¹ას-1303-1148-10 10 იანვარი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
მ.სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ინდივიდუალური მეწარმე «ს. დ.» (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ მ. ა-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «მ.-ს» უფლებამონაცვლე სს «პ.» (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს «მ.-მ» (უფლებამონცვლე სს «პ.») სარჩელი აღძრა სასამართლოში ინდ. მეწარმე «ს. დ.-ს» მიმართ 2006 წლის 26 სექტემბრის ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 16 აპრილს გადაწყვეტილებით შპს «მ.-ს» სარჩელი დაკმაყოფილდა, ინდ. მეწარმე «ს. დ.-ს» დაევალა 2009 წლის 30 ივლისს 2 (ორი) წლის განმავლობაში _ 2011 წლის 30 ივლისამდე ქ.ბათუმში, ... ქ¹9ა-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში არსებული ლიფტებისა და მისი დანადგარების გაფუჭების შემთხვევაში თავისი ხარჯებით გამოცვალოს და გაარემონტოს მწყობრიდან გამოსული დანადგარები, მასვე დაევალა 2010 წლის 30 ივლისამდე ყოველთვიურად უფასოდ შეამოწმოს და დააბალანსოს ზემოაღნიშნული ლიფტების ტექნიკური მდგომარეობა და უზრუნველყოს მათ მუშა მდგომარეობაში მოყვანა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით ინდ. მეწარმე «ს. დ.-ს» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ინდ. მეწარმე «ს. დ.-ს» წარმომადგენელმა მ. ა-შვილმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 დეკემბრის განჩინებით ინდ. მეწარმე «ს. დ.-ს» წარმომადგენელ მ. ა-შვილის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის «თ» პუნქტისა და 440-ე მუხლის საფუძველზე დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნისა და მ.ა-შვილის ადვოკატის მოწმობის ასლის წარმოდგენა.
ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა კასატორს საქმეში მის მიერ მითითებულ მისამართზე და ადრესატს ჩაბარდა 2010 წლის 27დეკემბერს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში მხარეს მისთვის დაკისრებული არც ერთი საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ინდ. მეწარმე «ს. დ.-ს» წარმომადგენელ მ. ა-შვილის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. აღნიშნულ ვადაში მხარის მიერ საპროცესო მოქმედების განუხორციელებლობის შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
დასახელებული ნორმა წარმოადგენს ერთგვარ სამოქალაქო-სამართლებრივ სანქციას იმ მხარის მიმართ, რომელმაც სასამართლო განჩინებით დადგენილი საპროცესო ვადის განმავლობაში არ განახორციელა მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის სრულად გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 დეკემბრის განჩინებით ინდ. მეწარმე «ს. დ.-ს» წარმომადგენელ მ. ა-შვილის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის «თ» პუნქტისა და 440-ე მუხლის საფუძველზე დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნისა და მ.ა-შვილის ადვოკატის მოწმობის ასლის წარმოდგენა.
ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა კასატორს საქმეში მის მიერ მითითებულ მისამართზე და ადრესატს ჩაბარდა 2010 წლის 27 დეკემბერს (იხ. ს.ფ.199).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
დასახელებული ნორმით კანონმდებელი სასამართლოს უდგენს ალტერნატიულ ვალდებულებას, სასამართლო შეტყობინება გაუგზავნოს უშუალოდ მხარეს ან მის წარმომადგენელს და ამ პირთაგან ერთ-ერთისათვის, ან ამავე მისამართზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის შეტყობინების ჩაბარება საპროცესო ვადის დენის დასაწყებად საკმარისი საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ადრესატს გაეგზავნა მის მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა დასახელებული ნორმებით დადგენილი წესით 2010 წლის 27 დეკემბერს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 28 დეკემბერს და, ვინაიდან ვადის უკანასკნელი დღე _ 1 იანვარი ემთხვეოდა დასვენების დღეს, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ამოიწურა მომდევნო პირველ სამუშაო დღეს, ორშაბათს _ 3 იანვარს.
ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში კასატორს მისთვის დაკისრებული არც ერთი საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც მოცემული საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ინდ. მეწარმე «ს. დ.-ს» საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.