ას-1273-1531-2009 21 ივნისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ლ. ლაზარაშვილი, ვ. როინიშვილისაქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ მ. ხ-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ხ-იანი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ საცხოვრებელი სადგომის სანაცვლოდ კომპენსაციის გადახდევინება, უძრავი ნივთის მიკუთვნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ხ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ხ-იანის მიმართ მოსარჩელის სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი სადგომის ღირებულების _ 7500 აშშ დოლარის გადახდის ან მის მიერ დაკავებული ფართის მ.ხ-ძის საკუთრებაში გადაცემის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელე 35 წლის განმავლობაში ცხოვრობს მ.ხ-იანის სახელზე რიცხულ ქობულეთში, ... ქ.¹8-ში მდებარე სახლის ნაწილში, რომლის ფლობის უფლება მიეკუთვნა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე. ბინის მესაკუთრემ არა ერთხელ მოითხოვა მისი ოჯახთან ერთად გამოსახლება, თუმცა სასამართლო გადაწყვეტილებით აღნიშნული არ დაკმაყოფილდა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი მოტივებით: მოსარჩელეს იმავე დავის საგანზე, იმავე მხარეებს შორის და ანალოგიური საფუძვლით აქამდეც ჰქონდა სარჩელი შეტანილი, რომელიც არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მოცემულ სარჩელზე წარმოება უნდა შეწყდეს. დაუსაბუთებელია მ.ხ-ძის განმარტება, რომ იგი წლების განმავლობაში ცხოვრობს სადავო ბინაში. მოპასუხის მოთხოვნის საფუძველზე პოლიციამ მ.ხ-ძე სადავო ფართიდან გამოასახლა.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მ.ხ-იანს დაეკისრა მ.ხ-ძის სასარგებლოდ ქ.ქობულეთში, ... ქ.¹8-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/2-ის საბაზრო ღირებულების 75%-ის _ 7500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ.ხ-იანის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მ.ხ-ძის სარჩელს უარი ეთქვა შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ დაადგინა, რომ 1972 წელს სადავო საცხოვრებელი სახლის ყოფილ მესაკუთრე ო. ხ-იანსა და მ. ხ-ძის მეუღლე ნ. ხ-ძეს შორის დაიდო გარიგება, რომლის საფუძველზეც ნ. და მ. ხ-ძეები დაეუფლნენ ო. ხ-იანის კუთვნილი სახლის ნაწილს. აღნიშნულის სანაცვლოდ მოსარჩელეს უნდა ერჩინა ო.ხ-იანი.
1972 წლის 12 მარტს ო. და ა. ხ-იანებმა შეადგინეს ანდერძი ნ. ხ-ძის სახელზე, რომლითაც უანდერძეს კუთვნილი ქონება, მათ შორის, სადავო საცხოვრებელი სახლიც. მოგვიანებით მხარეთა შორის ურთიერთობა დაიძაბა. ო.ხ-იანმა გააუქმა ანდერძი და მოითხოვა ნ.ხ-ძის გასახლება, რაც ქობულეთის რაიონის სახალხო სასამართლოს 1980 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა. სადავო სახლი ო. ხ-იანმა ნაწილ-ნაწილ, 1976 წლის 2 ივნისსა და 1981 წლის 29 დეკემბერს აჩუქა მ. ხ-იანს.
“საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” კანონის 11 მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა აპელანტს, რომ რაიონულმა სასამართლომ მოწინააღმდეგე მხარე სადავო ფართის მოსარგებლედ არასწორად ჩათვალა, ვინაიდან დადგენილია, რომ მ. ხ-ძე სადავო სახლს დაეუფლა მესაკუთრესთან დადებული გარიგების საფუძველზე. სასამართლომ მიუთითა, რომ, სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად, ნივთს კეთილსინდისიერად ფლობს ის, ვისაც ამ ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძველი გააჩნია. პალატამ აღნიშნა, რომ მ. ხ-ძის ფლობის უფლება დადასტურდა ქობულეთის რაიონის სახალხო სასამართლოს 1980 წლის 17 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, შესაბამისად, იგი სახლს ფლობდა კეთილსინდისიერად. პალატამ უდავოდ დაადგინა, რომ მ.ხ-ძე სადავო ქონებას ფლობდა 1972 წლიდან 1980 წლამდე მაინც და 2007 წელს, ხოლო, სამოქალაქო კოდექსის 166-ე მუხლის შესაბამისად, ივარაუდება, რომ მ.ხ-ძე სადავო სახლს უწყვეტად ფლობდა 1972 წლიდან 2007 წლამდე, რისი საწინააღმდეგო მტკიცებულება აპელანტს არ წარმოუდგენია.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მ. ხ-ძე სახლს ფლობდა 1998 წლის 25 ივნისასათვის, ანუ “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” კანონის მიღების დროისათვის. პალატის მოსაზრებით, სადავო ურთიერთობაზე გავლენას ვერ მოახდენს ის გარემოება, რომ გარიგება საცხოვრებელი სადგომის სარგებლობის უფლებით დათმობის შესახებ დაიდო ნივთის წინა მესაკუთრეს _ ო. ხ-იანსა და ნ. ხ-ძეს შორის.
ამავდროულად პალატამ მიიჩნია, რომ მ. ხ-ძის მოთხოვნას იმ სახით, რა სახითაც იგი არის წარმოდგენილი, სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” კანონის მე-2 მუხლის მესამე პუნქტიდან გამომდინარე, პალატამ ჩათვალა, რომ მესაკუთრე ვალდებული არ არის, ყველა შემთხვევაში გადაუხადოს მოსარგებლეს სადგომის საბაზრო ღირებულების 75%. მოსარგებლე მხოლოდ მაშინაა ვალდებული, შეწყვიტოს საცხოვრებელი სადგომის მფლობელობა, როცა მესაკუთრე მას გადაუხდის კომპენსაციას. ამავე მუხლის მე-6 პუნქტი კი პირდაპირ აძლევს მესაკუთრეს მოსარგებლისათვის კომპენსაციის გადახდაზე უარის თქმის უფლებას, ოღონდ ასეთ დროს მოსარგებლეს წარმოეშობა, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ, დაკავებულ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემის უფლება.
ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, მოსარგებლეს შეუძლია, მოითხოვოს დარღვეული მფლობელობის აღდგენა, ასეთის შეუძლებლობისას _ ზიანის ანაზღაურება ან კომპენსაციის სანაცვლოდ დაკავებულ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების მოპოვება. მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ აპელანტმა დაარღვია მ.ხ-ძის ფლობის უფლება, პალატამ ჩათვალა, რომ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შეუძლებელია. ამდენად, მ.ხ-ძის მოთხოვნა მოწინააღმდეგე მხარისათვის თანხის დაკისრების შესახებ უსაფუძვლოა, ხოლო კომპენსაციის სანაცვლოდ მისთვის სადგომზე საკუთრების უფლების მინიჭება მხარეს არ მოუთხოვია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მ. ხ-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მ.ხ-ძე მეუღლესთან ერთად წლების განმავლობაში კანონიერი საფუძვლით ფლობდა სადავო სახლის ნახევარს. პალატამ არასწორად მიუთითა, რომ მ.ხ-ძეს, როგორც მფლობელს, არ ჰქონდა უფლება, მოეთხოვა საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 75%. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელეს წარდგენილი ჰქონდა ალტერნატიული მოთხოვნა, თუმცა სასამართლომ აღნიშნული არ გაითვალისწინა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ხ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო სრულიად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას მოდავე მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობების “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირების თაობაზე. მითითებული კანონის მე-2 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მხარეებს შორის არსებობს გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ, მესაკუთრეს უფლება აქვს, მოსარგებლეს მოსთხოვოს საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის შეწყვეტა, მხოლოდ მოსარგებლისათვის (ან თავდაპირველი მოსარგებლის უფლებამონაცვლისათვის) დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 75%-ის გადახდის შემთხვევაში.
დასახელებული ნორმის ანალიზით, მესაკუთრეს უფლება აქვს, მოითხოვოს, მოსარგებლის მიერ საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის შეწყვეტა დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 75%-ის გადახდის სანაცვლოდ. აღნიშნული მესაკუთრის მატერიალურ-სამართლებრივი უფლებაა და მას შეუძლია, თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს _ გამოიყენოს ან არ გამოიყენოს იგი.
მესაკუთრის მიერ ამ უფლების გამოუყენებლობა მოსარგებლეს შესაძლებლობას აძლევს, “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მოსთხოვოს მესაკუთრეს შესაბამისი ანაზღაურების _ დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 25%-ის სანაცვლოდ, დაკავებულ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა.
სააპელაციო პალატამ სავსებით სწორად მიუთითა, რომ მოცემულ დავაში მოსარგებლე ითხოვს მესაკუთრისათვის თავისი უფლების გამოყენების დავალდებულებას _ სადავო საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 75%-ის გადახდევინებას, რის შესაძლებლობასაც კანონი არ ითვალისწინებს. შესაბამისად, მითითებულ ნაწილში გადაწყვეტილება დასაბუთებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
დასახელებული ნორმის თანახმად, საკასაციო სასამართლო სააპელაციო პალატას ხელახლა განსახილველად დაუბრუნებს საქმეს, თუ საქმის განხილვისას აღმოჩნდა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ არასრულად გამოიკვლია საქმის ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც არსებით გავლენას ახდენენ საქმის შედეგზე, კერძოდ:
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სრულყოფილად არ შეაფასა მ. ხ-ძის სასარჩელო მოთხოვნა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას სადავო საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 75%-ის მესაკუთრისათვის გადახდევინების არაკანონიერებასთან დაკავშირებით, თუმცა განსახილველ სასარჩელო განცხადებაში მ.ხ-ძე მოითხოვს მ.ხ-იანის მიერ შესაბამისი ანაზღაურების გადაუხდელობის შემთხვევაში სადავო ნივთის _ ქობულეთში, ... ქ.¹8-ში მდებარე 205 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და 25 კვ.მ საცხოვრებელი ფართის მოსარჩელისათვის მიკუთვნებას (ს.ფ. 6). ამ მოთხოვნაზე მხარეს სასამართლოს წინაშე უარი არ განუცხადებია.
საქმის მასალებით (სასამართლო განჩინებით ან სხდომის ოქმებით) არ დგინდება აღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნაზე საქმის წარმოების შეწყვეტა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 203-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს უნდა მიეთითებინა მოსარჩელისათვის ალტერნატიული მოთხოვნის დაზუსტების თაობაზე. საგულისხმოა, რომ მ.ხ-ძე საკასაციო საჩივარშიც აფიქსირებს თავის ნებას სადავო ნივთის შეძენასთან დაკავშირებით. ასეთ შემთხვევაში, პროცესის ეკონომიურობისა და ეფექტურობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს მხარისათვის მითითება უნდა მიეცა სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების თაობაზე.
ამდენად, საქმის ხელახლა განხილველმა სასამართლომ როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით უნდა შეამოწმოს მ. ხ-ძის სასარჩელო მოთხოვნა და თავის გადაწყვეტილებაში დაასაბუთოს გამოსაკვლევი მოთხოვნის კანონიერება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ხ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.