისათვის, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების არსებობა ახლადაღძრული სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველი გახდეს, აუცილებელია ზემოაღნიშნულ მუხლში დასახელებული სამივე კომპონენტის იდენტურობა.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ სარჩელის საფუძველს კონკრეტული ფაქტები და გარემოებები ქმნის, რომლებზეც მოსარჩელე თავის მოთხოვნას ამყარებს. ეს გარემოებები შეიძლება სხვადასხვა სახის მტკიცებულებებით დადასტურდეს, თუმცა თავად მტკიცებულებები კი არ წარმოადგენენ სარჩელის საფუძველს, არამედ სარჩელის საფუძველი სწორედ მასში მითითებული ფაქტებია. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ფ. მ-ძის მიერ ახალი სარჩელისათვის ექსპერტიზის დასკვნის დართვა არ ნიშნავს, რომ აღნიშნულის შედეგად მანამდე აღძრული სარჩელის საფუძველი შეიცვალა. ექსპერტის დასკვნა ერთ-ერთ მტკიცებულებას წარმოადგენს. იმავე მოთხოვნით და იმავე საფუძვლით იმავე მხარეებს შორის სარჩელის თავიდან აღძვრა, რომელშიც მითითებულია ახალ მტკიცებულებაზე კი სხვა სარჩელის აღძვრას არ ნიშნავს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერი და დასაბუთებულია, შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტით, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ფ. მ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ნოემბრის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.