¹ბს-1128-803(კ-05) 27 აპრილი, 2006 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, რ. ნადირიანი
სხდომის მდივანი - გულნარა ილინა
კასატორები(მოსარჩელეები) - სს ,,თ.-ის” თანამშრომელთა ჯგუფი, წარმომადგენელი ბ. ქ.-ე
მოწინააღმდეგე მხარე(მოპასუხე) –საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, წარმომადგენელი ნ. რ.-ი.
მესამე პირი – სს ,,თ.-ი”, წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 20.07.05წ. გადაწყვეტილება
დავის საგანი – მინიმალური ხელფასის ასმაგი ოდენობის აქციების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა. თითოეული მოსარჩელის მესაკუთრედ ცნობა 1 ლარის მინიმალური ღირებულების 2000 ცალ აქციაზე და საკუთრების დამადასტურებელი სერთიფიკატების გაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
18.05.01წ. სს ,,თ.-ის” შრომითი კოლექტივის ჯგუფის წარმომადგენელმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წინააღმდეგ, მესამე პირი სს ,,თ.-ი” და აღნიშნა, რომ მოსარჩელეებისათვის სს ,,თ.-ი" წარმოადგენდა ძირითად სამუშაო ადგილს. სახელმწიფო საწარმო ,,თ.-ის" საკონკურსო წესით პრივატიზებისას სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის გზით, აქციათა 75% შეისყიდა ამერიკულმა ჰოლდინგურმა კომპანია ,,ე-მ”, დანარჩენი 25% დარჩა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს საკუთრებაში. ერთი აქციის ნომინალური ღირებულება შეადგენდა 1 ლარს. ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" კანონის 5.2 მუხლის თანახმად, საწარმოს სააქციო საზოგადოებად დაფუძნების მომენტისათვის მუშაკებს უსასყიდლოდ ერთდროულად გადაეცემოდათ მთლიანი საწესდებო კაპიტალის 10%-მდე აქციები, მაგრამ არა უმეტეს საქართველოში არსებული მინიმალური ხელფასის ასმაგი ოდენობისა ერთ მუშაკზე გაანგარიშებით. მოსარჩელეებსა და მოპასუხეს შორის ვერ შედგა შეთანხმება გადასაცემი აქციების ოდენობის თაობაზე, რადგან სამინისტრომ მინიმალური ხელფასის ოდენობა 1,5 ლარით განსაზღვრა, რასაც მოსარჩელეები არ დაეთანხმნენ, ვინაიდან მინიმალური ხელფასის ამგვარ განმარტებას სს-ის დაფუძნებისას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა. კანონმდებლობაში არსებული ვაკუუმის გამო იმ დროისათვის საერთოდ არ იყო განსაზღვრული მინიმალური ხელფასის ის ოდენობა, რაც გამოყენებული უნდა ყოფილიყო სახელმწიფო ქონების პრივატიზების დროს. ასეთ ვითარებაში მოპასუხის მცდელობა უფასოდ გადასაცემი აქციების ოდენობის განსაზღვრისას მინიმალურ ხელფასად 1,5 ლარი ჩათვლილიყო, მიზნად ისახავდა გადასაცემი აქციების ოდენობის ხელოვნურად შემცირებას, რათა მათი როლი სს ,,ეი-ი-ეს თ.-ის" მართვაში ნულს გატოლებოდა, ასეთ შემთხვევაში მათ საერთო ჯამში შეხვდებოდათ მხოლოდ აქციათა 0,37%, რაც გამორიცხავს მათ რეალურ მონაწილეობას საზოგადოების მართვაში. მინიმალური ხელფასის თაობაზე არსებული ვაკუუმი შეავსო საქართველოს პრეზიდენტის 04.06.99წ. ¹351 ბრძანებულებამ, რის გამო მოსარჩელეთათვის გადასაცემი აქციების რაოდენობა უნდა განსაზღვრულიყო ამ ბრძანებულებით დადგენილი მინიმალური ხელფასის - 20 ლარის მიხედვით, რაც საერთო ჯამში აქციების 4,9%-ს შეადგენს. სს ,,თ.-ის" აქციათა საკონტროლო პაკეტის პრივატიზების დაჩქარების ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 17.12.98წ. განკარგულების მე-2 პუნქტით მოპასუხეს, იუსტიციის სამინისტროსა და თბილისის მერიას დაევალა 5 დღის ვადაში წარედგინათ წინადადება სს ,,თ.-ის" პრივატიზების პროცესში მისი მუშაკების მონაწილეობისა და მათი უფლებების გაფართოების დამატებითი ღონისძიებების შესახებ. მოსარჩელეთა აზრით, ამ დავალებით საქართველოს პრეზიდენტმა და მთავრობამ სცნეს მოსარჩელეთა უფლება უფასოდ მიეღოთ აქციათა 4,9%, ამავე დროს შესაძლებლად მიიჩნიეს მათ პირდაპირი პრივატიზების წესით დამატებით შეესყიდათ აქციათა 5,1%. მიუხედავად ამისა მოპასუხის მიერ კონკრეტული ღონისძიებები არ გატარებულა და მოსარჩელეები იძულებული გახდნენ მიემართათ სასამართლოსათვის. მოსარჩელეებმა მოითხოვეს თითოეული მოსარჩელის საკუთრების უფლების ცნობა სს ,,თ.-ში" მოპასუხის კუთვნილი აქციებიდან 2000 ლარის ღირებულების 2000 ცალ აქციაზე და მოპასუხეთა დავალდებულება, თითოეულ მოსარჩელეზე 2000 ცალი აქციის საკუთრების დამადასტურებელი სერთიფიკატის გადაცემაზე.