¹ას-1266-1524-09 25 მარტი, 2010 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თ. თოდრია (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სსიპ “დავით გურამიშვილის სახელობის პედაგოგიური კოლეჯი” (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს “თ. წ.” (მოპასუხე)
დავის საგანი – წყლის გადასახადის დარიცხვის აქტის გაუქმება და აქტით დარიცხული თანხის გადასახადისაგან განათავისუფლება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს
2009 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სსიპ “დავით გურამიშვილის სახელობის პედაგოგიურმა კოლეჯმა” სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “თ. წ.” წინააღმდეგ წყლის გადასახადის დარიცხვის აქტის გაუქმებისა და აქტით დარიცხული თანხის გადასახადისაგან განათავისუფლების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით სსიპ “დავით გურამიშვილის სახელობის პედაგოგიური კოლეჯის” სარჩელი დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა შპს “თბილისის წყალმა”.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით შპს “თ. წ.” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აბონენტი – სსიპ “დავით გურამიშვილის სახელობის პედაგოგიური კოლეჯი” 2008 წლის იანვარში გაფრთხილებული იყო შპს “თ. წ.” წარმომადგენლების მიერ წყალმზომის დაუყოვნებლივ დამონტაჟების თაობაზე. მიუხედავად ამისა, აბონენტმა გამოვლენილი ხარვეზის ლიკვიდაცია განახორციელა მხოლოდ 2008 წლის 16 თებერვალს, რაც ვერ იქნება მიჩნეული ხარვეზის ვადაში გამოსწორებად. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2000 წლის 1 მარტის ¹3-3 გადაწყვეტილებით დამტკიცებული “ქ.თბილისში რეგიონში წყლასადენის და კანალიზაციიის სისტემებით სარგებლობის წესების” 118-ე და 149-ე პუნქტის თანახმად, შპს “თ. წ.” უფლებამოსილი იყო სსიპ დავით გურამიშვილის სახელობის პედაგოგიური კოლეჯისათვის” დაერიცხა სადავო აქტში მითითებული თანხა.
აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა სსიპ “დავით გურამიშვილის სახელობის პედაგოგიურმა კოლეჯმა”. მან მიუთითა, რომ თბილისის საკრებულოს 2000 წლის 1 თებერვლის ¹3-3 გადაწყვეტილებით დამტკიცებული “საქალაქო წყალსადენით სარგებლობის წესების” მე-80 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, როცა შპს “თ. წ.” წარმომადგენელი წყალსადენის ან კანალიზაციის მოწყობილობათა შემოწმება-დათვალიერებისას აღმოაჩენს ამ წესების დარღვევას, დგება აქტი აბონენტის წარმომადგენლის თანდასწრებით და ამ უკანასკნელს ეძლევა წერილობითი მითითება დარღვევის ლიკვიდაციის შესახებ ვადის აღნიშვნით. ანალოგიურ დებულებას შეიცავს ხსენებული წესების 149-ე პუნქტი. ამგვარი წერილობითი აქტი შპს “თბლისის წყალს” კოლეჯისათვის არ წარმოუდგენია და მრიცხველის დამონტაჟების ვადა არ განუსაზღვრავს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 იანვრის განჩინებით სსიპ “დავით გურამიშვილის სახელობის პედაგოგიური კოლეჯის” საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 10 – დღიანი ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
კასატორის მოწინააღმდეგე მხარეს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე საკასაციო სასამართლოში მოსაზრება არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ “დავით გურამიშვილის სახელობის პედაგოგიური კოლეჯის” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას სსიპ “დავით გურამიშვილის სახელობის პედაგოგიური კოლეჯის” საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ “დავით გურამიშვილის სახელობის პედაგოგიური კოლეჯის” საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სსიპ “დავით გურამიშვილის სახელობის პედაგოგიური კოლეჯს” დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – (300 ლარის) 70% - 210 ლარი;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.