Facebook Twitter

ას-1271-1118-2010 28 თებერვალი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ ქ.თბილისის მერია

მოწინააღმდეგე მხარე _ სადაზღვევო კომპანია “ა.”

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციოს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 11 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 10600 ლარის ოდენობით დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მერიამ მოპასუხე სადაზღვევო კომპანია “ა.-ს” მიმართ (ტომი I, ს.ფ. 2-4).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 15 ივნისის გადახდის ბრძანებით განცხადება დაკმაყოფილდა, სადაზღვევო კომპანია “ა.-ს” ქ.თბილისის მერიის სასარგებლოდ დაეკისრა 10600 ლარის გადახდა (ტომი I, ს.ფ. 25-28).

შპს “ა.-ს” შესაგებლის (პროტესტის) საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2009 წლის 8 დეკემბრის განჩინებით მის მიერ მიღებული გადახდის ბრძანება გააუქმა და დაადგინა წარდგენილი განცხადების საერთო სასარჩელო წესით განხილვა (ტომი I, ს.ფ. 57-58).

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით ქ.თბილისის მერიის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე:

2007 წლის 9 ნოემბერს ქ.თბილისის მერიასა და შპს “ბ.-ს” შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ¹0119/31/1155-2 ხელშეკრულება ქ.თბილისში ავტობუსების პარკების შეკეთების თაობაზე 529166.70 ლარის ღირებულებით;

2008 წლის 4 მარტს ქ. თბილისის მერიასა და შპს “ბ.-ს” შორის დადებული შეთანხმებით სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ¹0119/31/1155-2 ხელშეკრულების შესრულების ვადა განისაზღვრა 2008 წლის 1 სექტემბრით;

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ¹0119/31/1155-2 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით სადაზღვევო კომპანია “ა.-ს” მიერ გაიცა საბანკო გარანტია – 0438/07 პრინციპალ შპს “ბ.-ს” თხოვნით, საბანკო გარანტიის თანხა განისაზღვრა 10600 ლარით, საბანკო გარანტიის მოქმედების პერიოდი კი _ 2007 წლის 9 ნოემბრიდან 2008 წლის 1 ოქტომბრამდე დროის მონაკვეთით.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, ქ.თბილისის მერიის მიერ სადაზღვევო კომპანია “ა.-ს” მიმართ მოთხოვნა 2008 წლის 1 ოქტომბრამდე არ წარდგენილა. საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია. სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულ მხარეს უნდა დაემტკიცებინა ის გარემოებები, რომლებზეც ამყარებდა თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს ეკისრებოდა იმ ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებზეც იგი ამყარებდა თავის მოთხოვნას. იგი აცხადებდა, რომ თავისი მოთხოვნა მოპასუხეს წარუდგინა გარანტიის ვადის დასრულებამდე ანუ 2008 წლის 1 ოქტომბრამდე. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენდა კონკრეტული ფაქტის არსებობა, მაშინ როცა მოპასუხე ამ ფაქტის არარსებობაზე ამყარებდა თავის პოზიციას. ამდენად, არსებულ ვითარებაში, სწორედ მოსარჩელეს ეკისრებოდა იმ ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებზეც იგი ამყარებდა თავის მოთხოვნებს. დასახელებული მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურებული სხვა სახის მტკიცებულებებით. თბილისის მერია მითითებული გარემოების დასადასტურებლად შემოიფარგლა მხოლოდ სასამართლო სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებებით და იმ გარემოებაზე მითითებით, რომ გარანტისათვის წარსადგენი მოთხოვნა შედგენილი და დათარიღებული იყო 2008 წლის 29 სექტემბრით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნის ვადაში წარდგენის ფაქტი წარმოადგენდა საქმისათვის მნიშვნელოვან გაემოებას, რომლის არსებობის დასადასტურებლად მტკიცებულების სახით მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტება არ იყო სასამართლოსათვის სარწმუნო და საკმარისი. ამასთან, ის გარემოება, რომ გარანტის სახელზე შედგენილი მოთხოვნის წერილი დათარიღებული იყო 2008 წლის 29 სექტემბრით, არ ადასტურებდა წერილის ადრესატისათვის 2009 წლის 1 ოქტომბრამდე ჩაბარების ფაქტს. სხვა მტკიცებულება, რომელიც მოთხოვნის გარანტიის მოქმედების პერიოდში წარდგენას დაადასტურებდა, საქმეში არ მოიპოვება.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხადოს პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულადი თანხა, გადახდის შესახებ წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ამავე კოდექსის 887-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, გარანტმა უარი უნდა უთხრას ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ ეს მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს ანდა ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ.თბილისის მერია არ წარმოადგენდა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილ პირს მოეთხოვა სადაზღვევო კომპანია “ა.-საგან” რაიმე ქმედების შესრულება, რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში მან ვერ დაასაბუთა გარანტისათვის გარანტიის ვადის დამთავრებამდე მოთხოვნის წარდგენის ფაქტი (ტომი I, ს.ფ. 62-66).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის მერიამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ტოიმი I, ს.ფ. 71-80).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით ქ.თბილისის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სრულად იზიარებდა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან მიმართებით. აქედან გამომდინარე, სააპელაციო საჩივარი დაუკმაყოფილებლობას, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დატოვებას ექვემდებარებოდა.

სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მერიამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი. თბილისის მერიასა და შპს “ბ.-ს” შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობები, ამასთან, დადგინდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების წესი და პირობები. აღნიშნული ხელშეკრულება ითვალისწინებდა თბილისში ავტობუსების პარკების შეკეთების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვას. ხელშეკრულების შესრულების გარანტად შპს “ბ.-მ” წარადგინა სადაზღვევო კომპანია “ა.-ს” მიერ გაცემული საბანკო გარანტია ხელშეკრულების საერთო ღირებულების 2%-ის ოდენობით. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. შპს “ბ.-მ” დაარღვია საერთო და სპეციფიკური პირობებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადა, რის გამოც მას დაეკისრა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამასთან დაკავშირებით შემსყიდველმა შპს “ბ.” წერილობით გააფრთხილა. ვალდებულების დარღვევის გამო, შპს “ბ.-ს” დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 0.1% ოდენობით, კერძოდ, 1 სექტემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით 9221.65 ლარის ოდენობით. 2008 წლის 29 სექტემბრის ¹10/66405-15 წერილით, ქ.თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა მოითხოვა დარჩენილი სამუშაოების _ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, შპს “ბ.-სთან” დადებული ¹0119/31/1155-2 ხელშეკრულების შეწყვეტა. შპს “ბ.-მ” ვალდებულების შესასრულებლად მოითხოვა დამატებითი ვადა, თუმცა აღნიშნული ვადაც უშედეგოდ გავიდა, რის გამოც შპს “ბ.-ს” დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 2495.43 ლარის ოდენობით. ამასთან, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების საერთო პირობების მე-17 მუხლისა და სპეციფიკური პირობების მე-13 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შემსყიდველმა ცალხრივად შეწყვიტა შპს “ბ.-სთან” დადებული ხელშეკრულება. წერილობითი გაფრთხილების მიუხედავად, შპს “ბ.-მ” განსაზღვრულ ვადაში არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება. ამასთან დაკავშირებით, ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-10 მუხლის შესაბამისად, ქ.თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის 2008 წლის 29 სექტემბრის ¹10/66405-15 წერილის საფუძველზე ქ.თბილისის მერიამ მიმართა სადაზღვევო კომპანია “ა.-ს” ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის 10600 ლარის თბილისის მერიისათვის გადახდის მოთხოვნით.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ საბანკო გარანტიით განსაზღვრულ ვადაში ქ.თბილისის მერიამ სადაზღვევო კომპანია “ა.-ს” 2008 წლის 29 სექტემბერს გაუგზავნა ¹10/664405-15 წერილი საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის 10600 ლარის მოთხოვნით. შესაბამისად, თბილისის მერიამ შეასრულა კანონის მოთხოვნა და საბანკო გარანტს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში აცნობა შპს “ბ.-ს” მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის თაობაზე. 2008 წლის 29 სექტემბრის წერილით ბენეფიციარის ნება გამოხატულ იქნა, მის მიერ ვერ იქნებოდა უზრუნველყოფილი გამოხატული ნების მეორე მხარემდე მისვლა და არც კანონი აკისრებს მას ამ ნების გარანტამდე მისვლის კონტროლის ვალდებულებას, მით უმეტეს, რომ საქმეში წარდგენილია ნების გამოხატვის დამადასტურებელი დოკუმენტი. თითოეული ნების გამოვლენის ადრესატამდე ჩაბარების გაკონტროლება ფაქტობრივად შეუძლებელია. აქედან გამომდინარე სასამართლოს მსჯელობა თბილისის მერიის მიერ მტკიცებულებების წარუდგენლობის შესახებ, უსაფუძვლოა (ტომი II, ს.ფ. 35-42).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ.თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ქ.თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ.თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.