Facebook Twitter

ას-1315-1158-2010 28 თებერვალი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი _ დ. ე-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ ც. ე-ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 25 მაისს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სარჩელით მიმართა დ. ე-ძემ მოპასუხე ც. ე-ძის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისაგან კუთვნილი ვალის დაბრუნება 2000 ლარის ოდენობით (ს.ფ. 1-9, 20-28).

სარჩელის თანახმად, ზ. ა-ძეს, რომელთან ერთადაც დ. ე-ძემ (მოსარჩელემ) აწარმოა ციტრუსების ბიზნესი, ჰქონდა მოსარჩელის ვალი 18000 აშშ დოლარი. ვალის დარჩენილი ნაწილი 5000 აშშ დოლარი, ზ. ა-ძის ძმამ და ძმისშვილმა, თ. და ე. ა-ძეებმა, დაახლოებით 5-7 წლის წინ, თბილისიდან მოსარჩელისათვის გადასაცემად გამოატანეს ა. და დ. ე-ძეებს. მათ აღნიშნული თანხა მოსარჩელისათვის არ მიუტანიათ და თვითონ დახარჯეს. მოსარჩელე მათგან ითხოვდა ვალის დაბრუნებას, სარჩელის აღძვრამდე მათ გადახდილი ჰქონდათ დაახლოებით 1000 დოლარამდე, შემდეგ შეწყვიტეს ვალის გადახდა. მოპასუხე ც. ე-ძე არის ა. და დ. ე-ძეების ქურდული, ყაჩაღური ოჯახის წევრი და მოლარე, ამიტომ ვინაიდან ა. და დ. ე-ძეები, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების გამო ძებნაში იმყოფებიან, მათ ვალებზე პასუხი უნდა აგოს ც. ე-ძემ.

სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე ც. ე-ძის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მისი მარწმუნებელი არ იყო სათანადო მოპასუხე. აქედან გამომდინარე, მან იშუამდგომლა ც. ე-ძის სათანადო მოპასუხეებით _ ა. და დ. ე-ძეებით შეცვლის შესახებ. მოსარჩელის წარმომადგენელმა უარი განაცხადა არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე იმ მოტივით, რომ სათანადო მოპასუხეები, ა. და დ. ე-ძეები იმყოფებოდნენ რუსეთში, ხოლო ც. ე-ძე იმყოფებოდა ლანჩხუთში, ამიტომ, ეს უკანასკნელი შეძლებდა სასამართლოში გამოცხადებას და შვილისა და მეუღლის ვალებზე პასუხისმგებლობის აღებას (ს.ფ. 54-55).

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 2010 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით დ. ე-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მაგისტრატმა სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი არძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო ^თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

მოცემულ შემთხვევაში იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ უარი განაცხადა არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო (ს.ფ. 58-59).

სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ე-ძემ (ს.ფ. 61-71).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ნოემბრის განჩინებით დ. ე-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ლანჩხუთის მაგისტრატი სასამართლოს 2010 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე დ. ე-ძე სარჩელის მოთხოვნას ც. ე-ძისათვის თანხის 2000 ლარის დაკისრების შესახებ ასაბუთებდა იმით, რომ თ. და ე. ა-ძეებს, დ. ე-ძესთან ერთად ნაწარმოები ციტრუსის ბიზნესის გამო, ემართათ დ. ე-ძის ვალი. ამ თანხის ნაწილი 5000 აშშ დოლარი, ა-ძეებმა დ. ე-ძისათვის გადასაცემად გაატანეს დ. და ა. ე-ძეებს, რომლებმაც ეს თანხა მიითვისეს და დ. ე-ძეს არ გადასცეს. ც. ე-ძე წარმოადგენდა დ. და ა. ე-ძეების ოჯახის წევრს, მან იცოდა აღნიშნული გარემოებების შესახებ, რაც ც. ე-ძის მიერ ვალის ანაზღაურებას ექვემდებარებოდა. ამდენად, საქმეზე დგინდებოდა, რომ დ. ე-ძე ედავებოდა ც. ე-ძეს მისი ოჯახის წევრების მიერ განხორციელებული ქმედებების გამო. ამასთან, საქმეში მტკიცებულებების არარსებობის მოტივით სააპელაციო სასამართლომ დაუდასტურებლად მიიჩნია ფაქტი დ. ე-ძის კუთვნილი თანხის მითვისების შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. მოსარჩელე არის პირი, რომელმაც აღძრა სასამართლოში სარჩელი თავისი დარღვეული თუ სადავოდ ქცეული ინტერესების დასაცავად, ხოლო მოპასუხე ის პირია, რომელმაც როგორც მოპასუხე ფიქრობს, დაარღვია ან სადავო გახადა მოსარჩელის უფლება. დარღვეული უფლების სუბიექტი თავადვე განსაზღვრავს დავის საგანს. მოსარჩელე ვალდებულია თავის სარჩელში მიუთითოს იმაზე, თუ რა მოთხოვნას აყენებს მოპასუხის მიმართ, ანუ რას მოითხოვს მოპასუხისაგან. ასევე მოსარჩელის გადასაწყვეტია საკითხი იმის შესახებ, თუ ვინ უნდა აგოს პასუხი მისი დარღვეული უფლების გამო. სამოქალაქო უფლების შესახებ დავის გამო, საქმის სასამართლოში აღძვრის საწყის ეტაპზე, სასამართლოსათვის არ არის ცნობილი, მოპასუხე, რომელზეც მოსარჩელე მიუთითებს, ნამდვილად არის თუ არა უფლების დამრღვევი. აღნიშნული საკითხი შესაძლებელია გაირკვეს საქმის არსებითად განხილვისას. სწორედ საქმის განხილვის პროცესშია შესაძლებელი გაირკვეს, არის თუ არა მოპასუხე ის პირი, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე.

საქმის მასალებიდან და თავად მოსარჩელის განმარტებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დასახელებულ მოპასუხეს _ კონკრეტულად ც. ე-ძეს არ დაურღვევია მოსარჩელის უფლება. თავად მოსარჩელის განმარტებით, 5000 დოლარი მიითვისეს ა. და დ. ე-ძეებმა. მოსარჩელე, მოპასუხე ც. ე-ძისათვის თანხის დაკისრებას ითხოვდა იმ საფუძვლით, რომ იგი იყო უფლების დამრღვევთა ოჯახის წევრი და ამიტომ თავადაც იყო ვალდებული აენაზღაურებინა მისი ოჯახის წევრების მიერ უკანონოდ მითვისებული თანხა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ რამდენადაც მოპასუხის დასახელებაზე უფლებამოსილი პირი მოსარჩელეა, სასამართლო ვერ შეცვლის მოსარჩელის მიერ დასახელებულ მოპასუხეს სხვა მოპასუხით მოსარჩელის თანხმობის გარეშე. თუ მოსარჩელე არაა თანახმა არასათანადო მოპასუხის სათანადოთი შეცვლაზე, მაშინ სასამართლო გამოიტანს გადაწვეტილებას და უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა დ. ე-ძის სარჩელზე უარის თქმის თაობაზე, დაეთანხმა მას, და მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ არასათანადო მოპასუხის მიმართ აღძრული სარჩელი, მოთხოვნის დაკმაყოფილებას გამორიცხავდა (ს.ფ. 129-135).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ე-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც მოპასუხე ც. ე-ძეს დაეკისრება ვალის ანაზღაურება.

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

კასატორთა მითითებით, ც. ჩ-ძე-ე-ძე ესწრებოდა ა-ძეების მიერ მათი კუთვნილი თანხის (5000 აშშ დოლარი) მიტანის ფაქტს მათი ოჯახისათვის გადასაცემად. აღნიშნულს ადგილი ჰქონდა თბილისში, მოწინააღმდეგის ბინაში. ასეთ პირობებში გაუგებარია, თუ როგორ შეიძლება ც. ე-ძე მიჩნეულ იქნეს არასათანადო მოპასუხედ (ს.ფ. 140-146, 175-178, 198-206).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 თებერვლის განჩინებით დ. ე-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ე-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას დ. ე-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. ე-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.