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 30.05.02წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, აღიარებული იქნა თითოეული მოსარჩელის საკუთრების უფლება ერთი ლარის ნომინალური ღირებულების 2000 ცალ აქციაზე და მოპასუხეს დაევალა თითოეული მოსარჩელისათვის სს ,,თ.-ის" 1 ლარის ნომინალური ღირებულების 2000 ცალი აქციის გაცემა. რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ მუნიციპალური საწარმო ,,თ.-ის" პრივატიზებისას მინიმალური ხელფასი განსაზღვრული არ ყოფილა, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება სკ-ის მე-5 მუხლით გათვალისწინებული კანონის ანალოგიის საფუძველზე მინიმალური ხელფასის 1,5 ლარით განსაზღვრის შესახებ. სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონის ანალოგიით კანონში პირდაპირ გაუთვალისწინებელი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ამ ურთიერთობების წარმოშობის დროისათვის მოქმედი (და არა გაუქმებული) ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობების მარეგულირებელი ნორმა, რის გამო დაუშვებლად იქნა მიჩნეული მუნიციპალური საწარმო ,,თ.-ის” პრივატიზების დროისათვის უკვე გაუქმებული მინისტრთა კაბინეტის 05.09.94წ. ¹634 და 24.12.94წ. ¹874 დადგენილებების გამოყენება. მინისტრთა კაბინეტის ¹373 დადგენილების მე-6 პუნქტით განსაზღვრული 1.5 მილიონი კუპონის მინიმალური ხელფასის ოდენობა ძალაში დარჩა ბიუჯეტის გადასახადების, გადასახდელების, მოსაკრებლების და სანქციების მიმართ, სასამართლომ მიიჩნია, რომ მინიმალური ხელფასის ეს ცნება ვერ იქნება გამოყენებული პრივატიზების დროს წარმოშობილ ურთიერთობებში. ვინაიდან მუნიციპალური საწარმო ,,თ.-ის” პრივატიზებისას კანონმდებლობაში არსებული ვაკუუმის გამო განსაზღვრული არ იყო მინიმალური ხელფასი, საწარმოს მუშაკთათვის უსასყიდლოდ გადასაცემია სს-ის საწესდებო კაპიტალის 10%-მდე, რა დროსაც სადავო მინიმალური ხელფასი გამოვიდოდა 20 ლარზე მეტი. ასეთ ვითარებაში მოსარჩელის მოთხოვნა სადავო მინიმალური ხელფასის საქართველოს პრეზიდენტის 04.06.99წ. ¹351 ბრძანებულებით დადგენილი 20 ლარით განსაზღვრის შესახებ სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სქმ სამინისტროს მიერ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 25.12.03წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 09.11.04წ. განჩინებით სს ,,თ.-ის" ყოფილი თანამშრომლების წარმომადგენლების და რწმუნებულების საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება იყო იურიდიულად დაუსაბუთებელი, ფაქტობრივად ღიად იქნა დატოვებული ისეთი საკვანძო საკითხები, როგორიცაა სს-ის საწესდებო კაპიტალის განსაზღვრის დრო და იმ პერიოდისათვის არსებული მინიმალური ხელფასის ოდენობა, რის გარეშეც მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 20.07.05წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელეების საკუთრების უფლება თითოეული მოსარჩელისათვის ცნობილი იქნა სს ,,თ.-ში" (ყოფილი სს ,,თ.-ი") საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კუთვნილი აქციებიდან 150 ლარის ღირებულების 150 ცალ აქციაზე და მოპასუხეს - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაევალა, თითოეული მოსარჩელისათვის 150 ცალი აქციის საკუთრების დამადასტურებელი სერტიფიკატების გადაცემის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" კანონის მე-5.2 მუხლის თანახმად საწარმოს სააქციო საზოგადოებად დაფუძნების მომენტისათვის მუშაკებს უსასყიდლოდ ერთდროულად გადაეცემათ მთლიანი საწესდებო კაპიტალის 10%-მდე აქციები, მაგრამ არაუმეტეს საქართველოში არსებული მინიმალური ხელფასის ასმაგი ოდენობისა ერთ მუშაკზე გაანგარიშებით. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მერიის მუნიციპალური საწარმო ,,თ.-ი" სააქციო საზოგადოებად რეგისტრირებული იქნა დიდუბის რაიონის სასამართლოს 21.05.98წ. დადგენილებით, ანუ სააქციო საზოგადოების კაპიტალის განსაზღვრის დროა 1998 წლის 21 მაისი, ერთი აქციის ნომინალურ ღირებულებად განისაზღვრა ერთი ლარი. მოსარჩელეები შედიან იმ 2042 კაციან სიაში, რომლებზედაც უნდა განაწილებულიყო სს ,,თ.-ის" უფასო აქციები. ამჟამად სს ,,თ.