Facebook Twitter

საქმე # 010100218700052837

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №560აპ-18 ქ. თბილისი

თ.დ. 560აპ-18 25 მარტი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე),

მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. თ-ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. გ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1.პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 ივლისის განაჩენით დ. თ. - დაბადებული .... , საქართველოს მოქალაქე - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისათვის [მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით] და მიესაჯა 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა. ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის (28 დეკემბერი, 2012 წელი) მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა 5 (ხუთი) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენით განისაზღვრა, რომ მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 03.07.2017წ. განაჩენი - ტ.17. ს.ფ.1-32).

1.2. ამავე საქმეზე მსჯავრდებულები არიან: ვ. ლ. , რ. შ. , ი. ყ. და გ. კ. , ხოლო გ. შ. გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში.

1.3. საქალაქო სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ დ. თ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2012 წლის 4 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თ-ს მთავარი სამმართველოს ძ. თ-ს სამმართველოს იმჟამინდელმა უფროსის მოადგილემ - დ. თ-მ შეიტყო, რომ მომდევნო დღეს, 2012 წლის 5 მაისს, იმხანად ხელისუფლებასთან ოპოზიციურად განწყობილი პირები - ი. (კ. ) კ. და ე. ბ. ერთი დღით აპირებდნენ გაჩერებას დ- ს რაიონში მდებარე სასტუმრო კომპლექს - ,,ბ-ში“; აღნიშნული ინფორმაცია დ. თ-მ აცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თ-ს მთავარი სამმართველოს ძ. თ-ს სამმართველოს უფროსს - ი. ყ-ს., დ. თ-მ და ი. ყ-მ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სასტუმრო კომპლექს - ,,ბ-ს“ ნომრები უკანონოდ, სათანადო სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, აღეჭურვათ ფარული ვიდეოგადამღები ტექნიკით, რითაც უნდა მომხდარიყო ე. ბ-სა და ი. (კ. ) კ-ს პირადი ცხოვრების ფარული აუდიო და ვიდეოჩაწერა.

1.4. დ. თ-მ და ი. ყ-მ, თავის მხრივ, სასტუმრო კომპლექს - ,,ბ-ში“ შსს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის თანამშრომლის დახმარება, სასტუმროს პერსონალთან ურთიერთობა და დაბრკოლებების თავიდან აცილება დაავალეს შსს ქ. თ-ს მთავარი სამმართველოს ძ. თ-ს სამმართველოს მე-.... განყოფილების უფროსს - ზ. პ-ს.

1.5. ზ. პ-მ 2012 წლის 5 მაისს გადაამეტა საკუთარ უფლებამოსილებას და, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, უზრუნველყო, რომ შსს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის თანამშრომელს ზემოხსენებული სასტუმრო კომპლექსის ნომრები, რომლებშიც უნდა შესულიყვნენ ი. კ. და ე.ბ., აღეჭურვა ფარული ვიდეოგადამღები ტექნიკით. ამის შედეგად უკანონოდ იქნა მოიპოვებული ი. კ-ს და ე. ბ-ს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო და აუდიოჩანაწერი.

1.6. დ. თ-ს და ი. ყ-ს ორგანიზებით უკანონოდ მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია შემდგომში ხელმისაწვდომი გახდა სხვადასხვა პირისათვის და საბოლოოდ გავრცელდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, რამაც არსებითად შეურაცხყო დაზარალებულთა პირადი ღირსება.

1.7. დ. თ-ს და ი. ყ-ს ორგანიზებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებამ გამოიწვია დაზარალებულთა პირადი ღირსების შეურაცხყოფა, მნიშვნელოვნად დააზარალა სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესები.

2. ამავე საქმეზე მსჯავრდებულ გ. კ-ს განაჩენი სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია.

3.მსჯავრდებული დ. თ. დააკავეს 2017 წლის 1 ოქტომბერს, ხოლო 2017 წლის 17 ოქტომბერს მან და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 იანვრის განჩინებით ბრალდების მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ (აპელანტ) დ. თ-ს მიმართ.

5. აპელანტის მოთხოვნა

5.1. დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა დ. თ-ს წინააღმდეგ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის გამართლება.

6.გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი

6.1.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2017 წლის 3 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

6.1.1.დ. თ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 (ხუთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის (28 დეკემბერი, 2012 წელი) მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ მსჯავრდებულს სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით, 1 (ერთი) თვითა და 15 (თხუთმეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა;

6.1.2. დ. თ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 1 ოქტომბრიდან (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 30.07.2018წ.განაჩენი- ტ.19, ს.ფ.164-182).

