¹ას-1273-1120-2010 3 თებერვალი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ … სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ კავშირი “ბ.” (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი _ პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
... სამინისტრომ სარჩელი აღძრა სასამართლოში კავშირ “ბ.-ს” მიმართ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის პირგასამტეხლოს _ 6517,05 ლარის დაკისრების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2008 წლის 2 მაისს მხარეთა შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების ¹305 ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა სტელაჟების დამზადება-დამონტაჟება და საარქივე ოთახის მოწყობა, რისი ღირებულებაც შეადგენდა 72412 ლარს. მიმწოდებელმა კავშირმა “ბ.-მ” ნაკისრი ვალდებულებები ჯეროვნად ვერ შეასრულა, რის გამოც დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა. აღნიშნულის მიუხედავად, მოპასუხეს სადავო თანხა არ გადაუხდია.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიიჩნია, რომ მას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ დაურღვევია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით ... სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ... სამინისტრომ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 2 ივნისის განჩინებით მოცემული საქმე განსახილველად გადაეცა განსჯად სამოქალაქო საქმეთა პალატას, რომლის 2010 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებითაც ... სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება გაუქმდა და ... სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის დაცვით ვერ დაასაბუთა. საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ... სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროს ნ. მ-ძის 2008 წლის 23 ოქტომბრის ¹02-04/10184 წერილი, რომლითაც წერილის ავტორი მოითხოვდა მხარეთა შორის 2008 წლის 2 მაისის ¹305 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სტელაჟების დამონტაჟებას, სგპ “ნ.-ში” ჩაბარდა კავშირ “ბ.-ს” უფლებამოსილ პირს. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, აპელანტის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება კი სასამართლომ სარწმუნო მტკიცებულებად არ ჩათვალა, ვინაიდან ის არ არის გამყარებული აღნიშნული ფაქტების დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებებით. ამასთან, ... სამინისტროსა და კავშირ “ბ.-ს” შორის დადებული 2008 წლის 2 მაისის ¹305 ხელშეკრულების 22-ე პუნქტის შესაბამისად, ნებისმიერი შეტყობინება, რომელსაც ერთი მხარე ხელშეკრულების შესაბამისად უგზავნის მეორე მხარეს გაიგზავნება წერილის, დეპეშის, ტელექსის ან ფაქსის სახით, ორიგინალის შემდგომში წარმოდგენით, ხელშეკრულებაში მითითებული მეორე მხარის მისამართზე. შეტყობინება შედის ძალაში ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს ან შეტყობინების ძალაში შესვლის დადგენილ დღეს, იმის მიხედვით, თუ ამ თარიღებიდან რომელი უფრო გვიან დგება. საქმის მასალებით კი, როგორც უკვე აღინიშნა, არ დგინდება კავშირ “ბ.-ს” მიერ შეტყობინების მიღების ფაქტი.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 6.1. პუნქტზე, რომლის შესაბამისად, შესრულებული სამუშაოს შუალედური და საბოლოო ჩაბარება წარმოებს მიღება-ჩაბარების აქტის სახით. მიღება-ჩაბარების აქტი ფორმდება წერილობითი ფორმით, მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით, ინსპექტირების ჯგუფის დადებითი დასკვნის საფუძველზე. შესაბამისად, თუ მხარეს ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე რაიმე პრეტენზია გააჩნდა, უნდა აესახა მიღება-ჩაბარების აქტში, რაც 2008 წლის 17 დეკემბრის ¹1853 მიღება-ჩაბარების აქტში არ დაფიქსირებულა. აღნიშნული დამატებით ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ კავშირ “ბ.-ს” ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადა არ დაურღვია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის მიერ, მაშინ როდესაც დავის საგანი განსახილველი იყო სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, ვინაიდან იგი წესრიგდება სამოქალაქო კანონმდებლობით. მხოლოდ აღნიშნული გარემოების გამო ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდეს.
ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ... სამინისტროს სარჩელი უსაფუძვლოა და პირველი ინსტანციის სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას სწორად გამოიყენა კერძო სამართლის მატერიალური ნორმები. ამრიგად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით.
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით და ჩათვალა, რომ საქმის მასალებით ვერ დადგინდა კავშირ “ბ.-ს” მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება ვადის დარღვევით, ამდენად, ... სამინისტროს მოთხოვნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე თანხის გადახდის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილი, რადგან თუკი კავშირმა ვალდებულება შეასრულა დათქმულ დროს, მაშინ ზემოხსენებული ნორმის დანაწესი ყოველი შესრულებით ვალდებულების არსებობის დადასტურების თაობაზე მნიშვნელობას კარგავს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 დეკემბრის განჩინებით ... სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. აღნიშნული განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ... სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
მოცემული დავის საგანია პირგასამტეხლოს დაკისრების მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლს. აღნიშნული პრაქტიკა ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
... სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.