Facebook Twitter

ას-1272-1530-09 6 მაისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

თ. თოდრია (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ. ს-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი. ჩ-ძე (მოპასუხე)

დავის საგანი – სესხის დაბრუნება

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

2009 წლის 5 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ. ს-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ჩ-ძის მიმართ სესხის დაბრუნების შესახებ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 24 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. ს-ძის სარჩელი ი. ჩ-ძის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ და მოპასუხეს დაეკისრა მ. ს-ძის სასარგებლოდ 5000 აშშ დოლარისა და სახელმწიფო ბაჟის – 250 აშშ დოლარის გადახდა.

აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ი. ჩ-ძემ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 23 ივნისის განჩინებით ი. ჩ-ძეს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ძალაში დარჩა ამავე სასამართლოს 2009 წლის 24 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

აღნიშნულ განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ი. ჩ-ძემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 5 ნოემბრის განჩინებით ი. ჩ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 24 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2009 წლის 23 ივნისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ბაღდათის რაიონულ სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქმე განიხილა არაგანსჯადმა სასამართლომ და აპელანტს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები.

მ. ს-ძის მოთხოვნის საფუძველია სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ი. ჩ-ძემ მ. ს-ძისაგან ისესხა თანხა. ი. ჩ-ძის საცხოვრებელი ადგილია ბაღდათის მუნიციპალიტეტი, სოფელი ....

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 386-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, შესრულების ადგილის საეჭვოობისას ფულადი ვალდებულება უნდა შესრულდეს კრედიტორის ადგილსამყოფელის მიხედვით.

აღნიშნული ნორმა არეგულირებს ისეთ შემთხვევას, როდესაც საეჭვოა, ე.ი. ზუსტად ვერ დგინდება ადგილი, სადაც უნდა შესრულდეს ფულადი ვალდებულება. ანუ საეჭვოა ის ადგილი, სადაც მოვალის მიერ კრედიტორისათვის თანხის გადახდა ჩაითვლება ვალდებულების ჯეროვან შესრულებად და ამით ვალდებულება შეწყდება.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეებს არ დაუთქვამთ ფულადი ვალდებულების შესრულების ადგილი: კრედიტორის განმარტებიდან ჩანს, რომ იგი თანახმა იყო მიეღო ვალდებულების შესრულება, მათ შორის, მოვალის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და ამით ვალდებულება ჯეროვნად იქნებოდა შესრულებული. აქედან გამომდინარე, ფულადი ვალდებულების შესრულების ადგილი, განსახილველ დავაში, საეჭვო არ არის. ამიტომ არ არსებობდა, კრედიტორის ადგილსამყოფელის მიხედვით სარჩელის აღძვრის წინაპირობები. ასეთ შემთხვევაში, სარჩელი აღძრული უნდა ყოფილიყო საერთო განსჯადობის წესების დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

რადგან მოპასუხის, ე.ი. ი. ჩ-ძის საცხოვრებელი ადგილია ბაღდათის მუნიციპალიტეტი, სოფელი ..., სარჩელი, მის მიმართ, აღძრული უნდა ყოფილიყო ბაღდათის რაიონულ სასამართლოში. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მოცემული საქმე განიხილა არაგანსჯადმა სასამართლომ, ე.ი. სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ.

გარდა ამისა, პალატამ მიუთითა, რომ მ. ს-ძის სასარჩელო მოთხოვნა იყო მოპასუხისათვის ვალის სრულად გადახდის, დამატებითი ხარჯების გადახდის, ვადაგადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებისა და გაღებული ხარჯების გადახდის დაკისრება, თუმცა კონკრეტულად რა თანხას მოითხოვდა მოსარჩელე მოპასუხისაგან სარჩელში მითითებული არ ყოფილა. აღნიშნული სარჩელი თანდართული მასალებით ჩაჰბარდა მოპასუხეს. აქედან გამომდინარე, მოპასუხისათვის უცნობი იყო მოსარჩელის მოთხოვნის ოდენობა და, შესაბამისად, მისთვის უცნობი იყო საქმის ფაქტობრივი გარემოებები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და 241-ე მუხლის თანახმად, ასეთ შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს.

აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მ. ს-ძემ. მან მიუთითა, რომ ვინაიდან, სესხის ხელშეკრულებაში მითითებული არ იყო ხელშეკრულების შესრულების ადგილი, ხელშეკრულების შესრულების ადგილად უნდა განისაზღვროს მისი საცხოვრებელი ადგილი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა ი. ჩ-ძის მითითება იმის შესახებ, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო არაგანსჯადამა სასამართლომ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ს-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას მ. ს-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. ს-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

მ. ს-ძეს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – (426 ლარისა და 68 თეთრის) 70% - 298 ლარი და 67 თეთრი;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.