7.გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

7.1. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის მტკიცება იმის შესახებ, რომ ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი მტკიცებულებებით, რაც მხარეებმა სადავოდ მიიჩნიეს, ვერ დასტურდებოდა დ. თ-ს მიერ დანაშაულის (იხ. წინამდებარე განჩინების 1.3-1.7 ქვეპუნქტები) ჩადენა.

7.2 სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, 2008 წლის 26 სექტემბრის ბრძანების თანახმად დასტურდება, რომ დ. თ. დაინიშნა შსს ქ. თ-ს მთავარი სამმართველოს ძ. თ-ს სამმართველოს უფროსის მოადგილედ და ამ თანამდებობაზე 2012 წლის 6 ივლისამდე მუშაობდა, ე.ი დანაშაულის ჩადენის დროს, 2012 წლის 5 მაისს, ბრალდებული წარმოადგენდა საჯარო მოხელეს. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს, რომ მოხელის მიერ კანონის დარღვევას წარმოადგენს ისეთი განკარგულების გაცემა, რომელიც მისი უფლებამოსილების ფარგლებს სცილდება. ამიტომაც საჭიროა მოხელის უფლებამოსილების მოცულობის ზუსტად განსაზღვრა.

7.3. ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომა, რაც გამოიხატება ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებით დარღვევაში, ხოლო დამდგარი შედეგი მიზეზობრივ კავშირშია მოხელის იმ მოქმედებასთან, რომელიც სცილდება მისი უფლებამოსილების ფარგლებს.

7.4. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედება ტარდება მოსამართლის განჩინებით. განჩინებას პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე იღებს გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე, ხოლო ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის სათანადოდ დაცვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ ფარული საგამოძიებო მოქმედების განმახორციელებელ ორგანოს და შესაბამის საგამოძიებო ორგანოს.

7.5. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, მოწმეთა ჩვენებებით ცალსახად დგინდებოდა, რომ დ. თ-ს და ამავე საქმეზე მსჯავრდებულ სხვა პირებს არ ჰქონიათ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად არც მოსამართლის განჩინება და არც პროკურორის დადგენილება; მათ სწორედ უკანონო ქმედებით მოიპოვეს სხვა პირების – ე. ბ-ს და ი. კ-ს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია.

7.6. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ დ. თ-სგან არავის მიუღია მითითება სასტუმრო კომპლექს - „ბ-ში“ აუდიო/ვიდეომოწყობილობის უკანონოდ დაყენების შესახებ. სასამართლომ განმარტა, რომ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლეული, ასევე მხარეთა მიერ უდავოდ გამხდარი მტკიცებულებები ცხადყოფდნენ, რომ დ. თ. მონაწილეობდა ბ. ტ-სთან მდებარე სასტუმროს ოთახებში უკანონო აუდიო/ვიდეოჩანაწერის ორგანიზებაში. დაზარალებულმა ი. კ-მ დაადასტურა, რომ სასამართლო სხდომაზე დათვალიერებულ ვიდეოფირზე გამოსახული პირები იყვნენ თვითონ და ე. ბ. დაზარალებულმა უკანონო მოქმედებით განიცადა მორალური ზიანი.

7.7. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელა და ყურადღება გაამახვილა მოწმე ზ. პ-ს (რომელიც 2012 წლის მაისში მუშაობდა საქართველოს შს სამინისტროს ქ. თ-ს მთავარი სამმართველოს ძ. თ-ს სამმართველოს მე-... განყოფილების უფროსის თანამდებობაზე) ჩვენებაზე, რომელმაც სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ დავალება მიიღო სამმართველოს უფროსის - ი. ყ-სგან. დავალების მიხედვით, ბ. ტ-ს ტერიტორიაზე არსებული სასტუმროს ნომერი უნდა აღეჭურვათ მოსასმენი აპარატურით. მოწმემ იცოდა, რომ ნომერში უნდა შესულიყვნენ ე. ბ. და ი. კ.. მოწმემ განმარტა, რომ დავალება სასწრაფოდ უნდა შესრულებულიყო და აქედან გამომდინარე, სწრაფად უნდა ჩასულიყო ადგილზე და, როგორც ი. ყ-მ განუმარტა, ე. ბ-ს და ი. კ-ს გადაადგილების კოორდინატებს ზ. პ-ს დ. თ. მიაწვდიდა;

7.7.1 ზ. პ. სასწრაფოდ გაემგზავრა ბ. ტ-ს მიმართულებით. გზად მიმავალს, მას დაუკავშირდა დ. თ. , რომელიც სატელეფონო ანძების მეშვეობით აკონტროლებდა ე. ბ-ს და ი. კ-ს გადაადგილების მარშრუტს და აღნიშნულ ინფორმაციას აწვდიდა ზ. პ-ს;

