Facebook Twitter

ას-1277-1124-2010 6 იანვარი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ თ. გ-შვილი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ გ. ლ-ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი _ სასაზღვრო მიჯნის აგების ხარჯების განაწილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ლ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. გ-შვილის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის სასაზღვრო მიჯნის აგების ხარჯების ნახევრის _ 16510 ლარის დაკისრება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ლ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით გ. ლ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ლ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, თ. გ-შვილს გ. ლ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 16510 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. გ-შვილის წარმომადგენელმა ვ. ლ-შვილმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 825.5 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის, თ.გ-შვილის მიერ ვ. ლ-შვილისათვის წარმომადგენლობის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მტკიცებულების (მინდობილობის) წარმოდგენა, სადაც რწმუნებულს კასატორის ინტერესების საკასაციო სასამართლოში დაცვასთან ერთად მიენიჭება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, ასევე ვ.ლ-შვილის ადვოკატის მოწმობის ასლის წარმოდგენა.

ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება გაეგზავნა თ.გ-შვილს მის მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით და მითითებულ მისამართზე ჩაბარდა შპს «ჯ. ს.-ს» კანცელარიას 2010 წლის 14 დეკემბერს.

ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში კასატორს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

დასახელებული ნორმა წარმოადგენს ერთგვარ სამოქალაქო-სამართლებრივ სანქციას იმ მხარის მიმართ, რომელმაც სასამართლო განჩინებით დადგენილი საპროცესო ვადის განმავლობაში არ განახორციელა მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის სრულად გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 825.5 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის, თ.გ-შვილის მიერ ვ.ლ-შვილისათვის წარმომადგენლობის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მტკიცებულების (მინდობილობის) წარმოდგენა, სადაც რწმუნებულს კასატორის ინტერესების საკასაციო სასამართლოში დაცვასთან ერთად მიენიჭება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, ასევე ვ.ლ-შვილის ადვოკატის მოწმობის ასლის წარმოდგენა.

ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება გაეგზავნა თ.გ-შვილს მის მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით და მითითებულ მისამართზე ჩაბარდა შპს «ჯ. ს.-ს» კანცელარიას 2010 წლის 14 დეკემბერს (იხ. ტ.II, ს.ფ.104).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სამუშაო ადგილის მიხედვით უწყების გაგზავნის შემთხვევაში სამუშაო ადგილის ადმინისტრაციისათვის ჩაბარება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად განიხილება.

მოცემულ შემთხვევაში, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ადრესატს გაეგზავნა რა სამუშაო ადგილის მიხედვით, პალატა თვლის, რომ შპს «ჯ. ს.-ს» კანცელარიის თანამშრომლისათვის შეტყობინების ჩაბარება უშუალოდ კასატორისათვის ჩაბარებად უნდა იქნას მიჩნეული.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

დასახელებული ნორმის თანახმად, ხარვეზის გამოსოწრებისათვის დადგენილი ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 15 დეკემბერს და, ვინაიდან ვადის უკანასკნელი დღე ემთხვეოდა დასვენების დღეს _ კვირას, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ამოიწურა მომდევნო პირველ სამუშაო დღეს, ორშაბათს _ 20 დეკემბერს.

ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში კასატორს მისთვის დაკისრებული არც ერთი საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც მოცემული საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. გ-შვილის წარმომადგენელ ვ.ლ-შვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.