¹ას-1285-1540-09 15 მარტი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ ნ. მ-ძე (წარმომადგენელი ნ. ფ-ური)
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) _ ნი. მ-ძე, შ. კ-შვილი, მ. ბ-შვილი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი _ სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება, სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, სამკვიდრო ქონების მიკუთვნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 2 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა ნ. მ-ძემ. 2008 წლის 8 სექტემბერს ხარვეზის შევსების მიზნით წარდგენილ განცხადებაში მოსარჩელედ ნ. მ-ძესთან ერთად მიეთითა დ. მ-ძე. მოპასუხეებად დასახელდნენ ნი. მ-ძე, შ. კ-შვილი და მ. ბ-შვილი. მოსარჩელემ მოითხოვა: აწ გარდაცვლილი დ. მ-ძის დანაშთ ქონებაზე სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გაგრძელება, აღნიშნულ ქონებაზე ნოტარიუს თ. ო-ის მიერ 2004 წლის 12 ივლისს გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების შეტანა და სამკვიდრო ქონების გაყოფა (ტომი I, ს.ფ. 2-12, 31-33).
2008 წლის 6 ოქტომბერს იმავე სასამართლოში წარდგენილი დაზუსტებული სარჩელით ნ. და დ. მ-ძეებმა მოთხოვნა გაზარდეს, კერძოდ, მათ დამატებით მოითხოვეს მოპასუხე ნი. მ-ძის მიერ სადავო უძრავი ქონების გასხვისების გამო ამ უკანასკნელისათვის 25 000-25 000 აშშ დოლარის დაკისრება (ტომი I, ს.ფ. 99-110, 111-112, 149-150).
საბოლოო მოთხოვნები ამგვარად ჩამოყალიბდა:
ა. სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გაგრძელება;
ბ. ნოტარიუს თ. ო-ის მიერ 2004 წლის 15 იანვარს ნი. მ-ძის სახელზე გაცემული კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, რომლითაც ეს უკანასკნელი ცნობილ იქნა მეუღლის, მამკვიდრებელ დ. მ-ძის პირველი რიგის მემკვიდრედ;
გ. 2008 წლის 22 სექტემბერს ნი. მ-ძესა და შ. კ-შვილს შორის თბილისში, ... ქ. ¹51-ში მდებარე ¹15 ბინაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა;
დ. 2008 წლის 20 ოქტომბერს ამავე ბინაზე შ. კ-შვილსა და მ. ბ-შვილს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა;
ე. სამკვიდრო ქონების, თბილისში, ... ქ. ¹51-ში მდებარე 15 ბინის მოსარჩელეებისათვის თანაბარწილად მიკუთვნება (ტომი II, 11-38).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 24 თებერვლის საოქმო განჩინებით ნ. მ-ძის (წარმომადგენელი ნ. ფ-ური) შუამდგომლობა მტკიცებულების სახით მოპასუხეთა სატელეფონო ზარების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, 2009 წლის 26 მარტის საოქმო განჩინებით ასევე არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა გაზეთ “სიტყვა და საქმის” მტკიცებულების სახით საქმეზე დართვის შესახებ (ტომი II, ს.ფ. 158-166, 199-215).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2009 წლის 26 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დ. მ-ძეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა. აღნიშნული გადაწყვეტილების გამოტანის საფუძვლად საქალაქო სასამართლომ მიუთითა სასამართლო სხდომაზე როგორც მხარის (დ. მ-ძე), ისე მისი წარმომადგენლის (ნ. ლ-ია) გამოუცხადებლობა. მართალია, სასამართლო სხდომის დაწყებამდე ნ. ლ-იამ განცხადებით მიმართა სასამართლოს და განმარტა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ ცხადდებოდა სასამართლო პროცესზე, მაგრამ, საქალაქო სასამართლოს მითითებით, ამ უკანასკნელმა არ წარადგინა ჯანმრთელობის გაუარესებისა და პროცესზე გამოუცხადებლობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საპატიო მიზეზების დამადასტურებელი მტკიცებულება (ტომი II, ს.ფ. 219-221).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. მ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები, სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალა გადახდილად.
საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2003 წლის 23 დეკემბერს გარდაიცვალა მოსარჩელე ნ. მ-ძის მამა დ. ი.ს ძე მ-ძე;
დ. მ-ძე გარკვეული პერიოდის განმავლობაში (2000 წლიდან) რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე ნი. მ-ძესთან;
მამკვიდრებელ დ. მ-ძის სახელზე გარდაცვალების დროისათვის ირიცხებოდა უძრავი ქონება, რომელიც მდებარეობდა თბილისში, ... ქ. ¹51-ში, ბინა ¹15;
ნ. და დ. მ-ძეებს მამასთან ჰქონდათ ცუდი ურთიერთობა. 1999-2000 წლებში მამა-შვილს დ. ი.ს ძე მ-ძესა და დ. დ.ის ძე მ-ძეს შორის სასამართლოში მიმდინარეობდა ქონებრივი დავა თბილისში, ... ქ. ¹62-ში მდებარე ბინის თაობაზე;
2004 წლის 15 იანვარს ნოტარიუსმა თ. ო-მა მოპასუხე ნი. მ-ძის სახელზე, ამ უკანასკნელის მიერ 2000 წლის 7 ნოემბერს დ. მ-ძესთან ქორწინების რეგისტრაციის დამადასტურებელი ქორწინების მოწმობის წარდგენის შემდეგ, გასცა კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა ¹2-69, რომლითაც ნი. მ-ძე ცნობილ იქნა მეუღლის, მამკვიდრებელ დ. მ-ძის პირველი რიგის მემკვიდრედ. სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ნი. მ-ძე საჯარო რეესტრში აღირიცხა დ. მ-ძის დანაშთი სამკვიდრო ქონების _ თბილისში, ... ქ. ¹51-ში მდებარე ¹15 ბინის მესაკუთრედ;
2008 წლის 22 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით ნი. მ-ძემ თბილისში, ... ქ. ¹51-ში მდებარე ¹15 ბინა მიჰყიდა შ. კ-შვილს, რომლის საფუძველზეც იგი საჯარო რეესტრში აღირიცხა სადავო ბინის მესაკუთრედ;
შ. კ-შვილმა ზემოაღნიშნული ბინა 2008 წლის 20 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით გაასხვისა მ. ბ-შვილზე, რომლის საფუძველზეც მ. ბ-შვილი საჯარო რეესტრში აღირიცხა ამ ბინის მესაკუთრედ;
ნ. მ-ძე არის რუსეთის მოქალაქე, ცხოვრობს და მუშაობს მოსკოვში. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 30 აგვისტოს ¹523 ბრძანებულებით ნ. მ-ძეს, როგორც უცხო ქვეყნის _ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, მცხოვრებს რუსეთის ფედერაციაში, მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა;
ნ. მ-ძის მეუღლის ძმა ა. ბ-ძე ცხოვრობდა და ამჟამადაც ცხოვრობს აწ გარდაცვლილი დ. მ-ძის მეზობლად, თბილისში, ... ქ. ¹51-ში მდებარე ¹90 ბინაში, კორპუსის აშენების დროიდან. დ. მ-ძის გარდაცვალების შესახებ მან დროულად შეიტყო, მაგრამ მოსარჩელისათვის არ შეუტყობინებია, რადგან იმედოვნებდა, რომ სხვა ნათესავები შეატყობინებდნენ;
მამკვიდრებელ დ. მ-ძესა და მოპასუხე ნი. მ-ძეს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა 2003 წლის 24 ივნისს.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენლის მტკიცება იმის შესახებ, რომ ნ. მ-ძე 2003 წლის შემდეგ, 2008 წლის ზაფხულამდე, საქართველოში არ ჩამოსულა. მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ნ. მ-ძის მიერ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის ფაქტი დაფიქსირდა 2003 წლის 25 ივლისს (საქართველოში იმყოფებოდა 2003 წლის 23 აგვისტომდე), 2004 წლის 30 ივნისს (საქართველოში იმყოფებოდა 2004 წლის 29 აგვისტომდე), 2004 წლის 20 ოქტომბერს (საქართველოში იმყოფებოდა 2004 წლის 27 ოქტომბრამდე), 2005 წლის 24 ივლისს (საქართველოში იმყოფებოდა 2005 წლის 2 სექტემბრამდე), 2006 წლის 30 ივლისს (საქართველოში იმყოფებოდა 2006 წლის 6 სექტემბრამდე) და 2008 წლის 6 ივლისს (საქართველოში იმყოფებოდა 2008 წლის 26 ოქტომბრამდე).
