ას-131-125-10 6 სექტემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ლ. ლაზარაშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ქ. გ-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ტელეკომპანია “..." (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 8 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი – პიროვნებისა და მისი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 24 ივნისს ქ. გ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - ტელეკომპანია “... " და ნ. ი-ელის მიმართ ა მოითხოვა 2009 წლის 19 მარტს ტელეკომპანია “..." საინფორმაციო პროგრამით გავრცელებული ქ. გ-ძის, პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ინფორმაციის უარყოფა, ამავე ტელეკომპანიის ამავე პროგრამის საშუალებით მისთვის ბოდიშის მოხდა და მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება.
მოსარჩელის განცხადებით, 2009 წლის 19 მარტს, ტელეკომპანია “..." 20 - საათიანი საინფორმაციო პროგრამა დაიწყო ი. გ-ძისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ მიმართული სიუჟეტით, რომელშიც ი. გ-ძე მოიხსენიეს პირველ ტერორისტად საქართველოში, საუბარია იმის შესახებ, რომ მან შექმნა უცხოეთში ქართველთა ორგანიზაცია. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ამ წინადადებით შელახულ იქნა მისი პატივი და ღირსება ანუ დაირღვა კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი ნაწილი.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლის გ. ნ-შვილის შუამდგომლობა მოპასუხე ნ. ი-ელის ნაწილში სარჩელის გამოხმობის თაობაზე დაკმაყოფილდა, სასამართლომ ქ. გ-ძის სარჩელი მოპასუხე ნ. ი-ელის მიმართ განუხილველი დატოვა. ამასთან, მოსარჩელემ უარი თქვა მოთხოვნაზე ბოდიშის მოხდასთან დაკავშირებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით ქ. გ-ძის სარჩელი შპს “..." მიმართ არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით ქ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.08.2009 წლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მოსარჩელე ქ. გ-ძე ი. გ-ძის მეუღლეა. ქ. გ-ძე შვილთან ერთად იმყოფებოდა საქართველოში ი. გ-ძის მამის - პ. გ-ძის დაკრძალვასთან დაკავშირებით.
2009 წლის 19 მარტს ტელეკომპანია “...ს" არხზე 8 - საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი, რომელიც შეეხებოდა ი. გ-ძის მიერ ახალი გაერთიანების შექმნას.
საქმის მასალებით არ დასტურდება ჟურნალისტის მიერ არსებითად მცდარი ფაქტების გავრცელება და მოსარჩელის არაქონებრივი უფლებების ხელყოფა. ჟურნალისტმა გონივრულად გადაამოწმა ფაქტის სისწორე, ხოლო მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა რეპორტაჟის უსამართლობა და მცდარობა შესაბამისად, ცილისწამების ფაქტი არ დასტურდება.
სააპელაციო სასამართლომ 2009 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული და კანონიერია.
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ქ. გ-ძემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
კასატორის მტკიცებით, გადაწყვეტილება არის უკანონო. მოსარჩელე არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არც ფაქტობრივ და არც სამართლებრივ შეფასებას და მიიჩნევს, რომ ტელეკომპანიის მიერ ცრუ ინფორმაციის გავრცელებით დაირღვა მისი უფლებები და მიადგა მორალური ზიანი.
ს ა მ ო ტ ი ვ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ განიხილა საკაკასაციო საჩივრის საფუძვლები, გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კადექსის 393-ე მუხლი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის საფუძვლებს. აღნიშნული ნორმის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა ან არასწორად განმარტა კანონი. უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ განსახილველი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს ნორმაში მითითებულ საფუძვლებს, რაც შეიძლება განიხილებოდეს სასამართლოს მიერ სამართლის ნორმების დარღვევის დამადასტურებელ არგუმენტად.
კასატორი უთითებს ყველა იმ ნორმატიულ აქტზე, რომელიც გამოიყენა სასამართლომ, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლზე, რომლითაც დაცულია ადამიანის უფლება- მიიღოს და გაავრცელოს აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებებით. საკასაციო საჩივარში ასევე მოხსენიებულია გამოხატვის თავისუფლების შესახებ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-10 მუხლიც, რაც გულისხმობს ადამიანის უფლებას გააჩნდეს საკუთარი შეხედულება, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია ან იდეები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. კასატორის ასევე მოჰყავს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლიც, რომლითაც დაცულია ადამიანის პატივი და ღირსება. საკასაციო საჩივარი შეიცავს მითითებას სამოქალაქო კანონმდებლობაზეც, მაგრამ მსჯელობა იმის თაობაზე, რომ სასამართლოს ეს ნორმები არ უნდა გამოეყენებინა ან უნდა გამოეყენებინა სხვა ნორმატიული აქტები საკასაციო საჩივარში მოცემული არ არის. კასატორი სადავოდ არ ხდის ნორმათა განმარტების საკითხსაც.
მეტად საყურადღებოა ის ფაქტი, რომ კასატორი უთითებს რა ,,სიტყვისა და გამოხატვის შესახებ’’ კანონის მე-13 MMმუხლზე, განმარტავს, რომ, ამ ნორმის თანახმად, ცილისწამების, ანუ არსებითად მცდარი ინფორმაციის გავრცელებისათვის პირს ეკისრება პასუხისმგებლობა. საგულისხმოა, რომ იგი არ უარყოფს( საერთოდ არ მსჯელობს) სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ ამ მუხლის თანახმად, პირს მხოლოდ მაშინ ეკისრება პასუხისმგებლობა თუ მოსარჩელე დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ინფორმაციას უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა. ანუ ამ ნორმით თვითონ ქ. გ-ძეა ვალდებული, დაადასტუროს, რომ ჟურნალისტის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არასწორია. ერთი მხრივ, კასატორი არ ეწინააღმდეგება ამ ნორმის გამოყენებას დავის გადაწყვეტისას, მეორე მხრივ კი უარყოფს ამ ნორმის გამოყენების შედეგს. უფრო მეტიც, კასატორი არ უთითებს, თუ რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უსწორობა და როგორ შეიძლება ამ ნორმის შესაბამისად მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება. მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს ამ მუხლში მითითებულ ფაქტების არსებობას, საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამასთან, არც კასატორი უთითებს სასამართლოს მიერ კანონის დარღვევაზე მტკიცებულებათა შეფასების ან ფაქტობრივი გარემოებების დადგენის დროს. იმის მითითება, რომ მოპასუხეს არ წარმოუდგენია, მის მიერ მიწოდებული ფაქტების უტყუარობის დამადასტურებლი მტკიცებულება, არ შეიძლება მივიჩნიოთ გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად, თუნდაც იმის გამო, რომ მას არ მიუთითებია ამ არგუმენტის გაზიარების აუცილებელ სამართლებრივ საფუძვლებზე.
კასატორი ასევე აპელირებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებში მოყვანილ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მოცემულსაქმეში გამოყენების შეუძლებლობის თაობაზე. კასატორი თვლის, რომ სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება განსხვავდება მოცემული საქმისაგან და მისი გამიყენება მოცემული დავის განხილვისას მიზანშეუწონელია. პალატა თვლის, რომ ამ არგუმენტის გაზიარების შემთხვევაშიც კი, შეუძლებელია გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამ თვალსაზრისით სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში შეუძლებელია გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. გ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 8 დეკემბრის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.