ას-1268-1115-2010 14 თებერვალი, 2011 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ლ. პ-იანი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ თ. ც-ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ საზიარო უფლების გაუქმება და რეალური წილის გამოყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. ც-ძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს ლ. პ-იანის მიმართ საზიარო უფლების გაუქმებისა და რეალური წილის გამოყოფის მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: ქ.ბათუმში, ... ქუჩა ¹35-ში არსებული სახლმფლობელობის საერთო სასარგებლო ფართი შეადგენს 248,28 კვ,მ-ს, რომელიც განთავსებულია 955 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მოსარჩელემ სახლთმფლობელობის 2/15 ნაწილი შეისყიდა 1991 წლის 7 ივნისის სანოტარო ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო 1/5 ნაწილი კი, 2000 წლის 20 აპრილის ყიდვა-გაყიდვის სანოტარო ხელშეკრულების საფუძველზე შესყიდული აქვს ი. დ-ძისაგან, რის შემდეგაც მისმა წილმა სადავო სახლმფლობელობაში შეადგინა 1/3 ნაწილი. რაც შეეხება პ-იანის საკუთრებას, 1993 წლის 12 მაისის კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის საფუძველზე ვ. სს.-ს ასულ პ-იანის ქონებაზე, მემკვიდრედ ცნობილია ს. პ-იანი, რომელმაც მემკვიდრეობით მიიღო ... ქუჩა ¹35-ში მდებარე სახლთმფლობელობის 6/15 ნაწილი, შემდგომ მოცემული ქონება ჩუქების გზით გადავიდა ლ. პ-იანის საკუთრებაში, ხოლო სახლთმფლობელობის 4/17 ნაწილი შესყიდული ჰქონდა მ. ა-იანს, რომელიც შემდგომ შეისყიდა ლ. პ-იანმა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქ.ბათუმში, ... ქუჩა ¹35-ში მდებარე სახლმფლობელობას ჰყავს ორი თანამესაკუთრე ლ. პ-იანი და თ. ც-ძე. აჭარის არ უმაღლესი სასამართლოს მიერ 2004 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა თანასაკუთრების თაობაზე განხორციელებული ჩანაწერი, რომელიც ძალაში იქნა დატოვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 15 აგვისტოს განჩინებით. 2005 წლის 20 სექტემბერს ლ. პ-იანმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში შეიტანა სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერის, „საერთო საკუთრების“, შეცვლა - „ინდივიდუალური საკუთრებით“. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ანუ მთლიანი მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ მითითებულ იქნა ლ. პ-იანი. მოცემული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 სექტემბრის განჩინებით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 სექტემბრის განჩინება და ლ. პ-იანს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რის შემდეგ საჯარო რეესტრში კვლავ დარეგისტრირდა თ. ც-ძის თანასაკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე. ლ. პ-იანმა კვლავ შეიტანა სარჩელი საჯარო რეესტრისა და მოსარჩელის წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა მოსარჩელეზე მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაციის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 27 აპრილის ინდივიდუალური აქტის ბათილად ცნობა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ლ. პ-იანის სარჩელი. მოცემული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 ნოემბრის განჩინებით, ხოლო მოცემულ განჩინებაზე ლ. პ-იანის საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 16 ივნისის განჩინებით დაუშვებლად იქნა მიჩნეული, ე.ი საბოლოოდ დადგინდა ის ფაქტი, რომ ქ.