Facebook Twitter

ას-1299-1144-10 17 მარტი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ მ. ე-იანი (მოპასუხე)

წარმომადგენელი _ დ. ა-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ ა. ხ-ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. და ს. ხ-ძეებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მ. ე-იანის მიმართ რ.მ-იანის მემკვიდრედ და ქ.თბილისში, ... გამზირის მე-4 კვარტალში, პირველ კორპუსში მდებარე ¹75 ბინის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 1 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა გამოუცხადებლობის გამო, ხოლო ამავე კოლეგიის 2009 წლის 29 დეკემბრის განჩინებით ძალაში დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 აპრილის განჩინებით ა. და ს. ხ-ძეების სააპელაციო საჩივარი ს. ხ-ძის მოთხოვნის ნაწილში დარჩა განუხილველად.

ამავე სასამართლოს 2010 წლის 9 ნოემბრის განჩინებით ა. ხ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი უცვლელად დატოვების თაობაზე გაუქმდა და საქმე ა. ხ-ძის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ შპს «სამედიცინო ცენტრის ...» მიერ (ექიმი ნ. ც-ძე) გაცემულ ცნობაზე, რომლის თანახმად, ა. ხ-ძის წარმომადგენელი 2009 წლის 1 დეკემბერს იმყოფებოდა ზემოხსენებულ სამედიცინო დაწესებულებაში ამბულატორიულ მიღებაზე და დაესვა დიაგნოზი ალგოდისმენორეა. აღნიშნული დიაგნოზი წარმოადგენს რა მტკივნეულ მენტრუაციებს, შეიძლება ხასიათდებოდეს ისეთი სიმპტომებით, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს პირს როგორც პროცესზე გამოცხადებაზე, ასევე ზოგადად გავლენა იქონიოს მის შრომისუნარიანობაზე.

ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 2009 წლის 1 დეკემბერს ა. ხ-ძის გამოუცხადებლობა სასამართლოს სხდომაზე გამოწვეული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით განსაზღვრული სხვა საპატიო მიზეზით – მისი წარმომადგენლის ავადმყოფობით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება მ. ე-იანის წარმომადგენელმა დ. ა-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ა. ხ-ძისა და მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ლ.ა-ძის ავადმყოფობა არასწორად ჩათვალა. შპს «სამედიცინო ცენტრის ...» ცნობა, რომელსაც ხსენებული მოსაზრება ეფუძნება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილს არ შეესაბამება, რადგან მითითებულ დოკუმენტში პირდაპირ არ არის მითითებული მხარის საქმის განხილვაზე გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ და მას ხელს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი არ აწერს.

სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ მხარემ თავისი გამოუცხადებლობის შესახებ მოსამართლის თანაშემწეს ტელეფონით აცნობა, რადგან ასეთ შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ მიიღებოდა.

სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლი, რომლითაც დასაშვებია, მხარემ საქმის განხილვაში თავისი მონაწილეობა უზრუნველყოს წარმომადგენლის მეშვეობით, თუმცა წარმომადგენლობის გაფორმებისას თავად მხარეს არ ეკრძალება სასამართლოზე გამოცხადება. მოცემულ შემთხვევაში ა.ხ-ძეს არ მიუთითებია, რის გამო ვერ გამოცხადდა სასამართლოში და ვერ აცნობა აღნიშნულის შესახებ საქმის განმხილველ კოლეგიას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ე-იანის წარმომადგენელ დ. ა-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილოს მოსარჩელის მოთხოვნა, რომელსაც სასამართლო უწყება საქმის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე კანონის დაცვით ჩაბარდა, თუმცა სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა და არც თავისი გამოუცხადებლობის შესახებ სასამართლოს არ აცნობა. ასეთ შემთხვევაში მხარის გამოუცხადებლობას კანონმდებელი უკავშირებს მოსარჩელის მიერ დავის მიმართ იურიდიული ინტერესის დაკარგვას ან სასამართლოსადმი უპატივცემულობის გამოხატვას.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტი, რომ 2009 წლის 1 დეკემბრის სასამართლო სხდომის თაობაზე მოსარჩელე ა. და ს. ხ-ძეებსა და მათ წარმომადგენელ ლ.ა-ძეს კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობათ. აღნიშნულის მიუხედავად, ისინი საქმის განხილვაზე არ გამოცხადდნენ და არც თავისი გამოუცხადებლობის მიზეზი სასამართლოს არ აცნობეს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად შეაფასა საქმეში ა.ხ-ძის წარმომადგენელ ლ.ა-ძის მიერ წარმოდგენილი შპს «სამედიცინო ცენტრის ...» ცნობა, როდესაც იგი მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელ მტკიცებულებად ჩათვალა, კერძოდ:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით კანონმდებელი განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რომელთა არსებობისას მხარეს გარკვეული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა საპატიოდ ეთვლება, კერძოდ, ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა ობიექტურ გარემოებებს, რომლებსაც შეეძლოთ მხარისათვის ხელი შეეშალათ. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. წარმოდგენილი სამედიცინო ცნობა ხსენებული ნორმის დანაწესს არ შეესაბამება, ვინაიდან მას სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი ხელს არ აწერს და მითითებული დოკუმენტით არ დასტურდება 2009 წლის 1 დეკემბრის სასამართლო სხდომის დღეს ლ. ა-ძის ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რამაც სასამართლოში გამოცხადება ობიექტურად შეუძლებელი გახადა.

დასაბუთებულია კასატორის არგუმენტი იმის შესახებაც, რომ სადავო სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობისა და ამის თაობაზე სასამართლოსათვის შეუტყობინებლობის საპატიო მიზეზზე არ მიუთითებია თავად ა.ხ-ძეს, რომელიც ვალდებული იყო, უზრუნველეყო საქმის განხილვაში მისი მონაწილეობა პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით. მითითებული საპროცესო ვალდებულება მხარეს არ შეუსრულებია და არც აღნიშნულის საპატიო მიზეზი არ დაუსახელებია.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 1 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2009 წლის 29 დეკემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ კანონიერია და მათი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინებით სარწმუნოდ დასაბუთებული არ არის.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

მ. ე-იანის წარმომადგენელ დ. ა-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ნოემბრის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 1 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2009 წლის 29 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.