Facebook Twitter

ას-1301-1146-2010 14 მარტი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნ. კვანტალიანი, ბ. ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი _ მ. მ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ სს «მ.»

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 28 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით მ. მ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ცვლილებები შევიდა სს «მ-ს» წესდებაში საზოგადოების შინაგანაწესის დამტკიცებისა და ცვლილებებზე პროცედურის განსაზღვრის ნაწილში; შრომით ხელშეკრულებაში გაუქმდა შენიშვნა, როგორც კანონსაწინააღმდეგო; სარჩელი სს «მ-ს» 2002 წლის 24 ივლისის საერთო კრების გადაწყვეტილების გაუქმების, სამეთვალყურეო საბჭოს ახალი შემადგენლობის არჩევის, წესდებასა და შინაგანაწესში ცვლილებების შეტანის, შრომითი კონტრაქტის გაუქმების ნაწილში, არ დაკმაყოფილდა; სარჩელის მოთხოვნაზე ბ. გ-ავასა და ნ. პ-იას თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა (ტომი I, ს.ფ. 258-263).

პირველი ინსტანციის სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-ძემ. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება (ტომი I, ს.ფ. 293-297).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005 წლის 28 აპრილის განჩინებით მ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ «მეწარმეთა შესახებ» კანონის 54.5 მუხლის მიხედვით, განმეორებით მოწვეული აქციონერთა საერთო კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება საწესდებო კაპიტალის არანაკლებ 25%-ის მფლობელი.

მოცემულ შემთხვევაში სს «მ-ს» საერთო კრებას, რომელიც შედგა 2004 წლის 24 ივლისს, ესწრებოდა ხმის უფლების მქონე 425021 აქციის მფლობელი, ანუ 47.7%. ამიტომ, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოხსენებული მუხლის თანახმად, საერთო კრება გადაწყვეტილებაუნარიანი იყო და უფლება ჰქონდა განეხილა ყველა ის საკითხი, რაც სარჩელის მოთხოვნებიდან გამომდინარეობდა.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნები და თავისი გადაწყვეტილებით მხარეს მიაკუთვნა ის, რაც მას არ მოუთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლი გამომდინარეობს ამავე კოდექსით აღიარებული მხარეთა დისპოზიციურობის პრინციპიდან (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი), რომლის თანახმად, უფლების დასაცავად სასამართლოში მხარეები თვითონ განსაზღვრავენ დავის საგანს, სასამართლოს კი უფლება არ აქვს გასცდეს მოთხოვნის ფარგლებს. სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მ. მ-ძის მოთხოვნა შრომითი კონტრაქტის (ხელშეკრულების) უკანონოდ აღიარების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და უკანონოდ ჩაითვალა შრომითი ხელშეკრულება არა მთლიანად, არამედ გაუქმდა კონტრაქტის დამატებითი პუნქტი «შენიშვნა», როგორც კანონსაწინააღმდეგო. ამდენად, სასამართლო სარჩელის მოთხოვნის ფარგლებს არ გასცილებია და არ დაურღვევია საპროცესო კოდექსით დადგენილი პრინციპები.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, რაიონულმა სასამართლომ საზოგადოების წესდებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მოთხოვნის შესაბამისად, კანონიერად დაავალა მოპასუხე საზოგადოების ადმინისტრაციას საწარმოს წესდებაში შრომითი შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ პროცედურის განსაზღვრა. ასევე, სწორი იყო სასამართლოს შეფასება სს «მ-ს» საერთო კრების მიერ ახალ შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაზე გადასვლის, შრომითი ხელშეკრულებების (კონტრაქტების) შემოღებისა და სამეთვალყურეო საბჭოს ახალი შემადგენლობის არჩევის შესახებ, რამდენადაც ყველა ეს საკითხი განიხილა და გადაწყვიტა უფლებამოსილმა ორგანომ _ საწარმოს საერთო კრებამ, «მეწარმეთა შესახებ» კანონის 54.6 მუხლის შესაბამისად (ტომი I, ს.ფ. 364-371).

სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 28 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ან საქმის სააპელაციო სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნება სარჩელის იმ მოთხოვნების ნაწილში, რომლებიც შეეხება აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, შრომის შინაგანაწესის გაუქმებას, მოსარჩელის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად არჩევას და ბ.გ-ავას დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებას.

კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შეაფასა არაჯეროვნად. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და დავა გადაწყვიტა საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით.

საკასაციო საჩივრის თანახმად, აქციონერთა საერთო კრება ჩატარდა კანონდარღვევით, ამასთან, მოცემულ საქმეზე ადგილი ჰქონდა სხდომის ოქმის გაყალბებას (ტომი 3, ს.ფ. 12-28, 53-60).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 თებერვლის განჩინებით მ. მ-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოაღნიშნული საფუძვლით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. მ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. მ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.