Facebook Twitter

ას-1276-1123-2010 14 თებერვალი, 2011 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ გ. ხ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შ. ყ-შვილი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი _ ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

N შ. ყ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ხ-ძის მიმართ წარსული დროისა და ყოველთვიური ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: მხარეები იმყოფებიან არარაგისტრირებულ ქორწინებაში. ერთად ცხოვრების პერიოდში, 2008 წლის 7 ნოემბერს, შეეძინათ ერთი შვილი დ. ხ-ძე. არასწრულწლოვანი ბავშვი ცხოვრობს დედასთან. 2009 წლის 22 აპრილს მხარეები დასცილდნენ ერთმანეთს. არასწრულწლოვანი – დ. ხ-ძე საჭიროებს მუდმივ მკურნალობას, მას აქვს მარჯვენა მხარის თანდაყოლილი კრიპტორხიზმი, გ. ხ-ძე კი არ ზრუნავს ბავშვზე. მართალია, მოსარჩელე ამჟამად მუშაობს სს „... ბანკში“ და მისი ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება შეადგენს 600 ლარს, მაგრამ ბავშვის მომვლელისთვის უწევს 300 ლარის გადახდა.

Gგ. ხ-ძემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, ყოველთვიურად 50 ლარის ოდენობით ალიმენტის გადახდის ნაწილში, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა წარსული დროის ალიმენტის დაკისრების ნაწილში არ ცნო უსაფუძვლობის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით შ. ყ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გ. ხ-ძეს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის, 2008 წლის 7 ნოემბერს დაბადებული, დ. ხ-ძის სასარგებლოდ ალიმენტის - 100 ლარის გადახდა ყოველთვიურად სარჩელის აღძვრის მომენტიდან – 2010 წლის 25 მარტიდან მის სრულწლოვანებამდე. შ. ყ-შვილის სარჩელი წარსული დროის ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. ყ-შვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შ. ყ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. შ. ყ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, გ. ხ-ძეს 2008 წლის 7 ნოემბერს დაბადებული დ. ხ-ძის სასარგებლოდ 2010 წლის 25 მარტიდან დაეკისრა ალიმენტის – 150 ლარის გადახდა ყოველთვიურად ბავშვის სრულწლოვანებამდე შემდეგი საფუძვლებით: პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, დადგენილად ცნო, რომ შ. ყ-შვილი და გ. ხ-ძე იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. ერთად ცხოვრების პერიოდში, 2008 წლის 7 ნოემბერს, შეეძინათ ერთი შვილი - დ. ხ-ძე. არასრულწლოვანი ბავშვი ცხოვრობს დედასთან. შ. ყ-შვილი ამჟამად მუშაობს სს „... ბანკში“ და მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 600 ლარს. გ. ხ-ძე მუშაობს საქართველოს კონტროლის პალატაში მძღოლად და მისი შრომითი ანაზღაურებაა თვეში 440 ლარი. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლით, 1214-ე მუხლით და „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27.2-ე მუხლით და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა 100 ლარი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს იმ გონივრულ ოდენობად, რაც აუცილებელია არასრულწლოვნისათვის რჩენა-აღზრდისათვის საჭირო საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად, არამედ, ასეთად უნდა განისაზღვროს 150 ლარი. პალატამ მიუთითა, რომ მშობლების უფლება-მოვალეობათა, ასევე მათი ინტერესების ბალანსებისას ყურადღება უნდა იქნეს გამახვილებული იმ გარემოებაზე, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს მცირეწლოვანი ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს მცირეწლოვანი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა გ. ხ-ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და და ახალი გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობის შემცირება 100 ლარამდე შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად განსაზღვრა ალიმენტის ოდენობა მშობლების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, კერძოდ, მხედველობაში არ მიიღო ის ფაქტი, რომ მოსარჩელის ხელფასი შედგენს 600 ლარს, ხოლო მოპასუხის - 440 ლარს. მოპასუხეს ჰყავს უმუშევარი, ავადმყოფი მშობლები და უმუშევარი ძმა. ამასთან, მტკიცებულების წარდგენის გარეშე გაითვალისწინა მოსარჩელის მითითება ბავშვისთვის ძიძის აყვანის თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 იანვრის განჩინებით გ. ხ-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა გ. ხ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.

მოცემული დავის საგანია ალიმენტის ოდენობა. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. ხ-ძეს უნდა დაუბრუნდეს 2011 წლის 14 იანვარს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის 70% _ 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. ხ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

გ. ხ-ძეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის –150 ლარის 70% _ 105 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.