ბათუმში, ... ¹35-ში მდებარე 955 კვ.მ მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ლ. პ-იანისა და თ. ც-ძის საერთო საკუთრებას. გარდა ზემოაღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილებებისა, თანასაკუთრების უფლება დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით, რომლის მიხედვით მიწის ნაკვეთი არის საერთო საკუთრებაში, ხოლო შენობა-ნაგებობების სასარგებლო ფართი 248.28 კვ.მ-დან ეკუთვნის 76.9 კვ.მ ანუ სახლთმფლობელობის 5/16 ეკუთვნის თ. ც-ძეს. საჯარო რეესტრში მითითებული თ. ც-ძის საკუთრებაში არსებული 76.9 კვ.მ არის იზოლირებული და შენობა ფაქტობრივად გაყოფილია მხარეებს შორის და ეს ნათლადაა მითითებული 2004 წელს მოსარჩელის სახელზე გაცემულ ტექნიკურ პასპორტში, მაგრამ მხარეებს შორის არ არის მიწის ნაკვეთი გამიჯნული, რაც ხშირად არის უკმაყოფილების მიზეზი. მეზობლებს შორის უთანხმოების ერთ-ერთ მიზეზად იქცა მოსარჩელის მიერ დამხმარე სათავსების მიშენებაც. ამდენად, მოითხოვა, გაუქმდეს საზიარო უფლება ქ.ბათუმში, ... ქუჩა ¹35 მდებარე სახლმფლობელობაზე ნატურით გაყოფით, ასევე მიწის რეალური გაყოფისას მის საკუთრებაში მოექცეს მიწის ნაკვეთის ის ნაწილი, რომელზედაც განახორციელა მშენებლობა ქ.ბათუმის არქიტექტურული და ქალაქმშენებლობის სამმართველოს მიერ 2004 წლის 27 აპრილს გაცემული ¹18/04 ნებართვითა და დამტკიცებული პროექტის მიხედვით. 2008 წლის 7 თებერვალს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის სამსახურს, რა დროსაც 2008 წლის 6 მარტის ¹230/5 ექსპერტიზის დასკვნით დადგენილ იქნა საერთო საკუთრების გაყოფის შესაძლებლობა და შედგენილ იქნა შესაბამისი ნახაზი.
მოპასუხე ლ. პ-იანმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა, უარი ეთქვას სარჩელს დაკმაყოფილებაზე შემდეგი საფუძვლებით: ქ.ბათუმში, ... ქ.¹35-ში მდებარე მიწა და სახლი არც ამჟამად და არც არასოდეს წარმოადგენდა მოსარჩელისა და მოპასუხის თანასაკუთრებას, რადგან საკუთრება წარმოიშობა კანონის ან გარიგების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში გაუქმებულია თ. ც-ძის სახლმფლობელობის უფლება ქ.ბათუმში, ... ქ.¹35-ში არსებულ მიწის ნაკვეთსა და სახლზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით თ. ც-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქ.ბათუმში, ... ქუჩა ¹35-ში მდებარე 966 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და 248.9 კვ. მ შენობა-ნაგებობაზე საზიარო უფლება რეალური გაყოფით ისე, რომ შენობა-ნაგებობიდან ¹6,7,8,9,10 და 11 ოთახები საერთო ფართით 76.9 კვ. მ მიეკუთვნა მოსარჩელე თ. ც-ძეს, ხოლო საერთო საკუთრებაში არსებული 955 კვ. მ მიწის ნაკვეთიდან თ. ც-ძეს გამოეყო და მიაკუთვნა 113,8 კვ.მ მიწის ნაკვეთის ის ნაწილი, რომელიც მდებარეობს ¹6,7,8,9,10 სახლთმფლობელობაში და 11 ოთახისა და თ. ც-ძის მიერ მიშენებული ფართის ქვეშ, ასევე 160 კვ. მ მიწის ნაკვეთის ის ნაწილი, რომელიც მდებარეობს მიწის ნაკვეთში შესასვლელიდან მარჯვნივ 2008 წლის 6 მარტის ¹230/5 ექსპერტიზის დასკვნისა და დასკვნაზე დართული ნახაზის თანახმად.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. პ-იანმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით ლ. პ-იანის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ბათუმში, ... ქუჩა ¹35-ში მდებარე 955 კვ.მ მიწის ნაკვეთის საერთო ფართი შეადგენს 955 კვ.მ-ს და იგი არის ლ. პ-იანისა და თ. ც-ძის თანასაკუთრება. ამ მიწაზე განთავსებულია შენობა-ნაგებობები, რომელთა საერთო ფართია 248,28 კვ. მ და ამ ნაგებობებიდან 76,9 კვ. მ ფართი ეკუთვნის თ. ც-ძეს, რომელიც ფაქტობრივად ფლობს კიდეც 6-11 ოთახებს, საერთო ფართით 76,9 კვ. მ. ლ. პ-იანმა სარჩელი აღძრა სასამართლოში თ.