Facebook Twitter

საქმე # 180100115002410242

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №518აპ-18 ქ. თბილისი

ბ. გ. 518აპ-18 13 მარტი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ივნისის განაჩენზე მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნაზი მირიანაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. ბ-ს ბრალი დაედო ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

გ. ბ-სათვის ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2015 წლის 17 ივნისს ბ-ს სატყეო უბნის-ბ-ს სატყეო №...სამცველოში გ. ბ-მ ტყის ფონდის ტერიტორიაზე უკანონოდ ამოძირკვა ოთხი ძირი კაკლის ჯიშის ხე, რის შედეგადაც გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 8555, 25 ლარი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის განაჩენით გ. ბ. , - დაბადებული 1.... წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი.

გაუქმდა გ. ბ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს - 1000 (ათასი) ლარის უზრუნველყოფის მიზნით, თ..... უნდა მოეხსნას გირაოს თანხის - 1000 ლარის პროპორციულ ნაწილზე დადებული ყადაღა.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - კაკლის ჯიშის ხის მორები უნდა დაუბრუნდეს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მ–ს სატყეო სამსახურს, ხოლო CD დისკი უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

3. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა.

- მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნაზი მირიანაშვილმა ითხოვა მსჯავრდებულ გ. ბ-სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.

- მსჯავრდებულმა გ. ბ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ცოტნე ტყებუჩავამ ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გ. ბ-ს გამართლება შერაცხულ ბრალდებაში.

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ივნისის განაჩენით მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნაზი მირიანაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მსჯავრდებულ გ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ცოტნე ტყებუჩავას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის განაჩენი გაუქმდა.

გ. ბ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

გაუქმდა გ. ბ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს - 1000 (ათასი) ლარის უზრუნველყოფის მიზნით, თ.... - უნდა მოეხსნას გირაოს თანხის - 1000 ლარის პროპორციულ ნაწილზე დადებული ყადაღა.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - კაკლის ჯიშის ხის მორები უსასყიდლოდ უნდა გადაეცეს სახელმწიფოს.

საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის შესაბამისად, გ. ბ-ს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ აღნიშნა შემდეგი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დანაშაულს წარმოადგენს ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ხე-ბუჩქნარი შეიძლება გაიჩეხოს როგორც ტყეში, ასევე მინდვრებში, ქუჩებსა და სკვერებში. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს იმას, ეს მცენარე ბუნებრივადაა გაზრდილი თუ დარგულია ადამიანის მიერ, მაგრამ თუ პირის საკუთრებაში არსებული ხე-ბუჩქნარი უკანონოდ გაიჩეხა, ქმედება წარმოადგენს საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დაცვის მხარემ სადავოდ გახადა როგორც იმ ტერიტორიის, რომელშიც კაკლის ჯიშის ხეები ამოიძირკვა, ტყის ფონდში არსებობის, ასევე გ. ბ-ს მიერ ხე-ტყის (კაკლის ხეების) გაჩეხვის ფაქტი.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ბრალდების მხარეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოსთვის არ წარმოუდგინა არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, კერძოდ: მოწმეების - ა. ბ-ს, ა. რ-ს ჩვენებებზე, რომლებიც ადასტურებენ მხოლოდ კაკლის ხეების გაჩეხვის ფაქტს, რასაც არც ერთი მხარე სადავოდ არ ხდის, თუმცა არცერთი ზემოაღნიშნული მოწმე უშუალოდ არ შესწრებია გ. ბ-ს მიერ კაკლის ხეების ამოძირკვის ფაქტს; ირიბ მტკიცებულებებზე - გამომძიებელ ლ. ძ-ს და ზ. უ-ს ჩვენებებზე, რომლებიც ადასტურებენ მხოლოდ მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედებებს, ასევე მოწმეების - ჭ. მ-ს, ქ. გ-ს ჩვენებებსა და საქმეში წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებზე - 2015 წლის 27 ივლისს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმზე, 2015 წლის 21 ივლისის ა. ბ-სთან და ა. რ-სთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებზე, 2015 წლის 15 ივლისს ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე, „CD“ დისკზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №... ოქმსა და ხე-ტყის უკანონოდ მოჭრით გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების უწყისზე. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ამ ირიბი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება გ. ბ-ს მიერ დ-ს რაიონის სოფელ ნ-ში კაკლის ხის მოჭრის ფაქტი. რაც შეეხება ა. მ–ს და გ. ბ-ს ჩვენებებს, ისინი ადასტურებენ მხოლოდ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ გ. ბ-მ ა. მ–საგან შეიძინა 4 ძირი კაკლის ხე ისე, რომ ხეები ადგილზე არც უნახავს (შეიძინა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხეები უკვე მოჭრილი, დამორილი და გამზადებული იყო წასაღებად).

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: „თუ ბრალდებული წინააღმდეგია, სასამართლოში საქმის არსებით განხილვამდე მის მიერ გამოკითხვის დროს მიწოდებული ინფორმაციის სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ინფორმაციის აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) და ზემოაღნიშნული ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენება დაუშვებელია. მიწოდებული ინფორმაციის სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვაზე ან ამ ინფორმაციის აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენაზე (დემონსტრირებაზე) ბრალდებულის უარი არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად“. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად: „მიღებული ინფორმაციის (ჩვენების) და გამოძიების პროცესში წარმოშობილი ვერსიის შესამოწმებლად მხარეს უფლება აქვს, ჩაატაროს საგამოძიებო ექსპერიმენტი“.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ გ. ბ-ს მონაწილეობით საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა მის მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენების შესამოწმებლად და იმ ფონზე, როდესაც გ. ბ. არ უარყოფს კაკლის ჯიშის ხეების ამოძირკვის ადგილის ცოდნას. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის მისი ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად გამოყენება ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს.

რაც შეეხება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, რომელშიც მითითებულია, რომ მოქალაქე გ. ბ-მ ბ-ს სატყეო უბნის ბ-ს სატყეოს №... სამცველოში, სოფელ ნოჯის მიმდებარედ, უკანონოდ ამოძირკვა 4 ძირი კაკლის ჯიშის ხე, რომელზეც გ. ბ-მ ახსნა-განმარტების სახით მიუთითა, რომ ეთანხმება ამ ინფორმაციას, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ეს ახსნა-განმარტება, იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებით არ დასტურდება გ. ბ-ს მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, ვერ გახდება უტყუარი მტკიცებულება გ. ბ-ს მიერ კაკლის ხეების უკანონოდ მოჭრის მტკიცების თვალსაზრისით.

გარდა ამისა, სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას, რომლითაც მან დადგენილად მიიჩნია კაკლის ხეების სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე გაჩეხვის ფაქტი. პალატამ განმარტა საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით - რეგისტრაციის ცნება და მიუთითა, რომ როგორც საქმის მასალებით ირკვევა, იმ სადავო ტერიტორიაზე, რომლის საკუთრებაზეც პრეტენზიას აცხადებს როგორც ა. მ. , ასევე - საქმეზე დაზარალებულად ცნობილი ეროვნული სატყეო სააგენტო, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი მტკიცებულება მიწის ნაკვეთის კუთვნილების შესახებ.

ამასთანავე, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული არქივის 1948-1950, 1955-1957 წლების 2015 წლის 12 აგვისტოს A.... საარქივო ცნობა, ლ-ს ადმინისტრაციულ ერთეულში დ-ს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მიერ დადასტურებული 2015 წლის 21 სექტემბრის ცნობა N...და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელთა მიხედვითაც დასტურდება, რომ სასამართლოში დაკითხული მოწმე ა. მ–ს მშობლების საკუთრებაში იყო 0.75 ჰა მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი, მდებარე დ-ს რაიონის სოფელ ნ-ში.

ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ხსენებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, არსებობს ეჭვი მიწის ნაკვეთისა და მოჭრილი კაკლის ხეების საკუთრების შესახებ, რის შესაბამისად, ბრალდების მხარის მოსაზრება, რომ გ. ბ-მ ტყის ფონდის ტერიტორიაზე უკანონოდ მოჭრა კაკლის ხეები, წარმოადგენს მხოლოდ ეჭვსა და ვარაუდს, რაც არ არის დადასტურებული გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით.

ბრალდების მხარემ ვერ წარადგინა უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა გ. ბ-ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს, რისი გათვალისწინებითაც, in dubio pro reo-ს პრინციპის საფუძველზე, დაუდასტურებელი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულების სასარგებლოდ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ ბრალდების მხარის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს გ. ბ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

6. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნაზი მირიანაშვილმა. კასატორი საჩივრით ითხოვს გ. ბ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და შესაბამისი სასჯელის შეფარდებას.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

9. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მითითებას, რომ გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება, რომ გ. ბ-მ ჩაიდინა ინკრიმინირებული ქმედება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლი განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

10. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნაზი მირიანაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

პ. ქათამაძე