Facebook Twitter

ას-129-126-2011 7 აპრილი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ნ. გ-ია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ე. ც-ძე, ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა «მ-სი» (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, კრების ოქმის ბათილად ცნობა, უძრავ ნივთზე უფლების აღიარება და ქმედების განხორციელება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. გ-იამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. ც-ძისა და ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა «მ-სის» მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების, კრების ოქმის ბათილად ცნობის, უძრავ ნივთზე უფლების აღიარებისა და ქმედების განხორციელების თაობაზე.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. გ-იას სარჩელი ე. ც-ძისა და ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა «მ-სის» მიმართ არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 ნოემბრის განჩინებით ნ. გ-იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მითითება, რომ საქმეში მოიპოვება ნ. გ-იასა და ამხანაგობა «მ-სს» შორის დადებული გარიგება საცხოვრებელი ბინის (ამ შემთხვევაში იგულისხმება ¹2 ბინა) გადაცემის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ასეთი ხელშეკრულება («ხელშეკრულება საგარანტიო ვალდებულების შესახებ») 2001 წლის 21 ივნისს ნ. გ-იას გაფორმებული აქვს შპს «სნ-თან». ამ ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, შპს «სნ-მა» იკისრა ვალდებულება, ნ. გ-იასთვის ქ.თბილისში, ...ის გამზირ ¹33-ში აშენებულ საცხოვრებელ სახლში გადაეცა 150 კვ.მ საცხოვრებელი ბინა.

თავის მხრივ ამ ხელშეკრულების დადების უფლება შპს «სნ-მა» მოიპოვა 2001 წლის 12 აპრილს ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა «მ-სთან» დადებული ხელშეკრულებით, რომლის პირობების თანახმად, შპს «სნ-მა» იკისრა ვალდებულება, ამხანაგობაში გაწევრიანებული პირების გარდა მოეზიდა ახალი წევრები. გამოესყიდა მიწის ნაკვეთი და განეხორციელებინა მშენებლობისთვის საჭირო სხვა ორგანიზაციული საკითხები. ამხანაგობა «მ-სის» ვალდებულებას წარმოადგენდა მშენებლობის უწყვეტი ფინანსირება. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, ამხანაგობის წევრებთან ხელშეკრულება მშენებლობის პირობების შესახებ უნდა დაედო შპს «სნ-ს».

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სწორედ მითითებული ხელშეკრულებიდან აღმოცენებული ურთიერთობის საფუძველზე ითხოვდა ნ. გ-ია ამხანაგობა «მ-სის» დავალდებულებას, აღედგინა ¹2 ბინა ხელშეკრულებით და თავდაპირველი პროექტით გათვალისწინებულ მდგომარეობაში, რაც გამოიხატებოდა მისთვის ხუთოთახიანი ბინის გადაცემით, რომლის საერთო ფართი, აივნების ჩათვლით, შეადგენდა 170 კვ.მ-ს, ნაცვლად არსებული 147 კვ.მეტრისა.

პალატამ სრულად გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მითითება, რომ საქმეში არ მოიპოვება კანონით განსაზღვრული ფორმის დაცვით შედგენილი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა ამხანაგობა «მ-სის» (თუნდაც შპს «სნ-ის») ასეთ ვალდებულებას.

