ას-1283-1538-09 25 მაისი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილისხდომის მდივანი _ ვ.ბოკუჩავა
კასატორი _ სს “კ-ი” (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ქ-ია (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი _ გარიგების ნაწილობრივ ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ქ-იამ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს “კ-ის” მიმართ მხარეთა შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულების მე-9 მუხლის პირობის ბათილად ცნობის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2009 წლის 4 მაისს მხარეთა შორის გაფორმდა ¹01 იპოთეკის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მათ შორის ¹8151 საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული 10 000 ლარის კრედიტის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის კუთვნილი ქ.თბილისში, ... ქუჩის 59-ე კორპუსში მდებარე ¹66 ბინა. ხელშეკრულების მე-9 მუხლის თანახმად, მითითებული თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტის ვადაში დაუბრუნებლობის შემთხვევაში მოპასუხეს უფლება მიენიჭა, მ.ქ-იას დამატებითი ნებართვის გარეშე, პირდაპირ დაესაკუთროს მის ქონებას. გარიგების ეს პირობა ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის მეორე ნაწილს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო ხელშეკრულების მე-9 მუხლი სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის დანაწესს არ ეწინააღმდეგება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით მ.ქ-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით: სასამართლომ დაადგინა, რომ 2009 წლის 4 მაისს მოსარჩელე მ. ქ-იასა და მოპასუხე სს “კ-ს” შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მე-9 მუხლით განისაზღვრა, რომ “9.1. წინამდებარე ერთობლივი განცხადებით იპოთეკარი და მესაკუთრე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მიმართავენ საჯარო რეესტრის თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს (შემდგომში “საჯარო რეესტრი”), რომ საჯარო რეესტრმა იპოთეკარი დაარეგისტრიროს იპოთეკის საგნის მესაკუთრედ, იმ შემთხვევაში თუკი ადგილი ექნება “მსესხებლის” მიერ კრედიტის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში დაუბრუნებლობას. 9.2. ამ ხელშეკრულების 9.1. პუნქტით გათვალისწინებული პირობის დადგომის შემთხვევაში იპოთეკარი სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით (სადაც დამოწმებული უნდა იყოს მხოლოდ ხელმოწერა) მიმართავს საჯარო რეესტრს იპოთეკის საგნის იპოთეკარის საკუთრებაში გადასვლის შესახებ. საჯარო რეესტრი არ ამოწმებს ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტს. იპოთეკარი და მესაკუთრე სთხოვენ საჯარო რეესტრს, რომ იპოთეკარისაგან ზემოაღნიშნული განცხადების მიღების შემდეგ, მესაკუთრისაგან რაიმე დამატებითი თანხმობის გამოთხოვის გარეშე, საჯარო რეესტრმა დაარეგისტრიროს იპოთეკარის საკუთრების უფლება”.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოხსენებული ხელშეკრულების მე-9 მუხლის პირველი ნაწილი შეესაბამება სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის მეორე ნაწილს და არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ იპოთეკის ხელშეკრულების მე-9 მუხლი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, რადგან იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის იპოთეკარის საკუთრებაში გადასვლისათვის საჭიროა მოვალემ გააჭიანუროს გადახდა და მხოლოდ ამის შემდეგ შეადგინონ მხარეებმა ერთობლივი განცხადება, ხოლო ხელშეკრულების მე-9 მუხლი საშუალებას იძლევა, კრედიტორმა მოვალის მიერ გადახდის გაჭიანურებამდე მიმართოს საჯარო რეესტრს იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის საკუთრებაში გადასვლის მოთხოვნით.
სასამართლომ აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტა, რომ, იპოთეკის ხელშეკრულების მე-9 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, იპოთეკარი მხოლოდ იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი, მიმართოს საჯარო რეესტრს იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით, როდესაც მსესხებელი კრედიტის ძირითად თანხას და მასზე დარიცხულ პროცენტს არ დააბრუნებს. აღნიშნული დასკვნა სასამართლომ დააფუძნა სადავო ხელშეკრულების 9.2 პუნქტის პირველ წინადადებას.
