Facebook Twitter

ას-1267-1114-2010 10 დეკემბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – თ. გ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე – შ. ჯ-ია

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით შ. ჯ-იას სარჩელი მოპასუხე თ. გ-ძის მიმართ ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 4 სექტემბრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დადგენილი ალიმენტის ოდენობა 200 ლარი 140 ლარით 2010 წლის 5 მაისიდან.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. გ-ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით თ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ დავის საგნის ღირებულება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის შესაბამისად, არ აღემატებოდა 1000 ლარს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა თ. გ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. გ-ძის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით თ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი წარმოიშვა სასამართლოს მთავარ სხდომაზე, ვინაიდან გამოირკვა, რომ სააპელაციო საჩივრის ღირებულება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით განსაზღვრულ 1000 ლარს არ აღემატებოდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა თ. გ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. ამავე კოდექსის 187.2 მუხლის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს. ამავე კოდექსის 276-ე მუხლის თანახმად კი, სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში საქმის წარმოება მთავრდება სასამართლო განჩინებით, რომელზეც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზი ცხადყოფს, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით და არა საკასაციო საჩივრით. ამასთან, კანონი კერძო საჩივრისა და საკასაციო საჩივრის შეტანის განსხვავებულ ვადებს ადგენს. კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. ამავე კოდექსის 397.1 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

ამდენად, კანონი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე და ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გასაჩივრების წესი, მაგრამ საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება გავლენას ვერ მოახდენს ასეთი განჩინების გასაჩივრების კანონით დადგენილ ვადასა და წესზე, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.4 მუხლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა კერძო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ კერძო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, კერძო საჩივარი განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 ოქტომბრის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, თ. გ-ძეს მის მიერ მითითებულ მისამართზე პირადად ჩაჰბარდა 2010 წლის 25 ოქტომბერს, რაც დასტურდება ამ უკანასკნელის ხელწერილით (იხ. ს.ფ. 123).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, თ. გ-ძისათვის კერძო საჩივრის შეტანის 12 დღიანი ვადის დენა დაიწყო განჩინების გადაცემის მომდევნო დღიდან, ე.ი. 2010 წლის 26 ოქტომბრიდან და ამოიწურა ამავე წლის 8 ნოემბერს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ თ. გ-ძემ კერძო საჩივარი შეიტანა 2010 წლის 25 ნოემბერს, ანუ კანონით დადგენილი 12 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს ესა თუ ის საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში თ. გ-ძემ დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინა კერძო საჩივარი, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. გ-ძის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 ოქტომბრის განჩინებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.