Facebook Twitter

ას-1269-1116-2010 10 მარტი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ჯ. შ-ძე, თ. წ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ... სამინისტრო (მესამე პირი)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი _ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. ი-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. წ-ძის, ჯ. შ-ძის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ... სარეგისტრაციო სამსახურისა და ნოტარიუს მ.მ-ძის მიმართ 2008 წლის 5 ნოემბერს თ.წ-ძესა და ჯ.ვ-ძეს შორის გაფორმებული, ქ. ... ნოტარიუს მ.მ-ძის მიერ რეესტრში რეგისტრაციის ¹1-9714-ით დამოწმებული, ... რაიონის სოფელ ... მდებარე 900 კვ.მ მიწის ნაკვეთის (სარეგისტრაციო ¹22/04/01/536) ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების, აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ... სარეგისტრაციო სამსახურში ჯ.შ-ძის საკუთრებაში მიწის ნაკვეთის რეგიტრაციის ჩანაწერის ბათილად ცნობისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის სადავო მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებად აღრიცხვის დავალდებულების მოთხოვნით.

ჯ. შ-ძემ და თ. წ-ძემ სარჩელი არ ცნეს.

მესამე პირმა ... სამინისტრომ დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მიმართა სასამართლოს თ.წ-ძის, ჯ.შ-ძის, ... სარეგისტრაციო სამსახურისა და ნოტარიუს მ.მ-ძის წინააღმდეგ თ. წ-ძესა და ჯ. შ-ძეს შორის 2008 წლის 5 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, საჯარო რეესტრის მონაცემებში ცვლილების შეტანისა და სადავო მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების აღრიცხვის თაობაზე.

... რაიონული სასამართლოს 2010 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით ... სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი თ. წ-ძესა და ჯ. შ-ძეს შორის 2008 წლის 5 ნოემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება სოფელ ... მდებარე 900 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 2008 წლის 5 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ჩანაწერი, თ. წ-ძესა და ჯ. შ-ძეს შორის 2008 წლის 5 ნოემბერს ნოტარიულად დამოწმებული გარიგების დადებისათვის სანოტარო ჩანაწერებში (რეგისტრაციის ¹1-9714) ქ. ... ნოტარიუს მ.მ-ძის მიერ განხორციელდა შესაბამისი აღნიშვნა სანოტარო აქტზე, ვ. ი-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ჯ. შ-ძემ და თ. წ-ძემ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. წ-ძისა და ჯ. შ-ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება თ. წ-ძისა და ჯ. შ-ძისათვის 1050 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში გაუქმდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც აპელანტებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისრათ 124,74 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ თ. წ-ძესა და ჯ. შ-ძეს შორის ... რაიონის სოფელ ... მდებარე 900 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო ორჯერ _ 2008 წლის 15 მაისს საჯარო რეესტრის სააგენტოს ... სარეგისტრაციო განყოფილებასა და 2008 წლის 5 ნოემბერს სანოტარო ბიუროში.

ზემოხსენებული მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში ჯ. შ-ძის სახელზე აღირიცხა 2008 წლის 5 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილით, მე-4 მუხლის, 103-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ უფლების შემძენს ტვირთად ადევს საჯარო რეესტრის არა ყოველგვარი უზუსტო მონაცემის მიმართ ცოდნა, არამედ მხოლოდ ისეთის, რაც ეჭვის ქვეშ აყენებს უფლების შეძენის ნამდვილობას. შემძენს არ შეიძლება მოეთხოვოს ისეთი გარემოების ცოდნა, რომელიც აღემატება, სცილდება მისი შესაძლებლობის ფარგლებს. კეთილსინდისიერების შეფასებისას მთავარია შემძენის მხრიდან ფაქტების გაცნობიერების შესაძლებლობა და არა თავად ინტერესი ამ ფაქტებისადმი, ანუ შეფასების საგანია აღნიშნული ფაქტების ცოდნა და არა მიზანმიმართული ცოდნა.

პალატის მოსაზრებით, შემძენის კეთილსინდისიერების დადგენისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ საჯარო რეესტრის მონაცემების გათვალისწინება, ასეთ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობისაა მესაკუთრის ვინაობისადმი შემძენის სუბიექტური დამოკიდებულება, ანუ უნდა დადგინდეს, რომ შემძენმა არ იცოდა ქონების სხვა მესაკუთრის, უზუსტო ჩანაწერის, ან ამ ქონებაზე დავის არსებობის თაობაზე, უნდა გაირკვეს, შემძენს გონივრული წინდახედულობის ფარგლებში შეეძლო და უნდა სცოდნოდა თუUარა სადავო ფაქტი.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადასტურებლად მოსარჩელე ... სამინისტრომ მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ სადავო მიწის ნაკვეთი გასხვისებულია არამესაკუთრის მიერ, ამ ქონებასთან დაკავშირებული დავის მიმდინარეობისას და შემძენისათვის ცნობილი იყო დავის არსებობის თაობაზე.