7.7.2. ის ფაქტი, რომ სასტუმროს ოთახი ელექტრონულად დაჯავშნილი ჰქონდა ე. ბ-ს, დასტურდება ბ-ს სასტუმროს მენეჯერის - კ. გ-ს ჩვენებით. მან მოწმის სახით დაკითხვისას სასამართლოს განუმარტა, რომ უცხო ნომრიდან უკავშირდებოდა „ვიღაც“ და ინტერესდებოდა, სასტუმროში შევიდა თუ არა ი. კ.;

7.7.3. მოწმე კ. გ-მ დაადასტურა, რომ მას დაუკავშირდა დ-ს გამგებლის მოადგილე ბ. შ., რომელმაც უთხრა, რომ მასთან მივიდოდნენ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები და ღონისძიების ჩატარებაში უნდა დახმარებოდა;

7.7.4. თავად ბ. შ-ს შეუდავებელი ჩვენებითაც (უდავოდ იქნა ცნობილი მოწმის დაკითხვის ოქმი) ირკვევა, რომ ვ. ბ-ს მეშვეობით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს მისცა კ. გ-ს ტელეფონის ნომერი. მოწმემ დაადასტურა ის ფაქტიც, რომ მან სასტუმროს თავისუფალ ოთახებში შეუშვა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები აპარატურის დასაყენებლად. იცოდა, რომ ეს კანონსაწინააღმდეგო ქმედება იყო, მაგრამ წინააღმდეგობა ვერ გაუწია;

7.7.5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ზ. კ-ს (რომელიც 2012 წელს მუშაობდა შს სამინისტროს ქ. თ-ს მთავარი სამმართველოს ძ. თ-ს სამმართველოს პოლიციის მე-... განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე) შეუდავებელ ჩვენებაზე (მხარეების მიერ უდავოდ იქნა ცნობილი მოწმის დაკითხვის ოქმი, რომელიც საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე არ გამოკვლეულა), რომლის თანახმად, დასახელებული პირი პერიოდულად ახორციელებდა სატელეფონო საუბრების ფარულ მიყურადღებას, სატელეფონო მიყურადების დროს მიღებულ საინტერესო ინფორმაციას კი აწვდიდა ძ. თ-ს სამმართველოს უფროსის მოადგილეს - დ. თ-ს. მოწმემ განმარტა, რომ პირადად ახორციელებდა ე. ბ-ს სარგებლობაში არსებულ მობილურ ტელეფონზე მიყურადებას. ე. ბ. 2012 წლის მაისში, ქალაქის ნომერზე დაუკავშირდა სასტუმროს და დაჯავშნა ოთახი მეორე დღისთვის. აღნიშნულის შესახებ ზ. კ-მ დ. თ-ს შეატყობინა. მოწმემ დაადასტურა, რომ 2012 წლის 5 მაისს ასრულებდა სამსახურებრივ მოავლეობას, როდესაც მას დაუკავშირდა დ. თ. და დაავალა, მობილური ოპერატორის მომსახურე ანძების მონაცემების გაანალიზების საფუძველზე ეკონტროლებინა ე. ბ-ს გადაადგილება, მარშრუტი და აღნიშნულის შესახებ მობილური ტელეფონის საშუალებით ეცნობებინა მისთვის (დ. თ-სათვის);

7.7.6. ზ. კ-ს ჩვენების სისწორე, ასევე, დასტურდება შპს ,,ჯ-დან“ და ,,საინფორმაციო ცენტრ .....-დან“ გამოთხოვილი ინფორმაციითა და აუდიოჩანაწერით, რომლის მიხედვითაც, დ. თ-ს დროის ამ პერიოდში ინტენსიური სატელეფონო კავშირი ჰქონდა ზ. კ-სთან. გარდა ამისა, დადგინდა, რომ 2012 წლის 4 მაისს დ. თ-მ, ზ. კ-სთან სატელეფონო კავშირის შემდეგ, დარეკა ,,საინფორმაციო ცენტრ .....-ში“, ხოლო ამავე ცენტრიდან მოპოვებული აუდიოჩანაწერით დგინდება, რომ დ. თ. დაინტერესდა ქალაქის ნომრის კუთვნილებით და მიიღო ინფორმაცია, რომ ნომერი ეკუთვნოდა დ-ს რაიონში მდებარე სასტუმრო კომპლექსების ქსელს- ,,ბ-ს“;

