Facebook Twitter

ას-1300-1145-2010 24 დეკემბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. ლ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. მ-ძე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი _ უკანონოდ აშენებული კედლის დემონტაჟი და ხელშეშლის აღკვეთა

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. მ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე მ. ლ-ძეს დაევალა მის მიერ ქ.ოზურგეთში, ... ¹6-ში მდებარე სახლის მოეთხე სართული საერთო სარგებლობის აივანზე უკანონოდ აშენებული კედლის დემონტაჟი. ასევე მ. ლ-ძეს აღეკვეთა მოპასუხე ნ. მ-ძისათვის საერთო სარგებლობის აივნით სარგებლობაში ხელშეშლა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ლ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ლ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ გასაჩივრებული განჩინების ასლი მ. ლ-ძის წარმომადგენელმა ა. თ-ძემ პირადად ჩაიბარა 2010 წლის 26 ოქტომბერს (ს.ფ.326), ხოლო საკასაციო საჩივარი კი მ. ლ-ძემ ფოსტაში ჩააბარა 2010 წლის 4 დეკემბერს (ს.ფ.339), ე.ი. გასაჩივრების ერთთვიანი საპროცესო ვადის დარღვევით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს სასამართლოს გამოაქვს განჩინება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მ. ლ-ძის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად გასაჩივრების ვადის გაშვების გამო.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ლ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.