სასამართლო დაეთანხმა მოპასუხის მოსაზრებას, რომ საჯარო რეესტრი არ ამოწმებს ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტს. იპოთეკარისაგან განცხადების მიღების შემდეგ, მესაკუთრის დამატებითი თანხმობის გარეშე, იპოთეკის საგანზე უნდა დაარეგისტრიროს იპოთეკარის საკუთრების უფლება. ხელშეკრულების ნორმის კანონშესაბამისობა დგინდება ამ ნორმის კანონშესაბამისობით. მხარეთა ნების არსებობის პირობებში კანონი ითვალისწინებს იპოთეკით დატვირთული ქონების იპოთეკის საკუთრებაში გადასვლას. ის გარემოება, რომ გადაუხდელობის ფაქტი არ დამდგარა, მოცემულ გარიგებას პირობით გარიგებად ხდის, რაც ასევე კანონიერია. გარიგების კანონიერება არ განისაზღვრება იმით, თუ რომელია პირველადი _ ფაქტი, თუ ნება, არამედ იმით, რომ ნება იყოს ნამდვილი, გამოხატული მხარის მიერ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში იპოთეკის ხელშეკრულება მხარეებმა დადეს ნებაყოფლობით და მასში გამოხატული ნება სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის მეორე ნაწილს შეესაბამება.
სასამართლოს მოსაზრებით, ნამდვილია იპოთეკის საგანზე საკუთრების უფლების გადასვლის მინდობა კრედიტორისათვის, რომელიც თავად წყვეტს მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის საკითხს, რაც ასევე კანონიერია.
სასამართლომ ჩათვალა, რომ მხარეთა შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი შეესაბამებოდა სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლს, რადგან სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის მეორე ნაწილი არ უკავშირდება მის პირველ ნაწილს და ეხება მხოლოდ იმ შემთხვევებს, როდესაც იპოთეკარის ხელშეკრულებაში არაფერი იყო ნათქვამი იპოთეკის საგნის პირდაპირ საკუთრებაში გადასვლასთან დაკავშირებით და მხარეები მოგვიანებით მივიდოდნენ ამ აზრამდე. სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში იპოთეკის ხელშეკრულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული იყო იპოთეკის საგნის იპოთეკარის საკუთრებაში პირდაპირი გადასვლის შესაძლებლობა და წესი და ასეთ შემთხვევაში დამატებითი ერთობლივი განცხადება საჭირო აღარ იყო და ეს გადასვლა მხოლოდ იპოთეკარის შესაბამისი განცხადების საფუძველზე უნდა მომხდარიყო. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს აზრით, იპოთეკარს, იპოთეკის ხელშეკრულებით დაუშვია იპოთეკის საგნის საკუთრებაში გადასვლის ორივე წესი (პირდაპირი და ერთობლივი განცხადების მეშვეობით), რაც არ ეწინააღმდეგებოდა სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლს.
ამასთან, სასამართლომ ჩათვალა, რომ იპოთეკის საგნის იპოთეკარის საკუთრებაში გადასვლის დროს არ ილახებოდა მესაკუთრის ინტერესები, რადგან ხელშეკრულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული იყო, რომ “იპოთეკარი და მესაკუთრე სთხოვდნენ საჯარო რეესტრს, რომ იპოთეკარისაგან ზემოაღნიშნული განცხადების მიღების შემდეგ, მესაკუთრისაგან რაიმე დამატებითი თანხმობის გამოთხოვის გარეშე, საჯარო რეესტრს რეგისტრაციაში გაეტარებინა იპოთეკარის საკუთრების უფლება”. სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ წესის გამოყენების დროს მესაკუთრე ინფორმირებული იყო იპოთეკარისაგან იპოთეკის საგნის პირდაპირ მის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე საჯარო რეესტრისთვის განცხადებით მიმართვის შესახებ. ასეთ შემთხვევაში კი მესაკუთრეს მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში (გადახდის გაჭიანურებას ფაქტის არარსებობის ან სხვა შემთხვევაში) უფლება ჰქონდა მიემართა სასამართლოსათვის. მესაკუთრეს ასევე უფლება ჰქონდა, იპოთეკართან ერთად არ მიემართა საჯარო რეესტრისათვის, რომ ამ უკანასკნელს იპოთეკის საგანზე რეგისტრაციაში გაეტარებინა იპოთეკარის საკუთრების უფლება.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მ. ქ-იამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ.ქ-იას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა, მ.ქ-იას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მ.ქ-იასა და სს “კ-ს” შორის დადებული 2009 წლის 4 მაისის ¹01 იპოთეკის ხელშეკრულების 9.2 პუნქტი, დანარჩენ ნაწილში მ.