7.7.7. მოწმე დ. ჯ-მ (რომელიც 2012 წლის მაისში ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის მე... სამმართველოს უფროსი იყო) სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, იცნობს დ. თ-ს. ეს უკანასკნელი 2012 წლის მაისის დასაწყისში დ. ჯ-ს მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა და სთხოვა, რომ სასტუმრო კომპლექს -„ბ-ში“ ოთახების აღსაჭურვად სასწრაფოდ სჭირდებოდა თანამშრომელი. დ. ჯ-მ დ. თ-ს თანამშრომელს რ. ფ. გააყოლა, რომელმაც წაიღო სურათები, რომლებშიც მოთავსებული იყო აუდიო და ვიდეოჩამწერი მოწყობილობა. მოწმე დ. ჯ-მ აღნიშნა, რომ მათ არ გააჩნდათ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად არც მოსამართლის განჩინება და არც პროკურორის დადგენილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას არ სთხოვდნენ დახმარებას;

7.7.8. მოწმე რ. ფ-მ (რომელიც 2012 წელს მუშაობდა შს სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარატმენტში განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორად და მის უფლება-მოვალეობას ძირითადად წარმოადგენდა ფარული აუდიო/ვიდეოჩაწერა, სატელეფონო საუბრების მიყურადება) გამოძიების ეტაპზე მისცა ჩვენება, რომელიც სასამართლო სხდომაზე მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. მოწმემ დეტალურად აღწერა, თუ სად, როგორ და რანაირად დაამონტაჟა ბ-ს სასტუმროს ორ ნომერში ფარული აუდიო/ვიდეომოწყობილობები (იხ. ტ.19, ს.ფ.168-169).

7.8. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა, ასევე, მოწმეების: ბ. შ-ს, გ. ჭ-ს, გ. ხ-ს, გ. ზ-ს, ბ. ს-ს ჩვენებებზე, შეაფასა სასტუმრო კომპლექს „ბ-ს“ დოკუმენტაციის დათვალიერების ოქმი და # .... ვაუჩერი, ასევე, 2016 წლის 15 ივლისის ვიდეო, ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური # .... დასკვნა; შეაფასა საქმეზე დაკითხული ექსპერტის - ა. გ-ს განმარტება მის მიერ გაცემული # .... დასკვნის თაობაზე, ასევე, იმსჯელა სატელეფონო ნომრების დეტალური ინფორმაციის შემცველი დისკების დათვალიერების ოქმზე (იხ. .....) და დაასკვნა, რომ მოცემულ საქმეზე არსებობდა შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დგინდებოდა ფაქტის არსებობა; ასევე, არსებობდა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დასტურდებოდა პირის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან, რის შემდეგაც უნდა შეფასებულიყო, თუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

7.9. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სასტუმროს ნომრებში ფარული ვიდეოკამერის ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლით დამონტაჟების ერთადერთ მიზანს ყოველთვის წარმოადგენს ისეთი ინფორმაციის მოპოვება, რომელიც გამოიწვევს დაზარალებულის ღირსების შელახვას, მის მორალურ დამცირებას. სექსუალური ურთიერთობის ფარული ჩაწერა კი სწორედ პირადი ღირსების შეურაცხყოფას წარმოადგენს და საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით [ნორმის დეფინიცია იხ. წინამდებარე განჩინების 1.1 ქვეპუნქტში] ქმედების კვალიფიკაციისათვის მიზანს არ აქვს მნიშვნელობა.

7.10.სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია დ. თ-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით [მითითებული ნორმა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფისათვის ადგენს პასუხისმგებლობას] დაკვალიფიცირების შესახებ და განმარტა, რომ დასახელებული ნორმით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის არსებობისათვის აუცილებელია მატერიალური სახით (დოკუმენტურად, ვიდეო, აუდიოსახით და ა.შ.) უკვე არსებული ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება, ხოლო როდესაც გამოკვეთილია მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ფარულად პირის თვალთვალი, ასეთი ინფორმაციის უკანონოდ შექმნის მიზნით, რაც წარმოადგენს როგორც სახელმწიფოს, ასევე საზოგადოებისა და ფიზიკური პირის კანონიერი ინტერესის არსებით დარღვევას, გამოვლენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

7.11. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ დ. თ-ს სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა. სააპელაციო სასამართლომ ისიც აღნიშნა, რომ ვერ იმსჯელებდა დ. თ-ს მიმართ თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევაზე, ვინაიდან აღნიშნულ განაჩენს ასაჩივრებდა მხოლოდ მსჯავრდებული დ. თ. და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს უფლება არა აქვს, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან მიიღოს მსჯავრდებულისთვის არასასიკეთო სხვა გადაწყვეტილება, თუ საქმე განიხილება მსჯავრდებულის, მისი ადვოკატის საჩივრის საფუძველზე და ბრალდების მხარეს საჩივარი არ შეუტანია. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევაზე.

7.12. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში, დ. თ-ს სასჯელის ნაწილში, უნდა შესულიყო ცვლილება (იხ. წინამდებარე განჩინების 6.1- 6.1.1 ქვეპუნქტები).

