Facebook Twitter

ას-1281-1128-2010 14 თებერვალი, 2011 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ნ. ი-ოვა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ი. გ-ევი (მოპასუხე)

გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ უძრავი ქონების მიკუთვნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ი-ოვამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. გ-ევის მიმართ საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის 1/2-ზე მესაკუთრედ ცნობისა და უკანონო მფლობელობიდან ფართის გამოთხოვის თაობაზე შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელე 1969 წლის 22 ოქტომბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა აწ გარდაცვლილ ფ. ი-ოვთან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი: ი., ფი. და ილ.. 1982 წელს მოსარჩელის ოჯახმა ი. გ-ევის სახელზე რიცხულ 2094 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ააშენა სახლი ოთხი საცხოვრებელი ოთახით, საერთო ფართობით 163,18 კვ.მ, აქედან საცხოვრებელი ფართია 98,86 კვ.მ, დამხმარე - 16,74 კვ.მ და სხვადასხვა ფართი კი - 47,58 კვ.მ. 1995 წლიდან მეუღლესთან ურთიერთობა დაეძაბა და საცხოვრებლად წავიდა ყაზახეთში. მოსარჩელის არყოფნისას მისმა მეუღლემ ა. გ-ევისგან ისესხა 8 500 აშშ დოლარი. 2001 წლის 28 აგვისტოს მოსარჩელის მეუღლე ფ. ი-ოვი გარდაიცვალა. 2003 წელს ა. გ-ევმა სარჩელით მიმართა სასამართლოს ვალის დაბრუნების შესახებ. მარნეულის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 15 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ა. გ-ევის სარჩელი დაკმაყოფილდა და ნ. ი-ოვას მოსარჩელე ა. გ-ევის სასარგებლოდ დაეკისრა ფ. ი-ოვის მიერ აღებული ვალის დანარჩენი ნაწილის - 8 500 აშშ დოლარის გადახდა. იმავე სასამართლოს 2004 წლის 14 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ასევე დაკმაყოფილდა ა.გ-ევის სარჩელი და ნ. ი-ოვა ცნობილ იქნა აწ გარდაცვლილი მეუღლის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლის ფაქტობრივ მფლობელად, ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა საცხოვრებელი სახლის გაყიდვა იძულებით აუქციონზე. სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში ის გარემოება, რომ საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა, როგორც მოსარჩელის აწ გარდაცვლილ მეუღლის, ასევე მის საკუთრებასაც. ამდენად, სასამართლოს უნდა გაეყიდა არა მისი, არამედ მისი მეუღლის წილი.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი საფუძვლებით: მოპასუხემ მარნეულის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 14 მაისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიერ ჩატარებულ აუქციონზე შეიძინა ფ. ი-ოვის სახელზე რიცხული ბინა, რაც დაარეგისტრირა მის სახელზე საჯარო რეესტრში. არ დაეთანხმა მოსარჩელის არგუმენტს, იმის თაობაზე, რომ სასამართლოს უნდა გაეყიდა მხოლოდ მისი აწ გარდაცვლილი მეუღლის წილი და არა მთლიანად სახლი და მიწის ნაკვეთი.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ი-ოვა სარჩელი არ დაკმაყოფილდა; უარი ეთქვა მოსარჩელეს სადავო უძრავი ნივთის ნახევრის მესაკუთრედ ცნობასა და უკანონო მფლობელობიდან მისი გამოთხოვის შესახებ, გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 12 მარტის განჩინება ი. გ-ევის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ი-ოვამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 სექტემბრის განჩინებით ნ. ი-ოვას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ შეფასებებს, კერძოდ, პალატამ დადგენილად ცნო, რომ ნ. ი-ოვა 1969 წლის 22 ოქტომბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ფ. ი-ოვთან. 1990 წლიდან ფ. ი-ოვის სახელზე ირიცხებოდა 2094 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 163,18 კვ.მ სახლი. 2001 წლის 29 აგვისტოს ფ. ი-ოვი გარდაიცვალა. მარნეულის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა. გ-ევის სარჩელი, მოპასუხე ნ. ი-ოვი ცნობილ იქნა გარდაცვლილი მეუღლის - ფ. ი-ოვის სახელზე რიცხული მარნეულის რაიონის სოფ, ყიზილაჯლოში მდებარე საცხოვრებელი სახლის ფაქტობრივ მფლობელად. აღნიშნული სახლი გაიყიდა იძულებით აუქციონზე სესხის არსებული დავალიანების - 8 500 აშშ დოლარის დაფარვის მიზნით. საჯარო რეესტრის ამონაწერის საფუძველზე, დადგენილად ცნო, რომ სადავო ბინის მესაკუთრეა ი. გ-ევი.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 75-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე და სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლებით და მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. ი-ოვა მიჩნეულია აწ გარდაცვლილი მეუღლის პირველი რიგის მემკვიდრედ და, სამოქალაქო კოდექსის 1483-ე მუხლის თანახმად, ვალდებულია, მთლიანად დააკმაყოფილოს მსესხებლის, ა. გ-ევის, ინტერესები, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ივლისის განჩინებით ასევე უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 26 თებერვლის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ნ. ი-ოვას ოჯახის წევრების სააპელაციო საჩივარი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ. სასამართლომ მიუთითა, რომ მარნეულის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით ფ. ი-ოვის სახელზე რიცხული მარნეულის რაიონის სოფ. ყიზილაჯლოში მდებარე საცხოვრებელი სახლი გაიყიდა იძულებით აუქციონზე სასესხო დავალიანების, 8500 აშშ დოლარის, დაფარვის მიზნით. ქონება 16280 ლარად შეიძინა ი. გ-ევმა და საჯარო რეესტრში აღირიცხა მესაკუთრედ. სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი და ძალაში დატოვა მარნეულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება და მოსარჩელეები გამოასახლა სადავო საცხოვრებელი ბინიდან. სააპელაციო პალატამ ასევე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იყო დაუსაბუთებელი, მის მიერ საქმეზე არ იყო წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მას რაიმე სახის უფლება გააჩნდა სადავო ქონებაზე. სასამართლომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ აუქციონზე რეალიზებული ქონების მესაკუთრე იყო კეთილსინდისიერი მფლობელი და არ შეიძლებოდა, მას შეზღუდვოდა აღნიშნულ ნივთზე საკუთრების უფლება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ნ. ი-ოვამ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1483-ე მუხლი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, უნდა გამოეყენებინა ამავე კოდექსის 1170-ე მუხლი და 1335-ე მუხლის მე-2 ნაწილი. სასამართლოებმა გადაწყვეტილებებში მიუთითეს, რომ ვალი უნდა დაიფაროს ფ. ი-ოვის კუთვნილი წილიდან და, აქედან გამომდინარე, აუქციონზე უნდა გატანილიყო მხოლოდ მისი წილი ქონება, მიუხედავად ამისა, გაიყიდა მოსარჩელის წილიც, რომელიც შეძენილი იყო ერთად ცხოვრების პერიოდში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 დეკემბრის განჩინებით ნ. ი-ოვას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ნ. ი-ოვას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.

მოცემული დავის საგანია უძრავი ქონების მიკუთვნება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. ი-ოვას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.