ქ-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მითითება, რომ სადავო იპოთეკის ხელშეკრულების მე-9 მუხლი მთლიანად შეეესაბამება სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის დანაწესს. დასახელებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, პალატამ ჩათვალა, რომ მხარეთა შეთანხმება იპოთეკით დატვირთული ნივთის პირდაპირ კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასვლის თაობაზე თავისთავად უკანონო არ არის და ამ ნაწილში სადავო ხელშეკრულების 9.1. მუხლი, რომლითაც იპოთეკით დატვირთული ნივთი კრედიტორის საკუთრებაში გადავიდა, შეესაბამება სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის პირველ ნაწილს, მაგრამ არსებითი წინააღმდეგობაა სადავო ხელშეკრულების 9.2 მუხლსა და სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის მეორე ნაწილს შორის. სასამართლოს მოსაზრებით, კანონის დასახელებული დანაწესი პირდაპირ და ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე ადგენს, რომ კრედიტორსა და მოვალეს მხოლოდ მაშინ შეუძლიათ მიმართონ საჯარო რეესტრს ერთობლივი განცხადებით, როდესაც მოვალე გააჭიანურებს იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, იპოთეკის საგნის კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასასვლელად მხარეთა შეთანხმების გარდა, ამავდროულად საჭიროა დადგინდეს მოთხოვნის დაკმაყოფილების გაჭიანურების ფაქტი და მხოლოდ ამის შემდეგ შედგეს მხარეთა ერთობლივი განცხადება. ნებისმიერი საწინააღმდეგო შეთანხმება კი ბათილად უნდა ჩაითვალოს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში 2009 წლის 4 მაისის იპოთეკის ხელშეკრულების 9.2 მუხლი სრულიად ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის მეორე ნაწილს, რადგან ადგენს კანონისაგან სრულიად განსხვავებულ წესს – იპოთეკარი სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით, სადაც დამოწმებული უნდა იყოს მხოლოდ ხელმოწერა, მიმართავს საჯარო რეესტრს იპოთეკის საგნის იპოთეკარის საკუთრებაში გადასვლის შესახებ. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლით და მიიჩნია, რომ 2009 წლის 4 მაისის იპოთეკის ხელშეკრულების 9.2 პუნქტი ეწინააღმდეგება კანონით დადგენილ წესს, ანუ სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის მეორე ნაწილს, რის გამოც იგი ბათილად უნდა ჩაითვალოს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სს “კ-ის” წარმომადგენელმა ა.კ-შვილმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-300 მუხლი. აღნიშნული ნორმის პირველი ნაწილის დებულება არ უკავშირდება მეორე ნაწილში ასახულ დანაწესს, არამედ ეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც იპოთეკის ხელშეკრულებაში არაფერია ნათქვამი იპოთეკის საგნის პირდაპირ საკუთრებაში გადასვლასთან დაკავშირებით და მხარეები აღნიშნულზე მოგვიანებით შეთანხმდებიან. აღნიშნულ მსჯელობას ამყარებს ის მოსაზრება, რომ, თუ იპოთეკის ხელშეკრულებაში დათქმულია იპოთეკის საგნის იპოთეკარის საკუთრებაში პირდაპირ გადასვლა, მაშინ დამატებითი ერთობლივი განცხადება საჭირო არ არის და ეს გადასვლა მხოლოდ იპოთეკარის შესაბამისი განცხადების საფუძველზე უნდა მოხდეს. ხელშეკრულების სადავო მე-9 მუხლი ითვალისწინებს იპოთეკარის საკუთრებაში იპოთეკის საგნის გადასვლის დეტალურ წესს, კერძოდ, მსესხებელმა უნდა გაადაცილოს ძირითადი საკრედიტო თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტის გადახდის ვადას და იპოთეკარმა სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით (სადაც დამოწმებული უნდა იყოს მხოლოდ ხელმოწერა) უნდა მიმართოს საჯარო რეესტრს იპოთეკის საგნის იპოთეკარის საკუთრებაში გადასვლის შესახებ. საჯარო რეესტრი არ ამოწმებს ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტს. მან იპოთეკარისაგან ზემოაღნიშნული განცხადების მიღების შემდეგ, მესაკუთრის დამატებითი ნებართვის გარეშე, იპოთეკის საგანზე უნდა დაარეგისტრიროს იპოთეკარის საკუთრების უფლება. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ხელშეკრულების ნორმის კანონშესაბამისობა დგინდება ნორმაში გამოვლენილი ნების კანონიერებით. მოცემულ შემთხვევაში სადავო იპოთეკის ხელშეკრულებით მხარეებმა კანონშესაბამისი ნება გამოავლინეს, რადგან მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა, მხარეთა შეთანხმებისას, ითვალისწინებს იპოთეკით დატვირთული ქონების იპოთეკარის საკუთრებაში გადასვლას. იმის გამო, რომ საკრედიტო თანხის გადახდის ვადა არ დამდგარა, აღნიშნული გარიგება პირობითი ხასიათისაა, რაც ასევე კანონიერია. გარიგების ნორმის კანონიერება არ განისაზღვრება იმით, თუ რომელია პირველადი _ ფაქტი თუ ნება, არამედ იმით, რომ ნება უნდა იყოს ნამდვილი. სადავო იპოთეკის ხელშეკრულებას მხარეებმა ნებაყოფლობით მოაწერეს ხელი, მოვალის თანხმობის არსებობისას იგი უფლებამოსილია, გაასხვისოს კუთვნილი ქონება, რასაც სპეციალური წინაპირობის დათქმა არ ესაჭიროება. სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს წინასწარ დათქმას, რათა მოგვიანებით თანხმობა არ გახდეს საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ანუ, თუ მოგვიანებით თანხმობა მაინც საჭიროა და მე-300 მუხლის ორივე ნაწილი მთლიანობაში უნდა იქნეს გააზრებული, მაშინ ამ ნორმის პირველი ნაწილი კარგავს აზრს და იპოთეკის ნივთი ვერასოდეს გადავა კრედიტორის საკუთრებაში, რადგან მესაკუთრე, რომელმაც სესხის დაბრუნება გააჭიანურა, არ გასცემს აღნიშნულზე თანხმობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს “კ-ის” წარმომადგენელ ა. კ-შვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
მოცემულ შემთხვევაში კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლით გათვალისწინებულ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონდარღვევით გამოტანაზე, რაც კანონის _ სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის არასწორ განმარტებაში გამოიხატა.
აღნიშნული ნორმით იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასვლის წესი განსაზღვრულია შემდეგი სახით: 1. იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი ამ კოდექსით გათვალისწინებულ საფუძველზე შეიძლება გადავიდეს კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული იპოთეკის ხელშეკრულებით. 2. თუ მოვალე გააჭიანურებს იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი შეიძლება გადავიდეს კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში, თუ კრედიტორი და მოვალე ამის თაობაზე ერთობლივი განცხადებით მიმართავენ საჯარო რეესტრს. 3. იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედოტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასვლისას მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ კანონითYან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულიად იზიარებს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას, რომ სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის მეორე ნაწილით, იპოთეკის საგნის კრედიტორის საკუთრებაში გადასვლას წინ უნდა უსწრებდეს მოთხოვნის დაკმაყოფილების გაჭიანურების გამო მხარეთა ერთობლივი განცხადება. აღნიშნული ნორმა შემდეგ აუცილებელ წინაპირობებს ითვალისწინებს: 1. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტი; 2. კრედიტორისა და მოვალის შეთანხმება იპოთეკის საგნის კრედიტორის საკუთრებაში გადასვლის თაობაზე; 3. ამ შეთანხმების საჯარო რეესტრში წარდგენა რეგისტრაციის მიზნით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იპოთეკის ხელშეკრულების, როგორც სანივთო გარიგების იურიდიული ბუნებიდან გამომდინარე, გათვალისწინებულ უნდა იყოს შემდეგი: მხარეთა შორის სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობა, როგორც წესი, ძირითადად სანივთო და ვალდებულებითი გარიგებების დადებით მყარდება, რაც შესაბამისად განაპირობებს სანივთო ან ვალდებულებითი უფლებების წარმოშობას. ამასთან, სანივთო გარიგება განსხვავდება ვალდებულებითი გარიგებისაგან, ვინაიდან ვალდებულებით სამართალში მოქმედებს სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპი (სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლი). სანივთო გარიგებების დროს სახელშეკრულებო თავისუფლება შეზღუდულია. მართალია, მხარეები თავისუფალი არიან იმაში, საერთოდ დადებენ თუ არა სანივთო გარიგებას, მაგრამ მისი შინაარსის განსაზღვრაში კანონით დადგენილ იმპერატიულ დანაწესებს უნდა დაემორჩილონ. ამდენად, სანივთი ხელშეკრულების დადებისას მხარეებმა შეთანხმებული პირობები უნდა მიუსადაგონ კანონს.