ც-ძასთვის მიწის ნაკვეთის უფლების რეგისტრაციის შესახებ აქტის ბათილად ცნობის მთხოვნით, თუმცა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 30 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას და მიუთითა, რომ არ იზიარებს აპელანტის არგუმენტს იმის შესახებ, რომ თ. ც-ძე არ იყო მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრე. პალატამ დადგენილად ცნო, რომ 2002 წლის 4 ივლისს საჯარო რეესტრმა, თ. ც-ძის მოთხოვნის შესაბამისად, განახორციელა რეესტრში ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ ქ.ბათუმში, ჰ.... Qქ.¹35-ში მდებარე 955,44 კვ. მ მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა თანასაკუთრებას, რომლის 1/3 წილი ეკუთვნოდა თ. ც-ძეს. პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტით, 266-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აჭარის არ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 27 დეკემბრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 4 აპრილისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებების საფუძველზე მიიჩნია, რომ ლ. პ-იანი და თ. ც-ძე ქ.ბათუმში, ... Qქ.¹35-ში მდებარე მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეები არიან.
სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა აპელანტის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მხარეებს დადგენილი ჰქონდათ მიწის ნაკვეთით სარგებლობის წესი და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მიიჩნია, რომ ამ გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა აპელანტს, თუმცა მას არ წარმოუდგენია ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამასთან, მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, სადაც უზენაესმა სასამართლომ თ. ც-ძე მიიჩნია 955,44 კვ. მ მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრედ და ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2008 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, სადაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ მიწის ნაკვეთიდან ლ. პ-იანს ეკუთვნოდა მხოლოდ 2/3 წილი და დადასტურებულად ცნო, რომ აპელანტსა და მოწინააღმდეგე მხარეს მიწის ნაკვეთით სარგებლობის წესი არ დაუდგენიათ. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლით და მიიჩნია, რომ პირთა საკუთრებად ჩაითვალა მათ კანონიერ სარგებლობაში არსებული ის მიწის ნაკვეთები, რომლებითაც ისინი ინდივიდუალურად სარგებლობდნენ. თუ პირებს მიწის ნაკვეთი ჰქონდათ საერთო სარგებლობაში, ეს ნაკვეთი ჩაითვალა მათ თანასაკუთრებად თანაბარი წილის უფლებით. პალატამ მიუთითა, რომ, ვინაიდან არ არის დადგენილი სადავო მიწის ნაკვეთზე თითოეული მესაკუთრის წილი და არც საქმის მასალებით დგინდება, რომ მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ მიწის ნაკვეთით სარგებლობის წესი – თითოეულ მესაკუთრეს მიწის ნაკვეთიდან ეკუთვნის 1/2 წილი, შესაბამისად, თ. ც-ძეს, 955 კვ. მ მიწის ნაკვეთიდან, თავისი წილის შესაბამისად, შეიძლებოდა გამოყოფოდა 955/2=477,5 კვ. მ მიწის ნაკვეთი, გადაწყვეტილებით კი, გამოეყო 113,8+160=273,8 კვ. მ მიწის ნაკვეთი ანუ იმაზე ნაკლები, რაც ეკუთვნოდა, ასევე არ დაეთანხმა აპელანტის მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით გაურკვეველი დარჩა უძრავი ქონების ნაწილის ბედი. პალატამ მიუთითა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით გაუქმდა უძრავ ქონებაზე საზიარო უფლება და უძრავი ქონების ნაწილი მიეკუთვნა მოწინააღმდეგე მხარეს, შესაბამისად, დარჩენილი ნაწილი დარჩა აპელანტის საკუთრებაში.