ას-1270-1117-2010 24 თებერვალი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ლ. ზ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ ა. ზ-ძე
დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ოქტომბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 11 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ა. ზ-ძის კანონიერმა წარმომადგენელმა ე. ფ-ძემ მოპასუხე ლ. ზ-ძის მიმართ და მოითხოვა საზიარო საგნის აუქციონზე გაყიდვით ა. ზ-ძისა და ლ. ზ-ძის საზიარო უფლების გაუქმება ქონებაზე, მდებარე ... ქ. კორპუსი ¹2, ბინა ¹53-ში და ამონაგები თანხის განაწილება წილების პროპორციულად, კერძოდ, თანხის 2/3 ნაწილის გადაცემა ა. ზ-ძისათვის, ხოლო თანხის 1/3 ნაწილის _ ლ. ზ-ძისათვის.
მოსარჩელემ განმარტა, თბილისში, ... ქუჩა, კორპუსი 2, ბინა53-ში საცხოვრებელი ბინის თანამესაკუთრეებს წარმოადგენენ მისი არასრულწლოვანი შვილი ა. ზ-ძე და ლ. ზ-ძე. აღნიშნულ ბინაში, თავის შვილთან ერთად, ცხოვრობს ერთ ოთახში. ხშირად საერთო ფართებით სარგებლობის უფლება ეზღუდებოდათ, რაც იწვევდა ოჯახურ კონფლიქტებს და რადგან, საცხოვრებელი ბინის ნატურით გაყოფა შეუძლებელი იყო, მოსარჩელე ითხოვდა საცხოვრებელი ბინის აუქციონის წესით გაყიდვას და ამონაგები თანხის განაწილებას საერთო საკუთრებაში წილების პროპორციულად.
მოპასუხემ თავის შესაგებელში სარჩელი არ ცნო და განმარტა, მას არ სურდა მისი მშობლებისაგან მემკვიდრეობით მიღებული ბინის აუქციონზე გაყიდვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. ზ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ა. ზ-ძისა და ლ. ზ-ძის საზიარო უფლება ქონებაზე მდებარე, ქ. თბილისში ... ქ. კორპუსი ¹2, ბინა ¹53 საზიარო საგნის რეალიზაციით და ამონაგები თანხა განაწილდა მხარეებს შორის წილების შესაბამისად, ამონაგები თანხის 2/3 გადაეცა ა. ზ-ძეს, თანხის 1/3 ნაწილი კი, ლ. ზ-ძეს.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ზ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით ლ. ზ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ სრულიად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2009 წლის 10 მარტის საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის თანახმად, ფართის იზოლირებულად გამოყოფა შეუძლებელი იყო;
ა. ზ-ძის კანონიერ წარმომადგენელსა და მოპასუხე ლ. ზ-ძის ოჯახის წევრებს შორის არსებობდა კონფლიქტი;
ა. ზ-ძე ლ. ზ-ძის აწ გარდაცვლილი ძმის, ავ. ზ-ძის შვილია;
ა. ზ-ძეს და მის კანონიერ წარმომადგენელს სხვა უძრავი ქონება არ გააჩნდათ.
საჯარო რეესტრში, ქ. თბილისში ... ქ. კორპუსი ¹2, ბინა ¹53-ში მდებარე უძრავი ქონების 2/3 ნაწილი, საკუთრების უფლებით, ირიცხებოდა ა. ზ-ძის სახელზე, ხოლო 1/3 ნაწილი _ მოპასუხე ლ. ზ-ძის სახელზე;
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრიოვ გარემოებებს. კერძოდ, აღნიშნა, რომ დავის გადაწყვეტისას, მართებულად იქნა გამოყენებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 961-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, თითოეულ მონაწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება.
მოცემულ შემთხვევაში, უდავოდ დგინდებოდა, რომ საზარო საგნის ნატურით გაყოფა შეუძლებელი იყო, რის გამოც, სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლზე მითითებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის დაკმაყოფილებით, საზიარო უფლება უნდა გაუქმებულიყო, საზიარო საგნის გაყიდვით მიღებული ამონაგები კი, მხარეებს შორის, წილების პროპორციულად განაწილებულიყო.
პალატამ დამატებით განმარტა, რომ აპელანტმა ვერ შეძლო პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნების გაბათილება, რის გამოც სააპელაციო საჩივარი, როგორც უსაფუძვლო, დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ზ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორმა განმარტა, რომ, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლო, ასევე სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას დაეყრდნო სსიპ ლევან სამხარაული სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას, რომელიც შედგენილი იყო მხოლოდ რეესტრის ამონაწერზე დაყრდნობით და არა რეალური მდგომარეობის გათვალისწინებით.
კასატორის აზრით რეალური მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლებელი იქნებოდა ბინის ნატურით გაყოფა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 დეკემბრის განჩინებით ლ. ზ-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ზ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ლ. ზ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
კასატორი, ლ. ზ-ძე “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის “მ1” ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. ზ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.