Facebook Twitter

ას-1284-1131-10 10 მარტი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები _ ნ. ს-ია, კ. კ-ია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ც. გ-ძე, ზ. და ზა. მ-ძეები (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. მ-ძემ, ც. გ-ძემ, ზა. და ზ. მ-ძეებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ნ. ს-იას, კა. და კ. კ-იების მიმართ მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული ქ.თბილისში, ... ¹20 კორპუსში მდებარე ¹7 ბინის მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და მოსარჩელეთათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: პრივატიზაციის ხელშეკრულების თანახმად, სადავო უძრავი ნივთი წარმოადგენს მოსარჩელეთა საკუთრებას. მას უნებართვოდ და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ მოპასუხეები და, არა ერთი მოთხოვნის მიუხედავად, ნებაყოფლობით არ ათავისუფლებენ.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სადავო ფართს ფლობენ მართლზომიერად, კერძოდ, იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსით ბინაში შეასახლა სახელმწიფომ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების _ ც. გ-ძის, მ., ზ. და ზა. მ-ძეების სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეების _ ნ. ს-იას, კა. და კ. კ-იების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა თბილისში, ... ¹20 კორპუსში მდებარე ¹7 ბინა და ის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცათ მოსარჩელეებს _ ც. გ-ძეს, მ. მ-ძეს, ზ. მ-ძეს და ზა. მ-ძეს.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით აპელანტ კა. კ-იას სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოება შეწყდა. ამავე სასამართლოს 2010 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით კი, ნ. ს-იას და კ. კ-იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ნ. ს-ია, კა. და კ. კ-იები სადავო ბინას ფლობენ 2001 წლიდან.

ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის მიერ 2008 წლის 11 სექტემბერს გაცემული ¹1524 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე 2008 წლის 16 სექტემბერს ც. გ-ძე, მ., ზ. და ზა. მ-ძეები საჯარო რეესტრში დარეგისტრირდნენ ქ.თბილისში, ... ¹20 კორპუსის ¹7 ბინის თანამესაკუთრეებად.

სააპელაციო პალატა სრულიად დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მიერ დავის გადაწყვეტისას სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლების გამოყენებას და განმარტა, რომ ვინდიკაციური სარჩელის განხილვისას სასამართლო ამოწმებს სამ ძირითად საკითხს, კერძოდ, უნდა არსებობდეს ნივთი, რომლის უკან დაბრუნებასაც ითხოვს მოსარჩელე; აღნიშნული ნივთი ეკუთვნოდეს მოსარჩელეს და მოპასუხეს არ გააჩნდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეებს აღნიშნულ ნივთზე გააჩნიათ საკუთრების უფლება და მოპასუხეთა მიერ ამ ნივთის ფლობით შეზღუდული არ არიან, რადგან მოპასუხეები სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირებს _ მართლზომიერ მფლობელებს არ წარმოადგენენ. პალატა განმარტავს, რომ კანონი იცავს ნივთზე არა ყოველგვარი ბატონობით განხორციელებულ მფლობელობას, არამედ მხოლოდ მართლზომიერ მფლობელობას, რისი არსებობაც მოპასუხეებმა სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით ვერ დაუდასტურეს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ნ. ს-იამ და კ. კ-იამ გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ კასატორები, როგორც დევნილები, რეგისტრირებული იყვნენ სადავო ბინაში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ისინი მართლზომიერად ფლობდნენ სადავო ფართს. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მიერ მითითებული მერიის სარჩელი დარჩა განუხილველად და რაიმე სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია, ხოლო სადავო ფართი ირიცხება სამშენებლო სამმართველოს ბალანსზე დაუმთავრებელი ნაგებობის სახით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 დეკემბრის განჩინებით ნ. ს-იასა და კ. კ-იას საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული, ამავე განჩინებით არ დაკმაყოფილდა კასატორთა შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ და განემარტათ კასატორებს, რომ მათ შუამდგომლობაში მითითებული გარემოებები არ ქმნიდა საქმის წარმოების შეჩერებისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის «დ» პუნქტით გათვალისწინებულ წინაპირობებს.