მოცემულ შემთხვევაში სადავოს წარმოადგენს კასატორსა და მოწინააღმდეგე მხარეს შორის დადებული ხელშეკრულების 9.1 მუხლის კანონიერება და სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის მეორე ნაწილთან მისი შესაბამისობა. ხელშეკრულების 9.1 მუხლით, წინამდებარე ერთობლივი განცხადებით იპოთეკარი და მესაკუთრე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მიმართავენ საჯარო რეესტრის თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს (შემდგომში “საჯარო რეესტრი”), რომ საჯარო რეესტრმა იპოთეკარი დაარეგისტრიროს იპოთეკის საგნის მესაკუთრედ, იმ შემთხვევაში, თუკი ადგილი ექნება “მსესხებლის” მიერ კრედიტის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტების საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში დაუბრუნებლობას. 9.2 მუხლით კი, ამ ხელშეკრულების 9.1 პუნქტით გათვალისწინებული პირობის დადგომის შემთხვევაში იპოთეკარი სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით (სადაც დამოწმებული უნდა იყოს მხოლოდ ხელმოწერა) მიმართავს საჯარო რეესტრს იპოთეკის საგნის იპოთეკარის საკუთრებაში გადასვლის შესახებ. საჯარო რეესტრი არ ამოწმებს ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტს. იპოთეკარი და მესაკუთრე სთხოვენ საჯარო რეესტრს, რომ იპოთეკარისაგან ზემოაღნიშნული განცხადების მიღების შემდეგ, მესაკუთრისაგან რაიმე დამატებითი თანხმობის გამოთხოვის გარეშე, საჯარო რეესტრმა იპოთეკის საგანზე დაარეგისტრიროს იპოთეკარის საკუთრების უფლება.
მითითებული სახელშეკრულებო პირობა არ შეესაბამება სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის მეორე ნაწილის იმპერატიულ დანაწესს, რაც მისი ბათილობის საფუძველია.
ხელშეკრულების აღნიშნული მუხლი, კასატორის მოსაზრებით, კანონიერია, ვინაიდან მხარეთა ნება გამოვლენილია სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ერთობლივ განცხადებაზე. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მითითებული ერთობლივი განცხადებისათვის მხარეთა ნამდვილი ნებაა საჭირო, თუმცა მოცემულ ხელშეკრულებაში გამოვლენილი ნება სწორედაც, რომ ნაკლის მქონეა, ვინაიდან იგი კანონით დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, წინასწარ არის გამოვლენილი. სადავო სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის მეორე ნაწილით, მხარეთა ერთობლივ განცხადებას წინ უნდა უსწრებდეს ვალდებულების დარღვევის ფაქტი _ ხდომილება, რომელიც უკვე არსებულია, მომხდარია, რაც მოცემულ შემთხვევაში არა გვაქვს.
რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას, რომ გარიგების ნორმის კანონიერება არ განისაზღვრება იმით, თუ რომელია პირველადი _ ფაქტი თუ ნება, არამედ იმით, რომ ნება უნდა იყოს ნამდვილი. კასატორის არგუმენტის საწინააღმდეგოდ საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ ამ ნორმის გამოყენებისათვის, მისი შინაარსიდან გამომდინარე, გადამწყვეტია სწორედ ფაქტის _ ვალდებულების დარღვევის პირველად არსებობა და შემდეგ ნების (იპოთეკის საგნის კრედიტორის საკუთრებაში გადაცემის) გამოხატვა. ვალდებულების დარღვევისას სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა სცილდება რა ძირითადი ვალდებულების შესრულების ფარგლებს, სავსებით გასაგებია კანონმდებლის მიერ მოვალისთვის მე-300 მუხლის მეორე ნაწილით შეთავაზებული არჩევანი _ ნაკისრი ვალდებულების შესრულება ჩაანაცვლოს სხვა შესრულებით. ცხადია, მოვალის ნების გამოვლენა იპოთეკის საგნის კრედიტორის საკუთრებაში გადაცემაზე განპირობებულია იმ ფაქტით, რომ მან ვალდებულება ვერ შეასრულა და ნებაც ნამდვილია, რადგან პირის მიერ გამოვლენილი ნება თანხვედრაშია მის მიერ გაზიარებულ ფაქტებთან: ვალდებულება დარღვეულია, იპოთეკის საგანი იკავებს შესრულების ადგილს. სადავო სახელშეკრულებო დათქმით კი მოვალემ წინასწარ აღიარა არარსებული ფაქტი _ ვალდებულების შეუსრულებლობა (რომელიც ჯერ არ მომხდარა) და აღნიშნულის გამო იპოთეკის საგნის გადაცემა.