საქალაქო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1426-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გადაცილების მიზეზები საპატიოდ იქნება მიჩნეული.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გაშვების საპატიო მიზეზად მიიჩნევდა მამასთან ურთიერთობის არქონას, საქართველოში 2003 წლის შემდეგ ჩამოუსვლელობას. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ნ. მ-ძემ მამის გარდაცვალების შესახებ შეიტყო შემთხვევით, როდესაც საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობის ასაღებად 2008 წლის ზაფხულში ჩამოვიდა საქართველოში. მას შემდგომ, რაც სასამართლომ მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე გადაამოწმა მოსარჩელის მიერ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შესახებ ინფორმაცია, დადასტურდა, რომ ნ. მ-ძე 2003 წლის შემდეგ ყოველწლიურად (გარდა 2007 წლისა) ჩამოდიოდა საქართველოში საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდით. ამასთან დაკავშირებით მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ, საქართველოში პერიოდულად ჩამოსვლის მიუხედავად, ნ. მ-ძემ მამის გარდაცვალების შესახებ გვიან შეიტყო.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელემ ფაქტობრივი გარემოებები გადმოსცა არასრულყოფილად, რაც გამოიხატა თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოში თითქმის ყოველწლიურად ჩამოსვლის ფაქტის დამალვაში. ამდენად, საპატიო მიზეზის არსებობის დასაბუთება მოსარჩელის მხრიდან სუბიექტურად, ფაქტების დამახინჯებით წარმოჩინდა, რამაც სასამართლოს შეუქმნა შინაგანი რწმენა მოსარჩელის არაკეთილსინდისიერების თაობაზე.
იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის ახლო ნათესავი (მეუღლის ძმა ა. ბ-ძე) წარმოადგენდა მამკვიდრებლის მეზობელს, საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელეს ჰქონდა რეალური შესაძლებლობა გამოეჩინა წინდახედულება და მიეღო შესაბამისი ზომები თავისი ქონებრივი ინტერესების დასაცავად, სახელდობრ, დაინტერესებულიყო მამის ჯანმრთელობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მამკვიდრებლის ფაქტის არცოდნის გამო, მოსარჩელის მიერ სამკვიდროს მიღების ვადის გაშვება, მისივე დაუდევრობით იყო გამოწვეული და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ფონზე არ შეიძლებოდა შეფასებულიყო როგორც საპატიო.
საქალაქო სასამართლომ ნ. მ-ძის სასარჩელო მოთხოვნები კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის შესახებ არ დააკმაყოფილა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ისინი იყო აღიარებითი ხასიათის. ასეთ შემთხვევაში აუცილებელი იყო მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობა სამართლებრივი ურთიერთობის არარსებობის აღიარების მიმართ. აღიარებითი სარჩელის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობაში იგულისხმებოდა აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად მოსარჩელის მიერ კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევა. მოცემულ შემთხვევაში ნ. მ-ძე კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას ითხოვდა სამკვიდროდან წილის მიღების მიზნით. რამდენადაც სასამართლომ ვერ დაადგინა ნ. მ-ძის უფლება სადავო უძრავი ქონების მიმართ, საქალაქო სასამართლოს მითითებით, სარჩელის დაკმაყოფილება ამ ნაწილში ვერ უზრუნველყოფდა მოსარჩელისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.
საქალაქო სასამართლომ აგრეთვე მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, ამავე კოდექსის 1424-ე მუხლზე, რომელთა თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე; მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო; სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში ნ. მ-ძეს გაშვებული ჰქონდა სამკვიდროს მიღების ექვსთვიანი ვადა, ამასთან, სასამართლოს მიერ ამ ვადის გაშვება არ იქნა მიჩნეული საპატიოდ, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა (ტომი II, 227-234).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-ძემ (წარმომადგენელი ნ. ფ-ური), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. გარდა ამისა, აპელანტმა მოითხოვა საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 24 თებერვლისა და 2009 წლის 26 მარტის განჩინებების გაუქმება და მისი შუამდგომლობების დაკმაყოფილება (ტომი II, ს.ფ. 257-271).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით ნ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, აგრეთვე მათი სამართლებრივი შეფასება.