კასატორმა კ. კ-იამ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, წარმოადგინა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 მარტის განჩინების ასლი, რომლითაც ¹ას-2-1-2010 საქმეზე შეჩერდა საქმისწარმოება ადმინისტრაციული წესით საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე და სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის განმეორებით განხილვის თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ნ. ს-იასა და კ. კ-იას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, ხოლო კ. კ-იას შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის «დ» პუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია, შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 დეკემბრის განჩინებით კასატორ ნ. ს-იასა და კ. კ-იას შუამდგომლობა ადმინისტრაციული წესით საქმის გადაწვეტამდე არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთელობის გამო. კ. კ-იამ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, წარმოადგინა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 მარტის განჩინების ასლი, რომლითაც ¹ას-2-1-2010 საქმეზე შეჩერდა საქმის წარმოება ადმინისტრაციული სამართლის წესით განსახილველ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე და სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის განმეორებით განხილვის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო განმეორებით განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი მტკიცების ტვირთის გათვალისწინებით, თითოეული მხარე ვალდებულია, უტყუარად დაადასტუროს იმ შუამდგომლობის საფუძვლიანობა, რომელსაც იგი აყენებს სასამართლო წინაშე და სასამართლო, თავის მხრივ, შუამდგომლობის დაკმაყოფილება-არდაკმაყოფილების საკითხს სწორედ მხარის მიერ მითითებული გარემოების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად გადაწყვეტს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის «დ» პუნქტი ადგენს სასამართლოს ვალდებულებას, შეაჩეროს საქმის განხილვა იმ შემთხვევაში, თუ მის წარმოებაში არსებული საქმის გადაწყვეტა შეუძლებელია ადმინისტრაციული სამართლის წესით განსახილველ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. აღნიშნული ნორმის დანაწესი გამომდინარეობს იქიდან, რომ კანონიერ ძალაში შესული ადმინისტრაციული წესით განხილულ საქმეზე დადგენილ ამ თუ იმ ფაქტობრივ გარემოებას მიენიჭება პრეიუდიციული მნიშვნელობა სამოქალაქო სამართლის წესით განსახილველი შეჩერებული საქმის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის «დ» პუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, თუ რამდენადაა შესაძლებელი საქმის განხილვა და გადაწყვეტა ადმინისტრაციული წესით განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაზიარების გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მივა დასკვნამდე, რომ მის წარმოებაში არსებული საქმის განხილვა ობიექტურად შეუძლებელია გადაწყდეს ადმინისტრაციული წესით განსახილველი საქმის გადაწყვეტამდე, იგი დააკმაყოფილებს შუამდგომლობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, უარს ეტყვის მას დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული განმტკიცებულია სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების პრინციპითაც, რათა უსაფუძვლოდ არ დაზარალდეს და შეილახოს მოწინააღმდეგე მხარის ინტერესები თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში და ამ მხარეს საქმის წარმოების შეჩერებით არ მიადგეს ზიანი.

პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემული დავის საგანი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვაა, ხოლო საქმეში არსებული 2009 წლის 15 სექტემბრის განჩინების თანახმად, კა. კ-იას ადმინისტრაციული სარჩელი ქ.თბილისის მერიისა და ქ.თბილისის ისანი სამგორის რაიონის გამგეობის მიმართ ქ.თბილისის მერიის 2009 წლის 11 აგვიტოს ¹1027 განკარგულებისა და ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის 2008 წლის 5 სექტემბრის ¹7-655 დადგენილების ბათილად ცნობის შესახებ მიღებულ იქნა სასამართლოს წარმოებაში. საკასაციო სასამართლოს წარმოებაში არსებული სამოქალაქო საქმის დავის საგნისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 15 სექტემბრის განჩინების ანალიზის შედეგად პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საქმის განხილვისა და გადაწყვეტისათვის სავალდებულო წინაპირობას არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა, შესაბამისად, მოცემული სამოქალაქო საქმის შეჩერება არ არის მიზანშეწონილი.

რაც შეეხება თავად საკასაციო საჩივრის დასაშვებობას, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.

მოცემული დავის საგანია უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლებს. აღნიშნული პრაქტიკა ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

კ. კ-იას შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

ნ. ს-იასა და კ. კ-იას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.