Facebook Twitter

საქმე # 330100117002020893

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №563აპ-18 ქ. თბილისი

ა. ჯ. 563აპ-18 15 მარტი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულების - ჯ. ა-ს, ვ. პ. და მათი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჩ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 იანვრის განაჩენით:

ჯ. ა. , - დაბადებული 1… წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტებით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. ჯ. ა-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 12 მაისიდან.

ვ. პ., - დაბადებული 1… წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 58-ე მუხლის გათვალისწინებით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 58-ე მუხლის გათვალისწინებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, მას მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის განაჩენით ვ. პ. მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი - 3 წელი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 8 წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ. პ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათის ხანგრძლივობით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 24 აპრილიდან.

განაჩენით მსჯავრდებულების - ჯ. ა-ს და ვ. პ. მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 22 აპრილს, დაახლოებით 21:30 საათზე, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-9 განყოფილების თანამშრომლები - დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი დ. ხ., უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი ზ. ე. და უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები - ს. ბ. და ი. მ. ასრულებდნენ სამსახურეობრივ მოვალეობას და გადაადგილდებოდნენ ქ. თ., სოფელ ფ. , ბ-ს ქუჩაზე, რა დროსაც დაინახეს რუხი ფერის „OPEL VECTRA-ს“ მარკის ა/მანქანა, სახ.#... . ვინაიდან ავტომანქანის სალონში ანთებული იყო სინათლე, მათ კარგად გაარჩიეს წინა, მარჯვენა სავარძელზე მჯდომი ვ. პ., რომელსაც ხელში ეჭირა პისტოლეტისმაგვარი საგანი, ასევე, მისი თანმხლები პირები - მძღოლი ჯ. ა. და უკანა სავარძელზე მჯდომი ა. ა. იმის შესამოწმებლად, იყო თუ არა აღნიშნული პისტოლეტისმაგვარი ნივთი საბრძოლო იარაღი, ფლობდა თუ არა მას კანონიერად ანდა მანქანაში მყოფ პირებს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ჰქონდათ თუ არა, პოლიციის მუშაკები სწრაფი ნაბიჯით გაემართნენ ავტომანქანისკენ. დ. ხ. დაწინაურდა, მივიდა ავტომანქანასთან მარჯვენა მხრიდან, წარუდგინა თავი მასში მსხდომ პირებს, აჩვენა სამსახურებრივი მოწმობა და მოსთხოვა კარის გაღება. ჯ. ა. და ვ. პ. არ დაემორჩილნენ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, დაქოქეს ავტომანქანა და შეეცადნენ შემთხვევის ადგილიდან მიმალვას. დ. ხ-მ გამოაღო წინა, მარჯვენა კარი და შეეცადა ავტომანქანის სალონში შეეღწია, რათა გასაღების ამოღებით აღეკვეთა მათი მიმალვისა და ნივთმტკიცების გადამალვის საფრთხე. მან ეს ვერ შეძლო, რადგან ვ. პ-მ და ჯ. ა-მ წინააღმდეგობა გაუწიეს, რაც იმაში გამოიხატა, რომ ხელი დაუჭირეს, რითაც არ მისცეს ა/მანქანის გამორთვის საშუალება. ამის შემდეგ მძღოლმა სწრაფად დაძრა ადგილიდან სატრანსპორტო საშუალება და თან გაიყოლეს სალონში სანახევროდ შესული პოლიციის მუშაკი, რა დროსაც ჯ. ა. და ვ. პ. მას აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, ურტყამდნენ ხელებს ხელებსა და სახეში. ასეთ მდგომარეობაში იგი ათრიეს დაახლოებით 500 მეტრზე, რის შემდგომაც ვ. პ-მ მას თავში ბოთლი ჩაარტყა, შემდეგ გადმოაგდეს ავტომანქანიდან, თვითიონ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დ. ხ-ს ვ. პ. და ჯ. ა-ს მიერ მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად მიადგა სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

2. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. ისინი სააპელაციო საჩივრებით ითხოვდნენ განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 მაისის განაჩენი გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა - ჯ. ა-მ, ვ. პ-მ და მათმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ჩ-მ, რომლებიც საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას. კასატორების მოსაზრებით, განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, მსჯავრდებულთა ქმედებას მიეცა არასწორი კვალიფიკაცია და აშკარად არ შეესაბამება მათი ქმედების ხასიათს.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

7. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორების მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო. დაცვის მხარე არ მიუთითებს ისეთი სახის გარემოებებზე, რაც შესაძლოა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შეცვლის ან გაუქმების საფუძველი გამხდარიყო. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები - დაზარალებულ დ. ხ-ს და მოწმეების - ფ. შ-ს, ა. ა-ს, ი. მ-ს, ზ. ე-ს, ს. ბ-ს ჩვენებები, საგამოძიები ექსპერიმენტის ოქმი, დაქტილოსკოპიური, სამედიცინო, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური), ტრასოლოგიური ექსპერტიზების დასკვნები გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებს ჯ. ა-ს და ვ. პ-ს ბრალეულობას. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი შეტანილია იმავე მოტივებით, რითაც მხარემ მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც დეტალურად და ამომწურავად გასცა პასუხი საჩივარს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება.

8. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე) წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულების - ჯ. ა- ს, ვ. პ. და მათი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

პ. ქათამაძე