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომ მოსარჩელემ ფაქტობრივი გარემოებები გადმოსცა არასრულყოფილად, რაც გამოიხატა თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოში თითქმის ყოველწლიურად ჩამოსვლის ფაქტის დამალვაში ანუ საპატიო მიზეზის არსებობის დასაბუთება მოსარჩელის მხრიდან სუბიექტურად, ფაქტების დამახინჯებით წარმოჩინდა, რამაც სასამართლოს შეუქმნა შინაგანი რწმენა მოსარჩელის არაკეთილსინდისიერების თაობაზე. დასაბუთებული იყო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებაც, რომ მოსარჩელეს ჰქონდა რეალური შესაძლებლობა _ გამოეჩინა წინდახედულება, მიეღო შესაბამისი ზომები თავისი ქონებრივი ინტერესების დასაცავად. მამკვიდრებლის გარდაცვალების ფაქტის წლების განმავლობაში არცოდნაზე მითითებით, მოსარჩელის მიერ სამკვიდროს ვადის გაშვება, არ წარმოადგენდა აღნიშნულის საპატიოდ მიჩნევის საფუძველს.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოთხოვნა სამკვიდრო მოწმობისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის შესახებ წარმოადგენდა არა აღიარებით, არამედ _ მიკუთვნებით სასარჩელო მოთხოვნას. დასახელებული მოთხოვნის მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესი მდგომარეობდა მისი, როგორც პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრის მიერ, სამკვიდრო ქონების მიღებაში. საამისოდ, უწინარესად, უნდა დადგენილიყო, რამდენად საპატიო იყო მოსარჩელის მიერ სამკვიდროს მიღების ვადის გაშვება. რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში ასეთი საპატიო გარემოებები მხარემ ვერ დაასაბუთა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია სასამართლოს დასკვნა, რომ სარჩელში მითითებული სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილება ვერ უზრუნველყოფდა მისთვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.
რაც შეეხებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 24 თებერვლისა და 2009 წლის 26 მარტის საოქმო განჩინებების გაუქმების შესახებ აპელანტის მოთხოვნას, სააპელაციო სასამართლომ მათი დაუკმაყოფილებლობა შემდეგნაირად დაასაბუთა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 24 თებერვლის საოქმო განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა მტკიცებულების სახით მოპასუხეთა სატელეფონო ზარების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე. დასახელებული მტკიცებულების მოპოვება მოსარჩელეს, მისივე განმარტებით, სჭირდებოდა ბინის შემძენის კეთილსინდისიერების საკითხის დასადგენად.
ამავე სასამართლოს 2009 წლის 26 მარტის საოქმო განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა გაზეთ “სიტყვა და საქმის” მტკიცებულების სახით საქმეზე დართვის შესახებ. აღნიშნულით, მხარეს სურდა იმის დადასტურება, რომ სადავო ბინა მის რეალურ საბაზრო ფასზე გაცილებით დაბალ ფასად გასხვისდა, რითაც მტკიცდებოდა, რომ შემძენისათვის ცნობილი იყო ბინის ნაკლის თაობაზე.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, დასახელებული საოქმო განჩინებები არ იყო მიღებული საპროცესო ნორმების დარღვევით. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ კვლავ მიუთითა, რომ ბინის შემძენის კეთილსინდისიერების საკითხის და, შესაბამისად, სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებათა ბათილად ცნობის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილება მოცემულ შემთხვევაში ვერ გამოიწვევდა მოსარჩელისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას _ მის მიერ სამკვიდრო ქონების მიღებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებული, კანონიერი იყო და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობდა (ტომი III, ს.ფ. 77-88).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-ძემ (წარმომადგენელი ნ. ფ-ური), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ არასწორად შეაფასა ნ. მ-ძის მიერ რუსეთიდან საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის ფაქტების დროის ამსახველი მტკიცებულება, რამდენადაც მოსარჩელის საქართველოში ჩამოსვლის ფაქტი არ ასაბუთებდა, რომ მისთვის მამის გარდაცვალების შესახებ ცნობილი იყო;
სასამართლომ შეფასება არ მისცა ა. ბ-ძის, როგორც მოწმის ჩვენებას იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ ნ. მხაიძემ არ იცოდა მამის გარდაცვალება. დასახელებული მოწმის განმარტებით, მართალია, მან გაიგო დ. მ-ძის გარდაცვალების თაობაზე, მაგრამ მემკვიდრეებს არ აცნობა, რადგან მისთვის არავის უთხოვია აღნიშნული ფაქტის შვილებისათვის შეტყობინება. მოპასუხე ნი. მ-ძემ იცოდა, რომ ა. ბ-ძე იყო მოსარჩელის მაზლი. სურვილის შემთხვევაში მოპასუხე მიმართავდა ა. ბ-ძეს, რომ მემკვიდრეებისათვის შეეტყობინებინა მამის გარდაცვალების შესახებ;
სასამართლომ არ შეაფასა ნ. მ-ძის ახსნა-განმარტება იმ ნაწილში, სადაც იგი მიუთითებს, რომ მამასთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია;
სასამართლომ ასევე ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ მამასა და შვილებს შორის ცუდი ურთიერთობა, მოსარჩელისათვის მამის გარდაცვალების განზრახ შეუტყობინებლობა, ნ. მ-ძის მიერ ნოტარიუსისათვის მემკვიდრეთა დამალვის ფაქტი, ყალბი ქორწინების მოწმობის წარდგენა _ მიმართული იყო იმისკენ, რომ მემკვიდრეებს არ მიეღოთ მემკვიდრეობა.