იმის გათვალისწინებით, რომ 2008 წლის 5 ნოემბრამდე, ჯერ კიდევ 2008 წლის 15 მაისს, ... რაიონის სოფელ ... მდებარე 900 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ჯ.შ-ძესა და თ.წ-ძეს შორის დაიდო გარიგება საჯარო რეესტრის სამსახურში, სადაც ჯ.შ-ძის უფლების რეგისტრაცია ვერ განხორციელდა ამ ქონებაზე ყადაღის არსებობის გამო. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ ჯ.შ-ძემ ამ დროისათვის შეიტყო უძრავ ქონებასთან დაკავშირებული დავის არსებობის თაობაზე.

საქმეზე წარმოდგენილი ... რაიონული სასამართლოს 2009 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ სადავო მიწის ნაკვეთის თ. წ-ძის (გამყიდველის) საკუთრებაში აღრიცხვის საფუძველი _ ... მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საოქმო გადაწყვეტილება და თ. წ-ძის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების ¹4730 მოწმობა ბათილია, ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 489-ე მუხლის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძვლად მითითებული თ. წ-ძის სახელზე საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერი ხარვეზიანია.

სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია გამოყენებული ვერ იქნება და რეესტრში არსებული ჩანაწერი ვერ გახდება 2008 წლის 5 ნოემბერს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას ჯ. შ-ძის, როგორც შემძენის კეთილსინდისიერების გარანტი, რადგან მყიდველმა ჯ.შ-ძემ იცოდა ამ მიწის ნაკვეთზე უფლებასთან დაკავშირებული დავის შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ მიიჩნია, რომ 2008 წლის 5 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება, ასევე ამ გარიგების საფუძველზე საჯარო რეესტრის სააგენტოს ... სარეგისტრაციო სამსახურის მიერ განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერი ბათილია, რაც უსაფუძვლოს ხდის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

პალატამ მიუთითა «ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონზე და აღნიშნა, რომ ... რაიონული სასამართლოს 2009 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ... რაიონის სოფელ ... მდებარე სადავო მიწის ნაკვეთის თ. წ-ძის (გამყიდველის) საკუთრებაში აღრიცხვის საფუძველი _ ... მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საოქმო გადაწყვეტილება და თ. წ-ძის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების ¹4730 მოწმობა. აპელანტს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია ამ ქონებაზე ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრების უფლების დამადასტურებელი მტკიცებულება. ამდენად, პალატის მოსაზრებით, მართებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი, აღიარების კომისიის მეშვეობით მის განკარგვამდე, სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენდა და რომ ... სამინისტრო მოცემულ დავაში სათანადო მოსარჩელეა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ჯ. ვ-ძემ და თ. წ-ძემ გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ მოცემული საქმის მასალები შეაფასა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის დარღვევით, როდესაც ჯ.წ-ძე სამოქალაქო კოდექსის 185-ე და 187-ე მუხლების დანაწესთა საწინააღმდეგოდ მიიჩნია არაკეთილსინდისიერ შემძენად.

სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლი და სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება თვალთმაქცურ და მოჩვენებით გარიგებად უკანონოდ ცნო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომM ჯ. შ-ძე არ ჩათვალა კეთილსინდისიერ შემძენად, რადგან, სასამართლოს აზრით, მასა და თ. წ-ძეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების რეგისტრაციის განუხორციებლობით მყიდველისათვის ცნობილი გახდა ნასყიდობის საგნის თაობაზე დავის არსებობის შესახებ. აღნიშნულის გამო სასამართლომ მიზანშეუწონლად მიიჩნია შემძენის მიმართ რეესტრის უტყუარობისა და სისწორის პრეზუმფციის გამოყენება. ამ მოსაზრებას იზიარებს საკასაციო სასამართლოც.

დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ნასყიდობის საგანი _ მიწის ნაკვეთი _ გასხვისებულია ამ ნივთის თაობაზე დავის მიმდინარეობისას. კანონმდებლობით სადავო ნივთის გასხვისება აკრძალული არ არის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეებს არ ერთმევათ უფლება გაყიდონ ან სხვა გზით გაასხვისონ დავის საგანი ანდა დათმონ თავიანთი მოთხოვნა. დავის პროცესში ნივთის გასხვისება არ წარმოადგენს არამართლზომიერ ფაქტს, იგი ცალსახად არ გულისხმობს შემძენის არაკეთილსინდისიერებას. მას ყველა შემთხვევაში არ უკავშირდება ნივთის ჩამორთმევა, როგორც დავის განხილვის შედეგი.