8. კასატორის მოთხოვნა

8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა დ. თ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა შ. გ-მ, რომლებმაც მოითხოვეს განაჩენის გაუქმება და დ. თ-ს გამართლება.

8.2. კასატორის პრეტენზიები შემდეგ ძირითად არგუმენტებს ემყარება:

8.2.1.სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება დ. თ-ს მიერ დანაშაულის ჩადენის მტკიცებულება, რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი;

8.2.2. სააპელაციო სასამართლომ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაუდო უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულებები: დაზარალებულად ცნობილია ორი პირი-ი. კ-ე და ე.ა ბ., ეს უკანასკნელი არც გამოძიების, არც პირველი ინსტანციის სასამართლოში და არც სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე არ დაკითხულა, შესაბამისად, არ გამოკვლეულა მისი პოზიცია და უნდა ამოირიცხოს, როგორც დაზარალებული; რაც შეეხება ი. კ-ს, მან განაცხადა, რომ ენდობა სასამართლოს, დ. თ-ს მიმართ პრეტენზია და რაიმე მოთხოვნა არ გააჩნია;

8.2.3. გამამტყუნებელ განაჩენში მითითებული მოწმეები: ბ. ს., გ. ზ., გ. ხ. და გ. ჭ. თავიანთ ჩვენებებში ცალსახად უთითებენ, რომ დ. თ-საგან არავითარი მითითება არ მიუღიათ სასტუმრო კომპლექს „ბ-ზე“ მიმდინარე რაიმე ღონისძიებასთან დაკავშირებით;

8.2.4. კასატორი ყურადღებას ამახვილებს ასევე მოწმეების ზ. კ-ს, ზ. პ-სა და დ. ჯ-ს ჩვენებებზე და აღნიშნავს, რომ მათი ჩვენებები სასამართლოს არ უნდა დაედო გამამტყუნებელი განაჩენის საფუძვლად, რადგან ზ. კ-ს ჩვენება, რომ ეს უკანასკნელი ნამდვილად უსმენდა ი. კ-სა და ე. ბ-ს საუბრებს დ. თ-ს დავალებით, არ დასტურდება, აღნიშნული მოწმის მხოლოდ ზეპირი (სიტყვიერი) ჩვენებაა; ზ. პ-ს ჩვენება არათანმიმდევრულია და წინააღმდეგობრივი; დ. ჯ-ს ჩვენება სავარაუდოა;

8.2.5. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ნივთიერი მტკიცებულებები: ვიდეო-აუდიო ჩანაწერები, რამდენადაც აღნიშნული მოპოვებულია კანონის უხეში დარღვევით. ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაწყებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19-157-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნტით და 157-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. აღნიშნული მუხლით ჩადენილი დანაშაულისათვის მაქსიმალური სასჯელი განსაზღვრულია 5 წლის ვადით, შესაბამისად, ნაკლებად მძიმე დანაშაულის კატეგორიას განეკუთვნება, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით კი კომპიუტერული ინფორმაციის მოპოვება დასაშვებია მხოლოდ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის კატეგორიების სისხლის სამართლის საქმეებზე, ამდენად, ბრალდებას საერთოდ არ ჰქონდა უფლება, მოეპოვებინა ასეთი სახის ინფორმაცია და გამოეყენებინა მტკიცებულებად (ამავე კონტექსტში კასატორი უთითებს სსსსკ-ის მე-3 მუხლის 27-28-ე ნაწილებზე და 136-ე მუხლზე). კასატორს მიაჩნია, რომ სსსსკ-ის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები დარღვეულია, დაუშვებელი მტკიცებულებაა და არ უნდა იქნეს გაზიარებული # .... და # .... ექსპერტიზის დასკვნები.

9.საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

9.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული არსებითად განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად ადგენს იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9.2. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, რაც განაპირობებდა საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვებას.

9.3. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

9.4. მოცემულ საქმეზე, უწინარესად ის უნდა აღინიშნოს, რომ დ. თ. იმ დანაშაულისათვის იქნა მსჯავრდებული, რაზედაც, სხვა პირების - ვ. ლ-ს, რ. შ-ს, ი. ყ-სა და გ. კ-ს - წინააღმდეგ, ასევე, გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო დ. თ-ს, როგორც ძებნილი პირის, საქმე ცალკე წარმოებით იყო გამოყოფილი.

9.5. განსახილველ შემთხვევაში დაცვის მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას მტკიცებულებათა არასაკმარისობის თაობაზე და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის პოზიცია დ. თ-ს უდანაშაულოდ ცნობის (გამართლების) შესახებ მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან და მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.