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. პ-იანმა და მოითხოვა განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლი, კერძოდ, დაეყრდნო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 1 ივნისის განჩინებას, ბათუმის საქალაქო სასამართლოსა და აჭარის არ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებებს და დადგენილად მიიჩნია თანამესაკუთრეთა შორის მიწათსარგებლობის წესი. საქმეში წარმოდგენილი მასალებით კი, დადგენილია, რომ თ.ც-ძე მიწას სამართლებრივ საფუძველზე არასოდეს ფლობდა. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მთლიანი მიწის ნაკვეთი შეადგენს 955,44 კვ.მ-ს და თ.ც-ძის საერთო სარგებლობაში არ ყოფილა სახლთან არსებული პატარა ეზოს გარდა. მიწის დანარჩენი ნაკვეთით სარგებლობდა პ-იანების ოჯახი. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დადგენილია, რომ თ.ც-ძე საერთო სარგებლობაში არსებული მიწის ნაწილიდან კანონიერად ფლობდა მხოლოდ სახლის ქვეშ 76 კვ. მ მიწას, ეზოს მცირე ნაწილს სახლთან მისასვლელად. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ორივე მხარე სარგებლობდა თანაბრად, ხოლო დანარჩენ 955 კვ.მ-ს ფლობდა მხოლოდ ლ.პ-იანი, რასაც დაეთანხმა თ.ც-ძე. საქართველოს მიწის კოდექსის 149-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, გადაუხვიოს ამ წესს იმ შემთხვევაში, როდესაც ინდივიდუალური ნაგებობის თანამფლობელთა შორის დამკვიდრებულია მიწის ნაკვეთით გარკვეული სარგებლობის წესი და მას შეუძლია, არსებითად შელახოს მათი ინტერესები. სწორედ ამ ნორმით იხელმძღვანელა სასამართლომ და ვინაიდან ლ.პ-იანმა გადაიხადა გადასახადი მთელი 955 კვ. მ მიწის ფართზე (როდესაც მათ არ შეუწყვეტიათ მიწათსარგებლობის უფლება მიწის ნაწილზე თუნდაც 1/3 ან 5/16 ნაწილზე), დადგენილად ცნო, რომ ჩანაწერი, რომლის თანახმადაც თ.ც-ძეს ეკუთვნოდა მიწის ნაკვეთის წილი 1/3 – უკანონოა, სასამართლომ არასწორად გაანაწილა მოდავე მხარეებს შორის გასაყოფი ქონება. მოწინააღმდეგე მხარე ითხოვდა 955 კვ. მ 5/16-ს ანუ 298.43 კვ. მ-ს თ.ც-ძე ფლობდა მხოლოდ სახლის 1/3-ის ქვეშ მდებარე 76 კვ.მ მიწას და ეზოს მცირე ნაწილს და ლ.პ-ინთან ერთად სარგებლობდა, მხოლოდ სახლის უკანა შესასვლელით. მიუხედავად ამ გერემოებისა, სასამართლომ მას გამოუყო 5/16 წილი.
სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლი, ასევე განჩინებაში არ არის მითითებული პრეიუდიუციული მნიშვნელობის ფაქტები და მოსაზრებანი, რომლითაც სასამართლომ უარყო საქმეში არსებული მტკიცებულებები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 იანვრის განჩინებით ლ. პ-იანის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ლ. პ-იანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.
მოცემული დავის საგანია საზიარო უფლების გაუქმება და რეალური წილის გამოყოფა. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ლ. პ-იანს უნდა დაუბრუნდეს 2011 წლის 18 იანვარს დ. ნ-ძის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 450 ლარის 70% _ 315 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. პ-იანის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
ლ. პ-იანს დაუბრუნდეს 2011 წლის 18 იანვარს დ. ნ-ძის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 450 ლარის 70% _ 315 ლარი
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.