-ის" აქციებიდან სახელმწიფო საკუთრებაშია საწესდებო კაპიტალის 24.9065%. ამასთან, უფასო აქციები მუშა-მოსამსახურეებზე გაცემული არ არის. მინისტრთა კაბინეტის 24.12.94წ. ¹874 დადგენილების 1-ლი პუნქტით დაწესდა საქართველოს რესპუბლიკაში შრომის ანაზღაურების მინიმალური დონე თვეში 1 500 000 კუპონის ოდენობით. მინისტრთა კაბინეტის 21.06.95წ. ¹373 დადგენილების მე-6 პუნქტით ძალადაკარგულად ჩაითვალა ხელფასების, პენსიების, შემწეობების, დახმარებების და ყოველგვარი დანამატების გაანგარიშების მეთოდოლოგია, რომელიც დაკავშირებული იყო მინიმალურ ხელფასთან, მინიმალური ხელფასის ცნება, რომელიც 1.5 მილიონ კუპონს შეადგენდა, ძალაში დარჩა ბიუჯეტში გადასახადების, გადასახდელების, მოსაკრებლების და საწარმოო სანქციების ოდენობის განსაზღვრისას. საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 16.09.95წ. ¹363 ბრძანებულებით დადგენილი კუპონის ლარში გადაყვანის წესით, 1 მლნ კუპონი შეესაბამა რა 1 ლარს, მინიმალური ხელფასი განისაზღვრა 1.5 ლარით. საქართველოს პრეზიდენტის 08.01.97წ. ¹9 დადგენილების მე-3 პუნქტით ძალადაკარგულად ჩაითვალა მინისტრთა კაბინეტის 24.12.94წ. ¹874 და 21.06.95წ. ¹373 დადგენილებები. შემდგომში, საქართველოს პრეზიდენტის 14.12.97წ. ¹734 ბრძანებულების 1-ლი პუნქტით, აღდგენილ იქნა ზემოხსენებული მინისტრთა კაბინეტის 21.06.95წ. ¹373 დადგენილების მე-6 პუნქტი, რომლითაც მინიმალური ხელფასის ცნება, რომელიც 1.5 მილიონ კუპონს, ანუ 1.5 ლარს შეადგენდა, ძალაში დარჩა ბიუჯეტში გადასახდელების, მოსაკრებლებისა და საწარმოო სანქციების ოდენობის განსაზღვრისას. საქართველოს პრეზიდენტის 04.06.99წ. ¹351 ბრძანებულების I-ლი პუნქტით დამტკიცდა მინიმალური ხელფასი 20 ლარის ოდენობით. ამავე განკარგულების მე-3 პუნქტის შესაბამისად ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანამდე მოსაკრებლების, სანქციების, ჯარიმებისა და სხვა გადასახდელების განსაზღვრისათვის ძალაში დარჩა მინიმალური ხელფასი 1.5 ლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სს ,,თ.-ი" დაფუძნდა მინისტრთა კაბინეტის 21.06.95წ. ¹373 დადგენილების გამოცემის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის 04.06.99წ. ¹351 ბრძანებულების გამოცემამდე პერიოდში. სკ-ის მე-6 მუხლის შესაბამისად კანონებსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს არა აქვთ უკუქცევითი ძალა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს პირდაპირ არის კანონით გათვალისწინებული. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" კანონის 47-ე მუხლის თანახმად ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. საქართველოს პრეზიდენტის 04.06.99წ. ¹351 ბრძანებულებაში უკუძალის თაობაზე მითითებული არ არის, რის გამო დაუშვებელია მისი გამოყენება 21.05.98წ. წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების მიმართ. სააპელაციო პალატამ დაუშვებლად მიიჩნია ზემოაღნიშნული ბრძანებულების ანალოგიით გამოყენება და მიუთითა, რომ ანალოგიის სახით უნდა გამოყენებულიყო 21.05.98წ. მდგომარეობით მოქმედი მინისტრთა კაბინეტის 21.06.95წ. ¹373 დადგენილების მე-6 პუნქტი, რომლითაც მინიმალური ხელფასის ცნებას 1.5 მილიონი კუპონით (1.5 ლარით) განსაზღვრავდა ბიუჯეტში გადასახადების, გადასახდელების, მოსაკრებლებისა და საწარმოო სანქციების ოდენობის გაანგარიშებისას. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ანალოგიით გამოიყენა ის ნორმა, რომელიც ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" კანონის მიღებისას არ არსებობდა და არ გამოიყენა იმ დროს მოქმედი ყველაზე მსგავსი მარეგულირებელი ნორმა, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უმართებულოდ გაუქმებულად იქნა მიჩნეული. გაუქმება შეეხო ხელფასების, პენსიების, შემწეობების, დახმარებებისა და ყოველგვარი დანამატების გაანგარიშების მეთოდოლოგიას დაკავშირებულს მინიმალურ ხელფასთან, ამ ჩამონათვალში არ არის ნახსენები მინიმალური ხელფასის ის ოდენობა, რომელიც უნდა გამოყენებულიყო სახელმწიფო ქონების პრივატიზების დროს. რამდენადაც მინისტრთა კაბინეტის 21.06.95წ. ¹373 დადგენილების გაუქმებული ნორმით (მე-6 მუხლის პირველი წინადადება) არ ყოფილა გათვალისწინებული პრივატიზების შემთხვევისათვის სახელფასო მინიმუმის ოდენობა, ხოლო ძალაში დატოვებული ნორმით (მეორე წინადადება) მინიმალური ხელფასის ცნება, კანონმდებლობით გათვალისწინებული რჩებოდა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოყენებული უნდა ყოფილიყო აღნიშნული მუხლი, როგორც ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმა. პირველი ინსტანციის სასამართლომ თავი აარიდა კანონის ანალოგიით გამოყენებას და მიმართა სამართლის ანალოგიას, რაც წესით უნდა ხდებოდეს არა ერთეული, არამედ ერთდროულად რამდენიმე ნორმიდან ან სამართლის სისტემიდან გამომდინარე. აღნიშნულის სანაცვლოდ გამოყენებული იქნა არაიურიდიული ძალის დოკუმენტები (საქართველოს პრეზიდენტის, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს და დარგობრივი სამინისტროებს შორის შრომით კოლექტივზე გასაცემი აქციების ირგვლივ მიმოწერა) და ის ერთეული ნორმა, რომელიც არ აწესრიგებდა მის მიღებამდე არსებულ ურთიერთობებს.
სააპელაციო პალატამ მიუთითა აგრეთვე, რომ სქმ მინისტრის ¹06/39 წერილით სს ,,თ.-ის" აქციათა რეგისტრატორს ეცნობა, რომ სქმ სამინისტროში წარდგენილი სიის თანახმად სს ,,თ.-ის" 2042 თანამშრომელს საკუთრებაში უდასტურდება 306300 ცალი აქცია. აქციების გაცემა უნდა დაფიქსირდეს სს-ის აქციების მფლობელთა რეგისტრაციის წიგნში. დადგენილად არის ცნობილი, რომ დღეის მდგომარეობით უფასო აქციები მუშა-მოსამსახურეებზე გაცემული არ არის, რის გამო სააპელაციო პალატამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი, თითოეული მოსარჩელის საკუთრების უფლება ცნობილ იქნა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კუთვნილი აქციებიდან 150 ლარის ღირებულების 150 ცალ აქციაზე, სამინისტროს დაევალა აქციების დამადასტურებელი სერტიფიკატების გადაცემის უზრუნველყოფა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 20.07.05წ. განჩინებით ცალკე წარმოებად გამოიყო და შეჩერდა საქმე აწგარდაცვლილ მ. კ.-ის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში და ამ ნაწილში საქმის წარმოება შეჩერდა უფლებამონაცვლის დადგენამდე.
სააპელაიცო პალატის 20.07.05წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ფიზიკურ პირთა წარმომადგენლის ბ. ქ.-ის მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ მინისტრთა კაბინეტის 21.06.95წ. ¹373 დადგენილების მე-6 პუნქტით განსაზღვრული 1.5 მილიონი კუპონის ოდენობის მინიმალური ხელფასი ძალაში დარჩა მხოლოდ ბიუჯეტში გადასახადების, მოსაკრებლების და საწარმოოს სანქციების ოდენობის განსაზღვრისას. საქართველოს პრეზიდენტის 14.12.97წ. ბრძანებულებით ძალაში დარჩა მინისტრთა კაბინეტის 21.06.95წ. დადგენილების მე-6 პუნქტი, რომელიც ეხებოდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების, გადასახადების, მოსაკრებლების და საწარმოო სანქციების გაანგარიშებას, მინიმალური ხელფასის ტარიფი დაუდგენელი დარჩა. საქართველოს პრეზიდენტის 04.06.99წ. ბრძანებულებით განისაზღვრა მინიმალური ხელფასის ოდენობა (20 ლარი). აღნიშნულს საფუძვლად დაედო ,,საბიუჯეტო სფეროში დასაქმებულ მუშაკთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების, მოსახლეობის სოციალური დაცვისა და უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 11.08.98წ. ბრძანებულება. სს ,,თ.-ი" რეგისტრაციაში გატარდა 21.05.98წ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში. რეგისტრაციის პერიოდში არ არსებობდა მინიმალური ხელფასის მომწესრიგებელი რაიმე ნორმატიული აქტი, რაც ეწინააღმდეგებოდა ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" კანონის მე-5 მუხლის მოთხოვნას. აღნიშნული ხარვეზის გამო კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაცია კასატორების მიმართ არ მომხდარა. ამდენად, გაუგებარია თუ რის გამო დაუდო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად სააპელაციო სასამართლომ გაუქმებული ნორმა. კასატორების წარმომადგენელი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა იგნორირებით. კასატორი აღნიშნავს აგრეთვე, რომ სააპელაციო პალატის მიერ საქმის განხილვისას რიგი მოსამართლეებისა შეიცვალნენ, არაერთ სხდომაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა ლ. მ.-მა და მ. ღ.-ემ, უკანასკნელი იმ მოსამართლეთაგანი იყო, რომლებმაც ამ საქმეზე ადრე მიიღეს დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და სამინისტროსათვის 41 ფიზიკური პირის მიმართ 1 ლარის ნომინალური ღირებულების 2000 ცალი აქციის გაცემას.
