Facebook Twitter

ას-1296-1141-10 31 იანვარი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ი. გ-ოვი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება –Qთბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი – საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობიდან გამომდინარე თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. გ-ოვის სარჩელი მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობიდან გამომდინარე თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. გ-ოვმა და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. გ-ოვმა და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 დეკემბრის განჩინებით ი. გ-ოვს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

2011 წლის 3 იანვარს კასატორმა განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და აღნიშნა, რომ ჰყავს 5 მცირეწლოვანი შვილი, მატერიალურად უჭირს, რის გამოც მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება 2 კვირით.

საკასაციო პალატის 2011 წლის 10 იანვრის განჩინებით ი. გ-ოვის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადა 5 დღით.

2011 წლის 25 იანვარს ი. გ-ოვმა განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება 2 კვირით იმავე საფუძვლით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ი. გ-ოვის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 დეკემბრის განჩინებით ი. გ-ოვს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

2011 წლის 3 იანვარს კასატორმა განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და აღნიშნა, რომ ჰყავს 5 მცირეწლოვანი შვილი, მატერიალურად უჭირს, რის გამოც მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება 2 კვირით.

საკასაციო პალატის 2011 წლის 10 იანვრის განჩინებით ი. გ-ოვის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადა 5 დღით. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად. მიუხედავად ამისა, 2011 წლის 25 იანვარს ი. გ-ოვმა განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და კვლავ მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება 2 კვირით იმავე საფუძვლით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. გ-ოვის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.