Facebook Twitter

¹ას-1312-1156-10 31 იანვარი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ შპს «თ. ღ.-ს» დირექტორი თ.გ-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირი, შპს «ა.-გ.» (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს «თ. ღ.-ს» დირექტორმა თ. გ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირისა და შპს «ა.-გ.-ს» მიმართ 2009 წლის 1 დეკემბერს მოპასუხეთა შორის დადებული ქონების ქირავნობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

მომასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით შპს «თ. ღ.-ს» სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ნოემბრის განჩინებით შპს «თ. ღ.-ს» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «თ. ღ.-ს» დირექტორმა თ. გ-ძემ. კასატორმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა კასატორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე უსაფუძვლობის გამო, ხოლო საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 4500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარის, მაგრამ არა უმეტეს 8000 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.

ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის «ზ» ქვეპუნქტით და, რადგანაც მოცემული დავის საგანი გამომდინარეობს საქართველოს მწერალთა შემოქმედებით კავშირსა და შპს «ა.-გ.-ს» შორის 2009 წლის 1 დეკემბერს 5 წლის ვადით დადებული ქირავნობის ხელშეკრულებიდან, ყოველთვიური ქირის ოდენობა კი განსაზღვრულია 2500 აშშ დოლარით, საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება განისაზღვრა 90000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარით.

ხარვეზის გამოსწორების მიზნით, კასატორმა განცხადებით მომართა სასამართლოს, წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანი და განმარტა, რომ მათ აღძრეს აღიარებითი სარჩელი, მოსარჩელე არ არის ხელშეკრულების მხარე, შესაბამისად, მოცემული დავა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიჩნეულ იქნა არაქონებრივად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 იანვრის განჩინებით შპს «თ. ღ.-ს» გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა 3 დღით და დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 4500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარის, მაგრამ არა უმეტეს 8000 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა (უკვე გადახდილი ბაჟის _ 300 ლარის გათვალისწინებით), ამასთან განემარტა მხარეს, რომ, ვინაიდან მოცემული დავის საგანი საქართველოს მწერალთა შემოქმედებით კავშირსა და შპს «ა.-გ.-ს» შორის 2009 წლის 1 დეკემბერს 5 წლის ვადით დადებული ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს, დავა არაქონებრივს არ წარმოადგენს და მისი საგნის ღირებულების განსაზღვრა უნდა მოხდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის «ზ» ქვეპუნქტის შესაბამისად.

საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა შპს «თ. ღ.-ს» და ადრესატს ჩაბარდა 2011 წლის 18 იანვარს.

ხარვეზის გამოსოწრებისათვის დადგენილ ვადაში კასატორს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «თ. ღ.-ს» საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

დასახელებული ნორმა წარმოადგენს ერთგვარ სამოქალაქო-სამართლებრივ სანქციას იმ მხარის მიმართ, რომელმაც სასამართლო განჩინებით დადგენილი საპროცესო ვადის განმავლობაში არ განახორციელა მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის სრულად გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 იანვრის განჩინებით შპს «თ. ღ.-ს» გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა 3 დღით და დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 4500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარის, მაგრამ არა უმეტეს 8000 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა (უკვე გადახდილი ბაჟის _ 300 ლარის გათვალისწინებით), ამასთან განემარტა, რომ, ვინაიდან მოცემული დავის საგანი საქართველოს მწერალთა შემოქმედებით კავშირსა და შპს «ა.-გ.-ს» შორის 2009 წლის 1 დეკემბერს 5 წლის ვადით დადებული ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს, დავა არაქონებრივს არ წარმოადგენს და მისი საგნის ღირებულების განსაზღვრა უნდა მოხდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის «ზ» ქვეპუნქტის შესაბამისად.

საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინება სამოქალაქო საქმროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა შპს «თ. ღ.-ს» და საზოგადოების მენეჯერს ჩაბარდა 2011 წლის 18 იანვარს (იხ. ტ.II, ს.ფ.79).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მერვე ნაწილის თანახმად, ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთი დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში _ ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. კანონის აღნიშნული დანაწესის გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების შპს «თ. ღ.-ს» მენეჯერისათვის ჩაბარება უშუალოდ საზოგადოებისათვის ჩაბარებად უნდა იქნას მიჩნეული, რაც ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი საპროცესო ვადი დენის დაწყების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

დასახელებული ნორმის თანახმად, ხარვეზის გამოსოწრებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 19 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 21 იანვარს.

ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში კასატორს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც მოცემული საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელს (საკასაციო საჩივრის) განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად დაბრუნებას.

ამდენად, შპს «თ. ღ.-ს» უნდა დაუბრუნდეს 2010 წლის 29 დეკემბერს თ. გ-ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს «თ. ღ.-ს» საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ნოემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

შპს «თ. ღ.-ს» დაუბრუნდეს 2010 წლის 29 დეკემბერს თ. გ-ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.