სასამართლომ როგორც მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტებით, ისე მითითებული მოწმის ჩვენებით და საქმეში არსებული ამხანაგობა «მ-სის» გამგეობის 2006 წლის 15 ივლისის სხდომის ოქმით დაადგინა, რომ სადავო ¹1 და ¹2 ბინებს შორის არსებული ფართი 20 კვ.მ ოდენობით მიეკუთვნა ე. ც-ძეს, ხოლო შენობის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ საჯარო რეესტრში ე. ც-ძის სახელზე აღირიცხებოდა მე-2 სართულზე არსებული ბინა ¹1 ფართით 100 კვ.მ არსებული 80 კვ.მ ნაცვლად. მე-2 სართულზე არსებული ¹1 და ¹2 ბინების საერთო ფართი შეადგენს დაახლოებით 250 კვ.მ-ს, ამჟამად საჯარო რეესტრში ¹1 ბინაზე რეგისტრირებულია ე. ც-ძის სამომავლო საკუთრების უფლება, ხოლო ¹2 ბინა რაიმე ვალდებულებით დატვირთული არ არის. შესაბამისად, უდავოა, რომ ზემოაღნიშნული ოქმის საფუძველზე, შენობის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ, საჯარო რეესტრში დაფიქსირებული ეს წინასწარი მონაცემები შეიცვლება იმდაგვარად, რომ ¹1 ბინის ფართად მიეთითება 100 კვ.მ, ხოლო ¹2 ბინის ფართად _ 150 კვ.მ.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აპელანტმა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებით დადგენილი წესით, ვერ შეძლო თავისი სამომავლო საკუთრების უფლების დადასტურება ¹1 ბინაზეც, რაც ასევე დაუსაბუთებელს ხდის მის დანარჩენ სასარჩელო მოთხოვნებსაც. მოსარჩელე მხარემ ამ ბინაზე თავისი უფლების დასადასტურებლად მიუთითა შპს «სნ-ისა» და ამხანაგობა «მ-სის» ერთობლივ დადგენილებაზე ნ.გ-იასათვის მეორე სართულზე, 90 კვ.მ ფართის ¹1 ბინის გადაცემის შესახებ, რომლის სანაცვლოდაც ნ. გ-იას უარი უნდა ეთქვა შპს «სნ-ის» მიმართ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდაზე. ასევე, შპს «სნ-ის» მიერ დამტკიცებული 2005 წლის 8 აგვისტოს ბინების განაწილების ნუსხაზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული წერილობითი დოკუმენტებითა და მოწმეთა ჩვენებებით, ¹1 ბინაზე შპს «სნ-სა» და ე. ც-ძეს შორის ხელშეკრულება დაიდო გაცილებით ადრე, ვიდრე მოსარჩელე მხარის მიერ მოხმობილი ეს დოკუმენტები შეიქმნებოდა. 2001 წლის 6 აპრილს შპს «სნ-სა» და ე. ც-ძეს შორის დაიდო ხელშეკრულება საგარანტიო ვალდებულების შესახებ, რომლის მიხედვით შპს «სნ-მა» იკისრა ვალდებულება, მოპასუხისთვის ... ¹33-ში აშენებულ სახლში გამოეყო 82 კვ.მ.

ამავდროულად, 2006 წლის 29 მაისს ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა «მ-სს», შპს «სნ-სა» და ე. ც-ძეს შორის დაიდო სამმხრივი ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ამხანაგობა ადასტურებს, რომ ...ის გამზირ ¹33-ში მდებარე ასაშენებელი სახლის მეორე სართულზე მოპასუხეს გამოეყო ¹1 ბინა, რომლის ფართი დაზუსტების შემდეგ წარმოადგენს 100 კვ.მ-ს. ამავე ხელშეკრულებით ე. ც-ძემ თანხმობა გამოთქვა, შეიძინოს მისი კუთვნილი საცხოვრებელი ბინის მიმდებარედ არსებულ 18 კვ.მ და დამატებით გადაიხადოს 5400 აშშ დოლარი.

ამხანაგობა მ-სის 2006 წლის 12 ივლისის გამგეობის სხდომის ¹19 ოქმით დადგინდა ამხანაგობის რიგი წევრების, მათ შორის, ე. ც-ძის სახელზე, ... მდებარე მშენებარე საცხოვრებელ სახლში ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ გადასაცემი საცხოვრებელი ბინების საჯარო რეესტრის სამსახურში საკუთრების უფლებით რეგისტრაცია.

ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ შპს «სნ-ისა» და ამხანაგობა «მ-სის» ერთობლივი დადგენილება, რომელზეც მოსარჩელე მხარე უმთავრესად აფუძნებდა თავის უფლებას ¹1 ბინაზე, გაუქმებულია შპს პ.შ-ძის სახელობის სამედიცინო აკადემიისა და «მ-სის» ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობის გამგეობის 2005 წლის 10 აგვისტოს გაფართოებული სხდომის ოქმით და შპს «სნ-ის» დირექტორისა და ამხანაგობა «მ-სის» გამგეობის თავმჯდომარის 2006 წლის 10 მარტის ერთობლივი დადგენილებით.

რაც შეეხება ბინების განაწილების ნუსხას, რომელიც დათარიღებულია 2005 წლის 8 აგვისტოთი და ხელმოწერილია შპს «სნ-ის» დირექტორის მიერ, იგი ცალკე აღებული ვერ წარმოშობდა რაიმე უფლებას სადავო ბინაზე და ეს ამხანაგობის ყოფილმა თავმჯდომარე თ. შ-შვილმაც დაადასტურა. მან თავის ჩვენებაში მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ეს დოკუმენტი უნდა გამხდარიყო ხელშეკრულების დადების წინაპირობა, ხოლო თუ ხელშეკრულება არ დაიდებოდა, ხსენებული სია აღარ იმოქმდებდა. საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ ნ. გ-იასთან ხელშეკრულება ¹1 ბინაზე არ დადებულა და იგი ვერც დაიდებოდა, რადგან ამ ბინაზე ხელშეკრულება ჯერ კიდევ 2001 წლის 6 აპრილს გაფორმებული იყო ე. ც-ძესთან.

მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ სასარჩელო მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, ვინაიდან დაუდასტურებელი იყო ¹2 ბინის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პარამეტრებთან შეუსაბამობა, ასევე, მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა მისთვის სადავო ¹1 ბინის გადაცემის კანონიერი საფუძვლების არსებობა, რის გამოც დაუსაბუთებელად იქნა მიჩნეული მოსარჩელის მოთხოვნა კრების ოქმების, როგორც მრავალმხრივი გარიგებების ბათილად ცნობის შესახებ, ვინაიდან მოსარჩელეს მათი ბათილად ცნობის მიმართ ნამდვილი იურიდიული ინტერესი არ გააჩნდა.

პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მითითება იმის შესახებაც, რომ სადავო ოქმებში ფაქტობრივად ასახული იყო ე. ც-ძესთან 2001 წლის 6 აპრილსა და 29 მაისს დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სამართლებრივი შედეგი. ამასთან, მოსარჩელე ზემოაღნიშნულ გარიგებებს სადავოდ არ ხდიდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ნ. გ-იამ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლი, 932-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილები და არ გაითვალისწინა, რომ ამხანაგობაში გაწევრიანებით და მის ანგარიშზე შეთანხმებული თანხის გადახდით ნ. გ-იამ პირველმა მოიპოვა უფლება როგორც 170 კვ.მ ¹2 ბინის გადაცემაზე, ასევე მის მომიჯნავედ მდებარე ¹1 ბინაზე. საგულისხმოა, რომ აღნიშნული ბინები იმთავითვე ინდივიდუალიზირებული იყო და მათი ფართი ცალსახად დაფიქსირდა არაერთ დოკუმენტში. სამოქალაქო კოდექსის 485-ე მუხლის თანახმად ნათელია, რომ უფლება ბინაზე ნ. გ-იამ უფრო ადრე მოიპოვა. სადავოს არ წარმოადგენს, რომ ამხანაგობამ ნ.გ-იას მიმართ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა.

სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლიც, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სადავო ¹1 ბინასთან მიმართებით დაირღვა ერთდროულად ორი მოთხოვნა, კერძოდ: 2006 წლის 12 ივლისის სხდომის ¹19 ოქმის მიხედვით, საკითხი განხილულია ამხანაგობის გამგეობის მიერ მაშინ, როდესაც ასეთი საკითხის განხილვა ამხანაგობის წესდებითა და სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმებით მხოლოდ საერთო კრების და არა გამგეობის პრეროგატივაა; ¹1 ბინაზე ნ. გ-იას წინაშე არსებული ვალდებულება დაფიქსირებულია ამხანაგობის და შემსრულებლის ერთობლივი ხელშეკრულებით, რომელიც საგარანტიო ვალდებულების შესრულების შესახებ 2001 წლის 21 ივნისს ნ. გ-იასა და შპს «სნ-ს» შორის სანოტარო წესით გაფორმებული ხელშეკრულების შემადგენელი და განუყოფელი ნაწილია და ამ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის საკითხზე საერთო კრების ნებართვის გარდა აუცილებელი იყო, შემსრულებლისა და ნ. გ-იას ნებართვა და თანხმობა. აღნიშნულთან დაკავშირებით კანონით განსაზღვრულ დაინტერესებულ პირს წარმოადგენს ნ. გ-ია, რადგან ამხანაგობის გამგეობის ხსენებული უკანონო და თვითნებური ქმედება შეეხო უშუალოდ მას. შესაბამისად, არასწორია სასამართლოს მითითება იურიდიული ინტერესის არარსებობაზე. გასაჩივრებული განჩინება ფაქტობრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 თებერვლის განჩინებით ნ. გ-იას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ნ. გ-იას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.

მოცემული დავის საგანია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების, კრების ოქმის ბათილად ცნობისა და უძრავ ნივთზე უფლების აღიარების მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ნ. გ-იას უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 2011 წლის 22 თებერვალს დ. ა-ძისა და ნ. გ-იას მიერ გადახდილი 1475 ლარის 70% _ 1032,5 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. გ-იას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

კასატორ ნ. გ-იას (პირადი ¹...) დაუბრუნდეს დ. ა-ძისა და ნ. გ-იას მიერ შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ «სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე» გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 1032,5 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.