სს ,,თ.-ის" ყოფილმა თანამშრომლებმა, 41 ფიზიკურმა პირმა იმავე მოთხოვნით დამატებითი საკასაციო საჩივრით მიმართეს საკასაციო სასამართლოს, რომლითაც დააზუსტეს თავდაპირველ საკასაციო საჩივარში მოყვანილი მოტივაცია და საბოლოოდ მოითხოვეს სააპელაციო პალატის 20.07.05წ. გადაწყვეტილების გაუქმებით ახალი გადაწყვეტილების მიღება, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება. კასატორებმა მიუთითეს, რომ სასკ-ის მე-7 მუხლის მიხედვით საქმის განხილვაში მოსამართლის განმეორებითი მონაწილეობა დაუშვებელია, მოსამართლე ვერ მიიღებს მონაწილეობას საქმის განხილვაში თუ იგი იმავე საქმესთან დაკავშირებით ადრე მონაწილეობდა ადმინისტრაციულ წარმოებაში ან ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. კასატორები გადაწყვეტილების ერთ-ერთ საფუძვლად მიიჩნევენ იმას, რომ სააპელაციო პალატაში საქმის განხილვისას მონაწილეობას იღებდნენ ის მოსამართლეები, რომლებსაც ადრე უკვე მიღებული ჰქონდათ საქმის განხილვაში მონაწილეობა. მოსამართლე მ. ღ.-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატის განჩინებით გაუქმდა საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა საოლქო სასამართლოს. აღნიშნულიდან გამომდინარე გადაწყვეტილება კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს, რაც უდავოდ მისი გაუქმების საფუძველს ქმნის.
სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ აქციების ოდენობა უნდა გამოანგარიშდეს არა 20, არამედ 1.5 ლარით ეწინააღმდეგება სკ-ის მე-3 მუხლს, რომლის თანახმად იმ კანონის გაუქმება, რომლითაც გაუქმდა ძველი კანონი, არ ნიშნავს ძველი კანონის ამოქმედებას. სს ,,თ.-ის" დაფუძნებისას, კანონმდებლობაში არსებული ვაკუუმის გამო, არ იყო განსაზღვრული ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" კანონის 5.2 მუხლში მითითებული მინიმალური ხელფასის ოდენობა, მაგრამ იმავდროულად რჩებოდა ძალაში უფასოდ გადასაცემი აქციების მაქსიმალური ოდენობის, საწესდებო კაპიტალის 10%-მდე უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ დებულება, ვინაიდან ეს უკანასკნელი პირობა პირველ პირობასთან (მინიმალური ხელფასის ასმაგი ოდენობა) შედარებით დამოუკიდებლად განსაზღვრავდა ძირითად აზრს - აქციების მაქსიმალური ოდენობის უსასყიდლო გადაცემას, ამიტომ ამ პირობის ამოქმედება უშუალოდ არ იყო დამოკიდებული მეორე პირობის არსებობაზე. ამდენად, მუნიციპალური საწარმო ,,თ.-ის" მუშაკებს ჰქონდათ კანონიერი უფლება მოეთხოვათ მათთვის სს ,,თ.-ის" საწესდებო კაპიტალის მაქსიმუმ 10%-ის შესაბამისი აქციების უფასოდ გადაცემა, რა დროსაც მინიმალური ხელფასი 20 ლარზე მეტს, დაახლოებით 41 ლარს შეადგენდა. აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორები თვლიან, რომ საოლქო სასამართლომ არასწორად განმარტა ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" კანონის 5.2 მუხლი, სასამართლო კანონის სწორად გამოყენების შემთხვევაში სწორად გადაწყვეტდა დავას.
