საქმე # 020100118002773421
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№31-19 ქ. თბილისი
ბ. ზ, 31-19 6 თებერვალი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 16 იანვრის განჩინებაზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ზ. ბ-ს, ბრალი დაედო მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლაში, რაც გამოიხატა დაზარალებულის მიერ სასამართლოში ცრუ ჩვენების მიცემაში. საქმის მასალების მიხედვით, აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 11 ნოემბერს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №- საქმეზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქ. ფ-ში ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.
მოცემულ საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულმა ზ. ბ-მ განმარტა, რომ 2016 წლის 11 ნოემბერს, დაახლოებით 9 საათსა და 30 წუთზე, ქ. ფ-ში, ლ-სა და ჭ-ას ქუჩების გადაკვეთაზე, ჭ-ას ქუჩაზე რ–ის რკალის მიმართულებით „ოპელის“ მარკის ავტომანქანის მართვისას მას „ბმვ-ს“ მარკის ავტომანქანით დაეჯახა რ. ს, რის შედეგადაც მან მიიღო სხეულის დაზიანება. 2017 წლის 28 ივლისს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ნაკლებად მძიმე დანაშაულის ბრალდების საქმეზე დაზარალებულის სახით დაკითხვის დროს, ზ. ბ-მ უარყო გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება. ცრუ ჩვენების მიცემით მან ხელი შეუშალა მართლმსაჯულებას. ზ. ბ-ს მიერ სასამართლოში მიცემულმა ჩვენებამ არსებითი გავლენა მოახდინა რ. ს-ს ბრალდების საქმეზე და 2017 წლის 21 დეკემბრის ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენით რ. ს. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში.
2. 2018 წლის 19 დეკემბერს პროკურორ მაია ჯაბუას, ბრალდებულ ზ. ბ-სა და მისი ინტერესების დამცველს, ადვოკატ ფ. ბ-ს შორის, ზემდგომი პროკურორის თანხმობით, დაიდო საპროცესო შეთანხმება. სასამართლო სხდომაზე მხარეები დაეთანხმნენ საპროცესო შეთანხმების პირობებს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა პროკურორ მაია ჯაბუას შუამდგომლობა ზ. ბ-ს მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე.
4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის განჩინება გაასაჩივრა პროკურორმა მაია ჯაბუამ და ითხოვა ზ. ბ-ს მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცება იმ მოტივით, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დაიდო საპროცესო შეთანხმება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 210-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით. ზ. ბ-მ სასამართლოში მისცა ცრუ ჩვენება, რაც დაადასტურა ბრალის წარდგენის შემდეგ და მანამდეც - თავის გამოკითხვაში და განმარტა, რომ სასამართლოში მისცა არასწორი ჩვენება.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 16 იანვრის განჩინებით ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის განჩინება ზ. ბ-ს მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ დარჩა უცვლელად.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა მაია ჯაბუამ და ითხოვა ზ. ბ-ს მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცება იმ მოტივით, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დაიდო საპროცესო შეთანხმება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა სრული დაცვით.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეზე არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული, საქმის
არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა.
10. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე