ას-1294-1139-11 1 მარტი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პ. ქათამაძე, ბ. ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ თ. თ-ია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ თ. ც-შვილი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ქონების მიკუთვნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ნ. ლ-იამ და თ. თ-იამ სარჩელი აღძრეს სასამართლოში თ. ც-შვილისა და ნოტარიუს ბ. ს-ძის მიმართ სამკვიდრო მოწმობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ქონების მიკუთვნების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ლ-იასა და თ. თ-იას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა თ. ც-შვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით თ. ც-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. თ-იამ. კასატორს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი _ 462 ლარის ოდენობით.
თ. თ-იამ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც უარი განაცხადა საკასაციო საჩივრის განხილვაზე და მოითხოვა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 462 ლარის უკან დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ განიხილა განცხადება და მივიდა დასკვნამდე, რომ განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ საქმეზე საკასაციო წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამრთლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. ამავე მუხლის მეორე ნაწილში კი მითითებულია, რომ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
ვინაიდან, თ. თ-იამ უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე, განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ საქმეზე საკასაციო წარმოება შეწყდეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომადე მოსაჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
მოცემულ შემთხვევაში, კასატორს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 462 ლარი. ვინაიდან, კასატორმა უარი განაცხადა საკასაციო საჩივრის განხილვაზე, მას უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 272-ე, 399-ე, 372-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ. თ-იას განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებაზე შეტანილ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ, დაკმაყოფილდეს;
მოცემულ საქმეზე შეწყდეს საკასაციო წარმოება;
თ. თ-იას დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 462 ლარი;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.