საქართველოს პრეზიდენტის 04.06.99წ. ¹351 ბრძანებულებით მინიმალური ხელფასი განისაზღვრა 20 ლარით, ამავე ბრძანებულების მე-4 პუნქტში აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის 14.08.98წ. ¹469 ბრძანებულება. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 22.05.95წ. დადგენილების მე-2 პუნქტის მიხედვით უფასოდ და ფასდაკლებით გასაცემი აქციების რაოდენობის გაანგარიშებისას ხელფასის მინიმალურ დონედ საწესდებო კაპიტალის განსაზღვრის დღისათვის არსებული მინიმალური ხელფასის დონე უნდა ჩათვლილიყო. სს ,,თ.-ი" დიდუბის რაიონის სასამართლოს მიერ რეგისტრირებულია 21.05.98წ., საწესდებო კაპიტალი განისაზღვრა 17.09.98წ. საბოლოოდ, რაც ადასტურებს იმას, რომ პრივატიზაციის კანონთან მიმართებაში მინიმალური ხელფასის 20 ლარად განსაზღვრა უკვე ძალაში იყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორებმა მოითხოვეს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით ეკონომიკის განვითარების სამინისტროს დავალება მისი კუთვნილი აქციებიდან სს ,,თ.-ის” ყოფილი 41 თანამშრომელზე ერთი ლარის ნომინალური ღირებულების 2000 ცალი აქციის გადაცემა.
საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორების წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება. მოწინააღმდეგე მხარის – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა საკასაციო საჩივრების საფუძვლები არ ცნო და ითხოვა სააპელაციო პალატის უცვლელად დატოვება. საქმეში მესამე პირად ჩაბმული სს ,,თ.-ის" წარმომადგენელი, სასამართლო სხდომის შესახებ პროცესუალური კანონმდებლობით დადგენილი წესით შეტყობინების მიუხედავად, პროცესზე არ გამოცხადდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის ფარგლებში საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ კასატორთა მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს არ ქმნის სააპელაციო პალატის მიერ საქმის ხელახალ განხილვაში იმ მოსამართლეთა (ლ. მ.-ი, მ. ღ.-ე) მონაწილეობა, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ აღნიშნული საქმის სააპელაციო წესით თავდაპირველ განხილვაში. დამატებით საკასაციო საჩივარში მოყვანილი ასკ-ის მე-7 მუხლის ძველი რედაქცია სააპელაციო პალატის მიერ საქმის არც თავდაპირველი და არც ხელმეორე განხილვის პერიოდში არ მოქმედებდა. ასკ-ის მე-7 მუხლში 25.10.2000წ. კანონით შეტანილი ცვლილებების თანახმად, აკრძალულია საქმის განხილვაში იმ მოსამართლის მონაწილეობა, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით ადრე მონაწილეობდა ადმინისტრაციულ წარმოებაში, და არა ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, ხოლო სსკ-ის 394-ე მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს მხოლოდ ერთი და იმავე მოსამართლის მონაწილეობა ერთსა და იმავე საქმეზე სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციებში, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ ქ. თბილისის მერიის მუნიციპალური საწარმო ,,თ.-ი” სააქციო საზოგადოებად რეგისტრაციაში გატარდა და მისი საწესდებო კაპიტალი განისაზღვრა დიდუბის რაიონული სასამართლოს 21.05.98წ. დადგენილებით. ერთი აქციის ღირებულება 1 ლარით განისაზღვრა, ხოლო აქციების გამოშვების ფორმად სახელობითი სერთიფიკატი დაწესდა. ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” 30.05.97წ. კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საწარმოს სააქციო საზოგადოებად დაფუძნების მომენტისათვის მუშაკებს უსასყიდლოდ ერთდროულად გადაეცემოდათ მთლიანი საწესდებო კაპიტალის 10%-მდე აქციები, მაგრამ არაუმეტეს საქართველოში არსებული მინიმალური ხელფასის ასმაგი ოდენობისა ერთ მუშაკზე გაანგარიშებით. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 22.05.95წ. ¹23 10 435 დადგენილების მე-2 მუხლის თანახმად, უფასოდ და ფასდაკლებით გასაცემი აქციების რაოდენობის გაანგარიშებისას ხელფასის მინიმალურ დონედ უნდა ჩათვლილიყო საწესდებო კაპიტალის განსაზღვრის დღისათვის არსებული მინიმალური ხელფასის დონე.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას სს ,,თ.-ის” საწესდებო კაპიტალის ფორმირების დროისათვის არსებული მინიმალური ხელფასის 1.5 ლარით განსაზღვრის თაობაზე.