შესაბამისად, კანონიერია სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ 2009 წლის 4 მაისის იპოთეკის ხელშეკრულების 9.2 პუნქტი ეწინააღმდეგება კანონით დადგენილ წესს, ანუ სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის მეორე ნაწილს, რის გამოც სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლით, როგორც კანონსაწინააღმდეგო გარიგება, ბათილად უნდა ჩაითვალოს.
უსაფუძვლოა კასატორის მითითება, რომ გადაუხდელობის ფაქტის არარსებობა და მასზე წინასწარ შეთანხმება მოცემულ გარიგებას ხდის პირობით გარიგებად და იგი კანონიერია. მითითებული ნორმის დანაწესი არეგულირებს ისეთ მდგომარეობას, როდესაც მოვალე ვალდებულებას ვერ ასრულებს და აღნიშნულის გამო კრედიტორთან ერთად ერთობლივი განცხადებით მიმართავს საჯარო რეესტრს კრედიტორის საკუთრებაში მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული საგნის გადაცემის თაობაზე. კანონი არ კრძალავს სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული მოქმედების სამომავლოდ განხორციელებაზე წინასწარ შეთანხმებას, მაგრამ, ამასთან, ეს შეთანხმება (რომ მოვალე თანახმაა, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ერთობლივი განცხადებით მიმართოს საჯარო რეესტრს) მხოლოდ სამომავლო მოქმედების განხორციელებაზე _ ერთობლივი განცხადების შედგენაზე თანხმობას უნდა ეხებოდეს. ამგვარი განცხადების წინასწარ შედგენის შესაძლებლობას კანონი არ ითვალისწინებს. ამ დასკვნას ამყარებს სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის მეორე ნაწილში გამოყენებული სიტყვები “თუ მოვალე გააჭიანურებს”, “თუ კრედიტორი და მოვალე ამის თაობაზე ერთობლივი განცხადებით მიმართავენ”. კანონის მითითებული დათქმები შინაარსობრივად მომავალში მოსახდენ მოქმედებებს ასახელებს და მათ, ასევე სამომავლოდ, გარკვეულ იურიდიულ შედეგს უკავშირებს.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მე-300 მუხლის ორივე ნაწილის მთლიანობაში განმარტებით ამ ნორმის პირველი ნაწილი კარგავს აზრს და იპოთეკის საგანი ვერასოდეს გადავა კრედიტორის საკუთრებაში, რადგან მესაკუთრე, რომელმაც სესხის დაბრუნება გააჭიანურა, არ გასცემს აღნიშნულზე თანხმობას. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კანონის ზემოაღნიშნული დათქმით კანონმდებლის ნება ცალსახადაა გამოთქმული და მისი სხვა შინაარსით განმარტება სასამართლოს კომპეტენციას არ წარმოადგენს. ამასთან, სამოქალაქო კოდექსი აწესრიგებს რა კერძო სამართლებრივ ურთიერთობებს, ამ ურთიერთობებში მხარეთა ნება ვალდებულების მიღებაზე და მის შესრულებაზეც გადამწყვეტია, მაგრამ ამავდროულად, ვალდებულების ნებაყოფლობით შეუსრულებლობისას კრედიტორის ინტერესების დაცვა ამავე კოდექსის არაერთი დანაწესითაა გარანტირებული. სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის მეორე ნაწილის გამოყენებაზე მოვალის იძულება დაუშვებელია, თუმცა აღნიშნული არ იძლევა უალტერნატივო დასკვნის საფუძველს, რომ სათანადო პირობების არსებობისას, კეთილსინდისიერი მოვალე, რომელიც ორიენტირებულია ვალდებულების შესრულებაზე და გაცნობიერებული აქვს ვალდებულების დარღვევის თანმდევი მკაცრი იურიდიული შედეგები, არ გამოიყენებს ამ ნორმით გათვალისწინებულ შესაძლებლობას.
ამდენად, სადავოდ მიჩნეული ნორმით კანონმდებელი არაორაზროვნად გამოხატავს თავის ნებას და იგი რაიმე სახის ინტერპრეტაციას და ან სხვა ნორმებთან შესაბამისობაში განმარტებას არ საჭიროებს, რაც მოცემულ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს “კ-ის” წარმომადგენელ ა. კ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.