ას-1293-1138-2010 28 თებერვალი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ ა. მ. კ. ს-ევა
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ს-ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის დადგენა, უფლებამონაცვლედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 18 დეკემბერს გარდაბნის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა მ. ს-ძემ მოპასუხე ა. მ. კ. ს-ევას მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის მიერ სამკვიდროს (აწ გარდაცვლილი დედის შ. ს-ევას დანაშთი ქონება მდებარე გარდაბნის რაიონის სოფელ ..., კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართით 700კვ.მ, ნაკვეთი 010, აგრეთვე, მასზე არსებული შენობა-ნაგებობა) ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის დადგენა და მოპასუხის ცნობა გარდაცვლილი დედის შ. ს-ევას უფლებამონაცვლედ (ტომი 1, ს.ფ. 2-11).
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ს-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა: დადგინდა, რომ მოპასუხე ა. მ. კ. ს-ევამ ფაქტობრივი ფლობით მიიღო სამკვიდრო _ აწ გარდაცვლილი დედის შ. ს-ევას დანაშთი ქონება, კერძოდ, გარდაბნის რაიონის სოფელ ... მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართით 700 კვ.მ და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა; ა. მ. კ. ს-ევა ცნობილ იქნა 2009 წლის 8 ივნისს გარდაცვლილი დედის შ. ს-ევას უფლებამონაცვლედ.
რაიონულმა სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2007 წლის 17 დეკემბერს მ. ს-ძესა და შ. ს-ევას (წარმომადგენელი ჯ. ს-ევი) შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, სამი თვის ვადით _ 2008 წლის 17 მარტამდე, ძირითად თანხაზე 3%-ის დარიცხვით, პროცენტის ყოველთვიურად გადახდევინებით, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,3%-ის დარიცხვით საქმის სრულ აღსრულებამდე. სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტების დაბრუნება უზრუნველყოფილ იქნა იპოთეკით. იპოთეკით დაიტვირთა მესაკუთრის (შ. ს-ევას) უძრავი ქონება, კერძოდ, იპოთეკის საგანს წარმოადგენდა გარდაბნის რაიონის სოფელ ... მდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული საცხოვრებელი სახლი. ხელშეკრულება რეგისტრირებული იქნა 2007 წლის 28 დეკემბერს;
შ. ს-ევა გარდაიცვალა 2008 წლის 9 იანვარს;
საქმეში არსებული საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2009 წლის 11 აგვისტოს ¹21/2889/5-9 წერილით დგინდებოდა, რომ გარდაბნის რაიონის სოფელ ... მდებარე, აწ გარდაცვლილ შ. ს-ევას საცხოვრებელ სახლში და საკარმიდამო ნაკვეთზე შ. ს-ევას გარდაცვალების დღიდან ცხოვრობდნენ ამ უკანასკნელის შვილი და რძალი. ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდაბნის რაიონული სამმართველოს 2009 წლის 20 აგვისტოს ¹30/10-გ-4-669 წერილით დგინდებოდა, რომ გარდაბნის რაიონის სოფელ ... მდებარე, აწ გარდაცვლილი შ. ს-ევას საცხოვრებელ სახლში და საკარმიდამო ნაკვეთზე, შ. ს-ევას გარდაცვალების დღიდან ცხოვრობდნენ ამ უკანასკნელის შვილი ა. მ. კ. ს-ევა (მოპასუხე) და რძალი ფ. ი. კ. ს-ევა;
სასამართლო სხდომაზე მოპასუხე ა. ს-ევას წარმომადგენელმა დაადასტურა მოპასუხე ა. ს-ევას მიერ სამკვიდროს ფაქტობრივად მიღების ფაქტი.
რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის არგუმენტაცია იმის თაობაზე, რომ სამკვიდროს ფაქტობრივად მიღებულად ცნობის თაობაზე სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ მემკვიდრეს და რომ მოსარჩელე მ. ს-ძე არის არასათანადო მოსარჩელე. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოპასუხის არგუმენტაცია იმის შესახებ, რომ მოსარჩელე მ. ს-ძემ სასამართლოს მიმართა აღიარებითი სარჩელით, რომელსაც არა აქვს იურიდიული ინტერესი. სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის შეფასებიდან გამომდინარე, იურიდიული ინტერესის არსებობისათვის საჭიროა არსებობდეს დავა მხარეთა შორის უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ, აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, ანუ ამ გადაწყვეტილებას გარკვეული სარგებლობა უნდა მოჰქონდეს მოსარჩელისათვის. მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების პირობები, ვინაიდან მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხე ა. ს-ევას მიერ სამკვიდროს ფაქტობრივად მიღების ფაქტის დადგენას, იმისათვის, რომ უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაციის გზით დაკმაყოფილებულიყო მოსარჩელის მოთხოვნა. ამასთან, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხე ა. ს-ევას აწ გარდაცვლილი შ. ს-ევას უფლებამონაცვლედ ცნობის თაობაზე უკავშირდებოდა იმ იურიდიულ ინტერესს, რომ საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში შესულიყო შესწორება და შესაბამისად მომხდარიყო მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით ანდა ორივე საფუძვლით; 1319-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად; სამოქალაქო კოდექსის 1324-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სამკვიდროს გახსნის ადგილად ითვლება მამკვიდრებლის საცხოვრებელი ადგილი. მოცემულ შემთხვევაში, დგინდებოდა, რომ იპოთეკარი შ. ს-ევა გარდაიცვალა 2009 წლის 8 ივნისს; გარდაბნის რაიონის სოფელ ... მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეა შ. ს-ევა (პ/ნ 12001052056 ს.ფ.18).
სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის შესაბამისად სამკვიდროს იღებს მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს რომ მან სამკვიდრო მიიღო. სასამართლომ მამკვიდრებლის შ. ს-ევას გარდაცვალების დღიდან მემკვიდრე ა. ს-ევას მიერ მამკვიდრებლის საცხოვრებელი სახლის ფაქტობრივად დაუფლება ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად შეაფასა სამკვიდროს მიღებად. სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის შესაბამისად ა. ს-ევა წარმოადგენდა მიღებული სამკვიდროს მესაკუთრეს.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად სამკვიდრო შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის; 1484-ე მუხლზე, რომლის თანახმად მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები.
ზემოთ დასახელებული ნორმის საფუძველზე სასამართლომ განმარტა, რომ აწ გარდაცვლილი შ. ს-ევას მემკვიდრე მოპასუხე ა. ს-ევა ვალდებული იყო დაეკმაყოფილებინა კრედიტორის (მოსარჩელე) მ. ს-ძის ინტერესები, რაც გამომდინარეობდა 2007 წლის 17 დეკემბერს მ. ს-ძესა და შ. ს-ევას (წარმომადგენელი ჯ. ს-ევი) შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან.
რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის განმარტება იმის თაობაზე, რომ სამოქალაქო კოდექსის 453-ე მუხლის თანახმად, შ. ს-ევას გარდაცვალების გამო საქმის წარმოება უნდა შეწყვეტილიყო, რადგან დაუშვებელი იყო ამ უფლების სხვა პირზე გადასვლა. სასამართლომ განმარტა, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე მხარეთა შორის წარმოიშვა სამართლებრივი ურთიერთობა, შესაბამისად სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე ერთ-ერთი მხარის გარდაცვალების შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შეფასებიდან გამომდინარე, აწ გარდაცვლილი შ. ს-ევას უფლებამონაცვლედ ცნობილი უნდა ყოფილიყო მოპასუხე ა. ს-ევა.
რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ კრედიტორის (მოსარჩელე) მ. ს-ძის მიერ დაცული იყო სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა მემკვიდრისადმი მოთხოვნის წარდგენის თაობაზე. საქმეში არსებული საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წერილით დგინდებოდა, რომ მოსარჩელე მ. ს-ძემ სამკვიდროს გახსნის შესახებ შეიტყო 2009 წლის 11 აგვისტოს, ხოლო სარჩელით სასამართლოს მიმართა 2009 წლის 18 დეკემბერს (ანუ სამკვიდროს გახსნის შეტყობინებიდან ექვსი თვის ვადაში) (ტომი 1, ს.ფ. 90-93, 97).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. მ. კ. ს-ევამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი 1, ს.ფ. 102-112).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 სექტემბრის განჩინებით ა. მ. კ. ს-ევას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2007 წლის 17 სექტემბერს მ. ს-ძესა და ჯ. ს-ევს, როგორც შ. ს-ევას წარმომადგენელს, შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ხელშეკრულების შესაბამისად, მ. ს-ძემ შ. ს-ევას ასესხა 32100 აშშ დოლარი. ხელშეკრულება გაფორმდა 3 თვის ვადით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა გარდაბანის რაიონის სოფელ ... შ. ს-ევას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება;
მუდმივმოქმედმა კერძო არბიტრაჟმა “კაუზამ” 2008 წლის 30 ივლისს განიხილა მ. ს-ძის საარბიტრაჟო პრეტენზია და მოპასუხეებს, შ. ს-ევასა და ჯ. ს-ევს პრეტენდენტ მ. ს-ძის სასარგებლოდ დაეკისრათ: სესხის ძირითადი თანხა 32000 აშშ დოლარი, მიუღებელი სარგებელი _ 2008 წლის 17 აპრილიდან გადაწყვეტილების სრულად, ნებაყოფლობით თუ იძულებით აღსრულებამდე, ყოველთვიური 960 აშშ დოლარის და საურავის _ 2008 წლის 17 აპრილიდან გადაწყვეტილების სრულად, ნებაყოფლობით თუ იძულებით აღსრულებამდე ყოველდღიური 96 აშშ დოლარის გადახდა. დადგინდა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია. არბიტრაჟის მიერ 2008 წლის 22 ოქტომბერს დასახელებულ გადაწყვეტილებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი. 2008 წლის 24 დეკემბერს ჩატარდა პირველი იძულებითი საჯარო აუქციონი. იმის გამო, რომ მსურველი არ გამოცხადდა აუქციონი გამოცხადდა დახურულად;
მოვალე შ. ს-ევა გარდაიცვალა 2008 წლის 9 იანვარს;
საქმეზე წარდგენილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2009 წლის 11 აგვისტოს ¹21/2889/5-9 წერილის თანახმად, გარდაბნის რაიონის სოფელ ... მდებარე აწ გარდაცვლილ შ. ს-ევას საცხოვრებელ სახლში და საკარმიდამო ნაკვეთზე, შ. ს-ევას გარდაცვალების დღიდან ცხოვრობენ ამ უკანასკნელის შვილი და რძალი. ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდაბნის რაიონული სამმართველოს 2009 წლის 20 აგვისტოს ¹30/10-გ-4-669 წერილის მიხედვით, გარდაბნის რაიონის სოფელ ... მდებარე, აწ გარდაცვლილი შ. ს-ევას საცხოვრებელ სახლში და საკარმიდამო ნაკვეთზე, შ. ს-ევას გარდაცვალების დღიდან ცხოვრობენ ამ უკანასკნელის შვილი ა. მ. კ. ს-ევა (მოპასუხე) და რძალი ფ. ი. კ. ს-ევა;
მოპასუხე ა. ს-ევას წარმომადგენელმა დაადასტურა მოპასუხის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივად მიღების ფაქტი.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის განმარტება იმის შესახებ, რომ მხოლოდ მემკვიდრეა უფლებამოსილი მიმართოს სასამართლოს იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის მოთხოვნით და რომ მ. ს-ძე წარმოადგენდა არასათანადო მოსარჩელეს. სასამართლომ აღნიშნა, რომ მემკვიდრე, რომელიც ვერ ახორციელებს თავის უფლებას, რადგან ფაქტი, რომლის საფუძველზეც ეს უფლება წარმოიშობა საჭიროებს დადასტურებას, უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს უდავო წარმოების წესით იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის მოთხოვნით. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ყოველ დაინტერესულ პირს უფლებას აძლევს სარჩელით მიმართოს სასამართლოს კანონით გათვალისწინებული ინტერესის დასაცავად. სარჩელის აღძვრის მიზანი, ანუ იურიდიული ინტერესი, თავის მხრივ, განაპირობებს სხვადასხვა სახის სარჩელის არსებობას, როგორიცაა აღიარებითი, მიკუთვნებითი, გარდაქმნითი სარჩელები. კონკრეტულ შემთხვევაში, მოვალის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეს არ მიუღია სამკვიდრო (უძრავი ქონება, რომელიც დატვირთულია იპოთეკით) სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, მაშინ როდესაც ქონება მას ფაქტობრივი ფლობით მიღებული ჰქონდა, ხოლო კრედიტორი ვერ ახორციელებდა თავისი უფლების დაცვას, რაც შესაძლებელი იყო აღიარებითი სარჩელის აღძვრის გზით. ამდენად, მ. ს-ძე წარმოადგენდა პირს, რომელსაც გააჩნდა მატერიალურ-სამართლებრივი ინტერესი მოცემულ დავაში და შესაბამისად, იგი წარმოადგენდა სათანადო მოსარჩელეს.
გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ კრედიტორის, მ. ს-ძის, მოთხოვნა სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე დაკმაყოფილებული იყო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით. მოცემულ სარჩელში დავის საგანს წარმოადგენდა მემკვიდრის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივად მიღების ფაქტის აღიარება და უფლებამონაცვლედ ცნობა. ამდენად, აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები (საარბიტრაჟო გადაწყვეტილების უკანონობის შესახებ) არ წარმოადგენდა მოცემულ დავაში მტკიცების საგანს. ფაქტობრივად, აპელანტის პრეტენზია მიმართული იყო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაზე, რომლის კანონიერების შემოწმება შესაძლებელია “კერძო არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, დაინტერესებული პირის მიერ სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვის გზით (ტომი 2, ს.ფ. 22-30).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. მ. კ. ს-ევამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის მითითებით, მართალია, 2007 წლის 17 დეკემბერს მოსარჩელესა და შ. ს-ევას (რწმუნებული ჯ. ს-ევი) შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, მაგრამ ეს ხელშეკრულება მოქმედებდა 2008 წლის 17 მარტამდე (სამი თვის ვადით), შ. ს-ევა კი გარდაიცვალა 2008 წლის 9 იანვარს. ამ დროს ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ იყო გასული. ამიტომ, სამოქალაქო კოდექსის 109-ე მუხლიდან გამომდინარე, შ. ს-ევას გარდაცვალებით შეწყდა ჯ. ს-ევის უფლებამოსილება, ფაქტობრივად მოვალე გარდაიცვალა კრედიტორის მოთხოვნის წარმოშობამდე ანუ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ვადის გასვლამდე.
კასატორი ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ კერძო არბიტრაჟმა 2008 წლის 30 ივლისს გადაწყვეტილება გამოიტანა გარდაცვლილი შ. ს-ევასა და უფლებამოსილება შეწყვეტილი ჯ. ს-ევის მიმართ. აქედან გამომდინარე, გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 20 აპრილის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში ადგილი ექნება უკანონოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას, რამდენადაც “კერძო არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრების სამთვიანი ვადა გასულია. არბიტრაჟის გადაწყვეტილების შესახებ კასატორისათვის ცნობილი გახდა გარდაბნის სასამართლოში მ. ს-ძის მიერ სარჩელის შეტანის შემდგომ. უფლებამონაცვლეობის დადგენამდე ა. მ. კ. ს-ევა არ იყო უფლებამოსილი გაესაჩივრებინა არბიტრაჟის გადაწყვეტილება.
კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელის მოთხოვნა, რომელიც შეეხება მოპასუხის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივად მიღების სასამართლოს მიერ დადგენას, არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი. ესაა მოთხოვნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის თაობაზე, რაც სამოქალაქო კანონმდებლობით შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ უდავო წარმოების წესით, თუკი სანოტარო მოქმედების შემსრულებელმა ორგანომ უარი უთხრა განმცხადებელს სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე იმის გამო, რომ მას არა აქვს სანოტარო წესით მემკვიდრეობის უფლების ფაქტისა და ქონების ფლობის დასადასტურებლად საჭირო დოკუმენტები ან ასეთი დოკუმენტები არასაკმარისია. ამ შემთხვევაში საუბარია ისეთ დოკუმენტებზე, როგორებიცაა: გადასახადის გადახდის შესახებ ცნობა, ბინის ქირის დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვა ნებისმიერი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია სამკვიდროს მიღების ფაქტის დადასტურება. აღნიშნული მხოლოდ მემკვიდრის უფლებაა. მოსარჩელე მ. ს-ძეს ასეთი მოთხოვნის უფლება არა აქვს, რადგან მის მიერ არ არის დაცული სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნა. კანონის დასახელებული ნორმის მიხედვით, მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მითითებული მოთხოვნის დაუცველობა იწვევს კრედიტორის მიერ მოთხოვნის უფლების დაკარგვას. მოსარჩელეს მემკვიდრე ა. მ. კ. ს-ევასათვის უნდა მიემართა ექვსი თვის განმავლობაში იმ დროიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა შ. ს-ევას გარდაცვალების და სამკვიდროს გახსნის ფაქტი. ასეთს, კასატორის მითითებით, ადგილი ჰქონდა _ 2008 წლის დეკემბერში, როდესაც არბიტრაჟის გადაწყვეტილების აღსასრულებლად განმეორებითი აუქციონი არ ჩატარდა იმის გამო, რომ ცნობილი გახდა მოვალე შ. ს-ევას გარდაცვალების ფაქტი. მიუხედავად ამისა, მ. ს-ძემ სასამართლოს სარჩელით მიმართა 2009 წლის 18 დეკემბერს, სამოქალაქო კოდექსის 1488.1 მუხლით გათვალისწინებული ექვსთვიანი ვადის გასვლის შემდეგ. აქედან გამომდინარე, იგი არის არასათანადო მოსარჩელე, რის გამოც სარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს (ტომი 2, ს.ფ. 34-42).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 დეკემბრის განჩინებით ა. მ. კ. ს-ევას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. მ. კ. ს-ევას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ა. მ. კ. ს-ევას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. მ. კ. ს-ევას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. კასატორ ა. მ. კ. ს-ევას დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.