შრომის ანაზღაურების მინიმალური დონე თავდაპირველად განსაზღვრული იყო ,,მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 24.12.94წ. ¹874 დადგენილებით. აღნიშნული დადგენილების პირველი პუნქტის თანახმად, შრომის ანაზღაურების მინიმალური დონე 1 500 000 კუპონს შეადგენდა. ,,ბიუჯეტზე მყოფ დაწესებულებებში დასაქმებულ მუშაკთა შრომის ანაზღაურების, პენსიების და დახმარებების შემდგომი სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 21.06.95წ. ¹373 დადგენილებით ძალადაკარგულად ჩაითვალა ხელფასების, პენსიების, შემწეობების, დახმარებისა და ყოველგვარი დანამატების გაანგარიშების მეთოდოლოგია, რომელიც დაკავშირებული იყო მინიმალურ ხელფასთან. მინიმალური ხელფასის ცნება, 1.5 მილიონი კუპონი, ძალაში დარჩა ბიუჯეტში გადასახადების, გადასახდელების, მოსაკრებლებისა და საწარმოო სანქციების ოდენობის განსაზღვრისას. ,,მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის ,,ლარის” გაშვების შესახებ” საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 16.09.95წ. ¹ 363 ბრძანებულებით კუპონის ლარზე გადაცვლის კურსი განისაზღვრა შეფარდებით 1 000 000 კუპონი 1 ლართან, შესაბამისად, მინიმალურმა ხელფასმა შეადგინა 1.5 ლარი. ,,საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ 1994-95წწ. მიღებული ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად ჩათვლის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 08.01.97წ. ¹9 ბრძანებულებით ძალადაკარგულად ჩაითვალა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 24.12.94წ. ¹874 დადგენილება და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 21.06.95წ. ¹373 დადგენილება. საქართველოს პრეზიდენტის 14.12.97წ. ¹734 ბრძანებულების 1-ლი პუნქტით, 08.01.97წ. ¹9 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანით, აღდგენილ იქნა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 21.06.95წ. ¹373 დადგენილების მე-6 პუნქტი, რომლის თანახმად, მინიმალური ხელფასის ცნება, რომელიც 1.5 მილიონ კუპონს, ანუ 1.5 ლარს შეადგენდა, ძალაში რჩებოდა ბიუჯეტში გადასახდელების, მოსაკრებლებისა და საწარმოო სანქციების ოდენობის განსაზღვრისას. ,,მინიმალური ხელფასის ოდენობის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 04.06.99წ. ¹351 ბრძანებულებით დამტკიცდა მინიმალური ხელფასი 20 ლარის ოდენობით. ამდენად, სს ,,თ.-ის” საწესდებო კაპიტალის განსაზღვრისას მოქმედებდა ,,ბიუჯეტზე მყოფ დაწესებულებებში დასაქმებულ მუშაკთა შრომის ანაზღაურების, პენსიების და დახმარებების შემდგომი სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 21.06.95წ. ¹373 დადგენილების მე-6 პუნქტის მე-2 წინადადება. აღნიშნული დასტურდება საქართველოს პრეზიდენტის 14.12.97წ. ¹734 ბრძანებულების I-ლი პუნქტით, რომელიც პირდაპირ უთითებს მინისტრთა კაბინეტის 21.06.95წ. ¹373 დადგენილების მე-6 პუნქტის ამოქმედებაზე და საქართველოს პრეზიდენტის 04.06.99წ. ¹351 ბრძანებულებით, რომლის მე-3 პუნქტის თანახმად, ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანამდე მოსაკრებლების, სანქციების, ჯარიმების და სხვა გადასახდელების განსაზღვრისათვის ძალაში დარჩა მინიმალური ხელფასი 1.5 ლარის ოდენობით. ვინაიდან აქციონირების მომენტისათვის ერთადერთი ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებდა მინიმალური ხელფასის ოდენობას იყო მინისტრთა კაბინეტის 21.06.95წ. ¹373 დადგენილების მე-6 პუნქტი, მართებულია სააპელაციო პალატის მიერ ანალოგიის წესით ხსენებული ნორმის გამოყენება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 04.06.99წ. ¹351 ბრძანებულება, რომლითაც დამტკიცდა მინიმალური ხელფასი 20 ლარის ოდენობით, განსახილველი დავის მიმართ კანონის ანალოგიის საფუძველზე ვერ იქნება გამოყენებული. სამართლებრივი ურთიერთობა რეგულირდება მხოლოდ დადგენილი წესით ძალაში შესული ნორმატიული აქტებით. ამდენად, ანალოგიით შეიძლება გამოყენებული იქნეს მხოლოდ სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი მსგავსი ურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმატიული აქტი ან აქტი, რომელსაც კანონის შესაბამისად უკუძალა აქვს მინიჭებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია სააპელაციო პალატის მიერ მინისტრთა კაბინეტის 21.06.95წ. ¹373 დადგენილების მე-6 პუნქტის საფუძველზე მინიმალური ხელფასის ოდენობის დადგენა. ვინაიდან საზოგადოების რეგისტრაციის დროისათვის არ ყოფილა გათვალისწინებული პრივატიზაციის შემთხვევისათვის სახელფასო მინიმუმის ოდენობა, ხოლო ძალაში დატოვებული ნორმით გათვალისწინებული იყო მინიმალური ხელფასის ცნება, სადავო სამართალურთიერთობების მოსაწესრიგებლად მართებულად იქნა გამოყენებული სწორედ აღნიშნული ნორმა, როგორც ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმა.