9.6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და კასატორს არ მიუთითებია ისეთ გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა. ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ჩადენილ დანაშაულს ეხება, საკასაციო სასამართლომ განმარტა: „საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას იმის შესახებ, თითქოს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, დაზარალებულმა თავის ცნობიერებაში უნდა აღიქვას, განიცადოს და შეაფასოს, რომ დამნაშავე პირის მხრიდან მის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებით მას (დაზარალებულს) მიადგა მატერიალური თუ მორალური ზიანი, შეილახა მისი უფლებები თუ ინტერესები, და რომ წინააღმდეგ შემთხვევაში დამნაშავის პასუხისმგებლობა გამოირიცხება. საკასაციო პალატა განმარტავს: ზემოაღნიშნული მუხლით ქმედების კვალიფიკაციისას, ზიანის განსაზღვრის ნაწილში, სასამართლო არ არის დამოკიდებული დაზარალებულის სუბიექტურ შეხედულებაზე მის მიმართ განხორციელებული ქმედებისადმი (კმაყოფილებაზე, უკმაყოფილებაზე ან სხვა სახის განცდებზე). სასამართლო დანაშაულებრივი ქმედებით დამდგარ შედეგს აფასებს ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით და არა დაზარალებულის ან სხვა პირის სუბიექტური აღქმის შესაბამისად. პრაქტიკაში ხშირია შემთხვევა, როდესაც კრიმინალური მენტალიტეტის მქონე პირები აცხადებენ, რომ არავითარი პრეტენზია არ აქვთ მათთვის ზიანის მიმყენებელთან, იმ მოტივით, რომ შემდეგ თავად გაუსწორდნენ მათ. ასევე, როდესაც დანაშაული ჩადენილია ისეთი პირის მიმართ, რომელსაც ასაკის ან ფსიქიკური მდგომარეობის გამო არ შესწევს უნარი აღიქვას და განიცადოს მის მიმართ მიყენებული ქონებრივი ან ფიზიკური ზიანი (ზარალი). ბუნებრივია, აღნიშნული არ წარმოადგენს პასუხისმგებლობის გამომრიცხველ გარემოებებს. სისხლის სამართლის მატერიალური კანონმდებლობა შეიცავს მუხლებს, რომლით დაკვალიფიცირებისას განმსაზღვრელია დაზარალებულის სუბიექტური აღქმა მის მიმართ განხორციელებული ქმედებისადმი. მაგალითად, მუქარის დანაშაულის (საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლი) დასადგენად დაზარალებულმა მუქარის განხორციელება რეალურად უნდა აღიქვას, ცემის დანაშაულის შემთხვევაში (საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლი), მან ტკივილი უნდა განიცადოს და ა.შ. მაგრამ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, რ. ა-ამ გადაამეტა თუ არა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, არ არის დამოკიდებული დაზარალებულის აღქმაზე“ (იხ. სუსგ #141აპ.-16. 25.07.2016წ.). ამდენად, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენი არ განსხვავდება და არ ეწინააღმდეგება სასამართლო პრაქტიკას. გასაჩივრებული განაჩენით, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებების (რომელთა ნაწილის განმარტება მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ) საფუძველზე დამაჯერებლად და სარწმუნოდ არის დასაბუთებული ის მოტივები, რომელთა გაანალიზებითაც სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრებული განაჩენი (დ. თ-ს ბრალდების ნაწილში) უცვლელად დატოვა.

9.7. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოტივაციას, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურდა დ. თ-ს ბრალეულობა ჩადენილ დანაშაულში, კერძოდ: დაზარალებულ ი. კ-სა და მოწმეების - ზ. პ-ს, ზ. კ-ს, დ. ჯ-ს, რ. ფ-ს, კ. გ-ს, ბ. შ-ს, გ. ჭ-ს, გ. ხი-ს, გ. ზ-ს, ბ. ს-ს, ექსპერტ ა. გ-ს ჩვენებებით, სასტუმრო კომპლექს - ,,ბ-ს“ დოკუმენტაციის დათვალიერების ოქმითა და N... ვაუჩერით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის 2016 წლის 25 აგვისტოს N... წერილით, 2008 წლის 26 სექტემბრის ბრძანებით, ვიდეო, ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, "საინფორმაციო ცენტრ ... დან" მოპოვებული აუდიოჩანაწერით, სატელეფონო ნომრების დეტალური ინფორმაციის შემცველი კომპიუტერული დისკების დათვალიერების ოქმით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა დ. თ-მ გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, დანაშაული ჩადენილია დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, კერძოდ:

