Facebook Twitter

¹ას-1276-1533-09 29 მარტი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ლ. ლაზარაშვილი, თ. თოდრია

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ფ. რ-ოვის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ა. მ-ოვა-რ-ოვას სარჩელი ფ. რ-ოვის მიმართ და 1996 წლის 19 ივნისს დაბადებული რ. რ-ოვის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის – ა. მ-ოვა-რ-ოვას საცხოვრებელი ადგილი.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ფ. რ-ოვმა და მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ფ. რ-ოვის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ფ. რ-ოვსა და ა. მ-ოვა-რ-ოვას რეგისტრირებული ქორწინებიდან შეეძინათ ორი შვილი: ნ. რ-ოვა და რ. რ-ოვი;

ფ. რ-ოვსა და ა. მ-ოვა-რ-ოვის შორის არსებული ქორწინება შეწყდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით და მხარეები ამჟამად ცალ-ცალკე ცხოვრობენ;

ფ. რ-ოვი თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა თბილისში, ... ქუჩა ¹63/7-ში მდებარე მშობლების კუთვნილ სახლში მშობლებთან და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე დასთან ერთად. სახლი ორსართულიანი იყო, მაგრამ ფ. რ-ოვისა და მისი შვილების განკარგულებაშია მხოლოდ ერთი ოთახი და სამზარეულო;

მოსარჩელე ა. მ-ოვა-რ-ოვა ცხოვრობდა მშობლებთან და ძმის ოჯახთან ერთად ...... მდებარე სამოთახიან ბინაში, მაგრამ ჰქონდა შესაძლებლობა, შვილთან ერთად ეცხოვრა ...... მდებარე, დეიდის კუთვნილ ოთახნახევრიან ბინაში, რომელიც იმჟამად იყო თავისუფალ მდგომარეობაში; ა. მ-ოვა-რ-ოვას ყოველთვიური შემოსავალი შეადგენდა 200 ლარს;

არასრულწლოვანი რ. რ-ოვის სურვილი იყო, მშობელთა დაშორების შემთხვევაში ეცხოვრა დედასთან – ა. მ-ოვა-რ-ოვასთან. დასახელებული გარემოება დასტურდებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 19 ივნისის სხდომის ოქმიდან, რომელშიც დაფიქსირებული იყო რ. რ-ოვის ჩვენება. სასამართლოს მიერ არასრულწლოვან რ. რ-ოვის გამოკითხვა განხორციელდა მშობლების დაუსწრებლად, ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ ჩვენება განხორციელდა არასრულწლოვანზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების გარეშე.

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს – სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის, ქ. ვ-ძის შეფასების მიხედვით, არასრულწლოვან რ. რ-ოვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას, მისი უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით, გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო არასრულწლოვნის სურვილი.

პალატამ მიიჩნია, რომ ორივე მშობელს გააჩნდა სათანადო მატერიალური პირობები ბავშვის თავისთან საცხოვრებლად, თუმცა ფ. რ-ოვის მხრიდან იკვეთებოდა ოჯახის წევრებისადმი ემოციურად არასტაბილური, გაუწონასწორებელი დამოკიდებულება (თანაცხოვრების პერიოდში მეუღლეს აყენებდა ფზიკური შეურაცხყოფას, რაც დაადასტურა ასევე პალატის 2009 წლის 15 ოქტომბრის სხდომაზე) აღნიშნული კი, სასამართლოს მოსაზრებით, გამორიცხავდა არასრულწლოვნისათვის კეთილსაიმედო გარემოს შექმნას.

პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად იქნა გათვალისწინებული სოციალური მუშაკის შეფასება, რომელიც ასევე ბავშვის უფლებებისა და სათანადო აღზრდა-განვითარების ინტერესის დაცვის თვალსაზრისით ადგენს საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას ბავშვის სურვილის მხედველობაში მიღების აუცილებლობას.

აღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ფ. რ-ოვმა და მოითხოვა მისი გაუქმება.

კასატორის მითითებით, მიუხედავად მისი მოთხოვნისა და არასრულწლოვანი შვილის რ.-ი რ-ოვის, დაბადებული 19.06.1996 წელში, სურვილისა, რომ ბავშვი საცხოვრებლად დარჩენილიყო მასთან, მის-ზე ქ.თბილისი, ... ქ.¹63/7-ში, მაინც მისი საცხოვრებელი ადგილი მოსამართლემ განსზღვრა დედის, ა. მ-ოვა-რ-ოვას საცხოვრებელი ადგილი. რ-ოვის მითითებით, საქმეში მოიპოვებოდა მისი განცხადება და რ. რუსტმოვის ნოტარიულად დადასტურებული განცხადება, აგრეთვე კლასის დამრიგებლის ა.კ-ოვას და ქართული ენის მასწავლებლის ლ.ა-ძის თანდასწრებით ნათქვამი სურვილი და დაწერილი განცხადება.

საქმეში მოიპოვება ასევე რ.-ის თანხმობა-განცხადება, რომელიც ემთხვევა მის მოთხოვნას, თავად რ.-ის ინტერესებში შედის მასთან ცხოვრება, არ არის გათვალისწინებული მისი მოთხოვნა, რ.-ის ინტერესები და სურვილი, რის გამოც გადაწყვეტილება სავსებით უსაფუძვლოა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფ. რ-ოვმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ოქტომბრის განჩინების გაუქმება.

2010 წლის 29 იანვარს საკასაციო პალატას განცხადებით მომართა ფ. რ-ოვმა და მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

აღნიშნული განცხადების განხილვა დაინიშნა 2010 წლის 19 მარტს. სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა არცერთი მხარე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა განცხადების მოტივების შემოწმების, საქმის მასალების განხილვის შედეგად თვლის, რომ ფ. რ-ოვის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი.

მოცემულ შემთხვევაში კასატორმა _ ფ. რ-ოვმა საკასაციო საჩივარზე უარის თქმით მოახდინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, როგორც პროცესის მონაწილე მხარის ნების გამოვლენა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება განსაზღვრულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამავე კოდექსის 378-ე, 272-ე მუხლების საფუძველზე მიიჩნევს, რომ ფ. რ-ოვის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო მოცემულ საქმეზე უნდა შეწყდეს საკასაციო საჩივრის წარმოება.

საკასაციო სასამართლო 399-ე და 378-ე მუხლების საფუძველზე განუმარტავს კასატორს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი;

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე 284-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დაკმაყოფილდეს ფ. რ-ოვის განცხადება.

შეწყდეს ფ. რ-ოვის საკასაციო საჩივარზე წარმოება;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო

საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ოქტომბრის განჩინება;

განემარტოს კასატორს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის

გამო მას ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს თბილისის სააპელაციო

სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ოქტომბრის

განჩინება საკასაციო წესით.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.