უსაფუძვლოა კასატორების მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საწარმოს სააქციო საზოგადოებად დაფუძნებისას საწარმოს თანამშრომლებისათვის 10%-მდე აქციების უსასყიდლოდ გადაცემა არ იყო დამოკიდებული მინიმალური ხელფასის ოდენობაზე და მისი არარსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელი იყო მუშაკისათვის გადასაცემი აქციების რაოდენობის განსაზღვრა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონი საწარმოს შრომით კოლექტივს უსასყიდლოდ გადასაცემი აქციების მაქსიმუმის, აქციათა 10%-ის, მოთხოვნის უფლებას არ ანიჭებს. კანონით განსაზღვრულია, რომ თანამშრომლებს უსასყიდლოდ გადაეცემათ მთლიანი საწესდებო კაპიტალის 10%-მდე აქციები, მაგრამ არაუმეტეს საქართველოში არსებული მინიმალური ხელფასის ასმაგი ოდენობისა ერთ მუშაკზე გაანგარიშებით. ამდენად, შრომითი კოლექტივისათვის უფასოდ გადასაცემი აქციების რაოდენობა საწარმოს საწესდებო კაპიტალის ფორმირების დროს არსებულ შრომის მინიმალური ანაზღაურების პირდაპირპროპორციულია.
საკასაციო პალატა არ იზიარებს თავდაპირველ და დამატებით საკასაციო საჩივარში მოყვანილ მოსაზრებას ,,მინიმალური ხელფასის ოდენობის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 04.06.99წ. ¹351 ბრძანებულების საფუძველზე სააქციო საზოგადოების დაფუძნების მომენტში (21.05.98წ.) მინიმალური ხელფასის 20 ლარით განსაზღვრის შესაძლებლობის შესახებ. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" კანონის 4.1 და 43.1 მუხლების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება არის ნორმატიული აქტი, იგი ძალაში შედის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყნებისთანავე, თუ იმავე ბრძანებულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 47-ე მუხლის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. ,,მინიმალური ხელფასის ოდენობის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 04.06.99წ. ¹351 ბრძანებულებით აქტის უკუძალა დადგენილი არ არის, რის გამო დაუშვებელია მისი გავრცელება მის ძალაში შესვლამდე წარმოშობილ სამართალურთიერთობებზე და მოცემულ შემთხვევაში სს ,,თ.-ის” საწესდებო კაპიტალის ფორმირების დროს მითითებული ნორმატიული აქტის საფუძველზე მინიმალური ხელფასის 20 ლარით განსაზღვრა. ის გარემოება, რომ საქართველოს პრეზიდენტის 04.06.99წ. ¹351 ბრძანებულების მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ იქნა საქართველოს პრეზიდენტის 11.08.98წ. ¹469 ბრძანებულების დანართში ცვლილების შეტანა, არ ადასტურებს 04.06.99წ. ¹351 ბრძანებულების უკუქცევით ძალას, ვინაიდან ცვლილება ამოქმედდა 04.06.99წ. ¹351 ბრძანებულების ძალაში შესვლისთანავე, ხოლო უკანასკნელს არ გააჩნდა რეტროაქტიული ეფექტი, რაც იმითაც დასტურდება, რომ 04.06.99წ. ¹351 ბრძანებულება ,,საქართველოს 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის საფუძველზეა გამოცემული. ამდენად, საკასაციო საჩივარში მოყვანილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ სს ,,თ.-ის” საწესდებო კაპიტალი საბოლოოდ განისაზღვრა 17.09.98წ. არ იძლევა სადავო სამართალურთიერთობების მიმართ საქართველოს პრეზიდენტის 04.06.99წ. ¹351 ბრძანებულების გამოყენების შესაძლებლობას, მით უფრო, რომ ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" კანონის მე-5 მუხლი ითვალისწინებს მუშაკებისათვის უსასყიდლოდ ერთდროულად აქციების გადაცემას სააქციო საზოგადოების დაფუძნების და არა უკვე დაფუძნებული საზოგადოების საწესდებო კაპიტალში ცვლილებების შეტანის მომენტისათვის.
სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსათვის წარდგენილი სიის შესაბამისად სს ,,თ.-ის” 2042 თანამშრომელს საკუთრებაში უდასტურდება 306 300 ცალი აქცია, რაც თითოეულ თანამშრომელზე გაანგარიშებით 150 ლარის ღირებულების 150 აქციას უთანაბრდება. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ თითოეული მოსარჩელისთვის საკუთრებაში 150 აქციის გადაცემას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია კანონმდებლობის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, რაც სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ფიზიკური პირების: ბ. დ.-ის, ნ. ხ.-ის, მ. ნ.-ის და სხვათა, მათი წარმომადგენლის ბ. ქ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 20.07.05წ. გადაწყვეტილება;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.