სასამართლომ მოსარჩელის მხრიდან მამის გარდაცვალების ფაქტის არცოდნა მიიჩნია არასაპატიოდ და აღნიშნა, რომ ამ უკანასკნელს უნდა გამოეჩინა წინდახედულება, მიეღო შესაბამისი ზომები ქონებრივი ინტერესების დასაცავად. გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული, თუ რომელი კანონი აწესებს ვალდებულებას, მემკვიდრემ გამოიჩინოს წინდახედულება და მიიღოს შესაბამისი ზომები თავისი ქონებრივი ინტერესების დასაცავად.
სასამართლომ სამკვიდრო მოწმობისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილობის ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა დაასაბუთა მათი აღიარებითი ხასიათით. აღიარებითი სარჩელის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობაში სასამართლომ იგულისხმა აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად მოსარჩელის მიერ კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევა. იმ მიზეზით, რომ ნ. მ-ძე კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობას ითხოვდა სამკვიდრო მოწმობის მიღების მიზნით, ხოლო სასამართლომ ვერ დაადგინა მისი უფლება სადავო უძრავი ქონების მიმართ, სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება ვერ უზრუნველყოფდა მისთვის სასურველი შედეგის დადგომას. აღნიშნული მსჯელობის საწინააღმდეგოდ კასატორი მიიჩნევდა, რომ სამკვიდრო მოწმობისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილობის მოთხოვნით აღძრული სარჩელი არ არის აღიარებითი ხასიათის, ვინაიდან მათი ბათილად ცნობის საფუძველზე იგი ითხოვს არაკეთილსინდისიერი მესაკუთრეებისაგან საცხოვრებელი ბინის, როგორც სამკვიდროს მიკუთვნებას.
საკასაციო საჩივარში საუბარია დ. მ-ძის სარჩელთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონსაწინააღმდეგობაზეც. კასატორის მტკიცებით, საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 მარტის სხდომაზე დ. მ-ძის წარმომადგენელ ნ. ლ-იას გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით. სხდომა დანიშნული იყო 26 მარტის დილის 11 საათზე, ხოლო ნ. ლ-იას განცხადება გამოუცხადებლობის შესახებ სასამართლო კანცელარიას ჩაჰბარდა 2009 წლის 26 მარტის დილის 10.20 საათზე. წარმომადგენელმა ითხოვა, რომ სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობა საპატიოდ ჩაეთვალა და იგი სხვა დროისათვის გადაედო, რამდენადაც მისი მარწმუნებელი ცხოვრობდა მოსკოვში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტიდან გამომდინარე, ასეთ ვითარებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელი იყო.
საკასაციო საჩივრის ავტორი შუამდგომლობს ნ. მ-ძის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნებაზე. შუამდგომლობა მოტივირებულია იმით, რომ ნ. მ-ძე არის ინვალიდი, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებაც საქმის მასალებში წარმოდგენილია, ხოლო “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, ინვალიდები საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან (ტომი III, ს.ფ. 102-114).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. მ-ძის საკასაციო საჩივარი სახელმწიფო ბაჟის ნაწილში ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში _ დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ. გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს მიერ სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, ზემოაღნიშნულ ნაწილში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, ნ. მ-ძის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება განსახილველად დაშვებას.
რაც შეეხება ნ. მ-ძის საკასაციო საჩივარს სახელმწიფო ბაჟის დაკისრების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოს მიერ უცვლელად დატოვების ნაწილში, იგი დასაშვებია და ექვემდებარება განხილვას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391.5 მუხლის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. მ-ძის (წარმომადგენელი ნ. ფ-ური) საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ოქტომბრის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში;
2. ნ. მ-ძის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნეს ცნობილი სახელმწიფო ბაჟის დაკისრების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით უცვლელად დატოვების ნაწილში;
3. დაშვებულად ცნობილ ნაწილში საკასაციო საჩივარი განხილულ იქნეს ზეპირი განხილვის გარეშე;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.