9.7.1. დაზარალებულმა ი. კ-მ დაადასტურა, რომ სასამართლო სხდომაზე დათვალიერებულ ვიდეოფირზე გამოსახული პიროვნებები იყვნენ თვითონ და ე. ბ. დაზარალებულმა განმარტა, რომ უკანონოდ განხორციელებული მოქმედებით განიცადა მორალური ზიანი;

9.7.2. მოწმე ზ. პ-მ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ ბ. ტ-ს ტერიტორიაზე არსებული სასტუმროს ნომრის მოსასმენი აპარატურით აღჭურვის თაობაზე დავალება მიიღო სამმართველოს უფროსისაგან, ჩქარობდნენ სასტუმროში მისვლას, ვინაიდან დასახელებულ მოწმეს მობილური ტელეფონის საშუალებით უკავშირდებოდა დ. თ., რომელიც სატელეფონო ანძების მეშვეობით აკონტროლებდა ე. ბ-ს გადაადგილების მარშრუტს და აღნიშნულ ინფორმაციას აწვდიდა ზ. პ-ს;

9.7.3. ის ფაქტი, რომ სასტუმროს ოთახი ელექტრონულად იყო დაჯავშნილი ე. ბ-ს მიერ, დასტურდება ბ-ს სასტუმროს მენეჯერ კ. გ-ს ჩვენებით, რომელმაც განუმარტა სასამართლოს, რომ უცხო ნომრიდან უკავშირდებოდა „ვიღაც“ და ინტერესდებოდა, სასტუმროში შევიდა თუ არა ი. კ.;

9.7.4. მოწმე დ. ჯ-მ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ 2012 წლის მაისის დასაწყისში მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა დ. თ. და სთხოვა, რომ ოთახების აღსაჭურვად სასწრაფოდ სჭირდებოდა თანამშრომელი, მან კი რ. ფ. გააყოლა, რომელმაც წაიღო სურათები, რომლებშიც მოთავსებული იყო აუდიო და ვიდეოჩამწერი მოწყობილობა; მოწმე დ. ჯ-მ აღნიშნა, რომ მათ არ გააჩნდათ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად არც მოსამართლის განჩინება და არც პროკურორის დადგენილება, წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ სთხოვდნენ დახმარებას;

9.7.5. მოწმე ზ. კ-ს ჩვენებით დასტურდება, რომ ის ახორციელებდა ე. ბ-ს სატელეფონო მიყურადებას, ხოლო მოპოვებულ ინფორმაციას აწვდიდა დ. თ-ს. ამ უკანასკნელს სწორედ ზ. კ-მ შეატყობინა 2012 წლის მაისის დასაწყისში, რომ ე. ბ-მ ბ-ს სასტუმროს ნომერი დაჯავშნა, ამის შემდეგ კი დ. თ-მ დაავალა მას, ანძების საშუალებით ეკონტროლებინა ე. ბ-ს გადაადგილება და მარშრუტი. აღნიშნულის შესახებ ზ. კ. ინფორმაციას აწვდიდა დ. თ-ს, ხოლო ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, ტელეფონის საშუალებით ატყობინებდა ამ ინფორმაციას მოწმე ზ. პ-ს, რათა სასტუმროში ჩასვლა დაესწროთ ე. ბ-ს და დაეყენებინათ მოსასმენ/ჩამწერი აპარატურა, რაც მოწმე ზ. პ-მ დაადასტურა (იხ. წინამდებარე განჩინების 7.7-7.7.1 და 9.7.2 ქვეპუნქტები).

10. ზემოხსენებულ მოწმეთა ჩვენებები სრულად შეესაბამება მათსავე ტელეფონის ნომრებზე შემავალ-გამავალი ზარების დეტალურ ნუსხაში ასახულ ინფორმაციას და უკანონო მიყურადებასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენათა ქრონოლოგიას.

11. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს საკასაციო საჩივარში განვითარებულ ზოგად მსჯელობას საპროცესო კანონმდებლობის არსებითი დარღვევის თაობაზე, რადგან განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ქმედების კვალიფიკაციას ეხება, რაც წინამდებარე განჩინების 7.10 ქვეპუნქტშია ასახული და მიუთითებს მასზე (იხ. ასევე სააპელაციო სასამართლოს განაჩენი - ტ.19, ს.ფ.180).

12. გარდა ზემოხსენებულისა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილ მტკიცების სტანდარტსა და სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებულობის ხარისხს, კერძოდ: საქმის გარემოებების დასადგენად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ, (El-Masri v. The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], განაცხადი N39630/09, §151, ECtHR, 13.12.2012, ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], განაცხადი N 29750/09, §48, ECtHR, 16.09.2014.). ევროპული სასამართლოს აღნიშნული მიდგომით, როგორც წესი, მტკიცებულება, მისი რელევანტურობა ფასდება ეროვნული სასამართლოების დონეზე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barberà, Messegué, Jabardo v. Spain), განაცხადი N 10590/83, §68, ECtHR, 06.12.1988).

13. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მისი ფუნქცია არ არის, გამოთქვას მოსაზრება მტკიცებულების რელევანტურობის თაობაზე, ასევე - პირის ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის შესახებ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: პოპოვი რუსეთის წინააღმდეგ (Popov v. Russia) განაცხადი N 26853/04, §188, ECtHR, 11.12.2006). კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, მაგრამ ეს არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ სასამართლო ვალდებულია, მხარეს დეტალური პასუხი გასცეს ყველა არგუმენტთან დაკავშირებით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ვან დერ ჰურკი ნიდერლანდების წინააღმდეგ (Van de Hurk v. the Netherlands) განაცხადი N16034/90, §61, ECtHR, 19.04.1994; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ (Jgarkava v. Georgia), განაცხადი N7932/03, §71, ECtHR, 24.05.2009). სასამართლოს გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს სასამართლოს მოსაზრებები საქმის გადამწყვეტ არსებით ასპექტებთან დაკავშირებით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: ბოლდეა რუმინეთის წინააღმდეგ (Boldea v. Romania), განაცხადი N19997/02, §30, ECtHR, 15.02.2007).

14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პირადი ცხოვრების ხელშეუვალობის უფლებასთან დაკავშირებით არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ამ უფლებით დაცულია „პირების კერძო სფერო (სივრცე), რომელშიც იგულისხმება: ა) კონკრეტული ტერიტორია, ადგილი /მაგ.საცხოვრებელი სახლი, პირადი ავტომანქანა ან სხვა პირადი მფლობელობა/; ბ) განსაზღვრულ პირთა წრე, ვისთანაც პირს სურს კომუნიკაცია, ვისაც ის ირჩევს კონკრეტული ურთიერთობისათვის; გ) ასევე საკითხები, რომელთა ანონიმურობა და ხელშეუხებლობა ან პირთა კონკრეტულ წრეში გასაჯაროებაც სურს პირს“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე თამარ ჩუგოშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ-№1/2/519-24.10.2012წ.) .

15. საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს პირადი ცხოვრების, საცხოვრებელი ადგილისა და პირადი საქმიანობის, პირადი ჩანაწერების, მიმოწერის, ტელეფონით და სხვა ტექნიკური საშუალებებით კომუნიკაციის ხელშეუხებლობას. აღნიშნული ფუნდამენტური უფლებები აბსოლუტური არაა და შესაძლოა შეიზღუდოს, თუმცა, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, დაასაბუთოს ამ თავისუფლების შეზღუდვის აუცილებლობა, საჭიროება და პროპორციულობა. ამ უფლებაში ჩარევა უნდა იყოს აუცილებელი, ლეგიტიმური და ექვემდებარება სასამართლო კონტროლს.

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ საქმეებზეც კი, სადაც პირის ფარული მიყურადება, მისი საუბრებისა თუ სხვ. ჩაწერა განხორციელდა მოსამართლის ბრძანებით, ცალკეულ შემთხვევებში დაადგინა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის [პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემა] დარღვევა, კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე აღნიშნა: პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ საზედამხედევლო ძალაუფლება მინიჭებული ჰქონდეს მოსამართლეს ისეთ სფეროებში, სადაც ინდივიდუალურ შემთხვევებში ძალაუფლების ბოროტად გამოყენება იმდენად მარტივია, რომ მან ზოგადად შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს მთელ დემოკატრიულ საზოგადოებას (კლასი და სხვები გერმანიის წინააღმდეგ /Klass and others v. germany/, სერია ა, #28, 6.9.78, პარ.55).

17. მოცემულ შემთხვევაში საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილია, რომ სახელმწიფო მოხელეთა გარკვეულმა ჯგუფმა, მათ შორის დ. თ-მ, უკანონოდ გაუწია ორგანიზება პირთა ფარულ მიყურადებასა და მათი პირადი ცხოვრების ვიდეო-აუდიოჩაწერას, რამაც დაზარალებულის პირადი ღირსება შეურაცხყო.

18. საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ განსახილველ შემთხვევაში დაცულია სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილი მიდგომები მტკიცების წესთან, მტკიცებულებების შეფასებასა და განაჩენის დასაბუთების სტანდარტებთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი რომელიმე წინაპირობა, რის გამოც არსებითად განსახილველად დასაშვებად იქნებოდა ცნობილი წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რადგან დაცვის მხარის პრეტენზიებსა და არგუმენტებზე სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა და დასკვნები გამოიტანა, რასაც იზიარებს საკასაციო სასამართლო.

19. იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ დ. თ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

20. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ დ. თ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული არსებითად განსახილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი