¹ ას-1295-1140-2010 1 თებერვალი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ დ. ზ-შვილი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “მ.” (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი _ საიჯარო ხელშეკრულების მოშლილად აღიარება, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, საიჯარო ქირის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს “მ.-მ” სარჩელი აღძრა სასამართლოში ინდივიდუალურ მეწარმე დ. ზ-შვილის მიმართ და მოითხოვა შპს “მ.-სა” და ინდივიდუალურ მეწარმე “დ. ზ-შვილს” შორის საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტილად აღიარება, ქ.თბილისში, ... გამზირ ¹152-ში მდებარე შპს “მ.-ს” საკუთრებაში არსებული 47 კვ.მ ¹2 შენობა-ნაგებობის ინდივიდუალურ მეწარმე “დ. ზ-შვილის” უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და მისთვის შპს “მ.-ს” სასარგებლოდ 2010 წლის 1 ივნისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად საიჯარო ქირის _ 1200 აშშ დოლარის დაკისრება.
მოპასუხე დ. ზ-შვილმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შპს “მ.-სთან” საიჯარო ხელშეკრულება გაგრძელებული აქვს 2013 წლის 30 იანვრამდე. ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს საიჯარო ხელშეკრულების თაობაზე შპს “მ.-სთვის” ცნობილი იყო, რის გამოც მოცემულ შემთხვევაში თვალმაქცური გარიგება არ არსებობს. დ. ზ-შვილი პირნათლად ასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და იხდის საიჯარო თანხას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს “მ.-ს” სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს “მ.-სა” და ინდივიდუალურ მეწარმე “დ. ზ-შვილს” შორის საიჯარო ხელშეკრულება შეწყდა, ქ.თბილისში, ... გამზირ ¹152-ში მდებარე შპს “მ.-ს” საკუთრებაში არსებული 47 კვ.მ შენობა-ნაგებობა ¹2 გამოთხოვილ იქნა ინდივიდუალურ მეწარმე “დ. ზ-შვილის” მფლობელობიდან და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარდა შპს “მ.-ს”, ინდივიდუალურ მეწარმე “დ. ზ-შვილს” შპს “მ.-ს” სასარგებლოდ დაეკისრა 940 ლარის გადახდა 2010 წლის 13 ოქტომბრიდან უძრავი ქონების გამოთავისუფლებამდე შემდეგ გარემოებათა გამო:
2007 წლის 30 იანვარს შპს “ბ.-ს” და ინდივიდუალურ მეწარმე “დ. ზ-შვილს” შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა შპს “ბ.-ს” კუთვნილი უძრავი ქონება. საიჯარო ქირა ყოველთვიურად განისაზღვრა 400 ლარით. მხარეთა შეთანხმებით, იჯარით მიღებული შემოსავლის დაბეგვრის თანხას, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, გადაიხდიდა მოიჯარე. ხელშეკრულების ვადა განისაზღვა 3 წლით და გაგრძელდებოდა ავტომატურად იმავე ვადით, თუ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლამდე მინიმუმ თხუთმეტი დღით ადრე ერთ-ერთი ან ორივე მხარე არ განაცხადებდა უარს ამ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელებაზე. მხარეებს შორის ხელშეკრულება გაგრძელდა 3 წლით, 2013 წლის 30 იანვრამდე.
2010 წლის 19 აპრილს შპს “მ.-სა” და შპს “ბ.-ს” შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შპს “მ.-მ” შეიძინა შპს “ბ.-ს” კუთვნილი ქ.თბილისში, ... გამზირ ¹152-ში მდებარე ¹2 47 კვ.მ შენობა-ნაგებობა.
ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ნასყიდობის საგანი გაცემულია სარგებლობის უფლებით მოიჯარე დ. ზ-შვილის სასარგებლოდ.
საქმეში წარმოდგენილი შპს “მ.-ს” აღმასრულებელი დირექტორის 2010 წლის 10 მაისის წერილით შპს “მ.-მ” დ. ზ-შვილს შესთავაზა გაზრდილი საიჯარო ქირის გადახდა თვეში 15 000 აშშ დოლარის ოდენობით. წერილში აღნიშნულია, რომ შპს “ბ.-სთან” გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებით განსაზღვრული საიჯარო ქირა საბაზრო ფასთან შედარებით საგრძნობლად დაბალია. მიმდინარე თვის 15 რიცხვიდან საიჯარო ქირა შეადგენდა 15 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შპს “მ.-” ცალმხრივად შეწყვეტდა იჯარის ხელშეკრულებას. შპს “მ.-ს” დირექტორის ზემოაღნიშნული წერილი დ. ზ-შვილს იმავე დღეს ჩაბარდა.
მოპასუხემ უარი განაცხადა შეთავაზებული საიჯარო ქირის გადახდაზე. საქმეში წარმოდგენილი 2010 წლის 28 მაისის სალაროს შემოსავლის ორდერით, მან შპს “მ.-ს” გადაუხადა 2 თვის საიჯარო ქირის საფასური 800 ლარის ოდენობით.
ექსპერტიზის ¹7490/03/2 დასკვნის თანახმად, ქ.თბილისში, ... გამზირ ¹152-ში მდებარე კომერციული ფართის საბაზრო საიჯარო ღირებულება 2010 წლის ივნისის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 940 ლარს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 3 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე შპს “მ.-ს” წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოსარჩელე თანახმაა, მოპასუხემ გადაიხადოს ექსპერტის მიერ განსაზღვრული თანხა და დამატებითი ღირებულების გადასახადი.
შპს “მ.-მ” 2010 წლის სექტემბერში მოპასუხეს კვლავ შესთავაზა საიჯარო ქირის გადახდა ექსპერტის დასკვნით დადგენილი ოდენობით, რაზეც მოპასუხემ უარი განაცხადა.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შპს “ბ.-სა” და დ. ზ-შვილს შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 572-ე მუხლის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს “მ.-” წარმოადგენს შპს “ბ.-ს” უფლებამონაცვლეს და მასზე გადადის იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები.
სააპელაციო პალატა არ Eდაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ სადავო ურთიერთობაზე ქირავნობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 562-ე მუხლი არ უნდა გავრცელდეს, ვინაიდან ამავე კოდექსის 581-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე იჯარის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმებით გაუთვალისწინებელი საკითხების გადასაწყვეტად გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს პატივსადებ მიზეზთა გამო ხელშეკრულების შეწყვეტა. აღნიშნული საკითხი კი 581-606-ე მუხლებით არ წესრიგდება.
სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 562-ე მუხლი ემსახურება მეიჯარის ქონებრივი ინტერესის დაცვას, კერძოდ, თუ შეიცვალა საბაზრო ფასი, მხარეთა შორის არსებული შეთანხმების მიუხედავად, კანონი მეიჯარეს ანიჭებს უფლებამოსილებას, მოიჯარეს მოსთხოვოს გაზრდილი საიჯარო ქირა. შეთავაზებული საიჯარო ქირა უნდა შეესაბამებოდეს ბაზარზე არსებულ ფასს. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, გამქირავებლის მიერ გაზრდილი საიჯარო ქირის გადაუხდელობა არის ის პატივსადები საფუძველი, რაც მეიჯარეს აძლევს უფლებას, ცალმხრივად უარი თქვას სახელშეკრულებო ურთიერთობის შემდგომ გაგრძელებაზე.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მხარეთა შორის 2007 წლის 30 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულებით საიჯარო ქირა განისაზღვრა ყოველთვიურად 400 ლარის ოდენობით.
სასამართლომ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის განმარტება, რომ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული საიჯარო ქირა შესაბამისობაშია საბაზრო ფასთან, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნით, სადავო კომერციული ფართის საბაზრო საიჯარო ღირებულება 2010 წლის ივნისის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 940 ლარს. ასევე, დადგენილია, რომ მოიჯარე უარს აცხადებს გამქირავებლის მიერ შეთავაზებულ საბაზრო ქირის გადახდაზე. ამდენად, არსებობს ხელშეკრულების შეწყვეტის კანონით გათვალისწინებული პატივსადები საფუძველი და გამქირავებლის მოთხოვნა კანონიერია.
სამოქალაქო კოდექსის 591-ე მუხლის შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საიჯარო ურთიერთობა დამთავრდა ვადიანი ხელშეკრულების შეწყვეტით. ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, მოიჯარე ვალდებულია, დააბრუნოს საიჯარო ქონება, დაყოვნების შემთხვევაში გადაიხადოს იჯარის ქირა, ხოლო, სამოქალაქო კოდექსის 411-ე და 412-ე მუხლების შესაბამისად, აანაზღაუროს ის ზიანი, რაც მიადგება მეიჯარეს ქონების დაგვიანებით დაბრუნებისათვის. მოცემულ დავაში ასანაზღაურებელი თანხა უნდა განისაზღვროს ყოველთვიურად 940 ლარით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დ. ზ-შვილმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლოს მოცემული დავა უნდა გადაეწყვიტა სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის მეორე ნაწილზე დაყრდნობით და მეიჯარის მიერ შეთავაზებული გაზრდილი თანხის გადაუხდელობა საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლად არ უნდა მიეჩნია, მით უმეტეს, შპს “მ.-ს” სასარჩელო მოთხოვნები ემყარებოდა იმას, რომ დ.ზ-შვილმა უარი განაცხადა არსებული საიჯარო ქირის _ 400 ლარის ნაცვლად, საიჯარო ხელშკერულებასა და საბაზრო ფასებთან შეუსაბამო 15000 აშშ დოლარის გადახდაზე.
სააპელაციო წესით საქმის განხილვისას 940 ლარის გადაუხდელობა არ წარმოადგენდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს, არამედ აღნიშნული იყო ახალი სარჩელის აღძვრის წინაპირობა, რომლითაც დ.ზ-შვილი შესძლებდა კანონით მინიჭებული იმ საპროცესო უფლებების რეალიზებას (შუამდგომლობების დაყენებას, ექსპერტიზის დანიშვნას და ა.შ), რაც მოცემულ შემთხვევაში ვერ განახორციელა. ამდენად, სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 248-ე მუხლის მოთხოვნები.
სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 591-ე მუხლი, ვინაიდან ქირავნობის ურთიერთობა მხარეთა შორის არ დასრულებულა და საიჯარო ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრულია 2013 წლის 30 იანვრამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 იანვრის განჩინებით დ. ზ-შვილის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა დ. ზ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
მოცემული დავის საგანია საიჯარო ხელშეკრულების მოშლის, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და საიჯარო ქირის დაკისრების მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ დ. ზ-შვილს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით დ. და გ. ზ-შვილების მიერ 2011 წლის 20 იანვარს გადახდილი 1704 ლარის 70% _ 1192,8 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ. ზ-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
კასატორ დ. ზ-შვილს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი _ 1192,8 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.