კანონით ნივთის გასხვისება იკრძალება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოდავე მხარის განცხადების საფუძველზე სასამართლო იყენებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას. აღნიშნული ღონისძიების გამოყენება მხარის უფლებას წარმოადგენს და მისი რეალიზაცია დაკავშირებულია კონკრეტულ განსახილველ საქმესთან დაკავშირებულ რისკებთან. ამ თვალსაზრისით, მხარეს აქვს პროცესუალური რესურსები იმისა, რომ თავიდან აიცილოს ყოველგვარი გაუგებრობა და მძიმე შედეგი სადავო ნივთის გასხვისების ჩათვლით.

დავის განმავლობაში ნივთის გასხვისებისას მყიდველს შეიძლება არ ჰქონდეს ინფორმაცია შეძენილ ქონებასთან დაკავშირებული დავის შესახებ. ასეთ შემთხვევაში შემძენი ითვლება კეთილსინდისიერად და მისი უფლება დაცულია კანონით (სამოქალაქო კოდექსის 185-ე და 312-ე მუხლები). თუ შემძენი ინფორმირებულია შესაძენ ნივთთან დაკავშირებული დავის თაობაზე, იგი ხდება იმ რისკის მატარებელი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება დადგეს ამ ნივთის მიმართ. თუ დაკმაყოფილდება სარჩელი, შემძენს მოეთხოვება კანონიერ მესაკუთრედ ცნობილი მოსარჩელისათვის ნივთის დაბრუნება.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ის გარემოება, რომ კასატორებმა შემძენის სახელზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში ვერ დაარეგისტრირეს ყადაღის არსებობის გამო. თავისთავად, ნივთზე ყადაღის არსებობა გულისხმობს იმას, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში სარჩელში მითითებული მოთხოვნა დაკმაყოფილდება ყადაღა დადებული ნივთის რეალიზაციით. ასეთ შემთხვევაში არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რის თაობაზე მიმდინარეობს მხარეთა შორის დავა _ კონკრეტულად დაყადაღებული ნივთის თაობაზე, თუ სხვა ქონებასთან დაკავშირებით. ყველა შემთხვევაში ხდება დაყადაღებული ნივთის გასხვისება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საფუძველს მოკლებულია, კასატორის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით რომ, ყადაღას მხოლოდ დროებითი ხასიათი აქვს და იგი არავითარი საშიშროების შემცველი არ არის. ყადაღის არსებობა თავისთავად გულისხმობს მიმდინარე დავიდან გამომდინარე ნივთის შესაძლო გასხვისების საშიშროების არსებობის ფაქტს.

2008 წლის მაისში ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეებმა ხელშეკრულების რეგისტრაცია ვერ განახორციელეს მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო. ამ მიზეზის არ არსებობის შემთხვევაში საკუთრების უფლება დაუბრკოლებრივ დაფიქსირდებოდა რეესტრში და გარიგებაში მითითებული დებულებები ამოქმედდებოდა დაუყოვნებლივ. ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის თანხა ბოლომდე იყო გადახდილი. აღნიშნული ფაქტი გამორიცხავს საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ თითქოს იმ პერიოდისათვის მხოლოდ თანხის ნახევარი იყო გადახდილი. როდესაც გადახდილია ნივთის საფასური, მაგრამ ნივთს საკუთრებაში ვერ აღრიცხავ, დაუჯერებელია, არ გამოიკვლიო ამის დამაბრკოლებელი მიზეზი. შესაბამისად, ჯ.შ-ძეს უნდა გაერკვია, შეძენილი ქონების მის სახელზე დარეგისტრირების შემაფერხებელი გარემოებანი. შემძენის პასიურობა ასეთ დროს ნიშნავს ინტერესის არ ქონას ამ ქონების მიმართ. ხოლო შემდგომში ამ ქონების დარეგისტრირება მის სახელზე ისე, რომ დავა სასამართლოში არ დამთავრებულა და მას შეუძლებელია არ სცოდნოდა ამის თაობაზე, მეტყველებს იმაზე, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია იმ შედეგის თავიდან ასაცილებლად, რაც შეიძლება მოყოლოდა სასამართლოში განსახილველ დავას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ჯ. შ-ძე სწორადაა მიჩნეული არაკეთილსინდისიერ შემძენად და ამ თვალსაზრისით არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ჯ. შ-ძე და თ. წ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.