Facebook Twitter

ას-130-124-2010 26 აპრილი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ბ. ტ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ვ. დ-შვილი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 26 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. დ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ. ტ-ძის მიმართ მოპასუხის ბრალეული ქმედებით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების _ 8993.8 ლარის დაკისრების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2008 წლის 25 ნოემბერს ვ.დ-შვილი კუთვნილი ავტომანქანით მოძრაობდა რა ქ.თბილისში, ......... გამზირზე, მოპასუხის ბრალით შეემთხვა ავტოსაგზაო შემთხვევა და მიადგა 8993,8 ლარის ოდენობის ზიანი, რაც ბ.ტ-ძეს უნდა დაეკისროს.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მას ბრალი არ მიუძღვის.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით ვ. დ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბ. ტ-ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3093,80 ლარის გადახდა, ხოლო მიუღებელი შემოსავლის _ 900 ლარისა და მორალური ზიანის _ 5000 ლარის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ბ.ტ-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 26 ნოემბრის განჩინებით ბ. ტ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება ბ. ტ-ძის ბრალეულობის შესახებ, რაც, აპელანტის მოსაზრებით, ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით უნდა დადასტურდეს. პალატამ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს. განსახილველ შემთხვევაში, ბ. ტ-ძის ბრალეულობა დგინდება შესაბამისი მტკიცებულებებით, კერძოდ, სისხლის სამართლის ¹......... საქმეზე წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 27 ოქტომბრის დადგენილების თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეული იყო მძღოლის _ ბ. ტ-ძის მიერ სატრანსპორტო საშუალების არასწორი მართვის შედეგად, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ¹ბა829690 ოქმით დგინდება სამართალდარღვევის ბ. ტ-ძის მიერ ჩადენის ფაქტი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლების პირველი ნაწილების თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ბ. ტ-ძის ბრალეულობა დადგენილია შესაბამისი მტკიცებულებებით, რაც შეეხება აპელანტის მითითებას მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მისი ბრალეულობის არარსებობის შესახებ, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით და ჩათვალა, რომ ზიანის ანაზღაურების მოვალეობის წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომლის ჩადენაშიც ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი და მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. ამ პირობების ერთობლიობა წარმოადგენს იურიდიულ შემადგენლობას და თუნდაც ერთ-ერთი მათგანის არარსებობა გამორიცხავს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას. სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების ყველა პირობა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ბ. ტ-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, მე-4 და 102-ე მუხლების დანაწესები და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სისწორე არ შეამოწმა. პალატამ უკანონოდ უთხრა კასატორს უარი საქმეზე ავტოტექნიკური ექსპერტიზის ჩატარებაზე, რის გარეშეც მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მხარეთა ბრალეულობის დადგენა შეუძლებელია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 თებერვლის განჩინებით ბ. ტ-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ბ. ტ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.

მოცემული დავის საგანია სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მართლზომიერება. ამასთან, კასატორი სადავოდ ხდის მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მისი ბრალეულობის ფაქტს. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლს. აღნიშნული პრაქტიკა ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ბ. ტ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.